საქმე №ას-1095-1052-2016 12 დეკემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ვ. ე-ის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინებასა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განჩინებაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განსახილველად გადმოეცა ვ. ე-ის განცხადება, რომლითაც განმცხადებელი მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრისა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განჩინებების გაუქმებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.
წარმოდგენილი განცხადების შესწავლის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს რომ, შინაარსობრივად განმცხადებელი მოითხოვს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული მოთხოვნის წარმოებაში მიღებაზე ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა და 2016 წლის 27 მაისის განჩინებით ხარვეზის შეუვსებლობის გამო განცხადება დატოვა განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს განცხადება ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე. ამდენად, თუკი მივიჩნევთ, რომ ვ. ე-ის 2016 წლის 15 ნოემბრის განცხადება მიმართულია საქმის წარმოების განახლებისაკენ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს განცხადების განსახილველად დაშვების წინაპირობა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელი მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქემთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინების გაუქმებას. საკასაციო პალატა თვლის რომ არც ამ მოთხოვნიდან გამომდინარე არსებობს განცხადების განსახილველად მიღების წინაპირობები, კერძოდ:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განიხილა ვ. ე-ის კერძო საჩივარი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განჩინებაზე და 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო, ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინება მიღებულია ზემდგომი სასამართლოს მიერ, შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობა მისი გასაჩივრების შესაძლებლობას არ ითვალისიწნებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ე-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინებასა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე