Facebook Twitter

საქმე №ას-968-933-2016 14 ნოემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – შპს „პ.-,“ ჟ. ხ.-ი, ო. ფ.-ი

მოწინააღმდეგე მხარეები – სს „ს.-ი,“ ნოტარიუსი ხ.- კ.-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „პ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს „ს.-ის“ მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „პ.--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნოტარიუს ხ.- კ.-ის 2015 წლის 25 მაისის სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №...). გაუქმდა მერვე პუნქტში – „აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა.“ სხვა ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩა უცვლელი. დაკისრებული თანხის შემცირების ნაწილში, საქმის წარმოება შეწყდა დავის საგნის არარსებობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შპს „პ.--თან“ და სს „ს.-თან“ ერთად გაასაჩივრეს მესამე პირებმა – ც. კ.-ემ, ტ. დ.-ემ, ჟ. ხ.-მა, ო. ფ.-მა, მ.ც.-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ც. კ.-ის, ტ. დ.-ის, ჟ. ხ.-ის, ო. ფ.-ისა და მ.ც.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „პ.--ის,“ ც. კ.-ის, ტ. დ.-ის, ჟ. ხ.-ის, ო. ფ.-ის, მ.ც.-ის წარმომადგენელმა რ. ფ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლის შესაბამისად შპს „პ.--ის,“ ც. კ.-ის, ტ. დ.-ის, ჟ. ხ.-ის, ო. ფ.-ისა და მ.ც.-ის მიერ რ. ფ.-ის სახელზე გაცემული რწმუნებულების ან კერძო საჩივრის ავტორების მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით შპს „პ.--ს“ და ო. ფ.-ს ჩაბარდათ 2016 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო ჟ. ხ.-ს – 4 ნოემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებს და ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „პ.--ის,“ ჟ. ხ.-ისა და ო. ფ.-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ამავე კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორ შპს პ.--ს“ ჩაბარდა 2016 წლის 26 ოქტომბერს, ჟ. ხ.-ს – 4 ნოემბერს, ხოლო ო. ფ.-ისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, ჩაბარებულად ითვლება 2016 წლის 26 ოქტომბერს, ვინაიდან სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინებიდან ირკვევა, რომ ო. ფ.-მა ბინა გაყიდა და აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობს (იხ. ტ.2, ს.ფ.245, 248, 249-250). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა შპს „პ.--სათვის“ და ო. ფ.-ისათვის დაიწყო 2016 წლის 27 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 31 ოქტომბერს, ხოლო ჟ. ხ.-ისათვის ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 5 ნოემბერს და ამოიწურა 9 ნოემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მათი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „პ.--ის,“ ჟ. ხ.-ისა და ო. ფ.-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი