Facebook Twitter

საქმე № 330210115775680

საქმე №ას-833-799-2016 2 ნოემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ტ.“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ზ.-ი“ (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება (ძირითად სარჩელში), პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ზ.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ტ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის საფასურის – 55 200 ლარისა და ზიანის – 15 704 ლარის გადახდა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 22 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მოპასუხისათვის მიეწოდებინა 240 ტონა მინერალური სასუქი. ნასყიდობის საგნის მიწოდების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 20 სექტემბრამდე. ნასყიდობის საფასური იყო 220 800 ლარი. მყიდველი ვალდებული იყო, ნასყიდობის საგნის საფასურის ნაწილი – 10% ავანსის სახით გადაეხადა გამყიდველისათვის, ხოლო ნასყიდობის საგნის მიღებიდან 6-7 დღეში დაეფარა ნასყიდობის სრული ფასი.

3. მოსარჩელემ მოპასუხეს ნასყიდობის საგანი მიაწოდა 2014 წლის 13 ოქტომბრამდე. მოპასუხეს გადახდილი აქვს მიწოდებული პროდუქციის საფასურის ნაწილი და მის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 55 200 ლარს.

მოპასუხისა და შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა ძირითადი მოსარჩელისაგან პირგასამტეხლოს – 55 200 ლარის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ დაარღვია საქონლის მიწოდების ვადა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 55 200 ლარის გადახდა, შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ძირითად მოსარჩელეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს – 5 520 ლარის ანაზღაურება, რაც ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 22 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ძირითად მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინა 240 ტონა მინერალური სასუქი 2014 წლის 20 სექტემბრამდე. ნასყიდობის სრული ღირებულება შეადგენდა 220 800 ლარს.

8. 2014 წლის 13 ოქტომბრამდე მოსარჩელემ მიაწოდა 202 ტონა მინერალური სასუქი, რომლის ღირებულებას შეადგენდა 185 840 ლარი. მოპასუხემ გადაუხადა ნასყიდობის საფასური – 130 640 ლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 55 200 ლარი.

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და სადავოს არ წარმოადგენს, რომ ნასყიდობის საგნის მიწოდება მოხდა 25 დღის ვადაგადაცილებით.

10. სააპელაციო საჩივარში დავის საგანია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა.

11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 417-ე მუხლით, 418-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს მოუწოდებს და ავალდებულებს კიდეც სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით რომ ეს გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან.

12. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპს ეფუძნება პირგასამტეხლოს ოდენობის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობაც, თუმცა ამ თავისუფლების საზღვრების განმსაზღვრელიც არის სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, კანონი დაცვითი მექანიზმის სახით – პირგასამტეხლოს დანიშნულების ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, სასამართლოს ანიჭებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას.

13. პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია.

14. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

15. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

16. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

17. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.

18. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან მოთხოვნილი პირგასამტეხლო 55 200 ლარის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალია და სამოქალაქო უფლების არამართლზომიერად განხორციელებაზე მიუთითებს. ასეთ პირობებში პირგასამტეხლოს დანიშნულება, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის მეთოდი, კარგავს თავის ამგვარ დანიშნულებას და იქცევა მოვალის დასჯის ერთ-ერთ მექანიზმად, რაც დაუშვებელია. ვადის გადაცილების პერიოდისა (25 დღე) და მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, ასევე, პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულების მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და საფუძვლიანად შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

20. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ ნაკისრი ვალდებულება დროულად და ჯეროვნად არ შეასრულა.

21. მხარემ დაუსაბუთებლად მიიჩნია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ კასატორის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი ოდენობისაა, რაც დააფუძნა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების დროზე (25 დღე) და მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო სავარაუდო ზიანზე.

22. კასატორმა განმარტა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების პირობები და, მათ შორის, პირგასამტეხლოს ოდენობაც შეთანხმებული იყო ამ ხელშეკრულების დადების დროს და ცნობილი იყო მოწინააღმდეგე მხარისათვის.

23. ამასთან, მოსარჩელის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისა და პროდუქტის დათქმულ დროს მიუწოდებლობის გამო, კასატორი იძულებული გახდა, საჭირო პროდუქცია შეეძინა ადგილობრივ ბაზარზე და სანაცვლოდ გადაეხადა გაცილებით მეტი თანხა. აღნიშნული ფაქტი, სსსკ-ის 131-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე თავად მოსარჩელემაც აღიარა.

24. კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 20 თებერვლის №3კ/486-03 გადაწყვეტილების მსჯელობაზე, რომ ხშირად პირგასამტეხლოს ოდენობა განაპირობებს ხელშეკრულების დადებას და ასეთ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. სწორედ ამგვარ ურთიერთობათა რიგს განეკუთვნება მოცემული დავა. მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის №ას-1015-1287-09 გადაწყვეტილებაზე და მიიჩნია, რომ არ არსებობს მოდავე მხარის პასუხიმსგებლობის შემზღუდველი გარემოების სამართლებრივი წანამძღვრები, ამდენად, სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

26. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

27. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 22 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ძირითად მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინა 240 ტონა მინერალური სასუქი 2014 წლის 20 სექტემბრამდე. ნასყიდობის სრული ღირებულება შეადგენდა 220 800 ლარს.

28. 2014 წლის 13 ოქტომბრამდე მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 202 ტონა მინერალური სასუქი, რომლის ღირებულებას შეადგენდა 185 840 ლარი. მოპასუხემ გადაუხადა ნასყიდობის საფასური – 130 640 ლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 55 200 ლარი.

29. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ ნასყიდობის საგნის მიწოდება მოხდა 25 დღის ვადაგადაცილებით.

30. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე არ დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო პირგასამტეხლოს შემცირებას.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

33. საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის სამართლებრივ წინაპირობას არ ქმნის კასატორის არგუმენტი, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც შეუსაბამოდ მაღალი, გამოხატავს მხარეთა ნებას და მისი შემცირდება დაუშვებელია.

34. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

36. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

37. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

38. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014).

39. ამდენად, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

40. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.

41. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა ზემოაღნიშნული შესაძლებლობა და სადავო პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება კანონიერად ჩათვალა.

42. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სუს 2015 წლის 6 მარტის №ას-1342-1380-2014 განჩინება, სუს 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება, 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება, სუს 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება, სუს 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 განჩინება).

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

45. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

46. მოცემულ შემთხვევაში კასატორს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადაეხადა 5244 ლარი, თუმცა გადაიხადა მხოლოდ 2760 ლარი, დარჩენილი 2484 ლარის გადახდა კი გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

47. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით შპს შპს „ტ.-ისა“ და ს. ნ.-ის მიერ 2016 წლის 26 სექტემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 2760 ლარიდან 1186,8 ლარი (5244 ლარის 30%-ია 1573,2 ლარი, რაც უნდა დარჩეს სახელმწიფო ხაზინაში, შესაბამისად, მხარის მიერ გადახდილი 2760 ლარს უნდა გამოაკლდეს 1573,2 ლარი და დარჩენილი 1186,8 ლარი დაუბრუნდეს კასატორს).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ტ.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ტ.-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით შპს „ტ.-ისა“ და ს. ნ.-ის მიერ 2016 წლის 26 სექტემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 2760 ლარიდან 1186,8 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური