საქმე №ას-582-557-2016 16 სექტემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. სს „ს-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ბ-ის (შემდგომში _ მოპასუხე ან მოვალე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 18 218,9 აშშ დოლარის დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2008 წლის 25 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა ავტო სესხი 10 000 აშშ დოლარი, 48 თვის ვადით და წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 15%-ით, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე _ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით. მსესხებელს დაუმზადდა საკრედიტო ბარათი 1 300 აშშ დოლარის ლიმიტით. მოპასუხემ დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკის პირობები და, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, არ დაუფარავს კრედიტორის მიმართ არსებული დავალიანება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი/განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დარღვევა განაპირობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომმა მოვლენებმა, რის გამოც შეუძლებელი გახდა ტურისტული ბიზნესის გაგრძელება, ხელშეკრულების დებულებათა შესაბამისად, მოპასუხის საქმე გადაეცა პრობლემური სესხების განყოფილებას და 2010 წლამდე მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება სესხის ძირი თანხისა და საკრედიტო დავალიანების დაფარვის თაობაზე, რომლის ფარგლებშიც თანხის ნაწილი მოვალემ აანაზღაურა, ხოლო 2010 წლის ივლისის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე კრედიტორს მოვალემ გადასცა მის საკუთრებაში არსებული NISAN TIIDA-ს მარკის ავტომობილი (გამოშვების წელი 2008), რის შედეგადაც ბანკს მოპასუხის მიმართ პრეტენზია აღარ უნდა ჰქონოდა. აღნიშნული ვალდებულება შესრულდა, გადაცემული ნივთის ღირებულება აღემატებოდა კრედიტორის მოთხოვნას. ავტომაქანის ექსპლუატაციას სამი წლის განმავლობაში ეწეოდნენ მოპასუხისათვის უცნობი პირები, არასწორი შენახვის გამო, ნივთი დაისეტყვა და დაკარგა პირვანდელი ღირებულება, ხოლო 2013 წელს გაიყიდა 4 000 აშშ დოლარად. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხემ მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც მიუთითა, რადგანაც მოთხოვნა ბანკს 2009 წლის დასაწყისში წარმოეშვა, ხოლო ხელშეკლრულების 6.3. პუნქტის თანახმად, კრედიტორს სასამართლოსათვის ვალდებულების დარღვევიდან 10 დღეში უნდა მიემართა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 1 351,83 აშშ დოლარისა და 2008 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 13 267,07 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირ თანხას 8 693,06 აშშ დოლარი, სარგებელს _ 4 174,01 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლოს _ 400 აშშ დოლარი შეადგენდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი სასამართლოების მიერ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 1 351,83 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2008 წლის 25 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოპასუხეზე გაიცა ავტო სესხი 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, წლიური 15%-იანი საპროცენტო სარგებლითა და პირგასამტეხლოს დარიცხვით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით ვადაგადაცილებულ თანხაზე;
1.2.2. მოპასუხის სახელზე გაიცა ასევე სადაზღვევო სესხი 1 202,12 აშშ დოლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, წლიური 18%-ის დარიცხვით;
1.2.3. სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავდა მსესხებლის კუთვნილი ავტომანქანა NISSAN TIIDA, სახელმწიფო ნომრით N... (შემდგომში _ გირავნობის საგანი);
1.2.4. 2008 წლის 25 თებერვლის მომსახურების ხელშეკრულების 41.10 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ კლიენტის მიერ ხელშეკრულების ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში ბანკს ენიჭებოდა უფლებამოსილება, დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა უზრუნველყოფაში მიღებული ქონების რეალიზაციის გზით ან სხვა კანონიერი საშუალებით, ხოლო კლიენტი ვალდებული იყო დაუყოვნებლივ გადაეცა ბანკისათვის ქონება და გაეწია მისთვის გონივრულ ფარგლებში მოთხოვნილი სხვა დახმარება. ხელშეკრულების 4.1.11. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დააკმაყოფილებდა ბანკის მოთხოვნას, ბანკი უფლებამოსილი იყო, აღსრულება მიექცია მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულების 4.2.5. პუნქტის მიხედვით, ამ ხელშეკრულების საფუძველზე სამომხმარებლო კრედიტის მიღებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, კლიენტის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, კლიენტის განცხადების საფუძველზე, ბანკი კლიენტს დაუმზადებდა და გადასცემდა საკრედიტო ბარათს. აღნიშნულით მხარეებმა დათქვეს პირობა და ბანკმა იმთავითვე გამოთქვა თანხმობა, რომ კლიენტის მიერ, ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, თუ იქნებოდა მსესხებლის ნება, მისი განცხადების (ახალი) საფუძველზე კრედიტორი გასცემდა საკრედიტო ბარათს. გამსესხებელი მოპასუხეს მესამე საბანკო პროდუქტს „ოვერდრაფტსაც“ სთავაზობდა;
1.2.5. მსესხებელს ბანკმა დაუმტკიცა საკრედიტო ბარათი 1 300 აშშ დოლარის ლიმიტით. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე კრედიტორს არ უარუყვია, რომ სამომხმარებლო კრედიტი და საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება, გარკვეულწილად, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ხელშეკრულებებია. საქმეში არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდნენ ამ ორი ხელშეკრულების განუყოფლობასა და ურთიერთბმის საკითხს;
1.2.6. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოვალეს ედავებოდა 1 351,83 აშშ დოლარს, პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, მოპასუხემ აღიარა მითითებული დავალიანების არსებობა ბანკის წინაშე, რაც სარჩელის ამ ნაწილში საფუძვლიანად მიჩნევას განაპირობებდა, რაც შეეხებოდა ავტო სესხს (სამომხმარებლო კრედიტი), დგინდებოდა კრედიტის სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, არ იქნა გადახდილი თანხა შეთანხმებული გრაფიკისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რის გამოც მოპასუხეს წარმოეშვა დავალიანება;
1.2.7. 2010 წლის 8 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება გირავნობის საგნის კრედიტორისათვის ნებაყოფლობით გადაცემის შესახებ. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მესაკუთრე თანახმა იყო, ავტომანქანა, გირავნობის საგანი, გადაეცა ბანკისათვის მისი შემდგომი განკარგვის, საკუთრებაში აყვანისა და მესამე პირისათვის გადაცემის მიზნით. ასევე მსესხებელი ეთანხმებოდა გირავნობის საგნის რეალიზაციის ბანკში მიღებულ წესსა და იმას, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის თანხა, რომლითაც გადაეცემოდა კრედიტორს, დაიფარებოდა მისი სასესხო დავალიანება;
1.2.8. 2010 წლის 19 ოქტომბრის აქტით ავტომანქანის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 6 000 აშშ დოლარით;
1.2.9. დაგირავებული ავტომანქანის რეალიზაცია განხორციელდა 2013 წლის 30 აპრილს, რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ შეადგინა 4 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხით დაიფარა მოგირავნის ფულადი მოთხოვნა, კერძოდ: სადაზღვეო სესხი 1 665,36 აშშ დოლარი დაიფარა სრულად, ავტოსესხზე 2 310,08 აშშ დოლარით შემცირდა ძირი თანხა;
1.2.10. გატანიდან მოვალის მიერ სადავო სესხზე გადახდილია ძირი თანხა - 1 306,94 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 516,08 დოლარი და პირგასამტეხლო - 569,97 აშშ დოლარი. 2010 წლის 8 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შემდგომ (რომლითაც გირავნობის საგანი კრედიტორს ნებაყოფლობით გადაეცა), მოვალეს რაიმე გადახდა არ უწარმოებია ავტო სესხის დავალიანებასთან დაკავშირებით, ხოლო ბოლო გადახდა, თანახმად საბანკო ამონაწეისა, 2009 წლის 31 მარტს განახორციელა. მართალია, ამონაწერიში პირადი ანგარიშიდან დაფიქსირებულია 50 დოლარის 2011 წლის 18 ივლისს გადახდა (ოპერაციის შინაარსიც მითითებულია კრედიტის დაფარვის პირგასამტეხლო), მაგრამ ეს თანხა მითითებულია დებეტის გრაფაში, ანუ არ არის შეტანილი მოვალის მიერ. ამ ფაქტობრივ გარემოებას დაეთანხმა ბანკის წარმომადგენელიც და განმარტა, რომ ამ ამონაწერით ნამდვილად არ დასტურდება, რომ ეს თანხა 50 აშშ დოლარი, მოპასუხის მიერაა შეტანილი, ამდენად, ავტო სესხის ბოლო გადახდის თარიღი 2009 წლის 31 მარტია. რაც შეეხება იმავე სესხის დაფარვის გრაფიკში მითითებულ 2013 წლის 30 აპრილს განხორციელებულ გადახდას, უდავოა, არც მისი შეტანა განუხორციელებია მოპასუხეს, არამედ ეს თანხები შეიტანა ავტომანქანის მყიდველმა (ეს გარემოებაც ბანკის წარმომადგენლის მიერ იქნა დადასტურებული), რაც შემდგომში ბანკის მიერ იქნა გადანაწილებული პროცენტზე, ჯარიმასა და ძირითად დავალიანებაზე. ბანკმა გირავნობის საგანი მოვალისაგან 2010 წლის 8 ოქტომბერს წაიყვანა, ხოლო მისი რეალიზაცია 2013 წლის აპრილში განახორციელა. 2009 წლის 31 მარტისათვის კრედიტორისათვის ცნობილი იყო ავტო სესხთან დაკავშირებით დარღვეული უფლების თაობაზე. ამ უფლების აღდგენისთვის ბანკმა იზრუნა და 2010 წლის 8 ოქტომბერს მას და მოპასუხეს შორის შედგა შეთანხმება ავტომანქანის ბანკისათვის გადაცემის თაობაზე, რა დროსაც ავტომანქანის ღირებულება 6 000 აშშ დოლარად შეფასდა. ბანკის წარმომადგენლის განმარტებით, 2010 წლის 8 ოქტომბრისათვის მსესხებლის დავალიანება ბანკის წინაშე 8 693 აშშ დოლარსა და 6 ცენტს წარმოადგენდა, ანუ ბანკისათვის ცნობილი იყო, რომ გირავნობის საგანი (მისი შეფასების გამო) ვერ უზრუნველყოფდა და არ იყო საკმარისი ბანკის წინაშე არსებული დავალიანების სრულად დასაფარად, შესაბამისად, 2010 წლის 8 ოქტომბრიდან უნდა აითვალოს ხანდაზმულობის ვადა ავტო სესხთან დაკავშირებით.
1.2.11. 2009 წლის 31 მარტიდან (ბოლო გადახდიდან) კრედიტორმა ავტო სესხის თაობაზე სარჩელი 3-წლიანი ვადის დარღვევით _ 2014 წლის 19 მარტს აღძრა, ხოლო მოპასუხემ ამ გარემოებაზე საქმის მომზადების ეტაპზე _ შესაგებელშივე განაცხადა.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად გამოთვალა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რომელსაც კრედიტორი შუამავლის მეშვეობით ავტომობილის რეალიზაციას უკავშირებს. საკასაციო საჩივრის თანახმად, მოპასუხე მოვალეთა რეესტრში იყო რეგისტრირებული, ვალდებულების თაობაზე ბანკის მიერ მას ეცნობა 2013 წლის 14 მაისის წერილით და შეეთავაზა დარჩენილი ვალის რესტრუქტურიზაცია. თავის მხრივ, ხელშეკრულებით გაითვალისწინეს მხარეებმა, რომ თუკი უზრუნველყოფის ღონისძიება არ იქნებოდა საკმარისი ვალდებულების შესასრულებლად, კრედიტორს შეეძლო სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევა.
1.5. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიების წინააღმდეგ განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 867-ე და 623-ე მუხლები, მართებულად დაეყრდნო საპროცესო აღიარების ინსტიტუტს (სსსკ-ის 131-ე მუხლი), ხოლო მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლის ფარგლებში სავსებით მართებულად განსაზღვრა, როგორც მოთხოვნის წარმოშობის მომენტი (იხ. სკ-ის 130-ე მუხლი, ასევე, წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.10. პუნქტი), ისე, სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დარღვევით წარდგენის ფაქტი.
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 04.07.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 531,87 ლარის 70% _ 1 072,309 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ს-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 04.07.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 531,87 ლარის 70% _ 1 072,309 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე