Facebook Twitter

საქმე №ას-1039-1000-2016 15 დეკემბერი, 2016 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. რ-ის მიერ შემოტანილი კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე – მ. კ-ის სარჩელის გამო, ნ. ნ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. რ-ის მიერ შემოტანილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მ.– კ-ს დაევალა 3 (სამი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანის, მ. რ-ის ადვოკატის მოწმობის ასლის, ან უშუალოდ მ.კ-ის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა, ასევე დაევალა ზუსტად და გარკვევით მიეთითებინა კერძო საჩივრის ავტორის ვინაობა და რეკვიზიტები.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ორჯერ გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და 2016 წლის 30 ნოემბერს ჩაბარდა ძმას, დ. კ-ს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს რომ, დ.კ-ისათვის ჩაბარება მიიჩნევა უშუალოდ კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული სამდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2016 წლის 1 დეკემბერს და ამოიწურა 2016 წლის 3 დეკემბერს, მაგრამ ვინაიდან 3 დეკემბერი დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ მომდევნო სამუშაო დღეს 2016 წლის 5 დეკემბერს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუმდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. რ-ის მიერ შემოტანილი კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე