Facebook Twitter

საქმე №ას-599-574-2016 23 სექტემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ინდ.მეწარმე თ. ფ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ია“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების, ასევე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „ს-იამ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდ.მეწარმე თ. ფ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მყიდველი) მიმართ მოპასუხისათვის 2 178 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელის თანახმად, 2014 წლის 1 და 11 ოქტომბერს მოპასუხემ მოსარჩელისაგან შეისყიდა საავტომობილო საწვავი. საქონლის სპეციფიკიდან გამომდინარე, საავტომობილო საწვავის შეძენა, ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდება (მათ შორის რეალიზება) ფორმდება მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებით - ნავთობპროდუქტის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. თითოეულ ამ დოკუმენტში სავალდებულო წესით მიეთითება რეალიზებული საქონლის რაოდენობა და ღირებულება. საავტომობილო საწვავის ყოველი მიწოდება-შესყიდვისას, ელექტრონული ფორმის ფაქტურებზე ხელმოწერით (ელექტრონული დადასტურებით) მხარეები ათანხმებდნენ და განსაზღვრავდნენ მისაწოდებელი საქონლის ზუსტ რაოდენობასა და ღირებულებას. 2014 წლის 1 და 11 ოქტომბერს, მოპასუხემ მოსარჩელისაგან ჯამში 2,178 ლარის ღირებულების საავტომობილო საწვავი შეისყიდა. ამ დროს გაფორმებულია 2 ერთეული ანგარიშ-ფაქტურა შემდეგი სერიითა და ნომრებით: სერია – „...“, ინდივიდუალური ნომრები – ... და .... მოპასუხეს არ გადაუხდია შესყიდული საქონლის საფასური, რომლის ოდენობაც ჯამში 2 178 ლარს შეადგენს.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მას მოსარჩელისაგან არავითარი საწვავი არ შეუძენია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 178 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მყიდველმა, მოითხოვა მისი, ასევე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. საკასაციო საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2014 წლის 1 ოქტომბრისა (... 9...) და 2014 წლის 11 ოქტომბრის (... 9...) ანგარიშფაქტურებით (რომლებშიც მითითებულია ნასყიდობის საგნის სახეობა და ღირებულება, მიღებული და ელექტრონულად დადასტურებულია მყიდველის - ი/მ თ. ფ-ის მიერ) დასტურდება 2014 წლის 1 და 11 ოქტომბერს მხარეთა შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელისაგან შეიძინა 2 178 ლარის ღირებულების საავტომობილო საწვავი, რამდენადაც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს ჩათვლის დოკუმენტს. მისი ფორმები, შევსებისა და წარდგენის წესი რეგულირდება კანონით. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამასთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწეროს და საქონლის/მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას. ანგარიშ-ფაქტურა საგადასახადო-სამართლებრივ ურთიერთობებში ცვლის როგორც სასაქონლო ზედნადებს, ისე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას (მათ შორის, სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს) და მისი გამოწერის/გამოუწერლობის შემთხვევაში დგება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რომლებიც სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) გამოწერისას/გამოუწერლობისას. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურა, იგულისხმება, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სერვისი მოიცავს საქონლისა და მომსახურების მიწოდების რთული პროცესების ერთობლიობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ლოგიკური ჯაჭვით. აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას იღებს, როგორც სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი (გამყიდველი), ასევე, მიმღები (მყიდველი) და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი. ანგარიშ-ფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა, ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურა იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება სხვა მესამე პირს. ანგარიშფაქტურის გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს, აღიარებენ საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას.

1.2.2. აპელანტის მითითებით, შეძენილი საავტომობილო საწვავის (ტალონების სახით) გადაცემა მოხდა მისთვის უცნობ, დაუდგენელ პიროვნებაზე. იგი უარყოფს ანგარიშფაქტურების დადასტურების გარემოებას, თუმცა, ცალსახაა, რომ მისი დადასტურების შესაძლებლობას მოკლებულია სხვა მესამე პირი და მითითებული ანგარიშფაქტურა, ასევე, მოპასუხის მიერ გადაცემის გარეშე ვერ გახდებოდა ხელმისაწვდომი მესამე პირისათვის. საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურით და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით საწვავის ტალონები გაცემულ იქნა სწორედ იმ პირისათვის რომელმაც კრედიტორს წარუდგინა ის დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა), რომელიც პირისათვის გადაცემული შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მყიდველის მიერ (მისი დადასტურებისა და ამობეჭდვის შესაძლებლობის მესამე პირისათვის არარსებობის გათვალისწინებით). აღნიშნული გარემოებები ქმნიდა კრედიტორისათვის საწვავის ტალონების გადაცემის გონივრულ წინაპირობებსა და საფუძველს. თავად ხელშეკრულების არსებით პირობებზე (საწვავის რაოდენობა, მისი სახეობა, ღირებულება) შეთანხმება მომხდარია სწორედ იმ დოკუმენტის საშუალებით, რომლის დადასტურების შესაძლებლობა გააჩნდა მხოლოდ მყიდველს და, შესაბამისად, ხელშეკრულების დადება, მისი პირობების შეჯერება დასტურდება კონკრეტული მტკიცებულებით და დგინდება მყიდველისათვის შეთანხმებული ოდენობისა და ღირებულების საწვავის გადაცემა, ხოლო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ანგარიშ-ფაქტურა სხვა პირმა დაადასტურა, შემძენმა სასამართლოს ვერ წარუდგინა.

1.2.3. მოპასუხეს არ აქვს გადახდილი ნასყიდობის ფასი - 2 178 ლარის ოდენობით.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება ნასყიდობის ხელშეკრულების დადებად, რამდენადაც საკვანძო საკითხს განსახილველი საქმის გადაწყვეტისათვის წარმოადგენდა იმის დადგენა, გამყიდველმა მიაწოდა თუ არა მყიდველს საქონელი, ხოლო მყიდველმა მიიღო თუ არა იგი. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება გამყიდველს, რომელსაც, საქმეში ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია;

1.4.2. ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება მოცემულ შემთხვევაში მიჩნეულ იქნას შეთანხმებად საწვავის ნასყიდობაზე და იგი არ ადასტურებს საქონლის მიღება-ჩაბარებას, ამ ელექტრონულ დოკუმენტზე არ არის შემძენის ხელმოწერა, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა სარჩელი.

1.5. საკასაციო პალატა, ვიდრე საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას დაადგენს, ყურადღებას გაამახვილებს საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულებაზე, რომლის თანახმადაც, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კასატორის მიერ შედავებული, დასაბუთებული პრეტენზიის პირობებშია უფლებამოსილი და ვალდებული, გამოიკვლიოს ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან მატერიალური თუ საპროცესო ნორმათა გამოყენების კანონიერება. სხვა შემთხვევაში, თუნდაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოება არ ემყარებოდეს საქმეში არსებულ მასალებს, თუკი კასატორი დასაშვებ და დასაბუთებულ შედავებას არ წარმოადგენს, ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ეს გარემოება სავალდებულო იქნება საკასაციო სასამართლოსათვის. ამ თვალსაზრისით პალატა მიუბრუნდება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმადაც, საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურითა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით მან დაადგინა, რომ საწვავის ტალონები გაცემულ იქნა მესამე პირზე, რომელმაც კრედიტორს წარუდგინა ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო მისთვის ამგვარი დოკუმენტი გადაცემული შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მყიდველის მიერ (ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებისა და ამობეჭდვის შესაძლებლობის მესამე პირისათვის არარსებობის გათვალისწინებით) (იხ. წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.2. პუნქტი). ეს გარემოება კასატორს სადავოდ არ გაუხდია, არამედ მიუთითა იმაზე, რომ სპეციალური ანგფარიშ-ფაქტურა სასამართლომ მოთხოვნის საფუძვლად არასწორად მიიჩნია, რაც დასაბუთებულობას აცლის კასატორის შედავებას.

1.6. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი და სწორადვე დაადგინა მხარეთა შორის ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის ფაქტი (სკ-ის 327.2 მუხლი), რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ ვალდებულება შეასრულა (თანახმად ზემოთ აღწერილი ფაქტებისა), რამაც წარმოშვა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების წინაპიროები.

1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისით იხ. სუსგ #ას-389-373-2016, 28 ივნისი, 2016 წელი).

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულება:

2.1. საკასაციო პასუხს მოწინააღმდეგე მხარემ დაურთო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ასლი.

2.2. საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, რაც შეეხება სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას, საკასაციო სასამართლოს ბუნებიდან გამომდინარე, იგი თავადაა ვალდებული, ამა თუ იმ საკითხზე დაამკვიდროს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა და მიუხედავად იმისა, მხარე მიუთითებს თუ არა ამ გარემოებაზე, საკასაციო სასამართლო საკუთარი ინიციატივით იძიებს იმავე ან სხვა საკასაციო პალატის მიერ დადგენილ ნორმის განმარტებას. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო პასუხზე დართული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ასლი.

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მ.შ-ის მიერ კასატორის სახელით 11.07.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ინდ.მეწარმე თ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ინდ.მეწარმე თ. ფ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ.შ-ის მიერ კასატორის სახელით 11.07.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. შპს „ს-იას“ დაუბრუნდეს საკასაციო შესაგებელზე დართული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივნისის #ას-389-373-2016 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ასლი 1 (ერთი) ფურცლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე