საქმე №ას-1003-964-2014 13 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ც. ქ-ას უფლებამონაცვლე მ. ქ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ე-ა“ (მოპასუხე)
განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა
დავის საგანი – ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. ქ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე-ა-ს“ მიმართ და მოითხოვა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად მოპასუხის დავალდებულება, გაანაწილოს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები არჩევითობის რიგითობის მიხედვით, ასევე, ც. ქ-ას გამოყოფილი ფართები გადასცეს უფლებრივად თავისუფალ მდგომარეობაში.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის შპს „ე-ა-ს“ სასარგებლოდ 262 909 ლარისა და ამხანაგობის საქმიანობის შეწყვეტამდე ამხანაგობის საქმიანობიდან წარმოშობილი დამატებითი ხარჯის 49%-ის გადახდის დაკისრება.
მოპასუხემ შეგებებული სარჩელის მოთხოვნები არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ც. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე, არ დაკმაყოფილდა შპს „ე-ა-ს“ შეგებებული სარჩელი, რაც ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც.ქ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივნისის განჩინებით ც. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 იანვრის განჩინებით წინამდებარე საქმის წარმოება შეჩერდა ც. ქ-ას უფლებამონაცვლის დადგენამდე, არა უმეტეს ერთი წლისა.
2015 წლის 15 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ც. ქ-ას სავარაუდო უფლებამონაცვლემ, შვილმა - მ. ქ-ამ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა იბა „ო-ის ჩიხი I N10-ის“ სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) ყადაღის დადება, რათა არ მოხდეს იბა „ო-ის ჩიხი I N10-ის“ 2012 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულებით განსაზღვრული 49%-იანი წილის შესაბამისი ფართისა და დამფუძნებელთა კრების 2012 წლის 26 ოქტომბრის ოქმის საფუძველზე განშლილი #3, #4, #5, #10, #11 ბინებისა და #3 და #4 ავტოფარეხების გასხვისება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინებით განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აეკრძალა შპს „ე-ა-ს“ (ს/N...) ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ო-ის ჩიხი I N10-ის“ კუთვნილი ქ.თბილისში, ო-ის I ჩიხი N10-ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისება.
2016 წლის 20 სექტემბერს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა მოსარჩელის უფლებამონაცვლე მ.ქ-ამ და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა იმ მოტივით, რომ საკასაციო სასამართლოს არ უმსჯელია ბინების ნუმერაციაზე და არ დაუდგენია მოსარჩელის წილის შესაბამისი ბინები, რაც დამატებითი გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს (საცხოვრებელი ფართი: #3, #4, #5, #10, #11 ბინები, ხოლო ავტოფარეხები: #3 და #4). განცხადებაში მითითებულია ისიც, რომ მ.ქ-ა იმყოფებოდა ავად, რის გამოც, ვერ შეძლო სასამართლოსათვის კანონით გათვალისწინებულ 7-დღიანი ვადაში მომართვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და ნორმა ამ საპროცესო ინსტიტუტის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს თუ:
ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა;
ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს;
გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
გარდა აღნიშნულისა, უპირობოდ გასათვალისწინებელია ამავე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული დანაწესი, რომლის თანახმადაც, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას იმ საკითხზე გაამახვილებს, რომ განმცხადებელი ერთმნიშვნელოვნად არ აზუსტებს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის თუ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რაც საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის დისპოზიციას არ შეესაბამება, თუმცა, განცხადების ამავე ნორმის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმებისას საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზე, რომ როგორც სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი, ისე _ თავად საკასაციო საჩივარი მხარეთა დასწრების გარეშე იქნა განხილული, შესაბამისად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თხოვნით მხარის მიმართვის ვადად საკასაციო სასამართლოს განჩინების გადაცემა უნდა იქნას მიჩნეული. ამ თვალსაზრისით კი, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2015 წლის 16 აპრილის განჩინება მ.ქ-ამ იმავე დღეს, ხოლო 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინება ფოსტის მეშვეობით ამავე წლის 22 დეკემბერს ჩაიბარა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამდენად, ერთ შემთხვევაში, სასამართლოსათვის მომართვის 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 17 აპრილს, ხოლო, მეორე შემთხვევაში _ 23 დეკემბერს. დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წლის 20 სექტემბერს.
საკასაციო პალატა არ იზიარებს განმცხადებლის არგუმენტს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უარყოფს მის მიერ წარმოდგენილ სამედიცინო ცნობებსაც იმ დასაბუთებით, რომ იგი განცხადების დასაშვებობაზე არ შეიძლება რაიმე გავლენას ახდენდეს, რამდენადაც, 261-ე მუხლის მე-2 ნაწილი დამატებითი გადაწყვეტილების თაობაზე მიმართვის 7-დღიანი ვადის გაგრძლებას/აღდგენას გამორიცხავს, ხოლო, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება (დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე დამატებითი იხ. სასამართლო პრაქტიკა №ას-225-217-2012, 25 ივნისი, 2012 წელი).
მიუხედავად ზემოაღნიშნული მსჯელობისა, პალატა განმარტავს იმასაც, რომ საკასაციო სასამართლო საქმეს მხარის მოთხოვნის ფარგლებში იხილავს (სსსკ-ის 409-ე მუხლი) და არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც არ უთხოვია. მოცემულ შემთხვევაში, უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მხარე მოითხოვდა ამხანაგობის მთლიან ქონებაზე ყადაღის დადებას, რათა არ გასხვისებულიყო დამფუძნებელთა კრების 2012 წლის 26 ოქტომბრის ოქმის საფუძველზე განშლილი #3, #4, #5, #10, #11 ბინები და #3 და #4 ავტოფარეხები; ძირითადი დავის საგანს ამხანაგობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება წარმოადგენს (შპს „ე-ა-ს“ დავალდებულება, გაანაწილოს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები არჩევითობის რიგითობის მიხედვით, ასევე, ც. ქ-ას გამოყოფილი ფართები გადასცეს უფლებრივად თავისუფალ მდგომარეობაში); ხოლო საქმის მასალებით დადგენილია, რომ უძრავი ქონება არ არის ექსპლუატაციაში მიღებული და ბინების ნუმერაცია (ინდივიდუალური საკუთრების ობიექტი) არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ამ ვითარებაში, საკასაციო პალატამ, ერთი მხრივ, როგორც განცხადების, ისე _ საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა მოთხოვნის ფარგლებში შეაფასა (განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ყადაღის ნაცვლად გამოყენებულ იქნა უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვა, ასევე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა გასაჩვრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომ სასამართლოს, იხ. 16.04.2015 და 17.12.2015წ. განჩინებები), ხოლო, მეორე მხრივ, მიიღო აღსრულებადი გადაწყვეტილება, რათა რეალურად მიღწეულიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული მიზანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ც. ქ-ას უფლებამონაცვლე მ. ქ-ას განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 261-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. ქ-ას უფლებამონაცვლე მ. ქ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური