Facebook Twitter

საქმე №ას-675-646-2016 23 სექტემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. ა-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ა-ი, ს. ა-ი, ლ. დ-ი (მოპასუხე)

თავდაპირველი თანამოპასუხეები _ ნ. კ-ე, გ. ა-ე, ნ. ა-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

დავის საგანი – პრივატიზაციის ხელშეკრულების სიყალბის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

თ. ა-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ა-ის, ს. ა-ის, ლ. დ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები ან მოწინააღმდეგე მხარეები), ნ. კ-ის, გ. ა-ისა და ნ. ა-ის (შემდგომში _ თავდაპირველი თანამოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა 1998 წლის 27 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულების სიყალბის დადგენა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ ს.ა-მა საკუთრების უფლება ქონებაზე სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო, ს.ა-ისა და ლ.დ-ის ხელმოწერის არარსებობის შემთხვევაში, ეს საკითხი მხარეებისათვის ცნობილი იქნებოდა, გარდა ამისა, მოპასუხეებმა მიუთითეს იურიდიული ინტერესის არარსებობაზე, რაც შეეხებათ თავდაპირველ თანამოპასუხეებს, მათ სრულად ცნეს სარჩელი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და დადგინდა 1998 წლის 27 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულების სიყალბე.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და, იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო, სარჩელი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს ერთადერთ სამართლებრივ არგუმენტს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლი და ის გარემოება წარმოადგენს, რომ მხარეს არ აქვს იურიდიული ინტერესი, მიუხედავად კერძო საჩვრის ავტორის განმარტებისა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მას უფლება მიეცემოდა, მონაწილეობა მიეღო პრივატიზაციაში, მოპასუხეთა ამგვარ უფლებას კი, გამორიცხავდა აღმასკომის დადგენილება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს მიეკუთვნეობოდა უფრო მეტი წილი. ქონების მიკუთვნების მოთხოვნას მოსარჩელე ვერ დააყენებდა. იგი მიმართული იყო იმისკენ, რომ საცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია უკანონოდ განხორციელდა. სააპელაციო სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეებმა: ს.ა-მა და ლ.დ-მა აღმასკომის გადაწყვეტილებით ქონების მიღების შემდეგ გაყიდეს იგი, წავიდნენ საზღვარგარეთ და დაკარგეს მოქალაქეობა, რითაც დაარღვის „მოქალაქეთა რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და დაკარგეს პრივატიზაციის უფლება, ამასთანავე, ხელშეკრულებაზე მათი ხელმოწერა არაა ნამდვილი. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის სურვილი _ ქონების წილზე საკუთრების უფლების მიღება, ისედაც მიღწევადია და აზრს კარგავს პრივატიზაციის ხელშეკრულების სიყალბის დადგენა, თუმცა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ ხელშეკრულების ბათილად ცნობით ს.ა-ი და ლ.დ-ი პრივატიზაციის უფლებას დაკარგავენ, ხოლო კერძო საჩივრის ავტორი მიიღებს მეტ წილს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ თ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი აღიარებითი სარჩელის დასაშვებობაა, რომლის ფარგლებშიც პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებაზე:

1.2.1. სასარჩელო მოთხოვნას განსახილველ დავაში პრივატიზაციის ხელშეკრულების სიყალბის დადგენა წარმოადგენს და მოთხოვნის იურიდიულ ინტერესად მოსარჩელე მიუთითებს საკუთარ უფლებაზე,, მონაწილეობა მიიღოს ბინის პრივატიზაციაში, სადაც განისაზღვრება მისი კუთვნილი წილი, ხოლო მოთხოვნის საფუძვლად მხარე მიუთითებს იმ შესაძლო დარღვევებზე, რომელთაც ადგილი ჰქონდათ მოპასუხეების მხრიდან პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმებისას.

1.2.2. ქონებიდან წილის განსაზღვრა და მისი მოსარჩელისათვის მიკუთვნება მხარეს არც სარჩელის თავდაპირველად აღძვრის დროს და არც შემდგომ _ სარჩელის დაზუსტებისას არ მოუთხოვია (საქმეზე დართული პირველი ტომის თანახმად, მოსარჩელემ პირველად ამავე მოთხოვნით სარჩელი 2012 წელს აღძრა, რაც საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა, ხოლო, იმის გამო, რომ დავის საგანზე უფლების მქონე ყველა პირი არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე, ს.ა-ისა და ლ.დ-ის განცხადების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ, 2014 წლის 10 ივნისის განჩინებით ბათილად ცნო საკუთარი გადაწყვეტილება და განაახლა საქმის წარმოება).

1.3. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივარს და სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო შეამოწმებდეს სარჩელის საფუძვლიანობას, მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, რაც საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. თუკი ამგვარი წინაპირობები არ არსებობს, მაშინ სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი უნდა უკავშირდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენას, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარებას ან დოკუმენტების სიყალბის დადგენას. ისეთ ვითარებაში, როდესაც სავალდებულოა მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა, უფლების დაცვის თვალსაზრისით მხოლოდ აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება განხილულ იქნას სასამართლოს მიერ.

1.4. მოცემულ შემთხვევაში, თუკი მივიჩნევთ, რომ აღიარებითი სარჩელი დასაშვებია და დაკმაყოფილდება იგი, ეს გადაწყვეტილება მოსარჩელის უფლებრივი მდგომარეობის რაიმე ფორმით გაუმჯობესებას ვერ გამოიწვევს, არამედ, ასეთ შემთხვევაში, საჭირო გახდება იმ დამატებითი პროცედურების განხორცილება, რაც მოსარჩელის ნამდვილი ინტერესის მისაღწევად დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით, თავის მხრივ, საერთოდ გაურკვეველი რჩება კერძო საჩივრის ავტორის განმარტება, თუ რატომ ვერ მოითხოვდა იგი კონკრეტული წილის მიკუთვნებას ქონებიდან, რადგანაც სასამართლოსათვის მიმართვის საყოველთაო უფლება ემსახურება პირის დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების აღდგენას/დაცვას (სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი).

1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. ამგვარ საფუძველს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობასთან მიმართებით წარმოადგენს საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტითა და 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი. ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, სასამართლო არ მიიღებს სარჩელს თანახმად 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა.

1.6. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით მართებულად იხელმძღვანელა აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის განმსაზღვრელი ნორმებით და სწორად დატოვა განუხილველად კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი სარჩელი, თავის მხრივ, პალატა განმარტავს, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლება უნდა ემსახურებოდეს მოსარჩელის ნამდვილი ინტერესის რეალურად მიღწევას, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება და, ბუნებრივია, იგი პროცესუალური ეკონომიის ფარგლებში უნდა ექცეოდეს, ანუ სარჩელის მოთხოვნა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს პირის დარღვეული უფლების დაცვას და ამ უფლების ფარგლებში დამოუკიდებელი სამართალწარმოების დაწყების წინაპირობა აღარ უნდა რჩებოდეს. ამგვარ პირობებს, როგორც ქვემდგომმა სასამართლომაც დაადგინა, თ.ა-ის სარჩელი არ აკმაყოფილებდა, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე