საქმე № 240210015001161608
საქმე №ას-980-944-2016 22 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ., ლ. და მ. ს.-ები, ი., თ. და მ. ც.-ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტა, უფლებამონაცვლის დადგენა, ქონების მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულების წესით რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „თ.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ., ლ. და მ. ს.-ების, ი., თ. და მ. ც.-ების (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისთვის თანხის დაკისრება, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურებისა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების შეწყვეტა, უფლებამონაცვლის დადგენა, ქონების მესაკუთრედ ცნობა, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების იძულების წესით რეალიზაცია.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმა თ. ს.-სთან (შემდგომში – მამკვიდრებელი), რის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეთა კუთვნილი უძრავი ქონება. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მამკვიდრებელი გარდაიცვალა, ხოლო მოპასუხეებს დავალიანება არ დაუფარავთ და სესხის გადახდის გრაფიკი დაარღვიეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით აპელანტებს, ხარვეზის შევსების მიზნით, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით 4034 ლარის გადახდის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარმოდგენისათვის განესაზღვრათ ვადა – 10 დღე.
6. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 სექტემბრის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობის საფუძველზე მათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღით გაუგრძელდათ.
7. აღნიშნულ ვადაში აპელანტთა წარმომადგენელმა კვლავ მიმართა შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ხარვეზის ვადის კვლავ გაგრძელება.
8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტთა შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლით და განმარტა, რომ სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები, სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 52-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (მათ შორის სახელმწიფო ბაჟი), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
11. სააპელაციო პალატის მითითებით, სასამართლო საქმეს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით იხილავს და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და წარმოდგენილი შუამდგომლობის კანონშესაბამისობის შემოწმების გზით უნდა დაადგინოს გონივრული ბალანსი იმგვარად, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილების გზით სამართალწარმოების გაუჭიანურებლად დაცულ იყოს მეორე მხარის უფლებებიც.
12. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა ხარვეზით, რს გამოსასწორებლად მხარეს განესაზღვრა ვადა და შემდეგ გაუგრძელდა იგი, შედეგად დასახელებული სამოქალაქო საქმე ხარვეზის შევსების ეტაპზეა 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
13. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შუამდგომლობის მართებულობის დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება აპელანტ მხარეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის პრინციპისა და იმის გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს უსაფუძვლოდ საქმის განხილვის გაჭიანურება, სსსკ-ის 368-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
15. კერძო საჩივრის ავტორებმა განმარტეს, რომ აპელანტი მხარის მოთხოვნის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ არ გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა. პალატის მიერ დადგენილ დროში კი მხარემ ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
18. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
19. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტებს დაუდგინა ხარვეზი და დაავალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 4034 ლარის გადახდა.
20. აღნიშნული განჩინება აპელანტთა წარმომადგენელს, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმის მასალებში არსებული რწმუნებულებებით (ს.ფ. 173-199), ჩაბარდა 2016 წლის 21 ივლისის, ამავე წლის 1 აგვისტოს კი, მან იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელების შესახებ, ვინაიდან აპელანტები იმყოფებოდნენ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში და 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟი ვერ გადაიხადეს.
21. სააპელაციო პალატამ 2016 წლის 2 სექტემბრის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მხარეს ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადა დამატებით 10 დღით გაუგრძელა. მითითებული განჩინება კანონის მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ჩაბარდა აპელანტების წარმომადგენელს 2016 წლის 7 სექტემბერს. აღნიშნული ფაქტი კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია.
22. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
23. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.
24. შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს, რომ სასამართლო გზავნილი აპელანტებს ჩაბარდა 2016 წლის 7 სექტემბერს.
25. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემული ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 8 სექტემბრიდან და ამოიწურა 2016 წლის 19 სექტემბერს (17-18 სექტემბერი იყო დასვენების დღეები).
27. მითითებულის მიუხედავად, აპელანტებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ. მათმა წარმომადგენელმა კვლავ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო პალატას და ეკონომიკურ პრობლემებზე მითითებით მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება ერთი კვირით.
28. სსსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
29. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. შესაბამისად, დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა (სუსგ 30.01.2015წ. საქმე №ას-1238-1178-2014).
30. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტებს საკმარისი და გონივრული ვადა მიეცათ ხარვეზის გამოსასწორებლად. მათი მოთხოვნით საპროცესო ვადა ერთხელ გაგრძელდა, შესაბამისად, სადავო ვადის კიდევ გაგრძელება გამოიწვევდა საქმის განხილვის ვადის გაუმართლებელ გაჭიანურებას და ხელყოფდა მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს.
31. რაც შეეხება აპელანტების განცხადებაში და კერძო საჩივარში არსებულ მითითებას, რომ მხარემ სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ შეძლო ფინანსური პრობლემების გამო, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ზემოთ მოყვანილი გარემოების მტკიცების ტვირთი აპელანტებს ეკისრებათ. მათ კი აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარუდგინეს.
32. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ., ლ. და მ. ს.-ების, ი., თ. და მ. ც.-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე