Facebook Twitter

საქმე №ა-3145-შ-82-2016 4 ნოემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - შპს „კ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „U.“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ.ასტანას სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ.ასტანას სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შპს „U.-ს“ შპს „კ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 50 000 აშშ დოლარის, ასევე სახელმწიფო ბაჟის 278 925 ტენგეს გადახდა.

შპს „კ-მა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ.ასტანას სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებისა და მასზე დართული დოკუმენტების, ასევე მათი სათანადოდ დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:

წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2015 წლის 21 სექტემბერს;

შპს „U.“ რეგისტრირებულია საქართველოში;

გადაწყვეტილების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს _ შპს „U.-ს“ სასამართლო სხდომის თაობაზე შეტყობინება არ ჩაბარდა მისამართზე არყოფნის გამო, მას არც სასამართლოსათვის და არც შუამდგომლობის ავტორისათვის არ შეუტყობინებია მისამართის შეცვლის შესახებ, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის სხდომაზე მიწვევა ვერ მოხერხდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით შპს „კ-ის“ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში სასამართლო განხილვის თაობაზე მოპასუხის სათანადოდ ინფორმირების თაობაზე ცნობის წარმოდგენა.

განსაზღვრულ ვადაში, 2016 წლის 25 ოქტომბერს, სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „კ-მა“ და განმარტა, რომ მოპასუხე შპს „U.-ს“ იურიდიულ მისამართზე, რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში, ეგზავნებოდა შესაბამისი წერილები და შეტყობინებები, თუმცა გაურკვეველი მიზეზით, აღნიშნულ მისამართზე იურიდიული პირის არყოფნის გამო არ ბარდებოდა და უკან ბრუნდებოდა. დღეის მდგომარეობით, შუამდგომლობის ავტორი არ ფლობს ინფორმაციას მოპასუხის ადგილსამყოფელის შესახებ და მან სწორედ საკასაციო სასამართლოს მხრიდან მოითხოვა სამართლებრივი დახმარება _ მოწინააღმდეგე მხარის მისამართის დადგენა, ასევე, მისთვის სათანადო შეტყობინების და საჭირო დოკუმენტების გადაცემა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „კ-ის“ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი ეროვნული საპროცესო კანონმდებლობაა, შესაბამისად, ამ კატეგორიის საქმეებზე, სპეციალური კანონით დადგენილ შეზღუდვათა გათვალისწინებით, ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით შპს „კ-ის“ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში სასამართლო განხილვის შესახებ მოპასუხის სათანადოდ ინფორმირების თაობაზე ცნობის წარმოდგენა.

2016 წლის 25 ოქტომბერს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „კ-მა“ და განმარტა, რომ მოპასუხე შპს „U.-ს“ იურიდიულ მისამართზე, რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში, ეგზავნებოდა შესაბამისი წერილები და შეტყობინებები, თუმცა, გაურკვეველი მიზეზით, აღნიშნულ მისამართზე იურიდიული პირის არყოფნის გამო არ ბარდებოდა და უკან ბრუნდებოდა. არსებული მდგომარეობით, შუამდგომლობის ავტორი არ ფლობს ინფორმაციას მოპასუხის ადგილსამყოფელის შესახებ. ამავე განცხადებაში შპს „კ-მა“ საკასაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მოპასუხის ადგილისამყოფელის დადგენაში სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისა და საჭირო დოკუმენტების პალატის მიერ შპს „U.-სათვის“ გადაცემის თაობაზე.

ხარვეზის გამოსწორების მიზნით შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია, აღნიშნულის საპირისპიროდ, ის თავად ადასტურებს ფაქტს იმის თაობაზე, რომ შპს „U.“ სასამართლო განხილვის თაობაზე არ ყოფილა ინფორმირებული. ამდენად, დადგენილ ვადაში ხარვეზი გამოსწორებულად ვერ მიიჩნევა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან, ასევე, ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შუმდგომლობა განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

რაც შეეხება ხარვეზის გამოსწორების მიზნით შპს „კ-ის“ განცხადებაში არსებულ შუამდგომლობას, შპს „U.-ს“ ადგილსამყოფელის დადგენაში სამართლებრივი დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით, საქმის განხილვის ამ ეტაპზე პალატა მას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და მოიხმობს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენციის მე-10 მუხლს (ნორმა კონვენციის მე-2 ნაწილშია (სამართლებრივი დახმარება) განთავსებული და არეგულირებს დოკუმენტის გადაცემის დავალდებულებას), რომლის თანახმადაც, „იუსტიციის დაწესებულება, რომელსაც მოთხოვნა წაუყენეს, დოკუმენტს გადასცემს ამ სახელმწიფოში მოქმედი წესის შესაბამისად, თუ გადაცემული დოკუმენტები დაწერილია ან სახელმწიფოს ენაზე ან რუსულ ენაზე, ან დოკუმენტებს თან ერთვის დამოწმებული თარგმანი ამ ენაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დოკუმენტებს გადასცემს მათ მიმღებს, თუ ეს უკანასკნელი თანახმაა ნებაყოფლობით მიიღოს ეს დოკუმენტები. თუ დოკუმენტების გადაცემა დავალებაში მითითებული მისამართით შეუძლებელია, იუსტიციის დაწესებულება, რომელსაც მოთხოვნა წაუყენეს, თავისი ინიციატივით იღებს აუცილებელ ზომებს მისამართის დასადგენად. თუ იუსტიციის დაწესებულება, რომელსაც მოთხოვნა წაუყენეს, ვერ შეძლებს მისამართის დადგენას, ამის შესახებ აცნობებს მომთხოვნ მხარეს და უბრუნებს მას გადასაცემ დოკუმენტებს“. აღნიშნული მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, მაშინ, როდესაც, საქმის განხილვა მიმდინარეობს და სასამართლო ვერ ახერხებს დოკუმენტების ჩაბარებას უცხო ქვეყანაში მყოფი პირისათვის, იუსტიციის დაწესებულებები იღებენ აუცილებელ ზომებს ამ დოკუმენტების ჩასაბარებლად. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში ყაზახეთის რესპუბლიკაში საქმის განხილვა უკვე დასრულებულია, არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან აღნიშნული ქმედების განხორციელების საჭიროება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „კ-ის“ შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ.ასტანას სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე