Facebook Twitter

15 ნოემბერი, 2016 წელი,

№აs-571-546-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.გ.მ.ს. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ზ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – კომპენსაციის გადახდა, საშვებულებო დღეების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი :

1. ქ.ზ. (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდეგში: მინისტრი) 2013 წლის 24 ივლისის № .. ბრძანების (შემდეგში: პირველი ბრძანება) საფუძველზე დაინიშნა სსიპ ქალაქ თბილისის № ... საჯარო სკოლის (შემდეგში: სკოლა) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.

2. მოსარჩელის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 1300 ლარს შეადგენდა.

3. 2014 წლის 21 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით (10 სამუშაო დღე) მოსარჩელემ კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლა.

4. მინისტრის 2014 წლის 8 სექტემბრის № ... ბრძანებით (შემდეგში: მეორე ბრძანება) მოსარჩელეს, როგორც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, უფლებამოსილება შეუწყდა.

5. მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. მან წერილით მიმართა ს.გ.მ.ს–ს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, სამინისტრო ან დამსაქმებელი) და მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების წერილობით დასაბუთება.

6. მოსარჩელე არ დაკმაყოფილდა გაცემული პასუხის არგუმენტებით და 2014 წლის 21 ნოემბერს, სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ ფულადი კომპენსაციის გადახდისა და დარჩენილი გამოუყენებელი საშვებულებო დღეების ანაზღაურების მოთხოვნით.

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მან შესაგებლით გამორიცხა მოთხოვნა შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მოსარჩელე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა განსაზღვრული ვადით - ახალი დირექტორის არჩევამდე ან მინისტრის მიერ დირექტორის დანიშვნამდე, ამდენად, სამინისტროს არ ჰქონდა წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით მოსარჩელის გაფრთხილების ვალდებულება, შესაბამისად, იგი არ არის ვალდებული გასცეს კომპენსაცია 2 თვის ხელფასის ოდენობით. მისი განმარტებით, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძვლით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, არ არის დადგენილი გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების ვალდებულება, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციის გადახდა და გამოუყენებელი საშვებულებო თანხის - 791 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42.1, 30.4 მუხლები, „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლები, სშკ-ის 21.4, 37-ე და 38-ე მუხლები.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი საფუძვლებით:

9.1. მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე მინისტრის პირველი ბრძანება გაუთანაბრდა შრომით ხელშეკრულებას, რომლითაც განისაზღვრა შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობა - ვადა;

9.2. სამინისტრო მოსარჩელეს პერიოდულად აწვდიდა ინფორმაციას სკოლაში ახალი დირექტორის სავარაუდო დანიშვნის თარიღის შესახებ, შესაბამისად შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის სავარაუდო თარიღის შესახებაც.

9.3. ახალი დირექტორის შესარჩევი კონკურსის, მისი თითოეული ეტაპის ჩატარების დრო, თარიღი და შედეგების შესახებ მოსარჩელე ინფორმირებული იყო. ამდენად, მას ჰქონდა გონივრული ვადა იმისათვის, რომ განესაზღვრა შრომითი ხელშეკრულების დასრულების სავარაუდო დრო და ეფიქრა მომავალ დასაქმებაზე;

9.4. ვინაიდან შრომითი ურთიერთობა შეწყდა სშკ-ის 37-ე მუხლის პურველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, კერძოდ, ხელშეკრულების ვადის გასვლით, დაუშვებელია სშკ-ის 38.3 მუხლისა და ამავე კოდექსის 21.4 მუხლების საფუძველზე, სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციისა და გამოუყენებელი საშვებულებო დღეების ანაზღაურების დაკისრება.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.

10.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების არგუმენტები, რომ დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი შესაძლოა გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით - რამდენიმე თვე ან წელი, ამიტომ იგი არ შეიძლება მიიჩნეოდეს ხელშეკრულების ვადის გასვლად. ხელშეკრულებაში ვადის მითითებისას, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ცხადად ჩანს ხელშეკრულებიდან და შეუძლებელია, რომ თან ახლდეს რაიმე სახის გაურკვევლობები. შეთანხმებული ვადის გასვლა იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტას. მოცემულ შემთხვევაში კი, ხელშეკრულების შეწყვეტა დაკავშირებული იყო გარკვეული პირობის დადგომასთან, რომლის ზუსტი დროც მხარეთათვის წინასწარ უცნობია.

10.2. მოსარჩელის განთავისუფლება უნდა შეფასებულიყო, როგორც სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, აღნიშნული გარემოება კი, როგორც ეს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია მითითებული, გაურკვევლობაში ამყოფებს დასაქმებულს და უსპობს შესაძლებლობას, დროულად მიიღოს ზომები მომავალი შრომითი დასაქმების თაობაზე.

10.3. სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულს არ მიაწოდა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში ინფორმაცია მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე. შესაბამისად, იგი ვალდებული იყო, დასაქმებულისათვის გადაეხადა 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობის კომპენსაცია.

10.4. პალატამ განმარტა, რომ სშკ-ის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, დამსაქმებელი ვალდებული იყო, დასაქმებულისთვის აენაზღაურებინა გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად. პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოსარჩელემ მხოლოდ კუთვნილი შვებულების ნაწილი გამოიყენა, შესაბამისად, მას დარჩენილი ნაწილის კომპენსაცია უნდა მიეღო.

10.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, მასზედ, რომ მოსარჩელეს პერიოდულად მიეწოდებოდა ინფორმაცია ახალი დირექტორის სავარაუდო დანიშვნის შესახებ, ვინაიდან მხარისათვის ინფორმაციის მიწოდების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. იმავდროულად, სამინისტროსათვის წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი, ვინ გაიმარჯვებდა კონკურსში ან ვის აირჩევდა სამეურვეო საბჭო.

11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, სააპელაციო საჩივარში მითითებული ყველა საფუძვლით.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391 მუხლის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

13. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, მიღებული განჩინების იურიდიული დასაბუთებისა და საჩივრის მოტივების შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ უარყოფის თაობაზე.

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მოტივების მთლიანად უარყოფა, კერძოდ:

15. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმ ნაწილში, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იყო დადებული. ვადის დამთავრება უკავშირდებოდა დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით ახალი დირექტორის შერჩევას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და გამოიტანა არასწორი სამართლებრივი დასკვნები.

16. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ, რადგანაც მოცემულ შემთხვევაში შრომითი ურთიერთობა არ იყო კონკრეტული ვადით შემოფარგლული, არამედ მისი შეწყვეტა დაკავშირებული იყო ისეთ პირობასთან, რომლის დადგომის ზუსტი დრო მოსარჩელემ არ იცოდა და ამიტომ განხორციელებული იყო სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტითა და 38-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები, პალატა ვერ გაიზიარებს.

17. მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, რომ: „შრომის კოდექსის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას, რომელიც საჭიროებს მხარეთა შორის შეთანხმებას. ვადის განსაზღვრა, როგორც წესი, მხარეთა პრეროგატივაა, ისევე, როგორც ხელშეკრულების სხვა ძირითად პირობებზე შეთანხმება. სახელშეკრულებო სამართალში ერთმანეთისაგან განასხვავებენ დადგენილ (განსაზღვრულ) და დაუდგენელ (განუსაზღვრელ) ვადებს. განსაზღვრულია ვადა, როდესაც ცნობილია მოვლენის დადგომის თარიღი“ (იხ. სუსგ # ას-804-769-2014, 08.04.15).

18. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებმა ხელშეკრულების ვადის გასვლა დაუკავშირეს სპეციალური კანონით („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი) დადგენილი წესით ახალი დირექტორის შერჩევის თარიღს.

19. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, განსაზღვრულია დირექტორის არჩევის წესი: სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის კანდიდატურას შეარჩევს მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

20. იმავე კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

21. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ დროებით მოვალეობის შემსრულებლები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომლებიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს. მოცემულ შემხვევაში, სწორედ ასეთ ერთ-ერთ თანამდებობას წარმოადგენდა სკოლის დირექტორის თანამდებობა.

22. მოსარჩელე 2013 წლის 24 ივლისს დაინიშნა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ანუ მას დირექტორის უფლებამოსილების განხორციელება დაეკისრა დროებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, სკოლის დირექტორის კონკურსის წესით შერჩევამდე. შესაბამისად, მოსარჩელესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება შეფასებულ უნდა იქნეს განსაზღვრული ვადით დადებულ ხელშეკრულებად, რომლის მოქმედების ვადის ამოწურვა დაკავშირებული იყო განსაზღვრული მოვლენის დადგომასთან.

23. დადგენილია, რომ 2014 წლის 8 სექტემბერს, სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში დარეგისტრირდა ი.კ–ძე, რაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან განთავისუფლების კანონისმიერი საფუძველი გახდა. შესაბამისად, მოპასუხეს არ გააჩნდა მოსარჩელისათვის 2 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციის მიცემის ვალდებულება.

24. სშკ-ის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია, რომ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“–„თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში

წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მოსარჩელემ მხოლოდ კუთვნილი შვებულების ნაწილი - 10 სამუშაო დღე გამოიყენა, შესაბამისად, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აღნიშნულ ნაწილში და მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა მიეცეს დარჩენილი გამოუყენებელი საშვებულებო დღეების კომპენსაცია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე, 411-ე, 399-ე, 382-ე, 264.3-ე, 55-ე, 53.4-ე მუხლებით და

დაადგინა :

1. ს.გ.მ.ს–ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება ს.გ.მ.ს–ს მიერ ქ.ზ–ს სასარგებლოდ 2 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციის დაკისრების შესახებ და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

3. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი