Facebook Twitter

საქმე № 020211416700010966

საქმე №ას-953-918-2016 22 ნოემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. დ.-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ჭ.-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ. დ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ჭ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების, ძირითადი მოთხოვნის ოდენობის 1800 აშშ დოლარით, პირგასამტეხლოს – 1000 აშშ დოლარის შემცირებისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის – 300 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2012 წლის 14 აგვისტოს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ სამი თვის ვადით მიიღო 6000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5% სარგებლის დარიცხვით და იპოთეკით დატვირთა კუთვნილი უძრავი ქონება. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დადგინდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3%-ის ოდენობით.

3. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება სრულად ვერ შეასრულა, თუმცა მოწინააღმდეგის ინიციატივით ამოწერილ სააღსრულებო ფურცელში თანხის ოდენობა დაფიქსირდა არასწორად.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ მარტივი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა მოთხოვნა ძირითადი თანხის ნაწილში და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5700 აშშ დოლარის გადახდა, შემცირდა მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო და იგი განისაზღვრა 0,1%-ით, გამოთვლილ იქნა 5700 აშშ დოლარიდან და განისაზღვრა 353.4 აშშ დოლარით, დაკმაყოფილებული სარჩელის ნაწილში გაუქმდა სააღსრულებლო ფურცელი, სხვა ნაწილში კი სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სესხის ძირი თანხისათვის (6000 აშშ დოლარისათვის) 1200 აშშ დოლარის გამოკლებაზე, ასევე, იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა პირგასამტეხლოს 0.01%-მდე შემცირებაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

კასატორის მოთხოვნა:

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და მისი სააპელაციო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი საადვოკატო და სანოტარო ხარჯების ნაწილში დარჩა განუხილველად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ 2013 წლის 16 ივლისს მოპასუხის წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტში (ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში) და მოსარჩელის შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში განისაზღვრა 4800 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო – 353.4 აშშ დოლარით შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სააპელაციო პალატამ, უპირველეს ყოვლისა, მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, განუხილველად დარჩა მოსარჩელის საკასაციო საჩივარი საადვოკატო და სანოტარო ხარჯების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების თაობაზე, შესაბამისად, ამ ეტაპზე აპელანტის ეს მოთხოვნა არ არის პალატის განსჯის საკითხი.

12. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელისათვის 353.4 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება მოპასუხეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, ამდენად, შესაგებელში დაფიქსირებული მის მოსაზრებები პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით პალატამ არ გაიზიარა.

13. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2012 წლის 14 აგვისტოს მოპასუხეს (გამსესხებელი) და მოსარჩელეს (მსესხებელს) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ მოსარჩელეს ასესხა 6000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით სარგებლის – ყოველთვიურად სესხის თანხის 5%-ს დარიცხვით.

14. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ, კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთებოდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, შეთანხმებულ ვადაში სესხის ან/და მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში მსესხებელს ეკისრება პირგასამტეხლო –ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის გადასახდელი თანხის 0.3%-ს გადახდა.

15. 2012 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულება სანოტარო წესით დადასტურდა ნოტარიუსის მიერ.

16. 2013 წლის 16 ივლისს ნოტარიუსის მიერ კრედიტორის სასარგებლოდ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს: ძირითადი თანხას – 6000 აშშ დოლარს; პირგასამტეხლოს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის – 18 აშშ დოლარს 2013 წლის 14 მაისიდან აღსრულებამდე; ადვოკატის მომსახურების ხარჯს – 300 ლარს; სააღსრულებო ფურცლის ამოწერისათვის გადახდილ საზღაურს – 125,54 ლარს. ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

17. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი წარდგენილ იქნა კერძო აღმასრულებელთან, რომელმაც 2013 წლის 24 ივლისს მოსარჩელეს გაუგზავნა წინადადება სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით გადახდის შესახებ.

18. აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი წინადადებაში მითითებული მოვალის ვალდებულება განსხვავდება იმ ვალდებულებისაგან, რაც ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით არის განსაზღვრული, კერძოდ: 2013 წლის 24 ივლისს, კერძო აღმასრულებლის მიერ მოვალეს წარედგინა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის ვალდებულება მოპასუხის მიმართ განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: 6000 აშშ დოლარი – ძირითადი თანხა; 125,54 – ნოტარიუსის მომსახურების თანხა; 1152 აშშ დოლარი – პირგასამტეხლო; 300 ლარი – ადვოკატის მომსახურების თანხა.

19. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2013 წლის 16 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ვალდებულება მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ არ შეუსრულებია.

20. 2012 წლის 15 ოქტომბერს მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუგზავნა 300 აშშ დოლარი, 2012 წლის 14 ნოემბერს – 300 აშშ დოლარი, 2012 წლის 14 დეკემბერს – 300 აშშ დოლარი, 2013 წლის 16 თებერვალს – 300 აშშ დოლარი, 2013 წლის 18 მარტს – 200 აშშ დოლარი, 2013 წლის 20 მარტს – 100 აშშ დოლარი, 2013 წლის 15 აპრილს – 300 აშშ დოლარი, 2013 წლის 21 მაისს – 300 აშშ დოლარი, ანუ სულ მოსარჩელემ მოპასუხემ გადაიხადა 2100 აშშ დოლარი.

21. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეთა შეთანხმება სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის სესხის პროცენტის (სარგებლის) გადახდის თაობაზე არ არსებობს. ასევე, არ არსებობს შეთანხმება 2012 წლის 14 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე. მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გამსესხებელს გააჩნია მოთხოვნის უფლება 3 თვის სესხის პროცენტზე (სარგებელზე) და ის შეადგენს 900 აშშ დოლარს (6000 *5%=300$; 300 $* 3 თვეზე = 900$).

22. იქედან გამომდინარე, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 2100 აშშ დოლარი, მას უნდა გამოაკლდეს 3 თვის პროცენტი, ანუ 900 აშშ დოლარი, რის შემდგომაც მოსარჩელის მიერ ზედმეტად გადახდილი რჩება 1200 აშშ დოლარი. სწორედ აღნიშნული თანხა უნდა გამოაკლდეს ძირითად ვალდებულებას – 6000 აშშ დოლარს და სესხის ძირითადი თანხის სახით გადასახდელად მოსარჩელეს უნდა განესაზღვროს 4800 აშშ დოლარი.

23. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში გადაწყვეტილება მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია, ხოლო მოსარჩელის სასარგებლოდ შემცირება სასამართლოს გონივრულად მიიჩნია, არ არსებობს პირგასამტეხლოს უფრო მეტად შემცირების საფუძველი.

24. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2013 წლის 16 ივლისს.

25. სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის სამართლებრივად შეფასებისათვის იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 623-ე, 625-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილით. პალატამ დაადგინა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 4.7 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების ნებისმიერ ცვლილებას ან დამატებას ძალა აქვს იმ შემთხვევაში, თუ იგი შედგენილია წერილობითი ფორმით, ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოხსენებული ფორმით ამ ხელშეკრულების ვადა მხარეთა შორის არ გაგრძელებულა.

26. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 403-ე მუხლის საფუძველზე მიუთითა, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

27. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ვალდებულებები მოპასუხეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეუსრულებია.

28. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე, დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

29. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისადმი განხორციელებული ფულადი გზავნილები უნდა ჩაითვალოს სესხად მიღებული თანხის როგორც პროცენტად, ისე ძირითად თანხად, კერძოდ, საქმეში, ს.ფ. 26-იდან 33-ის ჩათვლით წარმოდგენილია სალაროს შემოსავლის ორდერები, ფულადი გზავნილის შესახებ, რომლის თანახმად 2012 წლის 15 ოქტომბრიდან 2013 წლის 21 მაისის ჩათვლით მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 2100 აშშ დოლარი. სესხი იყო პროცენტიანი (5%), შესაბამისად, 3 თვის პროცენტი შეადგენს 900 აშშ დოლარს. 2100$-900$=1200$-ს, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელის მიერ 900 დოლარის ზემოთ გადახდილი 1200 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს გადასახდელ ძირითად თანხას – 6000 აშშ დოლარს და მოპასუხის ფულადი ვალდებულება, ძირითადი თანხის ნაწილში, უნდა განისაზღვროს 4800 აშშ დოლარით. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ პირგასამტეხლოს – 353.4 აშშ დოლარს, გადაწყვეტილება ამ ნაწილში მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია, ხოლო მოსარჩელისათვის ამ თანხის კიდევ უფრო მეტად შემცირებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

30. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ ნაწილობრივ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება პირგასამტეხლოს ნაწილში შემდეგი საფუძვლებით:

31. კასატორმა მიიჩნია, რომ სსკ-ის 417-ე და 420-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ძირითადი ვალდებულების ოდენობა – 4800 აშშ დოლარი, ვალდებულების დარღვევის დრო – 62 დღე და პირგასამტეხლოს ოდენობა 0,01%-მდე შეემცირებინა, რადგან დიდი ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მოვალეს.

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

33. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

34. 2012 წლის 14 აგვისტოს მოპასუხეს (გამსესხებელი) და მოსარჩელეს (მსესხებელს) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ მოსარჩელეს ასესხა 6000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით სარგებლის – ყოველთვიურად სესხის თანხის 5%-ს დარიცხვით.

35. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ, კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთებოდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, შეთანხმებულ ვადაში სესხის ან/და მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში მსესხებელს ეკისრება პირგასამტეხლო –ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის გადასახდელი თანხის 0.3%-ს გადახდა.

36. 2012 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულება სანოტარო წესით დადასტურდა ნოტარიუსის მიერ.

37. 2013 წლის 16 ივლისს ნოტარიუსის მიერ კრედიტორის სასარგებლოდ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

38. საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ, ფულადი გზავნილის თანახმად, 2012 წლის 15 ოქტომბრიდან 2013 წლის 21 მაისის ჩათვლით მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 2100 აშშ დოლარი. სესხი იყო პროცენტიანი (5%), შესაბამისად, 3 თვის პროცენტი შეადგენს 900 აშშ დოლარს.

39. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ შესასრულებელი ძირითადი ვალდებულება წარმოადგენდა 4800 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლო – 353.4 აშშ დოლარს.

40. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მსჯელობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სასამართლოს იგი 0,01%-მდე უნდა შეემცირებინა.

41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

42. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

44. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

45. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

46. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

47. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

48. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

49. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

50. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

51. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

52. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოვალემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

53. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორმა მხარემ უკვე მოახდინა მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების უფლების რეალიზება, ამ კუთხით სააპელაციო პალატის მსჯელობა სწორია, ხოლო მხარეს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

54. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

55. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. დ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური