საქმე № 010210015001084343
საქმე №ას-996-959-2016 30 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს.-ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ.-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ს.-ამ“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ლ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ 21160 ლარის გადახდისა და შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადაუხდელობისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 21160 ლარის 0.07%-ის ანაზღაურების შესახებ, რაც სარჩელის აღძვრამდე შეადგენს 1185 ლარს.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 26 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელმ იკისრა ვალდებულება, მოპასუხის მშენებარე სახლზე შეესრულებინა ფასადის სამუშაოები. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მოპასუხეს უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანებას დაერიცხება საურავი – 0.07%.
3. 2014 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 13 360 ლარი. აქედან მოპასუხემ ნაწილ-ნაწილ აუნაზღაურა ჯერ 2800 ლარი, შემდეგ კი – 300 ლარი. მიღებული თანხიდან 1560 ლარი გადაუხადა ხელოსნებს, რის შემდეგ ვალდებულება აღარ შესურულებია. მოპასუხე ხელოსნებს ნაწილ-ნაწილ აძლევდა ხელფასს, მაგრამ ეს თანხა სალაროში არ შეჰქონდა.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ სამუშაოები სრულყოფილად არ შეასრულა. ის სამუშაოთა შესრულებამდე წინასწარ ითხოვდა თანხის გადახდას, რაზეც უარი ეთქვა და მხარემ მუშაობა შეწყვიტა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 25 ივლისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მხარეს დაევალა, აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით, სააპელაციო სასამართლოსათვის წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 743,8 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.
8. 2016 წლის 30 აგვისტოს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელება. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საწარმოს საქმიანობა დროებით შეჩერებული აქვს და მოცემულ დროში სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდა ვერ შეძლო.
9. სააპელაციო პალატის 2016 წლის 8 სექტემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გაუგრძელდა ვადა 10 დღით. მასვე განემარტა, რომ, თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
10. 2016 წლის 28 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოს კვლავ მიმართა აპელანტმა ხარვეზის შესავსებად ვადის 5 დღით გაგრძელების თაობაზე. განმცხადებელმა მიუთითა, რომ კომპანია არ ფუნქციონირებს და აქვთ პრობლემები, რის გამოც ვერ ახერხებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას.
11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარის შუამდგომლობა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აპელანტს, სასამართლოს განჩინებით ერთხელ უკვე გაუგრძელდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა.
12. გარდა ამისა, აპელანტმა მეორედ წარდგენილ განცხადებაში სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობისა და ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნის საფუძვლად კვლავ ეკონომიური პრობლემები მიუთითა, თუმცა განცხადებაში მითითებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
13. ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სასამართლოს განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის მეორეჯერ გაგრძელების თაობაზე აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
14. საქმეზე წარმოდგენილი სასამართლოს გზავნილით ირკვევა, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ-ის) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა აპელანტის საზოგადოების დირექტორის მეუღლეს 2016 წლის 14 სექტემბერს.
15. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის განჩინების შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის ვადა ჰქონდა 2016 წლის 26 სექტემბრის 24:00 საათამდე, რაც არ განუხორციელებია.
16. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 74-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა წარმომადგენლის (დირექტორის) ოჯახის წევრს, მეუღლეს, ამდენად, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტისათვის ჩაბარებულად ითვლება 2016 წლის 14 სექტემბერს.
17. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო, კერძოდ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 743,8 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება და სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
18. აპელანტს დაუბრუნდა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 150 ლარი.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
20. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად უთხრა უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის ვადის დამატებით 5 დღით გაგრძელებაზე. საზოგადოებამ ვერ შეძლო დროულად თანხის გადახდა ფინანსური სირთულეების გამო. საქმის განხილვისადმი ინტერესი მხარემ იმით დაადასტურა, რომ წინასწარ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის ნაწილი – 150 ლარი, რაც სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა.
21. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისას სასამართლო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით, კერძოდ, საყურადღებოა Kreuz v. Poland, Urbanek v. Austria, Weissman and others v. Romenia, Chatellier v. France, Kniat v. Poland.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
22. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
23. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
24. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
25. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2016 წლის 25 ივლისის განჩინებით სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტს დაუდგინა ხარვეზი და დაავალა 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 743.8 ლარის გადახდა. ამავდროულად, მხარეს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.
26. აპელანტმა იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს წინაშე ხარვეზის გამოსასწორებლად საპროცესო ვადის 10 დრით გაგრძელების შესახებ, რაც 2016 წლის 8 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა, თუმცა მხარეს განემარტა, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა გამოიწვევდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.
27. აღნიშნული განჩინება აპელანტს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა აპელანტი საზოგადოების დირექტორის ოჯახის სრულწლოვან წევრს – მეუღლეს 2016 წლის 14 სექტემბერს.
28. აპელანტმა კვლავ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელების შესახებ, ვინაიდან კომპანია ამჟამად არ ფუნქციონირებს და არსებობს პრობლემები.
29. სააპელაციო პალატამ მითითებული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.
30. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
31. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემული ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 15 სექტემბრიდან და ამოიწურა 2016 წლის 26 სექტემბერს (24-25 სექტემბერი იყო დასვენების დღეები).
32. მითითებულის მიუხედავად, აპელანტმა ზემოაღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
33. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატას კიდევ უნდა გაეგრძელებინა ხარვეზის შესავსებად დარჩენილი ვადა.
34. სსსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
35. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. შესაბამისად, დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა (სუსგ 30.01.2015წ. საქმე №ას-1238-1178-2014).
36. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტს საკმარისი და გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად – თავდაპირველად 15 დღე, შემდეგ მისი მოთხოვნით საპროცესო ვადა კიდევ 10 დღით გაგრძელდა, შესაბამისად, სადავო ვადის კიდევ გაგრძელება გამოიწვევდა საქმის განხილვის ვადის გაუმართლებელ გაჭიანურებას და ხელყოფდა მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს.
37. რაც შეეხება მხარის მითითებას, რომ სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდა ვერ შეძლო ფინანსური პრობლემების გამო, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ზემოთ მოყვანილი გარემოების მტკიცების ტვირთი აპელანტს ეკისრება. მან კი აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარუდგინა.
38. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს ხარვეზი დაუდგინა და, მხარის მიერ მისი შეუვსებლობის გამო, საჩივარი განუხილველად დატოვა კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობების შემოწმება სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევად ვერ შეფასდება.
39. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს.-ა“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე