საქმე №ას-485-466-2016 16 სექტემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ჯ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „M-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. სს „M-მა“ (შემდგომში, მოსარჩელე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე ან კასატორი) მიმართ და მოსარჩელის კუთვნილი შენობის დაზიანეიბით მიყენებული ზიანის _ 74 965,36 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: ქ. თბილისში, ლ-ას ქუჩა #...-ში მდებარეობს მოსარჩელის კუთვნილი საწარმოო კორპუსი. აღნიშნული შენობის მიმდებარედ გადის მოპასუხის კუთვნილი 300 მმ დიამეტრის წყალსადენის მილი, რომელიც სისტემატურად ზიანდებოდა და თვეების განმავლობაში იტბორებოდა ტერიტორია. აღნიშნულის შედეგად დაზიანდა და დაიბზარა შენობის კედლები, რაც გამოწვეულია ფუძე-გრუნტის გაწყლიანებით და საძირკვლის არათანაბარი ჯდენით. დაზიანების ფაქტი დადასტურებულია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, რომლის თანახმადაც, შენობის შემდგომი უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის საჭიროა, შესაბამისი პროექტის საფუძველზე განხორციელდეს მისი აღდგენა-გაძლიერება. მოსარჩელის დაკვეთით დამუშავდა ზიანის აღმოსაფხვრელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა და მისმა ღირებულებამ შეადგინა 74 965,36 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურების მიზნით მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც უძრავი ქონების მესაკუთრედ მითითებულია სს „M-ი“, შენობა-ნაგებობის საერთო ფართად მითითებულია 1458,50 კვ.მ, წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში კი, მითითებულია შენობა, რომლის ფართი 1260 კვ. მეტრია, ამასთან, მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნაში აღნიშნულია, რომ შენობის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მის კედლებსა და ბეტონის იატაკში განვითარებული ბზარები გამოწვეულია ფუძე-გრუნტების გაწყლიანებითა და საძირკვლის არათანაბარი ჯდენით, თუმცა, დასკვნაში არ არის ნამსჯელი ამ ბზარების გაჩენა გამოწვეულია თუ არა მოპასუხის მფლობელობაში არსებული მილის დაზიანებით. გარდა ამისა, დაზიანებების აღმოსაფხვრელი სამუშაოების ღირებულებად 74 965,36 ლარის განსაზღვრას მოსარჩელე უკავშირებს ინდ.მეწარმე ა. ა-ის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვას. იგი რეალობასთან შეუსაბამოა და ითვალისწინებს არა მარტო შენობის აღგენა-გაძლიერებას, არამედ, ახალი სადრენაჟო არხის მოწყობას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდება ზიანის მიყენების ფაქტი და დადგება ზიანის ანაზღაურების საკითხი, ზიანის მიმყენებელმა პასუხი უნდა აგოს იმ ზიანზე, რაც მისი ქმედების შედეგად არის გამოწვეული. მოსარჩელეს კი, მოთხოვნილი აქვს არა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, არამედ, იმ სამუშაოების შესრულება და თავისი საკუთრების ისეთი გაუმჯობესება, რომელიც თავდაპირველადაც კი არ ყოფილა მოწყობილი. მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მოპასუხე მხარის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები _ მოხდა თუ არა ნაგებობის დაზიანება მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის კუთვნილი შენობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის _ 43 153,66 ლარის ანაზღაურება.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. ქ. თბილისში, ლ-ას ქუჩა №...-ში მდებარე 18811.00 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 1458.50 კვ.მ შენობა-ნაგებობების მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე;
1.2.2. მოპასუხის კუთვნილი 300 მმ მაგისტრალური წყლის მილი მდებარეობს მოსარჩელის საწარმოო შენობის მიმდებარედ.
1.2.3. მოსარჩელის კუთვნილი საწარმოო შენობის ბეტონის იატაკსა და კედლებში განვითარებულია მრავლობითი ბზარები, რაც გამოწვეულია ფუძე-გრუნტის გაწყლიანებით და საძირკვლის არათანაბარი ჯდენით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარეული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.08.2013წ. დასკვნის თანახმად, შენობის კედლებსა და ბეტონის იატაკში მრავლობითი ბზარებია, რომლებიც გამოწვეულია ფუძე-გრუნტის გაწყლიანებითა და საძირკვლის არათანაბარი ჯდენით. ბზარები ამ ეტაპზე საფრთხის შემცველი არ არის, შენობის შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საჭირო იქნება დეტალური გამოკვლევის საფუძველზე შედგენილი პროექტის მიხედვით მოხდეს მისი აღდგენა-გაძლიერება;
1.2.4. სადავო შენობის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის კუთვნილი მილიდან გამომავალი წყლის ზემოქმედებით. ამ ფაქტის დადასტურების მიზნით, მოსარჩელეს, გარდა ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნისა, წარმოდგენილი აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრ „ტექნიკური ექსპერტიზა და უსაფრთხოება მშენებლობაში-ს“ 26.03.2014წ. და 18.07.2014წ. დასკვნები. სსიპ „ლევან სამხარეული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.08.2013წ. დასკვნის თანახმად, შენობის კედლებსა და ბეტონის იატაკში განვითარებულია მრავლობითი ბზარები, რომლებიც გამოწვეულია ფუძე-გრუნტის გაწყლიანებითა და საძირკვლის არათანაბარი ჯდენით. რაც შეეხება ფუძე-გრუნტის გაწყლიანების გამომწვევ მიზეზს, ექსპერტი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ მიწოდებული ინფრმაციის საფუძველზე განმარტავს, რომ 2012 წელს ტერიტორიის მიმდებარედ მოქმედი 300 მმ-იანი დიამეტრის წყალსადენი მილის დაზიანების შედეგად თვეობით იტბორებოდა ტერიტორია. ადმინისტრაციის ძალისხმევით გაჭრილ იქნა დროებითი არხი, რომელმაც შეცვალა წყლის მიმართულება, თუმცა ტერიტორიაზე მისი ნაკვალევი მაინც შეიმჩნევა. ექსპერტი მიუთითებს, რომ ამჟამად დაზიანებული მონაკვეთი აღდგენილია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის 26.03.2014წ. დასკვნა გაცემულია ამავე მისამართზე, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების მიმდებარედ არსებული შპს „M-ის“ კუთვნილი ტერიტორიის ჰიდროლოგიური პირობების თავისებურებების შესახებ, ამავე საექსპერტო დაწესებულების მიერ 18.07.2014წ. გაცემული დასკვნა კი, ეხება უშუალოდ წინამდებარე დავაში მოსარჩელეს. 18.07.2014წ. დასკვნაში ექსპერტი მიუთითებს ამავე საექსპერტო დაწესებულების მიერ შპს „M-ის“ კუთვნილი ტერიტორიის ჰიდროლოგიური პირობების თავისებურებების შესახებ 26.03.2014წ. გაცემულ ექსპერტიზის დასკვნაზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ საკითხი შეეხება შპს „M-ის“ და სს „M-ის“ შენობების დეფორმაციებს, ტერიტორიაზე არსებული იდენტური ჰიდროლოგიური პირობების გამო დეფორმაციის გამომწვევი მიზეზების ერთმანეთისგან გამიჯვნა აბსოლუტურად გაუმართლებელია. მოპასუხის კუთვნილი დაზიანებული მილიდან გამავალი წყლის სადავო შენობაზე ზემოქმედების არარსებობის მტკიცების თვალსაზრისით, მოპასუხემ წარადგინა ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს 27.05.2014წ. დასკვნა, რომლითაც მოსარჩელის კუთვნილი შენობის მიმდებარედ გრუნტის დატბორვა- გაწყლიანების ძირითად გამომწვევ მიზეზად მიჩნეულია ატმოსფერული ნალექების ჩადინება საძირკველში, რაც განპირობებულია ტერიტორიის არასწორი ვერტიკალური გეგმარებით, რაც უნდა ითვალისწინებდეს ატმოსფერული ნალექების ორგანიზებულ გადაყვანას შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან. სააპელაციო პალატამ, მტკიცებულებათა შესწავლა-შეფასებისას მიუთითა მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილულ დავაზე, სადაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული შპს „ჯ-ის“ კუთვნილ დაზიანებულ მილსა და შპს „M-ის“ შენობა-ნაგებობის დაზიანებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა და შპს „ჯ-ს“ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შესაბამისად, მოსარჩელის კუთვნილი შენობის მიმდებარედ გრუნტის დატბორვა-გაწყლიანების ძირითად გამომწვევ მიზეზად მიჩნეულია ატმოსფერული ნალექების ჩადინება საძირკველში, თუმცა პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დასკვნაში არ არის განხილული წლის განმავლობაში თბილისის ტერიტორიაზე მოსული და აორთქლებული ნალექის რაოდენობა, ექსპერტიზა არ შეიცავს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თბილისის კლიმატური პირობების გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო თუ არა იმ ოდენობის ნალექის მოსვლა, რაც გამოიწვევდა საძირკვლის გრუნტის დატბორვა-გაწყლიანებას. გასათვალისწინებელია, რომ თბილისისათვის დამახასიათებელია ზომიერად თბილი ჰავა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, ხშირია გვალვები. რაც შეეხება ზამთარს, თოვლი იშვიათად მოდის და ამასთან თოვლის საბურველი დიდხანს არ დევს. „აღნიშნული ექსპერტიზის აქტი შედგენილია ინჟინერ-კონსტრუქტორის, გეოლოგისა და არქიტექტორის მიერ, მაშინ როდესაც დარგი, რომელიც იკვლევს მიწისქვეშა წყლებს, მათ შედგენილობას და თვისებებს, წარმოშობას, გავრცელებისა და მოძრაობის კანონზომიერებებს, ურთიერთქმედებას ქანებთან და ა.შ არის ჰიდროგეოლოგია. სწორედ მეცნიერების ეს დარგი იკვლევს მიწისქვეშა წყლების წარმოშობის მიზეზებს, მისი გავრცელების ფორმებს, რასაც გადამწყვეტი როლი უნდა მიენიჭოს მოცემული დავის გადაწყვეტის დროს.“ (თბილისის სააპელაციო პალატა, საქმე №2ბ/6824). მოსარჩელის მიერ წარდგენილ სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის „ტექნიკური ექსპერტიზა და უსაფრთხოება მშენებლობაში“ 2014 წლის 26 მარტის დასკვნაში გაკეთებულია ჰიდრო-გეოლოგიური შეფასებები. ამ დასკვნით გამოკვლეულია თბილისში ატმოსფერული ნალექების რაოდენობა და იმის შესაძლებლობა, დასაშვებია თუ არა თბილისში არსებული კლიმატის გათვალისწინებით, შენობის სახურავიდან გადმოსულმა წყალმა გამოიწვიოს შენობის გრუნტის მსგავსი დაზიანება. დასკვნაში მითითებულია, რომ თბილისის ტერიტორიაზე და მათ შორის, განსახილველ უბანზე ატმოსფერული ნალექების წლიური ნორმაა 599 მმ წელიწადში, ხოლო, აორთქლების საშუალო რაოდენობა _ 800-850 მმ წელიწადში, ანუ აორთქლება 1.5-ჯერ აღემატება ნალექების საშუალო სიდიდეს, შესაბამისად, სახეზეა ჰაერის გატენიანების დეფიციტი, როგორც წვიმიან, ისე _ მშრალ პერიოდშიც. ქალაქის ტერიტორიაზე თოვლის საფარი უმნიშვნელოა (არაუმეტეს 10 სმ. სისქისა) და ამასთან, ძალზე არამდგრადია. წვიმისა და თოვლიანობის შედეგად მიწის ზედაპირზე დაგროვებული ტენი მოკლე დროში ორთქლდება და ამიტომ, ხსენებული ფაქტორი გატენიანების მიზეზი ვერ გახდება, რის გამოც იმის მტკიცება, რომ შენობის დეფორმაციები საწვიმარი ღარებიდან ჩამომავალი წყლების ზემოქმედების შედეგია, უსაფუძვლოა. ექსპერტი აღნიშნავს, რომ დასველება-გაწყლიანება არ ნიშნავს წყლით გაჯერებასა და ტერიტორიის დაჭაობებას, თანაც ეს მდგომარეობა, ზემოთ აღწერილი კლიმატური და მორფოლოგიური პირობების გამო, დიდხანს ვერ გაგრძელდება და საძირკვლის გრუნტის წყალთან კონტაქტის ხანგრძლივობა არ იქნება საკმარისი გრუნტში არსებული საშუალოდ ხსნადი თაბაშირის გასახსნელად და სიცარიელეების წარმოსაქმნელად, რასაც შემდგომში შენობის დაჯდომა მოჰყვებოდა. საამისოდ დიდი რაოდენობის გამდინარე წყალი და ხანგრძლივი კონტაქტია საჭირო. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის „ტექნიკური ექსპერტიზა და უსაფრთხოება მშენებლობაში“ 18.07.2014წ. დასკვნაში შეფასებულია როგორც ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს 27.05.2014წ., ასევე სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის „ტექნიკური ექსპერტიზა და უსაფრთხოება მშენებლობაშის“ 26.03.2014წ. ექსპერტიზის აქტებში მოცემული დასკვნები. 2014 წლის 18 ივლისის დასკვნის თანახმად, არ შეიძლება აპელირება წლების განმავლობაში საძირკვლის გრუნტში ატმოსფერული ნალექების ჩადინებაზე, როდესაც სინამდვილეში საქმე გვაქვს მაგარ პლასტიკურ თიხა-თიხნარში წვიმის წყლის მხოლოდ გაძნელებულ ჩაჟონვასთან, რასაც აორთქლების პროცესი აშკარად ჩაგრავს. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ „M-ისა“ და „M-ის“ ნაგებობათა დეფორმაციების გამომწვევი მიზეზი მაგისტრალური, 300 მმ დიამეტრის მისლადენიდან წარსულში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში წყლის მნიშვნელოვანი დანაკარგებია და სიცხადის გამო, საკითხი ამოწურულია. ექსპერტს მოჰყავს ციტატები 26.03.2014წ. დასკვნიდან იმის შესახებ, რომ წყალსადენის 300 მმ დიამეტრის მილი მიწის ზედაპირიდან ამჟამად დაახლოებით 1.8 მეტრის სიღრმეზე არის გაშიშვლებული. მის ქვემოთ დაახლოებით 5.2 სისქის პრაქტიკულად წყალგაუმტარი თიხა-თიხნარის ეკრანია. საკითხავია, ამ პირობებში საით უნდა წასულიყო დაზიანებული მისლადენიდან დიდი რაოდენობით გამომდინარე ნაკადი? ცხადია ის მიწის ზედაპირზე ამოაღწევდა და გრუნტს (მათ შორის საძირკვლის გრუნტს) ინტენსიურად (დაჭაობების სტადიამდე) გააწყლიანებდა, რაც კიდეც მოხდა, ნაგებობის დეფორმაცია კი პროცესის ლოგიკური შედეგია“. „გამომდინარე ზემოაღნიშნული დასკვნიდან და იმ რეალობიდან, რომ თბილისში არსებობს საკმაოდ მშრალი ჰავა საიმისოდ, რომ მოხდეს მიწის ზედაპირის დატბორვა ხანგრძლივი ვადით, ისე, რომ მან მშენებლობას შეუქმნას საფრთხე, იქმნება პრეზუმფცია იმისა, რომ ჩვეულებრივ წვიმის წყლის ჩადინებით შეუძლებელია, შენობისათვის მსგავსი ზიანის მიყენება. მსგავსი რამ უნდა გამოეწვია წყლის მეტად ძლიერ დინებას, რაც ბევრად აღემატება თბილისში მოსული ნალექების ოდენობას. მითითებული გარემოებების ლოგიკურ ჯაჭვს მივყავართ იმ მოსაზრებამდე, რომ ზიანი დამდგარია დაზიანებული მილიდან გამდინარე წყლის შედეგად და არა ატმოსფერული ნალექების გამო. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ - შპს „ჯ-ის“ მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით უარყოფილია მილიდან გამდინარე წყლით სადავო ტერიტორიის გაწყლოვანება“ (თბილისის სააპელაციო სასამართლო, საქმე №2ბ/6824). რაც შეეხება თავად წყალსადენი მილის დაზიანების ფაქტს, პალატამ მიუთითა მოპასუხისათვის სს „M-ის“ მიერ 03.12.2012წ. გაგზავნილ წერილზე, რომელითაც ეს უკნასკნელი ითხოვდა დაზიანებული მილის შეცვლას. წერილში აღნიშნული იყო, რომ კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ცენტრალური სასმელი წყლის მილი, სიძველის გამო, ზიანდებოდა სისტემატურად და ყოველი დაზიანების დროს კომპანიის მიერ ხდება ცხელ ხაზზე შეტყობინება. ასეთ შემთხვევას აქვს ხშირი ხასიათი და მილის სიძველის და კოროზირების გამო ვერ ხერხდება მისი კაპიტალურად შეკეთება. სს „M-ის“ დირექტორი წერილში ასევე მიუთითებდა, რომ წყლის მუდმივი დინება მათ კუთვნილ ტერიტორიაზე რამდენიმე ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიას ტბორავდა, რაც დღეისათვის წარმოადგენდა დაჭაობებულ ტერიტორიას და ფეხით გადაადგილება შეუძლებელი იყო. წყალმა საფრთხე შეუქმნა ქარხნის საწარმოო კორპუსს, რაც გამოიხატება კორპუსის საძირკვლის დაწევით, იატაკის და კედლების დაბზარვით, შიდა კარებების დეფორმაცით. მოპასუხე ვერ მიუთითებდა სს „M-ის“ წერილის პასუხად მყისიერი რეაგირების ფაქტებზე. 24.08.2013წ. მდომარეობით წყალსადენი მილის დაზიანებაზე მიუთითითებდა ინდ.მეწარმე „ა. ა-ის“ მიერ შედგენილი დასკვნაც, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შენობიდან 15 მეტრის მანძილზე გადის სასმელი წყლის დ-300 მმ ლითონის მილი, რომლის გასწვრივაც აღინიშნება წყლის ამოდინება მიწის ზედაპირზე (მილი დაზიანებულია). სს „M-ის“ მიერ წარმოდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის 26.03.2015წ. და 30.10.2015წ. ოქმების თანახმად კი, დაფიქსირდა შენობა-ნაგებობის შემოღობილი ტერიტორიის მიმდებარედ არსებული სითხით სავსე თხრილისა და აღნიშნული თხრილიდან სითხის ამოტუმბვის პროცესი. სითხის ამოტუმბვის შემდეგ თხრილში დაფიქსირდა მილი, საიდანაც მოედინებოდა სითხე. მილს ჩაუტარეს აღდგენითი სამუშაოები მოქალაქეებმა, რომელთა განმარტებითაც, ისინი წარმოადგენდნენ შპს „ჯ-ის“ თანამშრომლებს. დაფიქსირებულია შენობა-ნაგებობის გვერდით მიწის საფარზე არსებული გუბეები და სითხით სავსე თხრილი;
1.2.5. მოსარჩელე მოპასუხისათვის 74 965.36 ლარის დაკისრებას მოითხოვდა ინდ.მეწარმე „ა. ა-ის“ მიერ 24.08.2013წ. გაცემული დასკვნის საფუძველზე, რომლის თანახმადაც საწარმოო კორპუსის შენობის დახურული დრენაჟის მოწყობისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 31 811.70 ლარს, ხოლო საწარმოო კორპუსის შენობის კედლების გამაგრება-გაძლიერებისათვის აუცილებელი სამშენებლო სამუშაოების ღირებულება კი - 43 153.66 ლარს. ამ შემთხვევაში, პალატამ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ შენობის დაზიანებამდე დრენაჟის არ არსებობის პირობებში, მოპასუხისთვის შენობის დახურული დრენაჟის მოწყობისათვის საჭირო თანხის დაკისრება სცილდება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ფარგლებს. რაც შეეხებოდა მოპასუხის მითითებას მასზედ, რომ ზიანის ოდენობა უნდა დაანგარიშდეს არა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის, არამედ, ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტების მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, პალატამ არ გაიზიარა, რადგანაც ამ უკანასკნელით დაანგარიშებული იყო შენობის სარემონტო სამუშაოების ღირებულება, მაშინ, როდესაც ინდ.მეწარმე „ა. ა-ის“ ხარჯთაღრიცხვა მოიცავდა დაზიანებული საწარმოო კორპუსის შენობის კედლების გამაგრება-გაძლირებისათვის აუცილებელი სამშენებლო სამუშაოების ღირებულებას.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალები, არასწორად დაეყრდნო სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას და არასწორად დაადგინა კასატორის კუთვნილი მილიდან წყლის გაჟონვით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რადგანაც დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, იგი მოსარჩელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ემყარება. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა არც „ტექნიკური ექსპერტიზა და უსაფრთხოება მშენებლობაში-ს“ დასკვნა, რადგანაც იგი შპს „M-ის“ კუთვნილი ტერიტორიის ჰიდროლოგიური პირობების თავისებურებებს ასახავს და შეეხება არა სადავო პერიოდს, არამედ _ 2010 წლის აგვისტოს მდგომარეობას. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც სადავო პერიოდში და თანაც დიდი ხნით კასატორის კუთვნილი მილის დაზიანებას, შესაბამისად, მოსარჩელის კუთვნილი შენობის ფუძე-გრუნტის გაწყლიანების ფაქტს დაადასტურებდა;
1.4.2. სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა მოსარჩელის 2012 წლის წერილი, რომელიც ზოგადი ხასიათისაა, ამასთანავე, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კასატორის კუთვნილი მილის შეცვლის ფაქტს;
1.4.3. სააპელაციო პალატა არასწორად დაეყრდნო მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრიდან ორი წლის შემდეგ განხორციელებულ ფაქტების კონსტანტაციის მასალებს. მოსარჩელე მოითხოვს 2012 წელს წარმოშობილ ზიანს, რომელიც 2015 წელს დაზიანებული მილის თაობაზე განხორციელებულ ფაქტების კონსტანტაციას არ შეიძლება ეყრდნობოდეს, ამასთანავე, სასამართლო აბსოლუტურად არასწორად დაეყრდნო შპს „M-ის“ საქმეზე გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც წინამდებარე დავის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით დადგენილი ძალა არ გააჩნია;
1.4.4. არასრულია სასამართლოს მსჯელობა კასატორის კუთვნილ ცხელ ხაზზე შეტყობინების დაფიქსირების თაობაზე, რადგანაც, თუკი მოსარჩელე მილის დაზიანების შესახებ შეტყობინებას მოპასუხეს ცხელი ხაზის მეშვეობით ატყობინებდა, მაშინ ბოლო შეტყობინება 2012 წლის 1 ივნისსაა განხორციელებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ დროის შემდეგ მილი აღარ დაზიანებულა;
1.4.5. სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, შეფასება არ მისცემია ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომელიც შენობის დაზიანების მიზეზად საძირკველში ატმოსფერული ნალექების ჩადინებას მიიჩნევს, რაც ტერიტორიის არასწორი ვერტიკალური გეგმარებითაა განპირობებული.
1.5. საკასაციო სასამართლო კასატორის პერეტენზიების წინააღმდეგ განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტრილებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლი, რომელიც დელიქტურ ვალდებულებაში ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის კერძო შემთხვევას _ მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის საკითხს არეგულირებს და არა მხოლოდ ბრალეულ, არამედ, არაბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს ადგენს, პალატამ სწორადვე განსაზღვრა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტული შემადგენლობა და მტკიცების ტვირთი, საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად გაანაწილა მხარეთა შორის. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებას იმის თაობაზე, რომ ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება მტკიცებულებათა ერთობლიობით შეძლო მოსარჩელემ (ამ შემთხვევაში სასამართლომ სწორად გამოიყენა/განმარტა სსსკ-ის 172-ე და 105-ე მუხლები), რომლის სარწმუნოდ გაქარწყლებაც მოპასუხემ ვერ უზრუნველყო, რაც შეეხება პალატის მხრიდან საკასაციო სასამართლოს განჩინებით ხელმძღვანელობას, ამ შემთხვევაში, პალატა იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ იმ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (სამართალსუბიექტების არაიდენტურობა) პრეიუდიციული ძალა არ გააჩნია (იხ. სსსკ-ის 106-ე მუხლი), თუმცა შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანი იყო ანალოგიურ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკით ხელმძღვანელობა (იხ. სუსგ №ას-1287-1208-2015, 26 თებერვალი, 2016 წელი).
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 09.06.2016წ. #-- საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 157,68 ლარის 70% _ 1 510,376 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ჯ-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 09.06.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 157,68 ლარის 70% _ 1 510,376 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე