საქმე №ას-688-659-2016 30 სექტემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.“ (მოსარჩელე), შპს „მ-ო“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ა-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მომსახურების მიმწოდებელი, სამედიიცინო დაწესებულება ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ისა“ (შემდგომში _ მოპასუხე, მზღვეველი ან კასატორი) და შპს „მ-ოს“ (შემდგომში _ თავდაპირველი თანამოპასუხე) მიმართ მოპასუხეებისათვის 4 224,31 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით: 2013 წლის 31 მაისს შპს მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდა პ. ც-ე (შემდგომში _ დაზღვეული), რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სარგებლობდა მზღვეველის მომსახურებით. პაციენტს გაეწია სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 4 224.31 ლარი. მზღვეველმა უარი განაცხადა თანხის ანაზღაურებაზე და ვალდებულ პირად მიუთითა მეორე თანამოპასუხე. აღნიშნულმა კომპანიამ გაწეული სამედიცინო მომსახურების თანხა დააკორექტირა სრულად. გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე დავა უკვე გახილულია სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ და გაცემული რეკომენდაციით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და მზღვეველს დაეკისრა თანხის გადახდა, თუმცა იგი არც ამ რეკომენდაციას ასრულებს.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მზღვეველმა სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი/გამომრიცხავი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ მხარეთა შორის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაზღვეულ პირთათვის გაწეული მომსახურების ღირებულების ანგარიშსწორებისათვის არსებული ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის 14.05.2012 წლის #177 დადგენილებით, რომლის მიხედვითაც, ანგარიშსწორების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს ორმხრივად გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი. ამგვარი აქტი მხარეთა შორის არ გაფორმებულა. საანგარიშო პერიოდზე სამედიცინო მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული საანგარიშო დოკუმენტაციის წარდგენა ანგარიშსწორებისათვის არ არის საკმარისი და ის განხორციელდება ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე. მოსარჩელის ანგარიშფაქტურითა და თანდართული ანგარიშგების უწყისით წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, წარმოდგენილი თანხა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებისა და საქართველოს მთავრობის #177 დადგენილების პირობებს არ შეესაბამება. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხეებს შორის გაფორმებულია შეთანხმება სამედიცინო მომსახურების გაწევასა და გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე დოკუმენტაციის დამუშავებისა და გაწეული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, რომლის შესაბამისად, გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს მზღვეველი არ წარმოადგენს.
2.2. სარჩელი არ ცნო შპს „მ-ომაც“ იმ დასაბუთებით, რომ მოპასუხეებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, 2013 წლის 1 მაისიდან მზღვეველის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ პირთა ცალკეული კონტიგენტის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე, აღნიშნულ პირებზე გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავებასა და მზღვეველისათვის მიწოდებას უზრუნველყოფს თავდაპირველი თანამოპასუხე. სწორედ ამ ურთიერთთანამშრომლობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარადგინა თანამოპასუხე სამედიცინო დაწესებულებაში და მოითხოვა გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. შპს „მ-ომ“ შეისწავლა წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაცია, რის შემდეგაც შესრულებული სამუშაო დაექვემდებარა კორექტირებას. თანხა დაკორექტირდა სრულად და კორექტირების დეტალური მიზეზების შესახებ ინფორმაცია წერილობით მიეწოდა მოსარჩელეს 7 აგვისტოს, თუმცა, მათი მხრიდან აღნიშნულ წერილს რეაგირება არ მოჰყოლია. წერილში მითითებული პირობების თანახმად, კორექტირებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ წერილობითი პოზიციის წარმოუდგენლობა მიიჩნევა შეთანხმებულად.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მზღვეველს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების – 4 224.31 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მზღვეველმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინებით სააპელაციო არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (იხ. საკასაციო საჩივარი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოსარჩელე და მზღვეველი არიან „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის #177 დადგენილებით (შემდგომში _ #177 დადგენილება) განსაზღვრული ურთიერთობის მონაწილე მხარეები;
1.2.2. #177 დადგენილების შესაბამისად, 2013 წლის 31 მაისიდან ამავე წლის 10 ივნისის ჩათვლით მოსარჩელემ სამედიცინო მომსახურება გაუწია მზღვეველის მიერ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებით დაზღვეულს, რომლის ღირებულებამ შეადგინა 4 224.31 ლარი.
1.2.3. #177 დადგენილების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით დადასტურებული საანგარიშგებო დოკუმენტაცია (დაზღვეულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სადაზღვევო პოლისის/ხელშეკრულების ასლი, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა), სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა და შემთხვევათა რეესტრი წინასწარ შეთანხმებული ფორმატით) მიმწოდებელმა მზღვეველს უნდა წარუდგინოს წერილობით ან ელექტრონულად, თითოეულ თვეში დასრულებული შემთხვევები მინიმუმ თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 5 რიცხვამდე. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა დაარღვია საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა, ვადის დარღვევით წარდგენილი შემთხვევის განხილვა მოხდება მომდევნო საანგარიშგებო პერიოდში. დაუშვებელია შემთხვევის დასრულებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენა.
1.2.4. მოპასუხეებს შორის გაფორმებული იყო სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც, თავის მხრივ, სამედიცინო დაწესებულების/მიმწოდებლის ან პროვაიდერის მიერ დაზღვეულ პირებზე გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე ინფორმაციის, დოკუმენტაციის დამუშავებასა და მზღვეველისთვის შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენას ითვალისწინებდა. შესაბამისად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის თავდაპირველი თანამოპასუხისათვის წარდგენით, რაც განხორციელდა მზღვეველის თანხმობით, მოსარჩელემ შეასრულა #177 დადგენილების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით მასზე დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, სამედიცინო მომსახურების გამწევმა საანგარიშგებო დოკუმენტაცია თავდაპირველ თანამოპასუხეს წარუდგინა 2013 წლის 12 ივლისს, ანუ ვადის დარღვევით (წარდგენილი უნდა ყოფილიყო 5 ივლისამდე), თუმცა, საყურადღებოა, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მომდევნო თვის ხუთი რიცხვის შემდეგ წარდგენის პირობებში, მოსარჩელეს არ დაუკარგავს გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე მოთხოვნის უფლება. #177 დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტის თანახმად, მომსახურების ღირებულების გადახდა უნდა მომხდარიყო საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან (12.07.2013წ.) 19 სამუშაო დღის ვადაში – 2013 წლის 8 აგვისტომდე, თუმცა, მოპასუხემ მომსახურების ღირებულება არ აანაზღაურა.
1.2.5. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და #177 დადგენილების შესაბამისად, მზღვეველის მიერ დაზღვეულ პირთათვის 2013 წლის ივნისიდან ივლისის ჩათვლით გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე დავა განხილულია სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურში, რომელმაც გამოიტანა რეკომენდაცია და დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნები. მოპასუხეს არც ეს რეკომენდაცია შეუსრულებია.
1.2.6. 2013 წლის 1 აგვისტოს წერილის თანახმად, თავდაპირველმა თანამოპასუხემ მოსარჩელის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, სადავო თანხა დააკორექტირა სრულად, თუმცა, თანხების კორექტირებაზე უფლებამოსილ პირს, #177 დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, წარმოადგენს მზღვეველი, ამასთან, ნიშანდობლივია, რომ თავდაპირველი თანამოპასუხის განცხადება და დანართი თანხების დაკორექტირების შესახებ არ არის დასაბუთებული და გამყარებული რაიმე მტკიცებულებით, შესაბამისად, შპს „მ-ოს“ მიერ წარდგენილი დოკუმენტები ასახავს მხოლოდ მის მოსაზრებას სადავო თანხების კორექტირებასთან დაკავშირებით, რაც არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისგან მზღვეველის გასათავისუფლებლად. ისეთ პირობებში, როცა სამედიცინო დაწესებულებას გაწეული აქვს სამედიცინო მომსახურება და მზღვეველისთვის ამის თაობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესით და ვადაში მიწოდებული აქვს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, მზღვევლის მხრიდან ურთიერთშედარების აქტის გაუფორმებლობა არ შეიძლება გახდეს კლინიკის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
1.2.7. არ იქნა გაზიარებული აპელანტის პრეტენზია იმის შესახებ, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარადგინა შპს „მ-ოში“, ანაზღაურება სწორედ ამ უკანასკნელისგან უნდა მოეთხოვა, რადგანაც მას გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულებები სამედიცინო მომსახურების გაწევასა და გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე დოკუმენტების დამუშავებისა და გაწეული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების შესახებ. აღნიშნულის წინააღმდეგ პალატამ განმარტა, რომ სამედიცინო დაწესებულებამ 2013 წლის 31 მაისიდან 2013 წლის 10 ივნისის ჩათვლით სამედიცინო მომსახურება გაუწია მზღვეველის მიერ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებით დაზღვეულ პირს. #177 დადგენილების შესაბამისად, სწორედ მზღვეველს ეკისრებოდა ამ თანხის მოსარჩელისთვის ანაზღაურების ვალდებულება. მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ გარკვეული კონტიგენტის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი იყო სხვა კლინიკა, ვერ გახდება მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ცვლილების საფუძველი.
1.2.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე და 380-ე მუხლების შესაბამისად, არ იქნა გაზიარებული აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ახალი გარემოება იმის შესახებ, რომ სარჩელზე დართული და თავდაპირველი თანამოპასუხისათვის წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა ერთმანეთს, ამასთანავე, აპელანტის პოიზიცია იმის თაობაზე, რომ #177 დადგენილების შესაბამისად, გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა ორმხრივად გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ გაფორმებულა, პალატის შეფასებით, არ გამორიცხავდა მის პასუხისმგებლობას, რადგანაც #177 დადგენილების 6.4. და 6.5. მუხლები ადგენდა მზღვეველის ვალდებულებას საანგარიშგებო დოკუმენტების ინსპექტირებისა და ურთიერთშედარების აქტის გაფორმების თაობაზე, შესაბამისად, ისეთ პირობებში, როცა კლინიკას მზღვეველისათვის მიწოდებული აქვს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, მზღვეველის მხრიდან ურთიერთშედარების აქტის გაუფორმებლობა არ შეიძლება კლინიკის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. მოცემულ შემთხვევაში, #177 დადგენილებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების განხორციელებისთვის სავალდებულო ურთიერთშედარების აქტი მხარეთა შორის არ გაფორმებულა, ამავე დადგენილებით, განსაზღვრული წესის შესაბამისად, საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარდგენილია არა კასატორთან, არამედ დავის ფარგლებში ასევე მოპასუხედ ჩართულ სხვა პირთან;
1.4.2. თავდაპირველ თანამოპასუხესა და კასატორს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, 2013 წლის 1 მაისიდან აპელანტის, როგორც მზღვეველის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ პირთა ცალკეული კონტიგენტის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე, აღნიშნულ პირებზე გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავებასა და მზღვეველისთვის მიწოდებას უზრუნველყოფდა შპს „მ-ო“, ამ ურთიერთთანამშრომლობის პრინციპიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარემ სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარადგინა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებასთან და მოითხოვა გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. დოკუმენტაციის მიმღებმა შეისწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც შესრულებული სამუშაო დაექვემდებარა კორექტირებას. კორექტირების დეტალური მიზეზების შესახებ ინფორმაცია წერილობითი სახით მიეწოდა მოსარჩელეს, რასაც, მისი მხრიდან, რეაგირება არ მოჰყოლია, შესაბამისად, თანახმად წერილში მითითებული პირობისა, კორექტირებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ წერილობითი პოზიციის წარმოუდგენლობა მიიჩნევა შეთანხმებულად.
1.4.3. მოსარჩელემ დაარღვია #177 დადგენილების 6.4. მუხლით განსაზღვრული საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველთან წარდგენის წესი, შესაბამისად, სასამართლო არასწორად მიიჩნევს დადგენილად იმ გარემოებას, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია წარედგინა კასატორს.
1.4.4. სასამართლო არასწორად განმარტავს საქმეში არსებულ მოპასუხეებს შორის სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შინაარსსაც და ყურადღებას არ ამახვილებს ამ დოკუმენტის 2.6 პუნქტის დებულებაზე.
1.4.5. სასამართლო, შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით, არასწორად მიიჩნევს ახალ გარემოებაზე მითითებად აპელანტის იმ პოზიციას, რომ სარჩელზე თანდართული და შპს „მ-ოში“ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია არ შეესაბამება ერთმანეთს. ამ შემთხვევაში, პალატამ არ შეაფასა ის გარემოება, რომ შპს „მ-ოს“ მიერ წერილობითი პოზიციის, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარის ახსნა-განმარტებებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით იქნა აღნიშნული გარემოება დაფიქსირებული. ამასთანავე, მოსარჩელემ საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარუდგინა თავდაპირველ თანამოპასუხეს, შესაბამისად, მასში უზუსტობის, შეუსაბამობის ან/და წინააღმდეგობის შესახებ ინფორმაციას ფლობდა და სასამართლოს წარუდგენდა სწორედ აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება, რაც განხორციელდა კიდეც პირველი ინსტანციის სასამართლოში.
1.5. საკასაციო პრეტენზიების საპირისპიროდ, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა #177 დადგენილებით გათვალისწინებული მხარეთა უფლება-მოვალეობები, მომსახურების გაწევის ანგარიშსწორების წესი და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომსახურება გაწეული იყო, რომლის ღირებულებაც ვალდებულ პირს უფლებამოსილი პირისათვის არ აუნაზღაურებია, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების (სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი) წინაპირობები. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ასევე არ არსებობს პროცესუალური დარღვევების თაობაზე კასატორის შედავების გაზიარების წინაპირობა, რამეთუ, საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლით განსაზღვრულია შეზღუდული აპელაციის პრინციპი და დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლო მხოლოდ გამონაკლის, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში (სსსკ-ის 215.3 მუხლი) მიიღებს ახალ მტკიცებულებებს და შეაფასებს ახალ გარემოებებს, რაც შეეხება პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვას, ამ საკითხს არეგულირებს ამავე კოდექსის 219-ე მუხლი, თუმცა, მსგავსად შეზღუდული აპელაციის პრინციპისა, ნორმის არასწორი გამოყენების კუთხით საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას.
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ებები: #ას-859-809-2016, 19 ნოემბერი, 2015 წ; #ას-231-220-2016, 27 აპრილი, 2016 წ; #ას-1205-1147-2014, 04 მარტი, 2015 წ; #ას-1284-1226-2013, 24 მარტი, 2014წ; #ას-1171-1116-2014, 02 თებერვალი, 2015წ).
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 18.07.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ს-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 18.07.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე