Facebook Twitter

საქმე №010298816700022632

საქმე №ას-991-954-2016 4 ნოემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ზ. თ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – სს ბანკი „რ.-ა“ (განმცხადებელი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

განმცხადებლის მოთხოვნა:

1. სს ბანკმა „რ.-ამ“ (შემდგომში – განმცხადებელი, კრედიტორი) განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ზ. თ.-ის (შემდგომში – მოპასუხე, სოლიდარული თავდები) მიმართ, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, უძრავი ქონების გასხვისებისა და სანივთო-სამართლებრივი უფლებით დატვირთვის აკრძალვის შესახებ.

განცხადების საფუძვლები:

2. განმცხადებლის განმარტებით, თ. გ.-ს (შემდგომში – მოვალე) და სს ბანკი „რ.-ას“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს კრედიტის სახით გადაეცა 8500 ლარი. საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა ზ. თ.-თან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით.

3. 2016 წლის 21 ივლისის მდგომარეობით, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოვალეს ერიცხება დავალიანება – 4458,56 ლარი. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეები არ ასრულებენ ვალდებულებას. მოპასუხის უძრავი ქონება ერთადერთი საშუალებაა, საიდანაც შესაძლებელია, მოხდეს გადახდევინება და გადაწყვეტილების რეალურად აღსრულება, ხოლო საარბიტრაჟო წარმოების დაწყებამდე მისი გასხვისების შემთხვევაში, იარსებობს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის რისკი, შეუძლებელი გახდება კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქონების სანივთო უფლებით დატვირთვის შემთხვევაში, რადგან შესაძლოა, ქონების რეალური ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდეს. ამასთან, მოპასუხის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, მოპასუხე ვერ ასრულებს ვალდებულებას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, მოპასუხეს აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ნივთის გასხვისება და სანივთო-სამართლებრივი უფლებით დატვირთვა (იპოთეკა, აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 35618-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, „არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, 191-ე მუხლით, 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ განცხადებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველი.

საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

7. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. მიწის ნაკვეთი, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს უზრუნველყოფა, მხარის ერთადერთ უძრავ ქონებას წარმოადგენს. ამჟამად მოპასუხე ოჯახთან ერთად ცხოვრობს მეგობართან, რადგან სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. სამომავლოდ იგი აპირებდა ნაკვეთზე სახლის აშენებას, თუმცა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში დასახულ გეგმებს ვეღარ განახორციელებს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგი დასაბუთებით:

9. სსსკ-ის 35613-ე მუხლის პირველი ნაწილის, 35618-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 191-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. აღნიშნული ინსტიტუტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა წინასწარი და დროებითი ხასიათის ღონისძიებაა და ხდება დარღვეული ან სადავო უფლების შესახებ არსებითი მსჯელობისაგან დამოუკიდებლად, სასამართლოს ან არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

10. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებაში აღნიშნავდა, რომ აპირებდა საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრას მოპასუხეთა მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით, ანუ მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრას, რაც გულისხმობს, რომ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის (მიზანი) დადგომა დამოკიდებულია არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე (როგორც ეს აღიარებითი სარჩელების შემთხვევაშია), არამედ, ასევე, მოპასუხის ნებაზე. მან უნდა განახორციელოს გარკვეული მოქმედება თანხის გადახდის თაობაზე. ასეთი ნების არარსებობის პირობებში გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა დამოკიდებული ხდება ისეთ მექანიზმზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება. ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს საშუალება, საიდანაც (იძულებითი რეალიზაციით) გადაწყვეტილების აღსრულება და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი. სწორედ ამ საშუალების არსებობისა და შენარჩუნებისათვის გარანტიებს ქმნის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელსაც სასამართლო მიმართავს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებით იზღუდება მოპასუხის ნება, გაასხვისოს ანდა სხვაგვარად დატვირთოს საკუთრება.

11. შპს „დავების განმხილველი ცენტრის“ 2016 წლის 10 აგვისტოს დადგენილებით დასტურდება, რომ წარმოებაში იქნა მიღებული განმცხადებლის სარჩელი მოპასუხისა და მოვალის მიმართ.

12. სააპელაციო პალატის მითითებით, საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მას ქონების დაყადაღებით ხელი ეშლება სახლის მშენებლობაში. პალატამ განმარტა, რომ გასაჩივრებული განჩინებით სოლიდარულ თავდებს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მხოლოდ გასხვისება, იპოთეკით, აღნაგობით, უზუფრუქტით და სერვიტუტით დატვირთვა, შესაბამისად, გამოყენებული უზრუნველყოფის ფარგლებში საჩივრის ავტორს მითითებულ ქონებაზე მესაკუთრის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებაში შეზღუდგა განჩინებით დაწესებული არ აქვს. გამოყენებული ღონისძიება უზრუნველყოფს მოდავე მხარეთა ინტერესებს შორის ბალანს.

13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ადეკვატური და თანაზომიერია დავის საგანთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

15. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო პალატის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერება.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სსსკ-ის 35613-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით.

17. საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრისას მისი უზრუნველყოფის წესს ითვალისწინებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი, რომელიც ადგენს მსგავს შემთხვევებში სსსკ-ის XXIII თავის გამოყენების შესაძლებლობას.

18. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

19. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ უნდა მიუთითოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სარწმუნო და დამაჯერებელ საფუძველზე, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

20. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

21. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

22. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.

23. სსსკ-ის 192-ე მუხლის თანახმად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს სასამართლოში განჩინების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

24. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფაზე ზრუნვა მხარეს ჯერ კიდევ მის შეტანამდე 10 დღით ადრე შეუძლია.

25. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კრედიტორმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სოლიდარული თავდების მიმართ და მოითხოვა, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, უძრავი ქონების გასხვისებისა და სანივთო-სამართლებრივი უფლებით დატვირთვის აკრძალვა.

26. განმცხადებელმა განმარტა, რომ გეგმავს ძირითადი მოვალისა და სოლიდარული თავდების მიმართ მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრას. მოპასუხის უძრავი ქონება ერთადერთი საშუალებაა, რაზეც შესაძლებელია აღსრულების მიქცევა, ხოლო საარბიტრაჟო წარმოების დაწყებამდე უძრავი ნივთის გასხვისების შემთხვევაში იარსებობს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის რისკი, შეუძლებელი გახდება კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქონების სანივთო უფლებით დატვირთვის შემთხვევაში, რადგან შესაძლოა, ქონების რეალური ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდეს. ამასთან, მოპასუხის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, მოპასუხე ვერ ასრულებს ვალდებულებას.

27. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ კრედიტორის სასარგებლოდ მომავალში შესაძლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად გამართლებულია გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი სოლიდარული მოვალის უძრავი ქონების მიმართ განხორციელებული საკუთრების უფლების შეზღუდვების გამოყენება. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ კრედიტორმა საარბიტრაჟო სარჩელი გასაჩივრებული განჩინებით მითითებულ 10-დღიან ვადაში წარადგინა.

28. განსახილველი საჩივრის საფუძვლად მხარე მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის სადავო ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში იგი ვეღარ შეძლებს მიწის ნაკვეთზე (რომლის მიმართაც მიექცევა უზრუნველყოფის ღონისძიება) სახლის აშენებას.

29. აღნიშნული კუთხით დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მითითება, რომ სასამართლოს აკრძალვა ვრცელდება მხარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მხოლოდ გასხვისებაზე, იპოთეკით, აღნაგობით, უზუფრუქტითა და სერვიტუტით დატვირთვაზე, რაც შეეხება სხვა სახის შეზღუდვებს, ასეთს გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს.

30. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. თ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისისა და 21 ოქტომბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე