Facebook Twitter

საქმე №ას-911-877-2016 4 ნოემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ქ. (ქ.) გ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ზ-ე (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხე _ ბმა „ა-ა“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმისა და მის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ რეგისტრაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ე. ზ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, განმცხადებელი ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. (ქ.) გ-ისა (შემდგომში _ მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი ან მფლობელი) და ბმა „ა-ას“ (შემდგომში _ თანამოპასუხე ან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა) მიმართ და მოითხოვა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2013 წლის 9 ივლისის #21 კრების ოქმის თანმდევი შედეგებით (საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქონების მესაკუთრედ მოპასუხის რეგისტრაცია) ბათილად ცნობა და ქონების მესაკუთრედ მოსარჩელის აღრიცხვა (იხ. სარჩელი, ასევე, 27.02.2015წ. განცხადება მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე).

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ დასაბუთებით, რომ სადავო ფართი (მიშენება) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ექცეოდა. ამხანაგობის კრებაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით (კრების ოქმი #21) სადავო ფართი (მიშენება) მიეკუთვნა მფლობელს, რის შემდეგაც ამ ქონებაზე 2013 წლის 23 ოქტომბერს, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა კიდევაც მისი საკუთრების უფლება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება (კრების ოქმი #21) და ამ ოქმის საფუძველზე მფლობელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე #....

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტლება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველად.

8. განმცხადებლის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2015 წლის 29 სექტმბრის გადაწყვეტილების განმარტება.

9. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, განიმარტა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი) შემდეგი სახით: ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება (კრების ოქმი #21) და ამ ოქმის საფუძველზე მფლობელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე (#....) და მითითებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრებად.

10. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ქ. (ქ.) გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების კანონიერება. ვიდრე ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობის საფუძვლიანობას შეაფასებს საკასაციო სასამართლო, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ყურადღება გაამახვილოს რამდენიმე საკითხზე:

1.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LI თავით დადგენილი სამართალწარმოების თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ კერძო საჩივრის განმხილველი სასამართლო ამოწმებს მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული სასამართლო აქტის კანონიერებას იმგვარად, რომ დავის არსებით განხილვაში არ შედის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლით რეგულირებულია რა, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ნორმის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გარდა აღნიშნულისა, როგორც წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.1. პუნქტში აღინიშნა, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზისას ხელმძღვანელობს საკასაციო წარმოებისათვის დადგენილი დანაწესებით, რომელთა შორისაც უმთავრესია მსჯელობის ფარგლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში (მითითება იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება) მითითებული ფაქტებისა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი იქნება კერძო საჩივარში მოპასუხის მიერ ასახული პრეტენზიები.

1.2.2. გადაწყვეტილების განმარტების საკითხი რეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და, თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებისას დაშვებული ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობას და ორიენტირებულია მოდავე მხარეთა უფლებების იმგვარ დაცვაზე, როდესაც ერთმნიშვნელოვნად სწორად უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის აღსრულება. გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტის გამოყენებისათვის სახეზე უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები:

ა) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი უნდა იყოს ბუნდოვანი;

ბ) გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული;

გ) არ უნდა იყოს გასული ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას.

1.3. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ:

1.3.1. მოსარჩელის თავდაპირველ მოთხოვნას ამხანაგობის კრების ოქმისა და მის შედეგად განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა წარმოადგენდა;

1.3.2. 2015 წლის 27 თებერვალს მოსარჩელემ გაზარდა მოთხოვნა და სადავო ფართის მის საკუთრებად რეგისტრაცია მოითხოვა დამატებით. ამავე დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე სასამართლოს მიერ განხილულ იქნა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის საკითხი, რის საპირისპიროდაც მოპასუხეს პრეტენზია არ განუცხადებია, შესაბამისად, საქმის განხილვა შეცვლილი დავის საგნის ფარგლებში გაგრძელდა;

1.3.3. სააპელაციო პალატამ 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა რა სასარჩელო მოთხოვნა, იმსჯელა ყველა მოთხოვნაზე და დაადგინა, რომ მოსარჩელე ქონების მესაკუთრე საჯარო აუქციონის შედეგად აღმასრულებლის მიერ გაცემული განკარგულების საფუძველზე გახდა. სააპელაციო სასამართლომ, მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნა, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, თუმცა არ იქნა აქვე მითითებული სასამართლოს დასკვნა სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, რაც, პალატის მოსაზრებით, ქმნიდა გადაწყვეტილების ბუნდოვანებას.

1.4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივარში მოხმობილ არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ სადავო მიშენება წარმოადგენს არა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების, არამედ სხვა მიწის (ამხანაგობის კუთვნილი) არსებით შემადგენელ ნაწილს, რის გამოც, წინამდებარე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა სწორი გადაწყვეტილება, ხოლო სააპელაციო პალატამ უკანონოდ გააუქმა იგი, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა (იხ. სამოტივაციო ნაწილის 1.2.-1.2.2. პუნქტები), კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლო ამოწმებს არა გადაწყვეტილების მატერიალურ კანონიერებას, არამედ, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს მიერ დაშვებული ხარვეზის გასწორების საფუძვლიანობის საკითხს. თავის მხრივ, სადავო მიშენება წარმოადგენს მოსარჩელის კუთვნილ ნივთს, ცალკე უფლების ობიექტს, თუ სხვა ამხანაგობის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს, შეფასებული და გადაწყვეტილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაშია შესული და ამ გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების კვლავ სადავოდ გახდა დაუშვებელია, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა (სსსკ-ის 265-ე-266-ე მუხლები), რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არაა. თავის მხრივ, მხარეს პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას, მოსარჩელის მიერ მოთხოვნის გაზრდის კანონიერება და ამ საკითხის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან შეფასების სისწორე სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, პალატა მას საკუთარი ინიციატივით ვერ შეამოწმებს.

1.5. რაც შეეხება კერძო საჩივარზე დართულ საარქივო ცნობას, ასევე, #... და #... განცხადებებზე დართულ მტკიცებულებებს, მათ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების განმარტების კანონიერების კუთხით შემხებლობა არ გააჩნიათ, ისინი მიმართულია დავის მატერიალური შედეგის მიმართ, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. ამდენად, პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივრის ავტორს.

1.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. (ქ.) გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობები მტკიცებულებათა საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. ქ. (ქ.) გ-ეს დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე დართული საარქივო ცნობა 2 (ორი) ფურცლად, #... განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 6 (ექვსი) ფურცლად, ასევე, #... განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 9 (ცხრა) ფურცლად.

5. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური