საქმე №ას-875-842-2016 3 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – მ. ნ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ქ-" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. ნ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ქ-ს" მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ქ-მ".
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ქ-ს" წარმომადგენელი გ. მ-ე და მ. ნ-ე დაჯარიმდნენ, თითოეული 100 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ნ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ნ-ის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნას საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სსსკ-ის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. დასახელებული ნორმა იმპერატიული ხასიათის ნორმათა რიგს განეკუთვნება და ადგენს, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია. კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომლებზეც პირდაპირ უთითებს კანონი. ამასთან, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმის ამავე პროცესუალური წესით შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ქ-ს" წარმომადგენელი გ. მ-ე და მ. ნ-ე დაჯარიმდნენ, თითოეული 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული განჩინება, სამოქალაქო საპროცესოო კოდექსის 419-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წარმოადგენს საბოლოოს და მისი შემდგომი გასაჩივრება საპროცესო კანონმდებლობით არ დაიშვება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ნ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინებაზე განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 414-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. ნ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური