საქმე № 330210014689427
საქმე №ას-1054-1015-2016 30 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს „ქ.–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების განხორციელების ფაქტის აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „მ.-იმ“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ქ.–ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა 2014 წლის 10 ნოემბრის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა დირექტორთა საბჭოს შემადგენლობის ცვლილებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე, 2014 წლის 10 ნოემბრის კრებაზე მოსარჩელის გამოთქმული თანხმობის საფუძველზე, დირექტორთა საბჭოს წევრობიდან გათავისუფლებულად იქნეს ცნობილი ა.-ი და ა.-ი და სანაცვლოდ კომპანიის ახალ დირექტორებად დანიშნულად იქნეს ცნობილი ნ.-ი და კ.-ი, ხოლო კომპანიის ფინანსური დირექტორის უფლებამოსილება მინიჭებულად იქნეს ცნობილი რ.-ისათვის.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე საზოგადოების 45% წილის მფლობელი პარტნიორია, ხოლო მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე – შპს „კ.-ა“, ა.-ი და შპს „თ.“ (შემდგომში – მესამე პირები) არიან 5,43%, 5% და 44,57% წილის მფლობელი პარტნიორები. კომპანიის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს კოლეგიური ორგანო – დირექტორთა საბჭო, რომელიც შედგება 6 წევრისაგან. წესდების მიხედვით, სამი წევრი ინიშნება შპს „თ.-ისა“ და „კ.-ას“ მიერ, ხოლო სამი წევრი – მოსარჩელის მიერ.
3. პარტნიორთა რიგგარეშე კრებამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭოს ორი ახალი წევრის დანიშვნის თაობაზე, რაც ეწინააღმდეგება კომპანიის მოქმედ წესდებას და არღვევს პარტნიორთა წესდებით უზრუნველყოფილ უფლებას.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
განმცხადებლის მოთხოვნა
6. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, აეკრძალოს მოპასუხესა და მის პარტნიორებს მოპასუხე საზოგადოების წესდებაში ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილების მიღებისა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ისეთი ცვლილების განხორციელების უფლებამოსილება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს: 1. საზოგადოების მმართველობითი ორგანოების სტრუქტურასა და დაკომპლექტების წესზე; 2. დირექტორთა საბჭოს წევრების რაოდენობაზე; 3. დირექტორთა საბჭოსა და პარტნიორთა კრების უფლებამოსილებებზე; 4. საზოგადოების მმართველი ორგანოების მიერ წესდებით დადგენილი გადაწყვეტილების მიღების წესსა და გადაწყვეტილების მისაღებად წესდებით დადგენილ საჭირო ხმათა უმრავლესობის პროცენტულობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის განჩინებით განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაზეც მოსარჩელემ შეიტანა საჩივარი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის განჩინება და მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, მოპასუხესა და მის პარტნიორებს აეკრძალათ მოპასუხე საზოგადოების წესდებაში ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილების მიღება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ისეთი ცვლილების განხორციელება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს: 1. მოპასუხე საზოგადოების მმართველობითი ორგანოების სტრუქტურასა და დაკომპლექტების წესზე; 2. დირექტორთა საბჭოს წევრების რაოდენობაზე; 3. დირექტორთა საბჭოსა და პარტნიორთა კრების უფლებამოსილებებზე; 4. საზოგადოების მმართველი ორგანოების მიერ წესდებით დადგენილი გადაწყვეტილების მიღების წესსა და გადაწყვეტილების მისაღებად წესდებით დადგენილ საჭირო ხმათა უმრავლესობის პროცენტულობაზე.
საჩივრის ავტორის მოთხოვნა და მოტივები:
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
10. მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატა გასცდა საკუთარ კომპეტენციას, როდესაც შეიჭრა პარტნიორთა კრების უფლებამოსილების სფეროში და აუკრძალა რიგი გადაწყვეტილებების მიღება.
11. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მოპასუხის მიერ სააპელაციო პალატისათვის წარდგენილი 2007 წლის 5 სექტემბრის პარტნიორთა ხელშეკრულება, რომელიც დაიდო მოპასუხე საზოგადოების რეგისტრაციამდე. აღნიშნული ხელშეკრულების 3.04 მუხლი არეგულირებს, თუ როგორ უნდა დაკომპლექტდეს კომპანიის დირექტორთა საბჭო, „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: კომპანიის დირექტორთა საბჭოს (შემდგომში ასევე „დ-ს“) უნდა ჰყავდეს 6 წევრი: კომპანიის რეგისტრირებული დირექტორები იქნებიან ბ-ნი მ.-ი (მხარე „ა-ს“ წარმომადგენელი) და ბ.ნი ა.-ი (მხარე „ბ-ს“ წარმომადგენელი). წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭება ბ-ნ მ.-ს. მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ კომპანიის წესდებით კომპანიის ანგარიშთა მართვის უფლებამოსილება მიენიჭოს ორივე დირექტორს ერთობლივად. დირექტორების გარდა, დირექტორთა საბჭო შედგება ა.-ის ერთი წარმომადგენლისაგან, „მ.-ს“ ერთი წარმომადგენლისაგან, შპს „კ.“ ერთი წარმომადგენლისაგან (შპს „კ.“ დირექტორი) და შპს „თ.-ს“ ერთი წარმომადგენლისაგან (შპს „თ.-ს“ დირექტორი). მხარეები წინამდებარე დოკუმენტის შესაბამისად, თანხმობას აცხადებენ, პარტნიორთა კრებაზე გამოიყენონ თავიანთი ხმის უფლება „მხარე ა-ს“ და „მხარე ბ-ს“ მიერ დასახელებული პირების არჩევის მიზნით“.
12. მხარემ განმარტა, რომ ხელშეკრულების 3.04 პუნქტის თანახმად, ა. გ.-ი პირადად შედის დირექტორთა საბჭოში და ამავდროულად მას უფლება აქვს, ჰყავდეს კიდევ ერთი წარმომადგენელი დირექტორთა საბჭოში. გარდა ამისა, ხელშეკრულების 3.03 (ბ) პუნქტის შესაბამისად, ყველა სახის გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ხმათა 55%-ით და არა 60%-ით, როგორც ეს წესდებაშია ნათქვამი.
13. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ხელშეკრულების 6.10 მუხლის მიხედვით, კომპანიის წესდებასა და ხელშეკრულებას შორის შეუსაბამობისას უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულებას.
14. ამდენად, მხარემ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება როგორც კანონს, ისე მოპასუხე საზოგადოების პარტნიორთა 2007 წლის 5 სექტემბრის ხელშეკრულებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად შემდეგი მოტივებით:
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე, 271-ე მუხლების, 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება აღსრულება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ დარღვეულ უფლებასა, თუ კანონიერ ინტერესზე აპელირება, არ წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს. მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი და დასაბუთებული ეჭვი ვალდებულების მომავალში შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველია, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებაში უნდა მდგომარეობდეს. სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილი განცხადების დასაბუთებისადმი არსებული მოთხოვნა იმგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მომთხოვნი პირი ვალდებულია, უტყუარი მტკიცებულებების წარდგენით დაამტკიცოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. აღნიშნული მოთხოვნა არ გამომდინარეობს არც სსსკ-ის 191-ე მუხლიდან და არც სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მარეგულირებელი სხვა ნორმებიდან.
17. სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია, ალბათობის მაღალი ხარისხით, იმ გარემოებების არსებობის ვარაუდზე მითითება, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ.
18. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორც მოპასუხის უფლებები) შორის. გარდა ამისა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის, მთავარი პრინციპი – აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება. სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება.
19. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა იყოს განპირობებული იმ ვარაუდით, რომ სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები იურიდიულად ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამასთან, უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონიერი ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის.
20. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვა იმ რეალობის ან მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე, შესაძლოა, არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდეს და საკუთარი ქონება გაასხვისოს, ფინანსური სახსრები განკარგოს, გადამალოს, რის შედეგადაც მოსარჩელის უფლება განუხორციელებელი დარჩება.
21. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა იყოს გონივრული, ემსახურებოდეს სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, როგორც პირველადი, ასევე, მეორადი მოთხოვნების შესრულებისათვის გარანტიების შექმნას.
22. სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია განმარტოს, რომ უფლების დროებით შეზღუდვის დროსაც მნიშვნელოვანია გონივრული ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის.
23. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ გასაჩივრებულ განჩინებაში გაიზიარა საჩივრის ავტორის არგუმენტები და განმარტა, რომ 2016 წლის 8 თებერვლის კრების ოქმი ცხადჰყოფს დირექტორთა საბჭოს კომპლექტაციისა და წესდებაში ცვლილებების შეტანის მცდელობას, რამაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას შეიძლება შეუშალოს ხელი. ამგვარი დასკვნის საფუძველია ის ფაქტი, რომ 2016 წლის 8 თებერვალს მოწვეულ იქნა მოპასუხე საზოგადოების პარტნიორთა კრება, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭოს კომპლექტაციაში პერსონალური და რაოდენობრივი ცვლილების შეტანისა და წესდებაში ცვლილების შეტანის წესის თაობაზე მაშინ, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით, 2014 წლის 10 ნოემბრის კრებაზე მოსარჩელის გამოთქმული თანხმობის საფუძველზე დირექტორთა საბჭოს წევრობიდან გათავისუფლებულად იქნა ცნობილი ა.-ი და ა.-ი და სანაცვლოდ კომპანიის ახალ დირექტორებად დანიშნულად იქნენ ცნობილნი ნ,-ი და კ,-ი, ხოლო კომპანიის ფინანსური დირექტორის უფლებამოსილება მინიჭებულად იქნა ცნობილი რ,-ისათვის. დირექტორთა საბჭოს ამგვარი კომპლექტაცია სწორედაც, რომ პირველი ინსტანციის მიერ წესდების განმარტებას ეფუძნება, შესაბამისად, ერთი მხრივ, არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება წესდების განმარტების გზით დირექტორთა საბჭოს კომპლექტაციის თაობაზე და, მეორე მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, დირექტორთა საბჭოს პერსონალური და რაოდენობრივი კომპლექტაციის შესახებ და აღნიშნულ კომპლექტაციასთან დაკავშირებით წესდებაში ცვლილების შეტანის წესზე, რაც რაღა თქმა უნდა, წინააღმდეგობრივია, და ემსახურება მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელშეშლას.
24. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოდგენილ საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, სააპელაციო ინსტანციაში წარმოდგენილი 2007 წლის 5 სექტემბრის ხელშეკრულება საქმეზე არსებითი მსჯელობის საგანია, მას შემდეგ, რაც აღნიშნული მტკიცებულება დასაშვებად იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ.
25. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებობს და მიზანშეწონილია არსებული სახით უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
26. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
27. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მხრიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის კანონიერება.
28. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომლის თანახმად დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ.
29. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მხარეებს ანიჭებს საპროცესო უფლებამოსილებას, მოახინონ მათ სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველყოფა, კერძო:
30. სსსკ-ის კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
31. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
32. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
33. ამდენად, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
34. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.
35. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნეს ცნობილი ნაწილობრივ 2014 წლის 10 ნოემბრის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმი დირექტორთა საბჭოს შემადგენლობის ცვლილებაზე უარის თქმის ნაწილში, 2014 წლის 10 ნოემბრის კრებაზე მოსარჩელის გამოთქმული თანხმობის საფუძველზე დირექტორთა საბჭოს წევრობიდან გათავისუფლებულად იქნა ცნობილი ა,-ი და ა,-ი და სანაცვლოდ კომპანიის ახალ დირექტორებად დანიშნულად იქნენ ცნობილი ნ,-ი და კ,-ი, ხოლო კომპანიის ფინანსური დირექტორის უფლებამოსილება მინიჭებულად იქნა ცნობილი რ,-ისათვის.
36. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაკმაყოფილების პირობებში საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
37. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ 2016 წლის 8 თებერვლის კრების ოქმი მოწმობს დირექტორთა საბჭოს კომპლექტაციისა და წესდებაში ცვლილებების შეტანის მცდელობას, რამაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას შეიძლება შეუშალოს ხელი.
38. სააპელაციო პალატამ მართებულად გაამახვილა ყურადღება 2016 წლის 8 თებერვალს მოწვეულ მოპასუხე საზოგადოების პარტნიორთა კრებაზე, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭოს კომპლექტაციაში პერსონალური და რაოდენობრივი ცვლილების შეტანისა და წესდებაში ცვლილების შეტანის წესის თაობაზე.
39. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი ზემოთ მოხმობილი სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ დირექტორთა საბჭოს კომპლექტაცია გამომდინარეობს პირველი ინსტანციის მიერ წესდების განმარტებიდან.
40. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება და სამომავლო მისი აღსრულებისათვის დაბრკოლების შემქმნელია სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭოს პერსონალური და რაოდენობრივი კომპლექტაციის შესახებ და აღნიშნულ კომპლექტაციასთან დაკავშირებით წესდებაში ცვლილების შეტანის წესზე.
41. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება საჩივრის არგუმენტს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უზრუნველყოფაზე მსჯელობისას სააპელაციო პალატას უნდა შეეფასებინა მოპასუხის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი 2007 წლის 5 სექტემბრის „პარტნიორთა ხელშეკრულება“.
42. დასაბუთებულია სააპელაციო პალატის პოზიცია, რომ მითითებული ხელშეკრულების შეფასება, უპირველესად, დამოკიდებულია მის დასაშვებ მტკიცებულებად ცნობაზე და წარმოადგენს დავის არსებითად განხილვის საგანს.
43. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებები უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ქ,–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილისა და 24 ოქტომბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე