საქმე №ა-2389-შ-60-2016 21 ნოემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ. ჟ-ი
მოწინააღმდეგე მხარე –ნ. ზ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის, ქ.მოსკოვის ივანოვსკოეს რაიონის სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის, ქ.მოსკოვის ივანოვსკოეს რაიონის სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ჟ-სა და ნ. ზ-ას შორის, 2011 წლის 17 აგვისტოს ქ.ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში რეგისტრირებული ქორწინება #... გაუქმდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. ჟ-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობისა და მასზე დართული მასალების შესწავლის საფუძველზე დასტურდება რომ, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2014 წლის 26 ივლისს. ამასთან, წარმოდგენილი ქორწინების მოწმობით დგინდება, რომ შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ივლისის განჩინებით ნ. ჟ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ივლისის განჩინება მისი ნოტარიულად დამოწმებული რუსულენოვანი თარგმანითა და ნ.ჟ-ის შუამდგომლობა თანდართული მასალით სამჯერ გაეგზავნა ნ. ზ-ას შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე - რუსეთის ფედერაცია, ქ.მოსკოვი, ი-ოეს რ-ნი, ს-ს ქ.#11, მე-2 კორპ. ბ.503, მაგრამ არცერთხელ არ ჩაბარდა იმ საფუძვლით რომ, მითითებულ მისამართზე ადრესატი არ მოიძებნა, არავინ იმყოფებოდა და მისამართი იყო არასწორი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. ჟ-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეებს განიხილავს სწორედ ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ივლისის განჩინებით ნ.ჟ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე ნ. ზ-ას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ივლისის განჩინება მისი ნოტარიულად დამოწმებული რუსულენოვანი თარგმანითა და ნ. ჟ-ის შუამდგომლობა თანდართული მასალით სამჯერ გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე, მაგრამ ვერ ჩაბარდა. ბოლო კორესპოდენციის ჩაუბარებლობის მიზეზად ფოსტამ აქტში მიუთითა რომ, მისამართი იყო არასწორი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი კი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
მოცემულ შემთხვევაში, ირკვევა, რომ საქმეში არსებული მოწინააღმდეგე მხარის მისამართი არასწორია, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით აღნიშნული გარემოება შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ჟ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, ქ.მოსკოვის ი-ოეს რაიონის სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ჟ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, ქ.მოსკოვის ი-ოეს რაიონის სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური