Facebook Twitter

საქმე № 010230816700016597

საქმე №ას-1008-969-2016 30 ნოემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. ხ.-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ს.-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი დასაბუთება:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ს.-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ს.-ას (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა, მას რ. ხ.-ის (შემდგომში – მოპასუხე, განმცხადებელი) სასარგებლოდ დაეკისრა სადავო საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის 11 187.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, სანაცვლოდ მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის საკუთრებაში არსებული 125.67 კვ.მ ფართის მესაკუთრედ.

განმცხადებლის მოთხოვნა და საფუძვლები:

2. 2016 წლის 18 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

3. განმცხადებელმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაიანგარიშა სადავო ფართის ღირებულება და ოდენობა, რაც დასტურდება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 17 მარტის დასკვნით. აღნიშნული დასკვნის თანახმად დგინდება, რომ სადავო საცხოვრებელ სახლზე წარმოდგენილი ტექნიკური ინვენტარიზაციისა და საჯარო რეესტრის დოკუმენტაციაში მანსარდის სათავსი ნაჩვენები და აღრიცხული არ არის, ხოლო ინდივიდუალური მეწარმე „ა. თ.-ის“ მიერ შესრულებულ შიდა აზომვით ნახაზზე გამოსახულია პირველი სართულის შიდა აზომვით ნახაზზე მითითებული პირველი სართულის გეგმა და სხვენის გეგმა, რომელზეც ნაჩვენებია სხვენში ასასვლელი კიბე. ამავე გეგმის პარამეტრების მიხედვით, თუ აღნიშნულ სხვენში იქნებოდა მოწყობილი მანსარდის სათავსი, მაშინ მისი ფართი სამშენებლო ნორმებისა და წესების 2.08.01-89 საცხოვრებელი შენობის სავალდებულო №2 დანართის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით იქნებოდა 19.09 კვ.მ.

4. ამდენად, განმცხადებლის მითითებით, საჯარო რეესტრისა და ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს დოკუმენტაციის შესაბამისად, სადგომს არ გააჩნია მანსარდი სათავსი, ხოლო თუ იქნება მოწყობილი ასეთი სათავსი სამშენებლო ნორმების შესაბამისად, ის შეადგენდა 19.09 კვ.მ-ს და არა 66.12 კვ.მ-ს. როგორც ეს სადგომის შიდა აზომვით ნახაზზეა დაფიქსირებული.

5. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს“ მიერ 2016 წლის 13 აპრილს გაცემული №. აქტით სადავო ფართის ფოტომასალებში ასახული შენობა-ნაგებობის თავზე მდებარე სხვენს 2011 წლის 29 აპრილის მდგომარეობით საბაზრო ღირებულება არ გააჩნია, ვინაიდან სხვენის საბაზრო ღირებულება დამოკიდებულია მისი გამოყენების შესაძლებლობაზე, რისთვისაც საჭიროა, არსებობდეს შესაბამისი პროექტი და მშენებლობის ნებართვა, რაც საკვლევ ობიექტზე განმცხადებლის განმარტებით გაცემული არ არის.

6. მხარემ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური მეწარმის მიერ 2011 წლის 29 აპრილს გაკეთებული სადგომის შეფასების დასკვნაში 66.12 კვ.მ სხვენი შეტანილია უსაფუძვლოდ. თუ გავითვალისწინებთ, რომ აუდიტს სადგომი 1 კვ.მ შეფასებული აქვს საშუალოდ 356 აშშ დოლარად, სხვენი კი 66.12 კვ.მ-ია, თანხობრივად აღნიშნული შეადგენს 23544 აშშ დოლარს.

7. განმცხადებლის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნა გაცემულია 2016 წლის 17 მარტს, შესაბამისად, მისთვის ახლახანს გახდა ცნობილი განცხადებაში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. სააპელაციო პალატამ მოცემული განცხადებაზე მსჯელობისას იხელმძღვნელა სსსკ-ის კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, 423-ე მუხლის მე-3 ნაწილით. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განმცხადებლის არგუმენტაცია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ემყარება იმ გარემოებას, რომ 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო ინდივიდუალური მეწარმე „ა. თ.-ის“ 2011 წლის 29 აპრილის აუდიტორულ დასკვნას, რომლითაც სადავო სადგომი შეფასებულია 44750 აშშ დოლარად და შენობის შიდა აზომვით ნახაზს, რომლის შესაბამისად მოსარჩელის მიერ დაკავებული სადგომის ძირითადი ფართი შეადგენს 59.55 კვ.მ-ს, ხოლო სხვენი – 66,12 კვ.მ-ს, სულ – 125,67 კვ.მ.

9. განმცხადებლის განმარტებით, არასწორად იქნა დაანგარიშებული სადავო ფართის ღირებულება და ოდენობა, რაც დასტურდება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 17 მარტის დასკვნით. მითითებული დოკუმენტით დგინდება, რომ საცხოვრებელ სახლზე წარმოდგენილი ტექნიკური ინვენტარიზაციისა და საჯარო რეესტრის დოკუმენტაციაში მანსარდის სათავსი ნაჩვენები და აღრიცხული არ არის, ხოლო ინდივიდუალური მეწარმე „ა. თ.--ის“ მიერ შესრულებულ შიდა აზომვით ნახაზზე გამოსახულია პირველი სართულის შიდა აზომვით ნახაზზე დატანილი პირველი სართულისა და სხვენის გეგმა, რომელზეც ნაჩვენებია სხვენში ასასვლელი კიბე. სადავო საცხოვრებელ სახლზე ინდივიდუალური მეწარმის მიერ შესრულებულ სხვენის გეგმაზე მითითებული პარამეტრების მიხედვით, თუ აღნიშნულ სხვენში იქნებოდა მოწყობილი მანსარდის სათავსი, მაშინ მისი ფართი სამშენებლო ნორმებისა და წესების 2.08.01-89 საცხოვრებელი შენობის №2 სავალდებულო დანართის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, იქნებოდა 19.09 კვ.მ. ამდენად, განმცხადებლის მითითებით, საჯარო რეესტრისა და ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს დოკუმენტაციის შესაბამისად, სადგომს არ გააჩნია მანსარდ-სათავსი, ხოლო თუ იქნება მოწყობილი ასეთი სათავსი, სამშენებლო ნორმების შესაბამისად, ის შეადგენს 19.09 და არა 66.12 კვ.მ-ს, როგორც ეს სადგომის შიდა აზომვით ნახაზზეა დაფიქსირებული (ს/ფ 31, ტ. 1).

10. აღნიშნულის გარდა სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა განმცხადებლის მითითებაზე, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს“ მიერ 2016 წლის 13 აპრილს გაცემული №. აქტით ფოტომასალებში ასახული სადავო შენობა-ნაგებობის თავზე არსებულ სხვენს 2011 წლის 29 აპრილის მდგომარეობით საბაზრო ღირებულება არ გააჩნია, ვინაიდან სხვენის საბაზრო ღირებულება დამოკიდებულია მისი გამოყენების შესაძლებლობაზე, რისთვისაც საჭიროა, არსებობდეს შესაბამისი პროექტი და მშენებლობის ნებართვა, რაც საკვლევ ობიექტზე განმცხადებლის განმარტებით გაცემული არ არის.

11. აღნიშნულის გათვალისწინებით განმცხადებელმა დაასკვნა, რომ ინდივიდუალური მეწარმის მიერ 2011 წლის 29 აპრილს შესრულებული სადგომის შეფასების დასკვნაში 66.12 კვ.მ სხვენი შეტანილია უსაფუძვლოდ. თუ გავითვალისწინებთ, რომ აუდიტს სადგომი 1 კვ.მ შეფასებული აქვს საშუალოდ 356 აშშ დოლარად, სხვენი 66.12 კვ.მ-ია, თანხობრივად აღნიშნული შეადგენს 23544 აშშ დოლარს.

12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული მტკიცებულებები (სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 17 მარტის დასკვნა და 2016 წლის 13 აპრილის გაცემული №. აქტი) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად ვერ დაედება, ვინაიდან არ აკმაყოფილებს ამგვარი ფაქტების ახლად აღმოჩენილ გარემოებად კვალიფიკაციისათვის საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, სარწმუნოდ უნდა დასტურდებოდეს საქმის განხილვის დროისათვის მხარის მიერ აღნიშნული ფაქტების მიუთითებლობისა და მტკიცებულებათა მოპოვების შეუძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში დასახელებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შესაძლებლობა განმცხადებელს საქმის არსებითად განხილვის დროისათვის ისევე ჰქონდა, როგორც დღეის მდგომარეობით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განხილვის ეტაპზე. შესაბამისად, არ დასტურდება მისი ბრალის გამომრიცხველი გარემოებები მტკიცებულებათა მოპოვების შეუძლებლობასთან მიმართებით.

13. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა და 102-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებელმა ვერ დაასაბუთა ამავე კოდექსის 423-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული იმ ობიექტური გარემოების არსებობა, რომელმაც ხელი შეუშალა მას, საინჟინრო ექსპერტიზა ჩაეტარებინა წინამდებარე სამოქალაქო საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ წარმოდგენილი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

16. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოცემული დავა რთულ კატეგორიას განეკუთვნება, რადგან გადაწყვეტილება სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ შეიცვალა. საქმის მასალებში განთავსებულია შპს „ა.-ას“ დასკვნა ქონების შეფასების შესახებ, რომელსაც უნდა ახლდეს დანართი 3 გვერდად. აღნიშნულის ნაცვლად კი, დანართი განთავსებულია ერთ გვერდზე შენობის შიდა აზომვითი ნახაზის სახით.

17. მხარის მითითებით, სასამართლომ ვერ შეძლო საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ვერ გაერკვა ვერც შესაფასებელი ობიექტის მაიდენტიფიცირებელ ელემენტში და ვერც შეფასების სისწორეში. აუცილებელი იყო, სპეციალური ცოდნა, რაც სასამართლოს არ გააჩნდა. აღნიშნული მიზეზით სახურავი, რომელიც ყველა სახლს გააჩნია, ჩაითვალა სხვენად, 66,12 კვ.მ შეფასდა 23544 აშშ დოლარად.

18. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი არც თავად ფლობდა სპეციალურ ცოდნას, რისთვისაც მიმართა საექსპერტო დაწესებულებას და მიიღო შესაბამისი დასკვნები. აღნიშნული მტკიცებულებები სააპელაციო პალატამ არასწორად ჩათვალა ისეთ დოკუმენტებად, რომელთა წარდგენა მხარეს საქმის არსებითად განხილვის დროსაც შეეძლო. მითითებული მტკიცებულებების მოპოვება საქმის არსებითად განხილვისას შეუძლებელი იყო, რადგან ამ დროს ისინი არ არსებობდნენ. მოპასუხეს გააჩნდა სასამართლოს მიმართ ნდობა და მოლოდინი, რომ მიღებული იქნებოდა საქმეში წარდგენილ მტკიცებულებათა შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც ასე არ მოხდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

21. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და მესამე ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

23. აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

24. მითითებული ნორმის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე.

25. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება. აღნიშნული გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მოპასუხის (განმცხადებლის) სასარგებლოდ დაეკისრა სადავო საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის – 11 187.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, სანაცვლოდ მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის საკუთრებაში არსებული 125.67 კვ.მ ფართის მესაკუთრედ.

26. კერძო საჩივრის ავტორმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არასწორად მოახდინა სადავო საცხოვრებელი სადგომის შემადგენილი ნაწილის იდენტიფიცირება და ასევე არასწორად განსაზღვრა ფართის ღირებულება. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მხარემ წარმოადგინა ახალი მტკიცებულებები – სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 17 მარტის დასკვნა და 2016 წლის 13 აპრილის გაცემული №. აქტი. მითითებული დოკუმენტების მოგვიანებით წარდგენის მიზეზად კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია ის ფაქტი, რომ საქმის არსებითად განხილვისას მხარეს ჰქონდა სასამართლოს მიმართ ნდობა და მოლოდინი, რომ მიღებული იქნებოდა საქმეში წარდგენილ მტკიცებულებათა შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც არ გამართლდა.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებითად განხილვისას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი).

28. შესაბამისად, მხარე ვალდებულია, მისი არგუმენტების მტკიცებულებებით დადასტურებისათვის ყველა ღონე იხმაროს ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დასაწყის ეტაპზე. მას არ გააჩნია საპროცესო შესაძლებლობა, დაელოდოს საქმის განხილვის შედეგს და შემდეგ გადაწყვიტოს, წარადგინოს თუ არა სხვა მტკიცებულებებიც საკუთარი პოზიციის სარწმუნოდ სამტკიცებლად.

29. აღნიშნული წესი და აკრძალვა მით უფრო ეხება უკვე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განცხადების წარსადგენისას მხარის მიერ მითითებულ გარემოებებსა და მათი დადასტურებისათვის წარდგენილ მტკიცებულებებს.

30. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მოპასუხეს დაუბრკოლებლად შეეძლო, მის მიერ განცხადებაზე დართული საექსპერტო დასკვნა და აქტი მოეპოვებინა და წარედგინა ჯერ კიდევ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე.

31. კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება მისი ავტორის მითითება, რომ სადავო მტკიცებულებები მოცემული საქმის არსებითად განხილვის დროს არ არსებობდა. დოკუმენტების არარსებობა გამოწვეული იყო არა მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, რასაც კანონმდებელი საპატიოდ მიიჩნევს, არამედ იმ ფაქტით, რომ მხარეს აღნიშნული მასალების მოსამზადებლად შესაბამისი საექსპერტო დაწესებულებისათვის არ მიუმართავს.

32. ამდენად, საფუძვლიანი და კანონიერია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ განმცხადებელმა ვერ დაასაბუთა სსსკ-ის 423-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ობიექტური გარემოების არსებობა, რომელმაც ხელი შეუშალა მას საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარებაში წინამდებარე სამოქალაქო საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე.

33. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ხ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე