Facebook Twitter

საქმე №ას-658-629-2016 23 სექტემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. კ-ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ქ.თბილისის მერიამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მეიჯარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. კ-იას (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მოიჯარე) მიმართ და 2011 წლის 7 ნოემბრის (ქ.თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება #...) იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოითხოვა მოიჯარისათვის: ა) საიჯარო ქირის - 1 791.65 ლარის; ბ) პირგასამტეხლოს - 453.20 ლარის; გ) პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 21 ივნისიდან საიჯარო ქირის გადახდამდე - 1 100 ლარის 0,1%-ის; დ) 2011 წლის 7 ნოემბრის (ქ.თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება E...) იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის - 16 613.43 ლარის; ე) პირგასამტეხლოს - 4 442.10 ლარის; ვ) პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 21 ივნისიდან საიჯარო ქირის გადახდამდე - 10 200 ლარის 0,1%-ის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ 2011 წლის 7 ნოემბრის #... აუქციონის #4 ლოტსა და 2011 წლის 7 ნოემბრის #... აუქციონის #3 ლოტზე გამარჯვებულად გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც გადაეცა მიწის ნაკვეთები მდებარე ქ.თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, გლდანის I მ/რ-ის #... კორპუსის მიმდებარედ და ქ.თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, გლდანის I მ/რ-ის #... კორპუსის მიმდებარედ. აღნიშნული უძრავი ქონებით სარგებლობის (იჯარის) ვადად განისაზღვრა 5 წელი. სარგებლობის წლიური საფასური მოიჯარეს უნდა აენაზღაურებინა ექვს თვეში ერთხელ. მოიჯარემ არ გადაიხადა საიჯარო ქირა, რომელიც, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან ერთად, უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეს სარჩელის წინააღმდეგ არც შესაგებელი წარუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 2011 წლის 7 ნოემბრის #... იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის _ 1 791.65 ლარის; პირგასამტეხლოს _ 45.32 ლარისა და 2013 წლის 21 ივნისიდან საიჯარო ქირის _ 1 100 ლარის 0,01%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საიჯარო ქირის (1 791.65 ლარი) გადახდამდე. მოიჯარეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2011 წლის 7 ნოემბრის #E... იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ასევე დაეკისრა საიჯარო ქირის _ 16 613.43 ლარის; პირგასამტეხლოს - 444.21 ლარისა და 2013 წლის 21 ივნისიდან საიჯარო ქირის _ 10 200 ლარის 0,01%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საიჯარო ქირის (16 613.43 ლარი) გადახდამდე.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.07.2015წ. განჩინება მოპასუხის შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე), მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განჩინებით სააპელაციო არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მეიჯარემ, მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა (იხ. საკასაციო საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დამტკიცებულად მიიჩნევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.2.1. ქ.თბილისის თვითმმართველობის ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ 2011 წლის 7 ნოემბრის #... აუქციონის #3 და #4 ლოტზე გამარჯვებულად გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც 5 წლის ვადით იჯარით გადაეცა ქ.თბილისის თვითმმართველის ერთეულის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, გლდანის I მ/რ-ის #... კორპუსის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონებები (ს/კ #... და #...);

1.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.03.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპაუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის, ასევე, პირგასამტეხლოს გადახდა, რომელიც, სასამართლომ გონივრულ ოდენობამდე შეამცირა, კერძოდ, საქალაქო სასამართლომ იჯარის ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი 0.1% შეამცირა 0.01%-მდე. შესაბამისად, #... იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო, 453.20 ლარი შემცირდა 45.32 ლარამდე, ხოლო #E... იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო _ 4 442.10 ლარი _ 444.21 ლარამდე. მოპასუხეს ასევე დაეკისრა იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 2013 წლის 21 ივნისიდან საიჯარო ქირის 0,01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის გადახდამდე.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას იმის თაობაზე, რომ, სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 418-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული და სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, რადგანაც ამ ნორმაში საუბარია პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე, რომელიც საქმის გარემოებათა გათვალისწინებით დაიშვება. ნორმა არ ადგენს სასამართლოს მხრიდან მის სავალდებულო გამოყენებას, ამასთან, სააპელაციო პალატამ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს შემცირების აუცილებლობის თაობაზე. მხედველობაშია ასევე მისაღები ის გარემოება, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არც შესაგებელი წარუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

1.5. საკასაციო პრეტენზიის წინააღმდეგ პალატა მოიხმობს მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას (რომლითაც მართებულად იხელმძღვანელა ქვემდგომმა სასამართლომაც): ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ არ გაიზიარა კასატორის არგუმენტაცია, რომ შესაგებლის წარუდგენლობის გამო არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის ფარგლებში დადგენილად მიიჩნეოდა მხოლოდ პირგასამტეხლოს დავალიანების ოდენობა, თუმცა, მოსარჩელის მიერ მითითებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო თუ არა, სამართლის საკითხს წარმოადგენდა და სასამართლოს იგი სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის ფარგლებში უნდა შეემოწმებინა, შესაბამისად, საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია (იხ. სუსგ №ას-1125-1072-2014, 29 მაისი, 2015 წელი).

1.6. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, როგორც საპროცესო (სსკ-ის 2321), ისე მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური სამართლის ნორმა (სკ-ის 420-ე მუხლი) და მიღებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო პალატის მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან (იხ. მაგ: სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).

1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე