Facebook Twitter

საქმე № 330210015001038027

საქმე №ას-927-892-2016 2 ნოემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „კ.-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ.–მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „„კ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ სახელფასო დავალიანების – 2013 წლის 23 თებერვლიდან 2013 წლის 22 აპრილის ჩათვლით – 3800 ევროს, 2013 წლის 22 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით – 2913 ევროს, სულ – 14 313 ევროს ანაზღაურების, ასევე, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მუშაობდა იმ საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე, რომელსაც ამჟამად მოპასუხე წარმოადგენს. მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 3800 ევროს ეკვივალენტ ლარს.

3. მხარის მითითებით, მან თანამდებობა დატოვა 2013 წლის 15 მაისს პირადი განცხადების საფუძველზე, თუმცა მოპასუხეს გააჩნდა სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ, რომელიც არ აუნაზღაურებია.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა ზიანის ანაზღაურების სახით 32 627 ლარის გადახდის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ უკანონოდ ჩაირიცხა აღნიშნული თანხები, რითაც ზიანი მიაყენა საზოგადოებას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით როგორც ძირითადი, ისე შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 16 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს განესაზღვრა საპროცესო ვადა – 7 დღე და დაევალა სახელმწიფო ბაჟის – 1305.8 ლარის გადახდა. მოგვიანებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 7 დღით.

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე მუხლის მერვე ნაწილით და საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება 2016 წლის 19 ივლისს ჩაბარდა მოპასუხე საზოგადოების რეგისტრატორს (ტ. 2. ს.ფ. 69). ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 20 ივლისიდან სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე და ამოიწურა 2016 წლის 26 ივლისს. შესაბამისად, აპელანტს ხარვეზი უნდა შეევსო 2016 წლის 26 ივლისის ჩათვლით.

9. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა – სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხადა, რაც, სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

11. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, შემდეგ კი იურიდიული პირის დირექტორმა, რაც განპირობებული იყო წარმომადგენლობითი ვადის გასვლისა და ორგანიზაციის დირექტორის შეცვლით.

12. მხარის მოსაზრებით, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებიდან არ ირკვეოდა, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული სააპელაციო საჩივრების მიმართ, ასევე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის შემთხვევაში მიიჩნევდა თუ არა სასამართლო სააპელაციო საჩივარს დასაშვებად და დირექტორის შეცვლა იქონიებდა თუ არა გავლენას სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადაზე.

13. მხარემ მიუთითა, რომ სააპელაციო პალატას არ უმსჯელია სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მხარეებს და არღვევს შეჯიბრებითობის პრინციპს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

16. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

17. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2016 წლის 16 ივნისის განჩინებით სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტ საზოგადოებას დაუდგინა ხარვეზი და დაავალა 7 დღის ვადაში სააპელაციო პალატისათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის – 1305,8 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

18. აპელანტმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადახდის გადავადების შესახებ, კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, რის დასტურად წარადგინა შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 10 თებერვლის და 2016 წლის 17 ივნისის ბრძანებები საზოგადოების საბანკო ანგარიშებზე ინკასოს დადების შესახებ და ამონაწერი რეესტრიდან 2016 წლის 5 მაისის მდგომარეობით, სადაც დაფიქსირებულია ორგანიზაციის მოძრავი ნივთებზე და ქონებაზე აკრძალვა/ყადაღა.

19. სააპელაციო პალატამ 2016 წლის 30 ივნისის განჩინებით იმსჯელა მხარის შუამდგომლობაზე, იხელმძღვანელა სსსკ-ის 47-48-ე მუხლებით და მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ წარმოადგენდნენ მოცემულ ეტაპზე აპელანტის მძიმე მატერიალური მდგომარეობისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს, ვინაიდან არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ საზოგადოებას არ გააჩნდა რაიმე სახის შემოსავალი, ანგარიშზე არსებული თანხები ან სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.

20. სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო პალატამ არ შეაფასა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით.

21. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის დათქმის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით გამოიკვეთა მხარის ინტერესი დავის მიმართა და საკუთარი ინიციატივით გაუგრძელა აპელანტს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა დამატებით 7 დღით.

22. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ აღნიშნული განჩინება აპელანტი საზოგადოების რეგისტრატორს ჩაბარდა 2016 წლის 19 ივლისს (ტომი 2, ს.ფ. 69), სსსკ-ის 70-ე და 73-ე მუხლების მიხედვით კი, აღნიშნული ადასტურებს სასამართლო გზავნილის აპელანტისათვის ჩაბარების ფაქტს.

23. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

24. შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემული ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 20 ივლისიდან და ამოიწურა ამავე წლის 26 ივლისს. აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

25. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილზე, რომლის თანახმად სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

26. მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის, მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა აპელანტს თავისი შეხედულებისამებრ გაუგრძელოს, თუ ამის შესახებ თავად მხარე არ იშუამდგომლებს.

27. მოცემულ შემთხვევაში მხარეს ზემოაღნიშნული შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, არ გაეგრძელებინა საპროცესო ვადა აპელანტისათვის და იმთავითვე დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი განუხილველად. აღნიშნულის მიუხედავად, მხარეს ყველა შესაძლო საშუალება მიეცა სასამართლოს მხრიდან, რათა გამოესწორებინა ხარვეზი და სრულიად დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევის თაობაზე.

28. სრულიად დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებიდან არ ირკვეოდა, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული სააპელაციო საჩივრების მიმართ, ასევე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის შემთხვევაში მიიჩნევდა თუ არა სასამართლო სააპელაციო საჩივარს დასაშვებად და დირექტორის შეცვლა იქონიებდა თუ არა გავლენას სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადაზე.

29. სააპელაციო სასამართლომ როგორც ხარვეზის დადგენის, ისე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებებში სავსებით ამომწურავად განუმარტა აპელანტს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მოხდებოდა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება, თუმცა მითითებული მოვალეობა მხარემ არ შეასრულა.

30. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „კ.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე