საქმე № 010210115001161996
საქმე №ას-968-933-2016 30 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ც. კ.-ე, ტ. დ.-ე, მ. ც.-ე
მოსარჩელე – შპს „პ.-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, დაკისრებული თანხის შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „პ.-ი-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.-ისა“ (შემდგომში – მოპასუხე) და ნოტარიუს ხ. კ.-ის მიმართ ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 25 მაისს მოსარჩელის წინააღმდეგ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოსარჩელისათვის ამავე სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული 308 524.20 აშშ დოლარის 100 000 აშშ დოლარამდე შემცირების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2012 წლის 10 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც საკრედიტო ხაზის მოცულობა განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარით. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 10 წლით, წლიური საპროცენტო განაკვეთი – 5%-დან 49%-მდე.
3. 2012 წლის 14 თებერვალს დასახელებული ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ბანკისაგან მიიღო კრედიტი – 85 000 აშშ დოლარი. მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და 2012 წლის 14 სექტემბრამდე კრედიტი დაფარა.
4. 2012 წლის 10 თებერვალის ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 31 იანვარს გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება და მოსარჩელემ ბანკისაგან მიიღო კრედიტი 250 000 აშშ დოლარის ოდენობით. სესხი გაიცა 9 თვის ვადით. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ც. კ.-ის, ტ. დ.-ის, მ. ც.-ის, მ. შ-ისა და ჟ. ხ.-ის, ო. ფ.-ის უძრავი ქონება.
5. მოსარჩელის მითითებით, მან ბანკის სასარგებლოდ გადაიხადა 100 000 აშშ დოლარი.
6. მხარემ განმარტა, რომ მოპასუხის მოთხოვნის შედეგად 2015 წლის 25 მაისს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დააკისრა 308 524.20 აშშ დოლარისა და 120 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 223 512. 90 აშშ დოლარი, დარიცხული საპროცენტო სარგებელი – 47 161.64 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 37 749.66 აშშ დოლარი. თანხის ამოღების მიზნით დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.
7. მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ არცერთი საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეები არ შეთანხმებულან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე. ყველა ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ დავა უნდა გადაწყდეს სასამართლოს მიერ. ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემა გათვალისწინებულია მხოლოდ იპოთეკის ხელშეკრულებებში, რომლის მონაწილეც მოსარჩელე არ არის. შესაბამისად, ბანკისა და იპოთეკის მესაკუთრის შეთანხმება არ წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულების მონაწილეთა ნების გამოვლენას, სწორედ ამიტომ ნოტარიუსს არ ჰქონდა უფლება, სააღსრულებო ფურცელი გაეცა და დაედგინა მისი ვალდებულების მოცულობა. შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი უნდა გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოსარჩელის ვალდებულება უნდა შემცირდეს რეალურ ვალდებულებამდე – 100 000 აშშ დოლარამდე.
მოპასუხის პოზიცია:
8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს სესხად გადასცა 250 000 აშშ დოლარი. მას ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა ყოველთვიური შენატანებით, თუმცა სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. მისი გადასახდელი ძირითადი თანხაა 223 512.90 აშშ დოლარი, დარიცხული საპროცენტო სარგებელი – 47 161.64 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 37 749.66 აშშ დოლარი. იმ საკრედიტო ხელშეკრულებებში, რომლითაც კრედიტი იქნა გაცემული, მხარეები არ შეთანხმებულან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ნოტარიუსისათვის მიმართვისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე, მაგრამ ასეთ დათქმას შეიცვას იპოთეკის ხელშეკრულება, რაც ნოტარიუსისათვის მიმართვისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის საკმარისი საფუძველია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2015 წლის 25 მაისს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელში გაუქმდა მერვე პუნქტი – „აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა“, სხვა ნაწილში კი სააღსრულებო ფურცელი დარჩა უცვლელად, დაკისრებული თანხის შემცირების ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა დავის საგნის არარსებობის გამო.
10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ც. კ.-ემ, ტ. დ.-ემ, მ. ც.-ემ, ო. ფ.–მა და ჟ. ხ.–მა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე, 364-ე მუხლებით და განმარტა, რომ მითითებული ნორმა ადგენს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს, ხოლო სხვა პირთა მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს.
13. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმის მასალებით (სასამართლო სხდომის ოქმით, გადაწყვეტილებით) დადგენილია, რომ მოსარჩელეს წინამდებარე დავაში წარმოადგენდა შპს „პ.-ი“, მოპასუხეებს – სს „ს.-ი“ და ნოტარიუსი ხ. კ.-ი.
14. რაც შეეხებათ აპელანტებს, ისინი სამოქალაქო საქმეში – შპს „პ.-ი-ის“ სარჩელის გამო, მოპასუხეების – სს „ს.-ისა“ და ნოტარიუს ხ. კ.-ის წინააღმდეგ არცერთ მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე და არც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირები არ არიან, ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტთა მიმართ გამოტანილი არ არის და არც მათ კანონიერ ინტერესს ეხება.
15. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტები თავის უფლებათა დასაცავად არ არიან უფლებამოსილი, გაასაჩივრონ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება, რადგან გადაწყვეტილება არ შეხებია მათ ინტერესს, აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად. სააპელაციო პალატამ აღნიშნული პოზიცია დაამყარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ №ას-364-715-07 საქმეზე არსებულ განმარტებას.
16. სააპელაციო პალატის განმარტებით, დავის საგანი შეეხებოდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მე-8 პუნქტის გაუქმებას და დაკისრებული თანხის შემცირებას, სადაც მხარეები არიან იურიდიული პირები, ხოლო აპელანტების (იპოთეკარების) ინტერესებს გადაწყვეტილება არ შეხებია.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ და აპელანტებმა შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:
18. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სადავო სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, რადგან იგი გაიცა კანონდარღვევით.
19. მხარის მითითებით, მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ სარჩელში აპელანტები დასახელებული არიან მესამე პირებად. სარჩელში ასახულია მათი პირადი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოს აპელანტები მესამე პირებად გადაწყვეტილებაში არ მოუხსენებია, თუმცა აღნიშნული ფაქტი არ ართმევთ მათ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას. აღსანიშნავია, რომ წარდგენილ იქნა ერთიანი სააპელაციო საჩივარი. გასაჩივრებული განჩინების შინაარსი არ პასუხობს კანონის მოთხოვნებს.
20. მხარემ მიიჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება პირდაპირ და უშუალოდ ეხება მესამე პირების ინტერესებს, ამდენად, სადავო სააპელაციო საჩივარი დასაშვებია.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით შპს „პ.-ი-ის“, ჟ. ხ.–ისა და ო. ფ.–ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
22. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს ც. კ.-ის, ტ. დ.-ისა და მ. ც.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მითითებულ პირთა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
23. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ისეთი პირების მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე მიღებული განჩინების კანონიერება, რომლებიც საქმეში მხარეებს ან მესამე პირებს არ წარმოადგენენ.
24. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ შპს „პ.-ი-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – სს „ს.-ისა“ და ნოტარიუს ხ. კ.-ის მიმართ ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 25 მაისს მოსარჩელის წინააღმდეგ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ, ხოლო მოცემული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მხარემ მოითხოვა მოსარჩელისათვის ამავე სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული 308 524.20 აშშ დოლარის 100 000 აშშ დოლარამდე შემცირება.
25. სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელემ მესამე პირებად მიუთითა ის ფიზიკური პირები (აპელანტები), რომელთა ქონებაც იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კრედიტის უზრუნველსაყოფად, თუმცა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სასამართლოს მათთვის მესამე პირის სტატუსი კანონით განსაზღვრული წესის დაცვით არ მიუნიჭებია.
26. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „პ.-ი-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2015 წლის 25 მაისს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი გაუქმდა მერვე პუნქტში – „აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა“, სხვა ნაწილში კი სააღსრულებო ფურცელი დარჩა უცვლელად, დაკისრებული თანხის შემცირების ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა დავის საგნის არარსებობის გამო.
27. ამდენად, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, ჰქონდათ თუ არა ზემოაღნიშნულ პირებს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება.
28. სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
29. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონმდებელი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს და პირდაპირ ასახელებს იმ საპროცესო სტატუსს, რომლის მქონე პირებს ყველა შემთხვევაში შეუძლიათ სააპელაციო საჩივრის წარდგენა, ასეთად მიიჩნევიან უშუალოდ დავის მხარეები და მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. აღნიშნული სუბიექტების მოთხოვნების განხილვა დისპოზიციურად საფუძვლად უდევს სასარჩელო წარმოებას, შესაბამისად, მათ მიმართ სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილების კუთხით რაიმე შეზღუდვის დაწესება დაუშვებელია.
30. ამდენად, მოცემულ საქმეზე უნდა გაირკვეს, იქონიებს თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი გავლენას აპელანტთა უფლებებსა და ინტერესებზე.
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტები არიან ფიზიკური პირები, რომელთა უძრავი ქონება დაიტვირთა იპოთეკით მოსარჩელის სასესხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად.
32. მოცემული დავის ფარგლებში იხილება საკითხი, უნდა გაუქმდეს თუ არა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი ვალდებულების შესრულება და აღნიშნულისათვის დადგინდა აპელანტთა კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია. ასევე, სასამართლოს მსჯელობის საგანია, რა ოდენობით უნდა დაეკისროს მოსარჩელეს მოპასუხისათვის თანხის გადახდის მოვალეობა და რა ოდენობის თანხის დასაფარად უნდა მოხდეს იპოთეკით დატვირთული ნივთების რეალიზაცია.
33. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ ეხება აპელანტთა ინტერესებს, შესაბამისად, სააპელაციო პალატის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონშეუსაბამოა და სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოხმობილი განჩინება საქმე №ას-364-715-07. აღნიშნულ განჩინებაში საუბარია ისეთ შემთხვევაზე, როდესაც გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება არანაირ კავშირში არ იყო მისი გასაჩივრების მსურველ პირთა უფლებებთან, რაც ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებების შეფასებით დგინდება.
34. შესაბამისად, დასაბუთებულია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ სააპელაციო პალატას უნდა გამოერკვია, კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება ხელყოფდა თუ არა აპელანტის კანონიერ ინტერესებს და მხოლოდ აღნიშნულის გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით.
35. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს ც. კ.-ის, ტ. დ.-ისა და მ. ც.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მითითებულ პირთა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. კ.-ის, ტ. დ.-ისა და მ. ც.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინება ც. კ.-ის, ტ. დ.-ისა და მ. ც.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მითითებულ პირთა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე