Facebook Twitter

საქმე №ე-3568-გან-3-2016 21 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ შპს „ე-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ც. ქ-ას უფლებამონაცვლე მ. ქ-ა (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განჩინების განმარტება

დავის საგანი – ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც. ქ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე-ა-ს“ მიმართ და მოითხოვა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად მოპასუხის დავალდებულება, გაანაწილოს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები არჩევითობის რიგითობის მიხედვით, ასევე ც. ქ-ას გადასცეს ფართები უფლებრივად თავისუფალ მდგომარეობაში.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის შპს „ე-ა-ს“ სასარგებლოდ 262 909 ლარისა და ამხანაგობის საქმიანობის შეწყვეტამდე ამხანაგობის საქმიანობიდან წარმოშობილი დამატებითი ხარჯის 49%-ის დაკისრება.

მოპასუხემ შეგებებული სარჩელის მოთხოვნები არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ც. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა შპს „ე-ა-ს“ შეგებებული სარჩელი, რაც ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც.ქ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივნისის განჩინებით ც. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. 2015 წლის 15 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ც. ქ-ას სავარაუდო უფლებამონაცვლემ, შვილმა - მ. ქ-ამ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა იბა „ო-ის ჩიხი I N10-ის“ სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) ყადაღის დადება, რათა არ მოხდეს იბა „ო-ის ჩიხი I N10-ის“ 2012 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულებით განსაზღვრული 49%-იანი წილის შესაბამისი ფართისა და დამფუძნებელთა კრების 2012 წლის 26 ოქტომბრის ოქმის საფუძველზე განშლილი #3, #4, #5, #10, #11 ბინებისა და #3 და #4 ავტოფარეხების გასხვისება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინებით განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აეკრძალა შპს „ე-ა-ს“ (ს/N...) ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ო-ის ჩიხი I N10-ის“ კუთვნილი ქ.თბილისში, ო-ის I ჩიხი N10-ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისება.

2016 წლის 7 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ე-ა-მ“ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინების განმარტება. განცხადების თანახმად, მ.ქ-ა განცხადებით ითხოვდა 2012 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულებით განსაზღვრული 49%-იანი წილის შესაბამისი ფართის, დამფუძნებელთა კრების 2012 წლის 26 ოქტომბრის ოქმის საფუძველზე განშლილი #3, #4, #5, #10, #11 ბინებისა და #3 და #4 ავტოფარეხებზე ყადაღის დადებას. საკასაციო სასამართლოს განჩინებაში არ არის მითითებული, რომ მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელის კუთვნილი მხოლოდ 49%-იანი წილის შესაბამისი ფართის გასხვისება, ხოლო განმცხადებლის მოთხოვნისა და საკასაციო პალატის ზემოხსენებული განჩინების საფუძველზე აკრძალვა დარეგისტრირდა ამხანაგობის 51%-იანი წილის შესაბამის ფართზეც. განმცხადებელმა მოითხოვა საკასაციო პალატის მიერ განმარტება იმისა, განჩინებით გამოყენებული აკრძალვა შეეხებოდა მხოლოდ 2012 წლის 26 ოქტომბრის ოქმის საფუძველზე განშლილ #3, #4, #5, #10, #11 ბინებსა და #3 და #4 ავტოფარეხებს თუ მის კუთვნილ 51%-იან წილსაც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო განცხადებას, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა 2015 წლის 16 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს „ე-ა-ს“ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებისას დაშვებული ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობას და ორიენტირებულია მოდავე მხარეთა უფლებების იმგვარ დაცვაზე, როდესაც ერთმნიშვნელოვნად სწორად უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის აღსრულება. გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტის გამოყენებისათვის სახეზე უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი უნდა იყოს ბუნდოვანი; ბ) გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული; დ) არ უნდა იყოს გასული ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს 2015 წლის 16 აპრილის განჩინების განმარტების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, რომელთაგან უმთავრესად სასამართლო შეეხება განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების საკითხს.

საქმეში წარმოდგენილი მ.ქ-აის 2015 წლის 15 აპრილის განცხადების შესწავლით ირკვევა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მან მოითხოვა იბა „ო-ის ჩიხი I N10-ის“ სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) ყადაღის დადება, რათა არ მომხდარიყო იბა „ო-ის ჩიხი I N10-ის“ 2012 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულებით განსაზღვრული 49%-იანი წილის შესაბამისი ფართისა და დამფუძნებელთა კრების 2012 წლის 26 ოქტომბრის ოქმის საფუძველზე განშლილი #3, #4, #5, #10, #11 ბინებისა და #3 და #4 ავტოფარეხების გასხვისება (იხ. ტ. V, ს.ფ. 2-13).

საკასაციო სასამართლომ 2016 წლის 16 აპრილის განჩინებით მოთხოვნის ფარგლებში საფუძვლიანად მიიჩნია რა განცხადება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 193-ე, 194-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე, დავის საგნის დაცვის მიზნით დააკმაყოფილა იგი იმ სახით, რომ ნაცვლად ყადაღისა, გამოყენებული ყოფილიყო გასხვისების აკრძალვა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ დავაში შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს ის, მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის მიზანი არის თუ არა მიღწეული, რამდენადაც ხელშეკრულების მიზანს მშენებლობის დასრულება და მხარეთა შორის წილის პროპორციული ფართების საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენს (სკ-ის 930-ე).

საქმის მასალებით არ არის დადგენილი ის გარემოება, რომ აშენებული კორპუსი ექსპლუატაციაშია მიღებული და დამფუძნებელთა 2012 წლის 26 ოქტომბრის ოქმის საფუძველზე განხორციელებული განშლა საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა, რაც აშენებულ სახლში არსებულ ბინებს (არსებითი შემადგენელი ნაწილი) ინდივიდუალური საკუთრების საგნად აქცევდა.

პალატა განმარტავს, რომ ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში მონაწილეთა ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს არამატერიალური ქონებრივი სიკეთე _ წილი, ხოლო შენატანი, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, წარმოადგენს მონაწილეთა საერთო საკუთრებას. მონაწილეთა საერთო საკუთრებას შეადგენს ისიც, რაც შეძენილია საერთო საკუთრებაში არსებული უფლების საფუძველზე, ანდა მიღებულია ანაზღაურების სახით საერთო ქონების განადგურების, დაზიანების ან ამოღების გამო (სკ-ის 932.3 მუხლი). ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ფარგლებში მხარეები წარმოადგენენ ამხანაგობის ქონების თანამესაკუთრეებს იდეალურ წილში (სკ-ის 173.1 მუხლი), ხოლო, იდეალური წილის ბუნებიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრში ინდივიდუალური საკუთრების ობიექტად ბინების რეგისტრაციამდე კონკრეტულ ფართებზე რაიმე აკრძალვის გამოყენება სამართლებრივად შეუძლებელია.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ განმცხადებლის მოთხოვნის ფარგლების სრული დაცვით ნაწილობრივ დააკმაყოფილა რა მ.ქ-აის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, გასხვისების აკრძალვა დაადგინა არა მხარეთა წილის, არამედ, თანასაკუთრებაში არსებული ქონების მიმართ, რაც წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სიკეთის _ სარჩელის საგნის არა ფორმალური, არამედ, რეალური დაცვის საშუალებას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი, რაც მისი განმარტების აუცილებლობას გამორიცხავს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ე-ა-ს“ შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური