Facebook Twitter

საქმე №ას-808-775-2016 28 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ა. ე-ი

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ-ა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის განჩინება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ბანკმა რესპუბლიკამ“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ა. ე-ის, ნ. მ-ისა და ი. ჰ-ის მიმართ აღძრული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველსაყოფად მოითხოვა მარნეულის რაიონის სოფელ ა-ში მდებარე ა. ე-ის კუთვნილ სახლზე (ს/კ #...) ყადაღის დადება.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. ე-ს აეკრძალა მარნეულის რაიონის სოფელ ა-ში მდებარე მისი კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ #...) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

3. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ა.ე-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სს „ბ-ას“ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ივლისის განჩინებით საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ე-ის საჩივარი დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, მართებულად უთხრა თუ არა სააპელაციო სასამართლომ ა.ე-ს უარი საჩივრის განსახილველად დაშვებაზე. ამ თვალსაზრისით საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2016 წლის 15 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე ა. ე-ის მიერ წარდგენილ საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გამადასტურებელი მტკიცებულება. არც საჩივარი და არც საქმეში წარმოდგენილი მასალები არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია (სსსკ-ის 46-ე მუხლი).

3. ვინაიდან საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სსსკ-ის 39.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი), სააპელაციო სასამართლომ საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის პირველი ნაწილისა და 368-ე მუხლის საფუძველზე 2016 წლის 6 მაისის განჩინებით დაადგინა ხარვეზი და საჩივრის ავტორს 5-დღიანი ვადის დაცვით დაავალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა.

4. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ა.ე-ს გაეგზავნა ფოსტით და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, პირადად ჩაბარდა 2016 წლის 25 მაისს.

5. სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსწორების მიზნით დადგენილი 5-დღიანი საპროცესო ვადა, რომლის დენა ამავე წლის 26 მაისს დაიწყო, ამოიწურა 30 მაისს, სამუშაო დღეს (სსკ-ის 60.2 მუხ).

6. უდავოა, რომ მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის, 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის წინაპირობაა.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებები კანონიერია და არ არსებობს მათი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ე-ის საჩივარი მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილისა და 11 ივლისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე