Facebook Twitter

საქმე №ას-609-582-2016 13 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ-ია“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონოდ დარიცხული პირგასამტეხლოს გაუქმება, თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „ვაგონმშენებელმა კომპანიამ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მენარდე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან შემკვეთი) მიმართ 2012 წლის 7 ივლისს გაფორმებული #... ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლოს _ 1 597 381,75 ლარის უკანონოდ ცნობისა და გაქვითული 1 597 381,75 ლარის მოსარჩელისათვის დაბრუნების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2012 წლის 7 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა #... ხელშეკრულება სხვადასხვა სახეობის 1207 ვაგონის მომსახურების ვადის გაგრძელებით კაპიტალური შეკეთებისა და 290 ახალი ხორბალმზიდი ვაგონის მშენებლობის შესახებ. ხელშეკრულების შესრულებისას, მოპასუხემ უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მოსარჩელეს დაარიცხა გაურკვეველი ოდენობის პირგასამტეხლო, რომელიც არასწორადაა დათვლილი, ხოლო შემდგომ აღნიშნული თანხა შემკვეთის მიერ ცალმხრივად იქნა ჩამოწრილი მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაწეული მომსახურების საფასურიდან. ხელშეკრულების 3.17 პუნქტის თანახმად, მომსახურება _ გასაწევი ობიექტების მიმწოდებლისათვის (მოსარჩელე) გადაცემა ხორციელდება თანდართული, ვაგონების გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 3.18 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მიწოდებულ სარემონტო ვაგონებზე მომსახურების გაწევის (კაპიტალური შეკეთების) ვადის ათვლა იწყება ვაგონების მიწოდების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. მიწოდებული ვაგონების შეკეთება უნდა დასრულებულიყო აღნიშნული დროიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. 4.1. პუნქტით განისაზღვრა მომსახურების მიწოდებულად, შესრულებულად ჩათვლა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ამ ოდენობით დაკისრება განხორციელდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.1. პუნქტის საფუძველზე, შეთანხმებით გათვალისწინებული შესრულების ვადების გადაცილების გამო. პირგასამტეხლოს ოდენობა თითოეულ ჯერზე გამოანგარიშებულ იქნა შემდეგი პრინციპით: კონკრეტულ ეტაპზე განისაზღვრა ვადამოსული და შეუსრულებელი ვალდებულების საერთო მოცულობა/ღირებულება და მისგან გამოთვლილ იქნა 0.01%, მიღებული ციფრი გამრავლდა შესრულებისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ბოლო თარიღსა და ფაქტობრივი მოწოდებების თარიღს შორის დღეთა სხვაობის რაოდენობაზე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, უკანონოდ იქნა ცნობილი მხარეთა შორის 2012 წლის 7 ივლისს გაფორმებული #... ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლო 1 597 381,75 ლარის ნაწილში და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 597 381,75 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემკვეთმა, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2012 წლის 7 ივლისს მხარეთა შორის დაიდო #... საქონლისა და მომსახურების შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მიმწოდებელმა (მენარდე) აიღო ვალდებულება, მოქმედი ინსტრუქციების, ტექნიკური დავალებისა და ტექნიკური პირობების სრული დაცვით განეხორციელებინა 290 ახალი ხორბალმზიდი ვაგონის მოწოდება და შემკვეთისათვის კუთვნილი სხვადასხვა ტიპის 1207 ერთეული სატვირთო ვაგონის კაპიტალური შეკეთება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 68 642 238 აშშ დოლარით დღგ-ს გარეშე. ხელშეკრულებით განისაზღვრა მომსახურების განხორციელების პირობები და ვადები. 3.1. პუნქტის თანახმად, გათვალისწინებული იქნა მიმწოდებლის ვალდებულება, 290 ხორბალმზიდი ვაგონის შემდეგი პერიოდულობით მიწოდების თაობაზე: 30 ცალი არაუგვიანეს 2012 წლის 31 დეკემბრამდე, 50 ცალი არაუგვიანეს 2013 წლის 31 მარტამდე, 50 ცალი არაუგვიანეს 2013 წლის 30 ივნისამდე, 80 ცალი არაუგვიანეს 2013 წლის 30 სექტემბრამდე და 80 ცალი არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულების 3.17. პუნქტის თანახმად, განისაზღვრა, რომ მომსახურებაგასაწევი ობიექტების მიმწოდებლისათვის გადაცემა ხორციელდება ვაგონების მიწოდების თანდართული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების 3.18. პუნქტის თანახმად, ყოველი თვისთვის გრაფიკით განსაზღვრულ მომსახურებას, გასაწევი ერთეულების რაოდენობის მიწოდებას, შემსყიდველი აწარმოებდა მთელი კალენდარული თვის განმავლობაში, 3.4 პუნქტით კი, ყველა პოზიციაზე ვაგონების კაპიტალური შეკეთება განხორციელდებოდა 90 დღის განმავლობაში. ვადის ათვლა დაიწყებოდა ყოველ ერთეულზე 3.20 პუნქტით განსაზღვრული მიღება-გადაცემის აქტის შედგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ხელშეკრულების 3.19. პუნქტით განისაზღვრა, რომ მომსახურების განხორციელების საბოლოო ვადა შეადგენდა 2013 წლის 31 დეკემბერს, ხოლო ხელშეკრულების 4.3. პუნქტის მიხედვით, შესრულებულ მომსახურებასთან დაკავშირებით პრეტენზიის არქონის შემთხვევაში, მენარდე (მიმღები კომისია) ვალდებული იყო, ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარების აქტზე, რითაც იგი დაადასტურებდა სამუშაოს შესრულებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღების ფაქტს აქტზე ხელმოწერის თარიღიდან. ხელშეკრულების 4.4 პუნქტით დადგინდა, რომ მხარეთა მიერ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის მომენტიდან სამუშაო ითვლებოდა შესრულებულად და, შესაბამისად, გარემონტებული/აშენებული ვაგონი შემსყიდველის მიერ მიღებულად. მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა ანგარიშსწორების საფუძველს. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 3.1, 3.18 და 3.19 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების გადაცდენის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისთვის მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო კონკრეტული ეტაპისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის ღირებულების 0.01%-ის ოდენობით, რაც გაანგარიშებული იქნებოდა აშშ დოლარში და გაიქვითებოდა ეროვნულ ლარში მიღება-ჩაბრების აქტის გაფორმების დღის ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის აშშ დოლართან ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. ამასთან, პირგასამტელოს დარიცხვა შეწყდებოდა მას შემდეგ, რაც დარიცხული თანხა მიაღწევდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ს.

1.2.2. მენარდემ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემკვეთის მიმართ ნაკისრი ვალდებულება ვადის დარღვევით შეასრულა. ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულების გამო მოპასუხემ პირგასამტეხლოს სახით 1 783 731,35 ლარი დაარიცხა მენარდეს, რომელიც მის მიერ გაქვითულ იქნა ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნასთან, ამ თვალსაზრისით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 31.12.2013 წლის დასკვნის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით არ იქნა გაზიარებული აპელანტის პოზიცია. ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვაზე _ „გთხოვთ, დაგვიდგინოთ მხარეთა შორის საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ 2012 წლის 7 ივლისს დადებული #... ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა“ (ხელშეკრულების 8.1. პუნქტი), ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გააკეთა კატეგორიული დასკვნა, რომლის თანახმადაც, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, #... ხელშეკრულების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ვაგონების შეკეთების/აშენების ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს სახით უნდა დაერიცხოს სულ 107 846.21 აშშ დოლარი, მათ შორის: ვაგონის კაპიტალური შეკეთების ვადის დარღვევის პირგასამტეხლო შეადგენს - 57 171.58 აშშ დოლარს, ხოლო, ახალი ვაგონის აშენების ვადის პირგასამტეხლო - 50 674.63 აშშ დოლარს. დასკვნის თანახმად, კვლევა ემყარება, როგორც მხარეთა შორის გაფორმებულ #... ხელშეკრულებას, ასევე მხარეების მიერ დადასტურებულ მიღება-ჩაბარების აქტებს, რომლითაც დგინდება შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისგან მომსახურების მიღება. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის მიერ იგივე იქნა მითითებული საკვლევ მასალასთან დაკავშირებით. სადავოდ გამხდარი ექსპერტიზის დასკვნა შეიცავს როგორც კვლევით, ისე _ დასკვნით ნაწილებს, ასევე, გაანგარიშების ცხრილს, რაც მის დაუსაბუთებლობას გამორიცხავს. ამ მტკიცებულებასთან შედარებით უპირატესი ძალა არ გააჩნდა მოპასუხის მიერ წარდგენილ 04.03.2015 წლის აუდიტორული დასკვნას, რადგანაც დგინდებოდა, რომ 07.07.2012 წლის ხელშეკრულების ფარგლებში მენარდემ იკისრა ვალდებულება, შემკვეთის სასარგებლოდ აეშენებინა 290 ახალი ხორბალმზიდი ვაგონი და კაპიტალურად შეეკეთებინა მოპასუხის კუთვნილი სხვადასხვა ტიპის 1 207 ერთეული სატვირთო ვაგონი. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელეს 2012 წლის 31 დეკემბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე ხუთ ეტაპად უნდა შეესრულებინა. მხარეებმა ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის განსაზღვრეს სანქციები (8.1 პუნქტი). საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზისა და აუდიტორული დასკვნების ურთიერთშედარებით დადგინა, რომ ხსენებული დასკვნებით გამოანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობებს შორის სხვაობა გამოწვეულია პირგასამტეხლოს გამოთვლის განსხვავებული პრინციპით, რომელიც ეფუძნება ექსპერტებისა და აუდიტორის მხრიდან ხელშეკრულების 8.1 პუნქტის დებულების (კონკრეტული ეტაპისთვის ხელშეკრულებით გათვალსწინებული ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის ღირებულების) განსხვავებულ ინერპრეტაციას. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვლევის მეთოდის თანახმად, პირგასამტეხლო გამოანგარიშებულია ყოველი კონკრეტულ ეტაპზე შესასრულებელი, ვადამოსული ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის გათვალისწინებით. მაგალითად, როდესაც მხარეები შეთანხმებული იყვნენ, რომ მენარდეს შემკვეთისათვის 30 ცალი ახალი ხორბალმზიდი ვაგონი 2012 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მიეწოდებინა, დათქმულ ვადაში ვაგონების მიუწოდებლობის საფუძვლით პირგასამტეხლო დარიცხული იყო არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი ვალდებულების მთლიან მოცულობაზე, რომლის შესრულების ვადა ჯერ დამდგარი არ იყო, არამედ, კონკრეტულ ეტაპზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებაზე. პირგასამტეხლოს გამოთვლის განსხავებული წესი იყო მოცემული აუდიტის დასკვნაში, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნისგან განსხვავებით, აუდიტორი პირგასამტეხლოს ოდენობის გაანგარიშებას ახდენს ყოველი მიღება-ჩაბარების აქტის, ანუ შესრულების მიღების თარიღისთვის დარჩენილი შეუსრულებელი ვალდებულების მთლიანი მოცულობიდან, ამგვარი ფორმულირებიდან გამომდინარე, ყოველი წინა ეტაპის დარღვევა მოიცავს მომდევნო ეტაპზე შესასრულებელი ვალდებულების ღირებულებასაც, რომლის შესრულების ვადა პირგასამტეხლოს დარიცხვის დროს დამდგარი არ იყო. ექსპერტიზის კვლევის მეთოდით მეტად იყო გათვალისწინებული ხელშეკრულების მონაწილეთა ინტერესები: ვალდებულების დარღვევის პირობებში კრედიტორმა პირგასამტეხლოს სახით მიიღოს ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანი“, ხოლო, მეორე მხრივ, დაცულ იქნას მოვალე შუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დარიცხვისგან.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და არ ემყარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე და 249-ე მუხლების მოთხოვნებს. სასამართლომ 1 597 381,75 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო მიიჩნია უკანონოდ, თუმცა, განჩინების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს მსჯელობას, თუ რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით მივიდა იგი ამ დასკვნმადე. თუკი მენარდე მოქმედებდა შეთანხმებული წესის შესაბამისად, მას პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით სადავოდ უნდა გაეხადა ხელშეკრულების 1.8. ნაწილის დათქმა;

1.4.2. პალატამ უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით განსაზღვრული მხარეთა ნების ავტონომიურობის პრინციპი, რადგანაც ხელშეკრულების განმარტება მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების დაზუსტებას უნდა ემსახურებოდეს და არა მოდიფიცირებას, კონკრეტულ შემთხვევაში, #შს-12 314 ხელშეკრულების 8.1 პუნქტით მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება, მდგომარეობდა მასში, რომ პირგასამტეხლოს დაანგარიშების საჭიროების შემთხვევაში უნდა დადგენილიყო: ა) შესრულების ყოველი ეტაპი; ბ) ყოველი კონკრეტული ეტაპისათვის ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის ღირებულება; გ) ვადაგადაცილების ყოველი დღე და დ) შესრულების ვადაგადაცილების ყოველ დღეზე დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა (0.01%). სასამართლომ, მხარეთა შეთანხმებისა და კანონის მოთხოვნების ნაცვლად, დავის გადაწყვეტას საფუძვლად დაუდო დაუსაბუთებელი მსჯელობა, თითქოს პირგასამტეხლოს დაანგარიშებისას, მოპასუხე ითვალისწინებდა ვალდებულების იმ ნაწილის ღირებულებასაც, რომლის შესრულების ვადა პირგასამტეხლოს დაანგარიშების თითოეული ეტაპისათვის ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი. მხოლოდ ამ არგუმენტით იქნა ასევე უარყოფილი კასატორის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნაც, რომელიც უფრო დეტალურ კვლევასა და დასაბუთებას შეიცავს, ვიდრე მოსარჩელის მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნა. თავად ექსპერტმა დადასტურდა ის, რომ დასკვნის მომზადებისას მას არ უხელმძღვანელია ხელშეკრულების 8.1 პუნქტის დებულებებით და მისი მეთოდოლოგია ეფუძნებოდა გაურკვეველ პრაქტიკას;

1.4.3. სასამართლომ არასწორად განსაზღვრა დასარიცხი პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობიდან ხორბალმზიდი ვაგონებისა და სარემონტო სამუშაოების ვადაგადაცილების შესაბამისი პირგასამტეხლოს ოდენობა იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს არაერთი წერილობითი მტკიცებულება ჰქონდა საქმეში წარმოდგენილი. განჩინებაში არ არის დასაბუთება, თუ რატომ არ იქნა გაზიარებული აუდიტორული დასკვნა, აღნშნულის საპირისპიროდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დარღვევით, პალატა დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას და ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის ურთიერთწინააღმდეგობრივი ჩვენება (ვრცლად იხ. საკასაციო საჩივარი).

1.5. საკასაციო პრეტენზიებთან მიმართებით პალატა, უპირველესად სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის ინსტიტუტზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ კანონმდებლობა იცნობს კრედიტორის ინტერესების დამცავ სანივთო და ვალდებულებით საშუალებებს, რომელთაგან პირველს გირავნობა (სკ-ის 254-ე მუხლი) და იპოთეკა (სკ-ის 286-ე მუხლი), ხოლო მეორეს _ პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია (სკ-ის 416-ე მუხლი) განეკუთვნება. მითითებულთაგან ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საშუალებას სწორედ პირგასამტეხლო წარმოადგენს და იგი მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სკ-ის 417-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით. განსხვავებით ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ საჭიროებს მხარეთა წინასწარი შეთანხმების არსებობას, პირგასამტეხლო ყოველთვის სახელშეკრულებო პირობად გვევლინება. ზიანის ანაზღაურების სახელშეკრულებო პირობის ერთადერთი გამონაკლისია ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას პროცენტზე შეთანხმება (სკ-ის 403-ე მუხლი), თუმცა ეს შემთხვევა სახეზე არ გვაქვს (იხ. სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი, რომლის საპირისპიროდაც ვერ იქნება გაზიარებული კასატორის აპელირება ამავე კოდექსის 319-ე მუხლით დადგენილ ნების ავტონომიის პრინციპზე. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მიზანი ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების თანაბარი დაცვა და იმ ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებაა, რომელიც ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში იარსებებდა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება საკანონმდებლო დათქმა იმის თაობაზე, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი, კერძოდ, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, რათა მიღწეულ იქნას კანონის მიზანი _ სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლება (იხ. სკ-ის 8.3, მე-9 და 115-ე მუხლები). პალატა აქვე შეჩერდება მტკიცებულებათა შეფასების საკითხზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები ემყარება საქმის მასალების ყოველმხრივ და სრულ შეფასებას (სსსკ-ის 105-ე მუხლი), რომლის წინააღმდეგაც კასატორი შემოიფარგლება ზოგადი მითითებებით. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები ექსპერტიზისა და აუდიტორული დასკვნის იურიდიული ძალის, მიათი სარწმუნოობის კუთხით სწორედ საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლით დადგენილ სტანდარტს შეესაბამება, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულია ის მოსაზრებები და დასკვნები, რომლებიც სასამართლოს შინაგან რწმენას უდევს საფუძველად და საკასაციო პალატა იზიარებს მას, შესაბამისად, შემკვეთის პოზიციას საპროცესო ნორმების დარღვევის, მატერიალური სამართლის ნორმათა არასწორი გამოყენება-განმარტების, გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობისა თუ სადავო გარემოებების მცდარად დადგენის შესახებ უარყოფს სასამართლო.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 23.06.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8 000 ლარის 70% _ 5 600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ს-ას“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 23.06.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8 000 ლარის 70% _ 5 600 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე