Facebook Twitter

საქმე №ას-874-841-2016 11 ნოემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. შ-ი, ს. ო-ი, ნ. კ-ე, დ. ა-ი, მ. კ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დავალდებულება

დავის საგანი – ბრძანებისა და შრომითი ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ნ. შ-მა, ს. ო-მა, ნ. კ-ემ, დ. ა-მა და მ. კ-მა (შემდგომში _ მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები ან დასაქმებულები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ს-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან დამსაქმებელი) მიმართ შრომითი ხელშეკრულების ვადის განსაზღვრის, ასევე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მარტივი/მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს და მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ, დასაქმებულთა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, დადგენილ ვადაში აპელანტის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ქვემდგომი სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დავალდებულება.

6.2. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ დადგენილ ვადაში აპელანტმა არ გამოასწორა ხარვეზი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაკისრებული ბაჟი დამსაქმებელმა სწორედ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაიხადა, რასაც ადასტურებს კერძო საჩივარზე დართული ქვითარი, თუმცა, სამწუხაროდ, ორგანიზაციის კანცელარიის თანამშრომლებს მხედველობიდან გამორჩათ აღნიშნული ქვითარი და მოძიების შემდგომ მოპასუხემ აღმოაჩინა, რომ ის კვლავ კანცელარიაში ინახებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ შპს „ს-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების საკითხი. ამ თვალსაზრისით კი, პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

1.2.1. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა;

1.2.2. სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც სააპელაციო პალატამ 2016 წლის 1 აპრილის განჩინებებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი და მის ავტორს დაავალა, თითოეული მოწინააღმდეგე მხარის მიმართ წარდგენილი სააპელაციო პრეტენზიის გამო სახელმწიფო ბაჟის - 870 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენა, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრა განჩინებების მხარისათვის გადაცემიდან 14 დღით და ამომწურავად განიმარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგები;

1.2.3. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებების ასლები მხარეს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, 2016 წლის 26 ივლისს ჩაბარდა ორგანიზაციის კანცელარიას;

1.2.4. უდავოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 27 ივლისიდან და ამოიყურა 9 აგვისტოს. ამ ვადის განმავლობაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორების და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

1.3. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებას სააპელაციო საჩვრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი. ამ დასკვნის საპირისპიროდ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მან ხარვეზი საპროცესო ვადის დაცვით გამოასწორა. მართალია, კერძო საჩივარს ერთვის #51655 ელექტრონული საგადახდო დავალების ასლი, რომელიც მოწმობს, რომ წინამდებარე საქმეზე დამსაქმებელმა 2016 წლის 29 ივლისს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი _ 4 350 ლარი, თუმცა სააპელაციო პალატამ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მას განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შესახებ ცნობით (ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით) სასამარლოსთვის არ მიუმართავს. ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა მოიხმობს ასევე ამავე სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას: ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც მხარის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას შეეხებოდა, საკასაციო პალატამ არ გაიზიარა კასატორის არგუმენტი, რომ უწყება ვერ შენიშნა კანცელარიის თანამშრომელმა, შესაბამისად, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ორგანიზაციის საქმიანობის შიდა სტრუქტურული ხარვეზები სამოქალაქო საპროცესო კოდექსით საპროცესო უფლების განუხორციელებლობის საპატიო მიზეზს არ წარმოადგენდა (იხ. სუსგ №ას-959-1238-09, 28 დეკემბერი, 2009 წელი). ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც ადრესატს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა დადგენილი წესით და მას ამ განჩინებით ამომწურავად განემარტა ხარვეზის გამოსწორების წესი და ვადა, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ამავე ვადაში წარდგენის აუცილებლობა, ასევე, ამ მოქმედების შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების შედეგები, პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმის თაობაზე, რომ მან ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, თუმცა კანცელარიის თანამშრომლებს გამორჩათ მხედველობიდან აღნიშნული ქვითარი, ვერ გახდება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

1.4. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი არ შეიცავს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებზე მითითებას.

1.5. რაც შეეხება კერძო საჩივარზე დართულ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ქვითრის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოპასუხეს, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის (399-ე მუხლი) თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. შპს „ს-ას“ (ს/# ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 29.07.2016წ. #... ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი 4 350 ლარი.

4. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე