საქმე №ას-561-536-2016 16 სექტემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ქ-ე (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. ც-ე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ასევე, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ჯ. ც-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში ან მფლობელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ქ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე ან მესაკუთრე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მ. მ-ის (შემდგომში _ მამკვიდრებელი) დაკრძალვის, ორმოცისა და წლისთავის ხარჯების _ 4 000 ლარის, ასევე, მამკვიდრებლის მიერ ზ. კ-ისაგან (შემდგომში _ კრედიტორი) ნასესხები, მოსარჩელის მიერ გასტუმრებული 1 200 აშშ დოლარის დაკისრება.
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ საფუძვლებს: მოსარჩელე ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა მამკვიდრებელთან. 1995 წლიდან საცხოვრებლად გადავიდნენ ქ.რუსთავში. მოსარჩელემ შეიძინა ფართი შ-ის ქ#...-ში. ერთად ცხოვრების პერიოდში შვილი არ შეძენიათ. 2012 წლის 9 დეკემბერს მამკვიდრებელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა ის ფართი, სადაც ცხოვრობდნენ. მოსარჩელის ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფი მეუღლე გარდაიცვალა 2013 წლის 19 მაისს, რომლის დაკრძალვის, ორმოცისა და წლისთავის ხარჯები გაიღო მოსარჩელემ, ასევე, გადაიხადა მის მიერ აღებული სესხი _ 1 200 აშშ დოლარი. ბინიდან გამოსახლების თაობაზე გაფრთხილების მიღების შემდეგ გახდა ცნობილი მოსარჩელისათვის, რომ მისი მეუღლის საკუთრებაში აღრიცხული ბინა გადაუფორმებია მეუღლის დის შვილ ნ. ქ-ეს. 28 ოქტომბერს მოსარჩელე გამოასახლეს საცხოვრებელი ბინიდან და დარჩა უსახლკაროდ.
1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა ზიანის _ 2 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება შემდეგი დასაბუთებით:
1.2.1. შეგებებულ სარჩელში მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელის ნებართვის გარეშე ცხოვრობდა მის საკუთრებაში, რომლის გაქირავებც სურდა მესაკუთრეს. ათი თვის შემდეგ მოპასუხე კანონის შესაბამისად გამოსახლდა შეგებებული მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებიდან. მოპასუხის მიერ ნივთის ფლობის განმავლობაში შეგებებულ მოსარჩელეს მიადგა ზიანი.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მარტივი/მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შედავებით თავდაპირველმა მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მამკვიდრებელი მოსარჩელის დაჟინებული მოთხოვნით დაიკრძალა ქ.რუსთავში. მოპასუხეს არ მიეცა საშუალება, დეიდა გურიაში დაეკრძალა. სარჩელში მითითებული ხარჯის (4 000 ლარი) ოდენობა არ არის დასაბუთებელი. რაც შეეხება სესხს, საჭიროების შემთხვევაში, გარდაცვლილი დეიდა ფულად დახმარებას სთხოვდა მოპასუხეს, ამასთანავე, თუკი მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 30-წლიანი თანაცხოვრება და უძრავი ქონების ერთობლივად შეძენა მას თანასაკუთრების უფლებას წარმოუშობს, სწორედ ის გამოდის ვალდებული პირი, აანაზღაუროს გარდაცვლილის ვალი, გარდა ამისა, გასტუმრებული ვალის ანაზღაურების თხოვნით, მას შეგებებული მოსარჩელისათვის, როგორც მემკვიდრისათვის, სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვეში უნდა მიემართა, რაც ამ ნაწილში მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითებს. მოპასუხის განმარტებით, 2013 წლის 27 დეკემბერს იგი ქ.თბილისში შეხვდა მოსარჩელეს, აცნობა სამკვიდროს მიღების შესახებ და იმავე დღეს მიმართა პოლიციას სადავო ბინიდან მისი გამოსახლების მოთხოვნით.
2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელი და მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით განმარტა, რომ შეგებებული მოსარჩელე სადავო ბინაში არ გამოცხადებულა. ბინა თავდაპირველი მოსარჩელის მიერაა მოწყობილი, იგი სულ 20 კვ. მეტრია, არაკომფორტულია და გასაქირავებლად 200 ლარი არ ღირდა იმ პერიოდში. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ გაფრთხილებიდან მოკლე პერიოდში დატოვა ბინა, შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნას რეაგირება თავდაპირველად იმ საფუძვლით არ მოჰყვა უფლებამოსილი პირების მხრიდან რომ საჯარო რეესტრში უძრავი ქონება მას არ ჰქონდა რეგისტრირებული. საკუთრების უფლება აღირიცხა მხოლოდ 2014 წლის სექტემბერში და ამ პერიოდიდან დაიწყო შესაბამისი რეაგირება. სწორედ ამ დროიდან გახდა ცნობილი მფლობელისათვის, რომ ბინა დარეგისტრირებული იყო თავდაპირველი მოპასუხის სახელზე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დაკრძალვის, ორმოცისა და წლისთავის ხარჯის _ 2 000 ლარისა და მამკვიდრებლის მიერ კრედიტორისაგან ნასესხები და მოსარჩელის მიერ გასტუმრებული 1 200 აშშ დოლარის გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეგებებულმა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შეგებებულმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ _ მამკვიდრებლის მიერ ნასესხები თანხის _ 1 200 აშშ დოლარისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება (საკასაციო საჩივრის თანახმად, კასატორი უარს აცხადებს დაკისრებული 2 000 ლარის ნაწილში განჩინების გაუქმების მოთხოვნაზე) და ახალი გადაწყვეტილებით გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. საკასაციო საჩივარი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. ქ.რუსთავში, შ-ის #...-ში მდებარე უძრავი ქონება 2012 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით აღრიცხული იყო მამკვიდრებლის სახელზე;
1.2.2. მითითებულ საცხოვრებელ სახლში მოსარჩელე და მამკვიდრებელი ცხოვრობდნენ ერთად და იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში;
1.2.3. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2013 წლის 19 მაისს;
1.2.4. 2013 წლის 14 ნოემბრის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობის გზით მიიღო მამკვიდრებლის დის შვილმა _ შეგებებულმა მოსარჩელემ და იგი აღირიცხა ამ უკანასკნელის სახელზე საკუთრების უფლებით;
1.2.5. მამკვიდრებლის დაკრძალვის, სარიტუალო და ორმოცის ხარჯი გაიღო არა მისმა მემკვიდრემ, არამედ მოსარჩელემ, ეს გარემოება დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმაც, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა შეგებებული მოსარჩელისათვის დასაკისრებელი თანხის ოდენობა, ერთი მხრივ, მტკიცებულებათა ერთობლიობით, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად;
1.2.6. საქმეში არსებული ხელშეკრულებისა და ექსპერტის დასკვნის თანახმად, 2012 წლის 15 დეკემბერს მამკვიდრებელმა კრედიტორისაგან უპროცენტო სესხად მიიღო 1 200 აშშ დოლარი, რომელიც 2013 წლის 25 ივლისს გაისტუმრა მოსარჩელემ, ეს გარემოება დაადასტურა კრედიტორმაც;
1.2.7. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მამკვიდრებლის დანაშთი ქონება მემკვიდრის საკუთრებად აღირიცხა 2013 წლის 26 დეკემბერს, ხოლო მას ეს ქონება გამოთავისუფლებული ჩაბარდა 2014 წლის 28 ოქტომბერს, თანხმად საქმეში არსებული ხელწერილისა;
1.2.8. შეგებებული სარჩელის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მემკვიდრემ 10 თვის მანძილზე ვერ შეძლო ქონების გაქირავება და ვერ მიიღო შემოსავალი თვეში 200 ლარის ოდენობით, თუმცა, საქმის მასალებით არ დგინდება ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ შეგებებული მოსარჩელე 10 თვის განმავლობაში მოითხოვდა თავდაპირველი მოსარჩელისაგან კუთვნილი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. მამკვიდრებლის მიერ გარდაცვალებამდე 6 თვით ადრე სესხის აღების შემთხვევაში, ეს თანხა დაიხარჯებოდა მეუღლეების მიერ, რომლებიც ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, შესაბამისად, ამ ვალდებულების კასატორისათვის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა, თავდაპირველ მოსარჩელეს ეს ვალდებულება არ უნდა შეესრულებინა კასატორის თანხმობის გარეშე, ხოლო პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, მას სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნიდან 6 თვეში უნდა მიემართა მემკვიდრისათვის. ამ თვალსაზრისით სასამართლოს დასკვნა არასწორია, რადგანაც მოწინააღმდეგე მხარემ სამკვიდროს მიღების ფაქტი შეიტყო 2013 წლის დეკემბერში (რუსთავის შს სამმართველოს მიმართვის საფუძველზე) და არა 2014 წლის ოქტომბერში, როგორც ამას სასამართლო მიუთითებს. ამ დროიდან სარჩელის აღძვრამდე კი, გასულია თითქმის ორი წელი;
1.4.2. კასატორის მოწინააღმდეგე მხარე წლების განმავლობაში ცხოვრობდა კასატორის მიერ 2013 წელს მემკვიდრეობით მიღებულ ბინაში, სიტყვიერი შეთანხმების მიუღწევლობის გამო, მემკვიდრე იძულებული გახდა, შესაბამისი ღონისძიებისათვის მიემართა და ქონების მოწინააღმდეგე მხარის მფლობელობიდან გამოთხოვა გაგრძელდა 10 თვე, რითაც შეგებებულ მოსარჩელეს მიადგა ზიანი, კერძოდ, მისი მეზობელი და მეუღლის ნათესავი თანახმა იყო ქონება ექირავა თვეში 200 ლარად. სასამართლომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არასწორად არ დააკმაყოფილა იმ დასაბუთებით, თითქოს თავდაპირველმა მოსარჩელემ მემკვიდრეობის ფაქტის შეტყობისთანავე დაუბრუნა შეგებებულ მოსარჩელეს ნივთი. სააპელაციო საჩივარზე დართული ქ.რუსთავის შს სამმართველოს წერილით დასტურდება ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ბინის გათავისუფლების შესახებ ეცნობა 2013 წლის დეკემბერში, ამდენად სახეზეა ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 394-ე და 411-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები;
1.4.3. კასატორის მოწინააღმდეგე მხარე სარჩელში განმარტავდა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მამკვიდრებელთან და აკავშირებდა 30-წლიანი თანაცხოვრება, მიუხედავად ამისა, სასამართლომ მამკვიდრებლის დაკრძალვისა და სხვა ხარჯები არასწორად დააკმაყოფილა სამოქალაქო კოდექსის 969-ე და 973-ე მუხლებზე დაყრდნობით.
1.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მამკვიდრებლის დაკრძალვისა თუ სხვა სარიტუალო ხარჯების დაკისრების ფარგლებში წარმოდგენილ პრეტენზიას, რომელიც სამართლის ნორმის არასწორ გამოყენებზე დაამყარა კასატორმა, პალატა არ განიხილავს, რადგანაც საკასაციო მოთხოვნით მხარემ ამ ნაწილში დავის მიმართ პრეტენზიის არარსებობა დაადასტურა, ხოლო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. რაც შეეხება მამკვიდრებლის სესხის გასტუმრებისა და შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სწორად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები და მართებულად მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლის საფუძველზე არსებობდა დანახარჯების კონდიქციის წესით მოსარჩელის მიერ გადახდილი ვალის ანაზღაურების წინაპირობა, რასაც ვერ შეცვლის კასატორის მითითება სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლზე, რამდენადაც ძირითადი მოსარჩელე არ წარმოადგენს ამ ნორმის სუბიექტ კრედიტორს, ანუ პირს, რომლის მიმართაც უშუალო ვალდებულება ეკისრებოდა მამკვიდრებელს. კონდიქციური ვალდებულებიდან გამომდინარე კი, მოთხოვნის მიმართ ვრცელდება არა სპეციალური _ სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული ვადა, არამედ, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული 10-წლიანი ვადა (იხ. სუსგ № ას-472-448-2013, 5 დეკემბერი, 2013 წელი). რაც შეეხება კასატორის შედავებას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ ფაქტის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება, რომ კასატორის მოწინააღმდეგე მხარისათვის ცნობილი იყო კასატორის მიერ სამკვიდროს მიღების შესახებ საქმეში არ არის წარმოდგენილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ასეთად ვერ იქნება მიჩნეული ნ.ქ-ის მიერ მითითებული რუსთავის საქალაქო სამმართველოს ცნობა, სადაც დადასტურებულია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარეს გაფრთხილების ოქმი ჩაბარდა 2014 წლის სექტემბერში. საკასაციო სასამართლო დამატებით მოიშველიებს საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს, რომელიც მტკიცებულებათა კვლევის საპროცესო წესის მარეგულირებელი ნორმაა და ადგენს, რომ არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ, იგი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეფასდეს. სწორედ ამ წესით მოხმობილი მტკიცებულების შეფასებისა და იმ გარემოების ანალიზით, რომ უძრავი ქონების მესაკუთრედ კასატორი სამკვიდროს მიღებისთანავე არ აღრიცხულა, პალატა მიიჩნევს, რომ თავდაპირველ მოსარჩელეს იცავს სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი.
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ნ. ა-ის მიერ კასატორის სახელით 30.06.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ნ. ქ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ნ. ა-ის მიერ კასატორის სახელით 30.06.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე