Facebook Twitter

საქმე №ას-662-633-2016 13 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ. მ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „G.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. დ. მ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „G.-ს“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან დამსაქმებელი) მიმართ მოპასუხის 2013 წლის 1 აპრილის #02-კ ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, 2013 წლის 1 დეკემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე განაცდურის _ თვეში 3 000 ლარის ანაზღაურებისა და ამ თანხის ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დავალიანების თანხის 0,07%-ის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ საფუძვლებს: 2013 წლის 1 აპრილს მოსარჩელე დაინიშნა მოპასუხე საზოგადოების მენეჯერად და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 3 000 ლარს. სს „თ-ში“ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დასაქმებულთან 2013 წლის 18 სექტემბერს გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურებისა და საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებები და ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ბანკის წინაშე თავდებობა დამსაქმებელმა იკისრა. მიუხედავად ფინანსური წარმატებისა, მოპასუხეს დასაქმებულის მიმართ წარმოეშვა სახელფასო დავალიანება და არაერთი სიტყვიერი დაპირების მიუხედავად, დავალიანება არ ანაზღაურებულა, ხოლო მოსარჩელის წერილობითი მიმართვა დატოვებულ იქნა რეაგირების გარეშე. ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით მოსარჩელეს მოუწია დამატებითი თანხის სესხება. ნიშანდობლივია, რომ მას არ უსარგებლია შვებულებით. დაზუსტებული სარჩელის თანახმად, მოპასუხის შესაგებლით გახდა მისთვის ცნობილი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, გათავისუფლების ბრძანებასა და მის შინაარსს მოსარჩელე კანონით დადგენილი წესით არ გაცნობია, რაც გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონობაზე მეტყველებს, ამასთანავე, ბანკში წარდგენილი დოკუმენტაცია, კრედიტის გაცემის ფაქტი და სხვა მეტყველებს იმაზე, რომ მოსარჩელე უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იყო დასაქმებული, ხოლო სადავო ბრძანებაში მითითებული გარემოებები არასწორია.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით დამსაქმებელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულება იყო ვადიანი, ამ ვადის გასვლის შემდგომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა არც ფაქტობრივად და არც ახალი ხელშეკრულების საფუძველზე არ გაგრძელებულა, შესაბამისად, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნტის საფუძვლით შრომითი ურთიერთობა შეწყდა, გაურკვეველია, რა განაცდურსა თუ შვებულების თანხის ანაზღაურებას მოითხოვს იგი, საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დასაქმებულის მიერ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ შრომითი მოვალეობის შესრულებას დაადასტურებდა, მოსარჩელის ფუნქციას კომპანიაში ასრულებს სხვა პირი. არასწორია სარჩელში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ დამსაქმებელს გააჩნია სახელფასო დავალიანება, მართალია, მოსარჩელემ წერილობით მიმართა მას, თუმცა, დოკუმენტში არასრული მონაცემების მითითების გამო, წერილობითი პასუხი მას არ დაბრუნებია, ამასთანავე, აუდიტორული დასკვნით დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ კომპანიას გააჩნია შემოსავალი და დავალიანების რეალურად არსებობის შემთხვევაში, იგი ანაზღაურდებოდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დამსაქმებელს მოსარჩელის სასარგებლოდ 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2014 წლის 28 მაისამდე დაეკისრა ხელფასის _ 2 700 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), ასევე, 2014 წლის 5 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

4.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ასევე, საოქმო განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა;

4.2. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ზემოხსენებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემაც.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. დამსაქმებლის დირექტორის 2013 წლის 1 აპრილის ბრძანებით მოსარჩელე მიღებულ იქნა მენეჯერის თანამდებობაზე;

1.2.2. შრომითი ხელშეკრულება წერილობით არ გაფორმებულა;

1.2.3. დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 3 000 ლარით და შრომის ანაზღაურება მან ბოლოს 2013 წლის 16 დეკემბერს მიიღო;

1.2.4. მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება იყო ვადიანი და მოიცავდა 2013 წლის 1 აპრილიდან 2013 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდს. მოსარჩელემ თავდაპირველად სარჩელი 2014 წლის 21 ოქტომბერს აღძრა, იმავე წლის 3 დეკემბერს, სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მან მოითხოვა დამსაქმებლის 2013 წლის 1 აპრილის ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 2013 წლის 1 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოთხოვნას მოსარჩელე ამყარებდა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ სადავო ბრძანება და მისი შინაარსი მისთვის უცნობი იყო, რადგან კანონით დადგენილი წესით არასდროს გაცნობია მას, ბრძანება იყო უკანონო, რადგან საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ ის სამსახურში მიღებული იყო უვადოდ და 2013 წლის 1 დეკემბრის შემდეგაც აგრძელებდა შრომით ურთიერთობას მოპასუხესთან. არც თავდაპირველ და არც დაზუსტებულ სარჩელს არ ერთვოდა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოსარჩელე 2013 წლის 1 დეკემბრიდან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დამსაქმებლისათვის ასრულებდა გარკვეულ სამუშაოს, ამასთანავე, სარჩელები არ შეიცავდა მითითებას ასეთი მტკიცებულებების წარუდგენლობის საპატიო მიზეზზე. მოპასუხე შესაგებლითვე შეედავა მოსარჩელის პოზიციას უვადო შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე და სადავო გახადა ის გარემოება, რომ საქმეში ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვებოდა, ის გარემოება, რომ შრომითი ურთიერთობის ვადის გასვლის შემდგომ მოსარჩელე საქმიანობას აღარ აგრძელებდა, დაადასტურეს მოპასუხის ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმა: თ. ხ-მა, თ. კ-ემ, ი. თ-მა და ე. ა-მა, ამასთანავე, საზოგადოების დირექტორის 01.10.2013 წლის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო განრიგის თანახმად, კომპანიაში არსებობდა მენეჯერის ერთი საშტატო ერთული, სახელფასო განაკვეთით 3 000 ლარი. 01.12.2013 წლის #05–ს ბრძანებით დამტკიცებული ახალი საშტატო განრიგით, ამ დროიდან კომპანიაში მენეჯერის საშტატო ერთეული აღარ იყო გათვალისწინებული, ხოლო საგადასახადო ორგანოებში წარდგენილ დეკლარაციებში მოსარჩელის სასარგებლოდ ხელფასის გაცემა და მისი დაბეგვრა მხოლოდ 2013 წლის დეკემბრამდე ხდებოდა, კომპანიას სადავო პერიოდში თანამშრომლების მიმართ სახელფასო დავალიანება არ გააჩნდა. 03.11.2014 წლის აუდიტის დასკვნის თანახმად, 2014 წლის მარტი-სექტემბრის პერიოდში კომპანიის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა დღგ-ს ჩათვლით 203 659 ლარი შეადგინა, რაც იმ გარემოებას მოწმობდა, რომ დასაქმებულთა წინაშე შრომის ანაზღაურების გაცემასთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონია დამსაქმებელს. ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით მოსარჩელემ დამსაქმებელს მხოლოდ 2014 წლის 30 სექტემბერს მიმართა იმ პირობებში, როდესაც იგი შრომის ანაზღაურებას 2013 წლის დეკემბრამდე დაყოვნების გარეშე იღებდა, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებები, რომელთა ინდივიდუალურად თუ ერთობლიობაში შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევდა, რომ 2013 წლის დეკემბრის შემდეგ მოსარჩელე ფინანსური მენეჯერის ფუნქციებს კვლავ ასრულებდა. ამგვარ მტკიცებულებას არ წარმოადგენდა 2014 წლის აპრილში სომხეთის რესპუბლიკაში მოსარჩელის ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რადგან აღნიშნულით არ დგინდებოდა ამ პერიოდში დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულება (არ არსებობს დამსაქმებლის ბრძანება მივლინების შესახებ, ასევე, სამივლინებო თანხის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი), ამგვარ მტკიცებულებად ვერ გამოდგება დამსაქმებლის დირექტორთან ელექტრონული ფოსტით მიმოწერის შესახებ დოკუმენტები, რადგან გარდა მათი ავთენტურობის სადავოობისა, ისინი არ შეიცავდნენ მონაცემებს, რომლებიც დამსაქმებლის დავალებით დასაქმებულის, როგორც ფინანსური მენეჯერის მიერ 2013 წლის დეკემბრიდან შრომის ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულების ფაქტს დაადასტურებდა. პალატის დასკვნით სადავო გარემოების მტკიცებისათვის ვერც მოპასუხის მიერ 28.05.2014 წელს გაცემული ცნობა მიიჩნეოდა სათანადოდ, რადგანაც მისი გაცემის პერიოდში საწარმოს დირექტორი და მოსარჩელე ახლო მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, რაც იმითაც დასტურდება, რომ დამსაქმებელი თავდებად დაუდგა მოსარჩელეს სს „თ-ის“ წინაშე არსებული სოლიდური საკრედიტო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გარდა ამისა, მითითებული დოკუმენტი არ წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალის არსებობის აღიარებას, რადგანაც იგი არ პასუხობდა ხელშეკრულების ნამდვილობისათვის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (შეთანხმება არსებით პირობებზე).

1.2.5. რაც შეეხებოდა დამსაქმებლის პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე, ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, რამდენადაც, 2015 წლის 29 აპრილის განჩინებით სასამართლომ მოსამზადებელ სხდომაზე დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა მტკიცებულებათა საქმეზე დართვის თაობაზე, ხოლო, 2015 წლის 27 მაისის საოქმო განჩინებებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობები ხსენებული მტკიცებულებების საქმიდან ამოღების შესახებ. ამ შემთხვევაში, არსებობდა მტკიცებულებათა მიღების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 83-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სააპელაციო სასამართლომ დოკუმენტის სიყალბის დაუდგენლად არასწორად გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უტყუარ დოკუმენტს _ 2014 წლის 28 მაისს მოპასუხის მიერ გაცემულ ცნობას ემყარებოდა და ამ ცნობით დგინდებოდა, რომ კასატორი მოპასუხე საწარმოში მუშაობდა მენეჯერის პოზიციაზე, ხოლო შრომის ანაზღაურება შეადგენდა 2 700 ლარს. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ცნობის გამცემი ამავდროულად საწარმოს 50%-იანი წილის პარტნიორი იყო, რომელიც საკუთარ გადაწყვეტილებებზე აგებს პასუხს საზოგადოების წინაშე. გარდა ამისა, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო 2014 წლის აპრილში კასატორის ელექტრონულ მისამართზე მოპასუხის მიერ გაგზავნილი დოკუმენტაცია, რაც უდავოდ მოწმობს, რომ დასაქმებული ამ დროისათვის აქტიურად მუშაობდა საწარმოში;

1.4.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის საპირისპიროდ, ზემოხსენებული წერილობითი დოკუმენტები სასამართლომ მოწმეთა ჩვნებებზე დაყრდნობით უარყო, ამასთანავე, გაიზიარა იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებსაც სამსახურებრივად არ ექვემდებარებოდა კასატორი. სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა საქმიდან ზემოხსენებული ცნობის ამოღების თაობაზე არ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ მას საქმისათვის მნიშვნელობა გააჩნდა, თუმცა გადაწყვეტილებით მისი ნამდვილობა არ გაიზიარა. მოპასუხემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის საწინააღმდეგოდ, საბუთის სიყალბეზე პირველად სააპელაციო სასამართლოში განაცხადა;

1.4.3. სასამართლო ადგენს, რომ მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, თუმცა, ასევე, ადასტურებს იმას, რომ შეთანხმება იყო ვადიანი. 2013 წლამდე დასაქმებულის მუშაობა იმგვარად დაადგინა სასამართლომ, რომ ეს ფაქტი მოპასუხეს სადავო არ გაუხდია, სწორედ ამგვარ აღიარებას წარმოადგენს 2014 წლის 28 მაისის ცნობა. შრომის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არარსებობის მიუხედავად, შრომითი ურთიერთობის არსებობას ადასტურებს საწარმოს დირექტორის ბრძანება, ელექტრონული მომიწერა, სომხეთში მოსარჩელის ვიზიტის ფაქტი და სხვა არაერთი მტკიცებულება;

1.4.4. სწორედ იმ გარემოების გამო, რომ წერილობითი შრომითი ხელშეკრულება არ დადებულა, სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ურთიერთობის რეგულირებისათვის გამოყენებულ უნდა იქნას ამავე კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარების წესები, რომლის შესრულებაც ჯეროვნად და კეთილსინდისიერად უნდა განახორციელონ მხარეებმა (სკ-ის 361-ე მუხლი);

1.4.5. არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დოკუმენტაციის მიხედვით კასატორი დღესაც კომპანიის თანამშრომელია, რადგანაც წერილობითი დოკუმენტაციის საფუძველზე მოპასუხეს შრომითი ურთიერთობა არ შეუწყვეტია, ამასთანავე, არსებობს შრომითი ურთიერთობის იმგვარი სახეც, როდესაც სამუშაოს შესრულება ოფისში ყოველდღიური გამოცხადების გარეშეა შესაძლებელი. მხოლოდ იმაზე მითითება, რომ კომპანიის დირექტორი კასატორის მეგობარი იყო, არ შეიძლება დასაქმების დამადასტურებელი მტკიცებულების გაზიარებაზე უარის თქმის საფძველი გახდეს. იგი იმავდროულად საწარმოს 50%-იანი წილის მქონე პარტნიორია, რომელიც არ იყო უფლებამოსილი მეგობრობის ნიშნით გაეცა ცნობები და შესაბამისად, ხელფასი, საპირისპირო ვითარებაში დგებოდა მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რის გამოვლენის შემთხვევაშიც, სასამართლო ვალდებული იყო, ეცნობებინა საგამოძიებო ორგანოებისათვის.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ არგუმენტებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია შეჯიბრებითების საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც მხარეებს ეკისრებათ არა მხოლოდ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენელი ფაქტების მითითება, არამედ, ამ გარემოებათა სარწმუნო მტკიცებულებებით დადასტურება (სსსკ-ის მე-4, 83-ე და 103-ე მუხლები). განსახილველი დავის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის განსაზღვრა, რისი მტკიცების ტვირთიც სასამართლომ სავსებით სწორად დააკისრა მოსარჩელე მხარეს, კერძოდ, დასაქმებულის უპირობო ვალდებულებას წარმოადგენდა უტყუარი მტკიცებულებებით დაედასტურებინა ის გარემოება, რომ ზეპირად დადებული შრომითი ხელშეკრულება იყო უვადო, მით უფრო იმ პირობეში, როდესაც მოპასუხე საქმის მომზადების ეტაპზევე შეედავა სარჩელის საფუძვლად მითითებულ უვადო შრომითი ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). პალატა დამატებით განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელებისას სასამართლოს ვალდებულებაა შეჯიბრებითობის ფარგლებში ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეაფასოს, როგორც მხარეთა პოზიციები (შედავება) დამფუძნებელი ნორმის შემადგენელი ელემენტების (ფაქტების) სადავოობის თაობაზე, ისე მათ მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა დამაჯერებლობის, იურიდიული სანდოობის გათვალისწინებით დაადგინოს სადავო გარემოებათა ნადვილობა (სსსკ-ის 105-ე მუხლი).

1.6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-6 მუხლით და სწორადვე დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულება იყო ვადიანი, ამ ფაქტის გასაქარწყლებლად ვერ გამოდგება კასატორის მითითება საზოგადოების დირექტორის ცნობაზე, რამდენადაც ამ ცნობაში ასახული ინფორმაციის საწინააღმდეგოდ, მოპასუხის შედავება ხელშეკრულების ვადის თაობაზე დასაბუთებულია არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, არამედ, დასაქმებულთა საშტატო განრიგით, საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ინფორმაციითა და იმით, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ სამუშაოს ფაქტობრივად შესრულება მოსარჩელემ ვერ დაადასტურა. რაც შეეხება ვალის არსებობის აღიარებასა და ამ კუთხით კასატორის მიერ წარმოდგენილ სამართლებრივ შედავებას, პალატა არ იზიარებს მას და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი სასამართლოს შეფასებები და დასკვნები ამ თვალსაზრისით არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სკ-ის 341-ე მუხლის, როგორც ვალის არსებობის აბსტარქტული აღიარების განმარტების თაობაზე იხ. სუსგ №ას-383-364-2015, 27 მაისი, 2016 წელი).

1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 25.07.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ დ. მ-ს (პ/#....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 25.07.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური