საქმე № 190210114523254
საქმე №ას-765-733-2016 16 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. ჯ.-ა, ნ. შ.-ა (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ს.-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ძირითადი ფულადი ვალდებულებისა და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ლ. ჯ.-ამ (შემდგომში – მოსარჩელე) და ნ. შ.-ამ (შემდგომში – მსესხებელი მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. ს.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვეს ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 1 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ძირითადი ფულადი ვალდებულების განსაზღვრა, 6500 აშშ დოლარის ნაცვლად, 3 100 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლოს სახით, 0.03%-ის ნაცვლად, 3100 აშშ დოლარის 0.06%-ის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ 2012 წლის 29 ნოემბერს მსესხებელმა მოსარჩელემ მოპასუხისაგან ისესხა 6500 აშშ დოლარი, ხოლო სხვა პირისაგან – 9000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 4%-ის დარიცხვით. პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,3%-ით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი.
3. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგი სამი თვის განმავლობაში მსესხებელი მოსარჩელე იხდიდა ძირითადი თანხის 6500 აშშ დოლარის 4%-ს – 260 აშშ დოლარს ყოველთვიურად.
4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3 თვის გასვლის შემდეგ მხარეებს დამატებით წერილობითი ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ და ცვლილება ხელშეკრულებაში არ შეუტანიათ, შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის გაგრძელების ან მასში ცვლილების შეტანის თაობაზე ისინი არ შეთანხმებულან.
5. 2013 წლის 1 მარტის შემდეგ 2014 წლის 16 ნოემბრამდე მსესხებელი იხდიდა ძირითადი თანხის ნაწილს და გამსესხებელს გადასცა 3400 აშშ დოლარი, 2013 წლის ნოემბერში – 300 აშშ დოლარი, 2014 წლის 1 თებერვალს კი გადაურიცხა 500 აშშ დოლარი. გადაცემული თანხა წარმოადგენდა ძირითადი თანხის ნაწილს და არა მის პროცენტს.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხემ მარტივი შესაგებლით სარჩელის არ ცნო და განმარტა, რომ სადავო სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2014 წლის 6 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა ძირითადი თანხის ნაწილში განისაზღვრა 3880 აშშ დოლარით, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში – 1396.80 აშშ დოლარით, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელი პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2014 წლის 6 მარტს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (№..) შევიდა ცვლილება და მსესხებელი მოსარჩელის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვრა 698.4 აშშ დოლარით შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ აღსასრულებელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და ექვემდებარება შემცირებას.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და, ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს. მოქმედი სამოქალაქო კოდექსით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს პირგასამტეხლო. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც პირგასამტეხლოს შემცირება შეფასებითი კატეგორიაა, რომლის აუცილებლობას საქმის განმხილველი სასამართლო განსაზღვრავს საქმის გარემოებათა ურთიერთშჯერების შედეგად.
11. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
12. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. აქვე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.
13. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.3%, არ მიიჩნია პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, თუმცა პირგასამტეხლო გადაიანგარიშა შემცირებულლი ძირითადი დავალიანებიდან და, საბოლოოდ, გადასახდელი პირგასამტეხლო მთლიანობაში განსაზღვრა 1396.80 აშშ დოლარით.
14. მოსარჩელის მხრიდან სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის მოცულობისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ასევე, ძირითადი დავალიანების ოდენობის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატამ დაკისრებული პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.3%) მიიჩნია პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, რაც უნდა შემცირდეს.
15. არსებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნილია მხოლოდ ოთხ თვეზე, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად მიიჩნია 698.4 აშშ დოლარი (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.15%).
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
17. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სსკ-ის 417-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით, თუმცა მათ საფუძველზე არასწორად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა. პალატამ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოვალე კრედიტორის წინაშე ვალდებულებას არაჯეროვნად, თუმცა მაინც ასრულებდა. ამასთან, მოსარჩელეები არ ითხოვდნენ პირგასამტეხლოს მინიმუმადე დაყვანას. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა არა იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მხარის მოითხოვნა ვრცელდება მხოლოდ ოთხ თვეზე.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
19. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, რომ 2012 წლის 29 ნოემბერს მსესხებელმა მოსარჩელემ მოპასუხისაგან ისესხა 6500 აშშ დოლარი, ხოლო სხვა პირისაგან – 9000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 4%-ის დარიცხვით. პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,3%-ით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი.
21. ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 1 მაისს გაცემული (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში კი, მიეთათა 2014 წლის 6 მარტი) სააღსრულებო ფურცლით განისაზღვრა, რომ 2012 წლის 29 ნოემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა იყო 2013 წლის 1 მარტამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ ვალდებულება არ შესრულებულა ერთი წლის და ორი თვის ვადაში. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2014 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგენდა 8840 აშშ დოლარს, აქედან ძირითადი თანხა იყო 6500 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 2340 აშშ დოლარი ოთხი თვის, ასევე, 126.72 ლარი – სანოტარო ხარჯები.
22. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის პირგასამტეხლოს არასაკმარისად შემცირებას.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
26. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
27. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
29. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
30. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
31. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
32. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
33. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
34. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოვალემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
35. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორმა მხარემ უკვე მოახდინა მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების უფლების რეალიზება, ამ კუთხით სააპელაციო პალატის მსჯელობა სწორია, ხოლო მხარეს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
36. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ე.–ისა და ლ. ჯ.-ას მიერ 2016 წლის 23 სექტემბერს №12 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ჯ.-ასა და ნ. შ.-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ლ. ჯ.-ასა (პირადი №...) და ნ. შ.-ა (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ე.–ისა და ლ. ჯ.-ას მიერ 2016 წლის 23 სექტემბერს №12 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური