Facebook Twitter

საქმე №ას-1048-1009-2016 21 ნოემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. წ.-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „ს.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – გ. წ.-ასა და მ. წ.-ას მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სს „ს.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს – გ. წ.-ასა და მ. წ.-ას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 32498,31 ლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით, მოხდა ქ.თბილისში, ფ.-ის წ. №..-ში მდებარე მოპასუხე გ. წ.-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულება მოხდება მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. წ.-ამ, მ. წ.-ამ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით გ. წ.-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს გ. წ.-ამ, მ. წ.-ამ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. წ.-ას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით განუხილველად დარჩა გ. წ.-ას სააპელაციო საჩივარი, ხოლო მ. წ.-ას სააპელაციო საჩივარზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს არ ეხება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. წ.-ას კერძო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 414-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. წ.-ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი