საქმე № 330210014601638
საქმე №ას-948-913-2016 2 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ჟ.-ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა, ფულადი ვალდებულების შესრულება (ძირითად სარჩელში), ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გ. ჟ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.-ის (შემდგომში – მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების ½-ის მესაკუთრედ აღიარების, მოპასუხისათვის ქორწინების განმავლობაში დაგროვილი ფულადი აქტივების ½-ის, კერძოდ: მის სახელზე სს „პ.-ში“ გახსნილ ანგარიშზე არსებული 10 000 ევროსა და 2013 წლის 22 ივლისიდან დარიცხული სარგებლის – 1350 ევროს ½-ის – 5675 ევროს; 4000 აშშ დოლარის და 2013 წლის 28 დეკემბრიდან დარიცხული სარგებლის – 561 აშშ დოლარის ½-ის 2280 აშშ დოლარის; ასევე, მოპასუხისვე სახელზე სს „ლ.-ში“ გახსნილ ანგარიშზე არსებული 25 000 ლარისა და დარიცხული სარგებლის – 4385 ლარის ნახევრის – 14 692 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების შესახებ
მოპასუხისა და შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოსარჩელესთან განქორწინებისა და მხარეთა საერთო არასრულწლოვანი შვილის სარჩენად ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო უძრავი ნივთის 1/3-ის მესაკუთრედ, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 9000 ლარისა და 3000 ევროს გადახდა, შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, მოსარჩელეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 19 მარტს სარჩელის აღძვრის მომენტიდან არასრულწლოვანი შვილის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად ალიმენტის – 300 ლარის ანაზღაურება, რაც ძირითადმა მოსარჩელემ ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ ხელწერილის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელეს პირადად ჩაბარდა 2016 წლის 18 ივლისს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის (შემდგომში – სსსკ) შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 19 ივლისიდან და ბოლო დღეს წარმოადგენდა 2016 წლის 1 აგვისტო, ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილება აპელანტს გააჩნდა 2016 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით. მხარემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2016 წლის 16 აგვისტოს.
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, 374-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით და მიიჩნია, რომ აპელანტმა დაარღვია კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
8. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას 2016 წლის 5 ივლისს ესწრებოდა მხოლოდ მოსარჩელის წარმომადგენელი. 2016 წლის 18 ივლისს თავად მოსარჩელემ ჩაიბარა გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, რადგან დასაბუთებული ვერსია მზად არ იყო, იგი მომზადდა დაახლოებით ივლისის ბოლოს და მოსარჩელის წარმომადგენელმა ჩაიბარა 2016 წლის 4 აგვისტოს. აღნიშნულის შესახებ ხელწერილი არ დაერთო საქმეს მოსამართლისა და მისი თანაშემწის შვებულებაში ყოფნის გამო, რამაც გამოიწვია გაუგებრობა.
9. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა სააპელაციო პალატას უნდა აეთვალა 2016 წლის არა 19 ივლისიდან, არამედ 5 აგვისტოდან, შესაბამისად, ვადა ამოიწურა 18 აგვისტოს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2016 წლის 16 აგვისტოს, კანონით დადგენილი ვადის დაცვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. წარმოდგენილი კერძო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.
12. სსსკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
13. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.
14. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამდენად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.
15. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება; 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).
16. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი (ტომი 2, ს.ფ. 483), რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმის მასალებში წარმოდგენილი მინდობილობით (ტომი 2 , ს.ფ. 413).
17. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემული საქმის მე-2 ტომის №503 გვერდზე წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, 2016 წლის 18 ივლისს მოსარჩელემ პირადად ჩაიბარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი.
18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ 2016 წლის 18 ივლისს მხარემ ჩაიბარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, რა დროსაც დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო და იგი აპელანტს გადაეცა მოგვიანებით, – 2016 წლის 4 აგვისტოს.
19. კერძო საჩივარში მითითებული ეს გარემოება არც ზემოთ დასახელებული ხელწერილიდან და არც სხვა მტკიცებულებიდან არ ირკვევა. აღნიშნული ფაქტის დადასტურება კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, აპელანტი მხარის მოვალეობას წარმოადგენდა.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ თავისი არგუმენტის სარწმუნოდ დასაბუთება ვერ შეძლო და ამისათვის მხოლოდ მხარის განმარტება საკმარისი არ არის.
21. ამდენად, სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 2016 წლის 19 ივლისიდან სწორად აითვალა და მართებულად განმარტა, რომ მხარემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 14-დღიანი ვადის ამოწურვის – 2016 წლის 1 აგვისტოს შემდეგ – 2016 წლის 16 აგვისტოს. შესაბამისად, არსებობდა სსსკ-ის 369-ე და 374-ე მუხლებით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
22. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მართებულად დარჩა განუხილველად და კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ჟ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე