საქმე №ას-760-728-2016 4 ნოემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სადაზღვევო თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ს-იმ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი ან დამზღვევი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან მზღვეველი) მიმართ მოპასუხისთვის 3 184 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2012 წლის 10 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმებული ავტოსატრანსპორტო დაზღვევის ხელშეკრულებისა და 2013 წლის 31 იანვრის #... ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისის საფუძველზე მოპასუხის მიერ დაზღვეული იყო ავტომობილი (ტრანპორტის სარეგისტრაციო ნომერი: ...; მარკა/მოდელი: MITSUBISHI GRANDIS; საიდენტიფიკაციო #...; გამოშვების წელი: 2003; სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი: A...). ხელშეკრულება მოქმედებდა 2013 წლის 31 იანვრიდან 2014 წლის 31 იანვრამდე, ხოლო სადაზღვევო თანხა შეადგენდა 10 000 ლარს. 2013 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე, ავტომანქანის სალონში გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც დაზიანდა სალონი და საქარე მინები. დაზიანების აღდგენისთვის საჭიროა 3 267 ლარი. ხანძრის გაჩენაში ვინმეს ბრალეულობა არ იკვეთებოდა, რადგანაც ხანძრის გამომწვევ მიზეზად დადგინდა გარდამავალი წინაღობის ნიშნები. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე ეს გარემოება ეცნობა მოპასუხეს, რომელმაც უარი განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე იმ მიზეზით, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება ტექნიკურად გაუმართავი იყო. მოსარჩელის განმარტებით, ზარალის საერთო ღირებულებას _ 3 267 ლარს, აკლდება ფრანშიზა და სხვა შესაბამისი სხვაობა შეადგენს მის მოთხოვნას.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთუითა მხარეთა შორის გაფორმებული ავტოტრანსპორტის დაზღვევის ხელშეკრულების 5.1.4. პუნქტზე, რომლის თანახმადაც, დამზღვევი/დაზღვეული ვალდებულია, შეინარჩუნოს დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში. ამავე ხელშეკრულების 6.1.11. პუნქტის თანახმად, მზღვეველი არ აანაზღაურებს ზარალსა და დაზიანებას, რომელიც გამოწვეულია ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობით. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მზღვეველის მიერ არ ანაზღაურდება შემთხვევა, რომელიც გამოწვეულია ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნკური გაუმართაობით, რაც დასტურდება შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის მე-5 განყოფილების მიერ ჩატარებული გამოძიების დასკვნით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მზღვეველს დამზღვევის სასარგებლოდ 3184 ლარის გადახდა დაეკისრა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით დამზღვევის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სააკსაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდგეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2012 წლის 10 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება/პირობები. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. დაზღვევის მოქმედების ვადა განისაზღვრა შესაბამისი სადაზღვევო პოლისით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდებოდა მის საფუძველზე გაცემული სადაზღვევო პოლისების მოქმედების ვადის შესაბამისად.
1.2.2. სადაზღვევო შემთხვევად განისაზღვრა ხელშეკრულებით/პირობებით და/ან მის საფუძველზე გაცემული სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკით გამოწვეული ზიანი, რომელიც წარმოშობს მზღვეველის ვალდებულებას, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება.
1.2.3. სადაზღვევო რისკი განისაზღვრა, როგორც მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობას და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა. კასკო სრულის შემთხვევაში დაზღვევა ხორციელდება ყველა რისკისგან, გარდა გამონაკლისებით გათვალისწიენებული შემთხვევებისა და ნაწილობრივი ქურდობისა, კასკო არასრულის შემთხვევაში _ ყველა რისკისგან, გარდა გამონაკლისებით გათვალისწინებული შემთხვევების, ქურდობის, ძარცვის და ყაჩაღობისა;
1.2.4. ხელშეკრულების მე-6 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ გამონაკლისებზე, რომელთა დადგომის შემთხვევაში მზღვეველს არ დაეკისრებოდა ზარალის ანაზღაურება. 6.1.5. პუნქტის თანახმად, მზღვეველი არ აანაზღაურებდა მექანიზმებისა და ელექტრომოწყობილობების გაფუჭებით, მწყობრიდან გამოსვლით, გატეხვით გამოწვეულ ხარჯებს. ძრავის, სიჩქარეების გადაცემათა კოლოფის ნებისმიერ დაზიანებას, გარდა პირდაპირი მექანიკური დაზიანების შემთხვევებისა, ხოლო 6.1.11. პუნქტის თანახმად, მზღვეველი არ ანაზღაურებდა ზარალსა და დაზიანებას, რომელიც გამოწვეული იყო დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების გადატვირთვით, ტექნიკური გაუმართაობით, არასაგზაო პირობებში ექსპლუატაციით, უფლებამოსილი მძღოლის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით;
1.2.5. 2013 წლის 31 იანვარს 2014 წლის 31 იანვრამდე გაიცა #... ავტოსატრანსპორტო დაზღვევის პოლისი. ფრანშიზა დაზიანებაზე განისაზღვრა 83 ლარით, ჯამური სადაზღვევო პრემია _ 700 ლარით, ხოლო უფლებამოსილ პირად _ ნებისმიერი პირი.
1.2.6. 2013 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე დ. ხ-ს სახლში შემოესმა კუთვნილი ავტომობილის ხმოვანი სიგნალი და დაინახა, რომ დაზღვეულ ნივთს ეკიდა ცეცხლი, რომელიც ჩააქრო მეზობლის დახმარებით. ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე, როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამონაკლისზე, სადაზღვევო კომპანიამ განაცხადა უარი.
1.2.7. წარმოშობილი ზარალი გამონაკლისი შემთხვევიდან გამომდინარეობდა, რომლის ანაზღაურების ვალდებულება, ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად სადაზღვევო კომპანიას არ უნდა დაკისრებოდა, კერძოდ: სისხლის სამართლის საქმზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2013 წლის 13 დეკემბრის დადგენილებით (რომელიც სახანძრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკნას ემყარება) დადასტურდა, რომ ავტომობილზე არსებული თერმული დაზიანების ანალიზის საფუძველზე, ხანძრის კერის ზონა დაფიქსირდა სალონის წინა მარცხენა ნაწილში, ხელსაწყოების პანელში. ექპერტიზაზე წარდგენილ ელექტროსადენზე და კონტრაქტორზე დაფიქსირდა გარდამავალი წინაღობის ნიშნები გადახურების სახით; 2013 წლის 13 დეკემბერს აპელანტის ქონებრივი და პასუხისმგებლობის რისკების რეგულიერების დეპარტამენტის დირექტორის სახელზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმარველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-5 განყოფილების მიერ შედგენილი წერილის თანახმად, ავტომანქანაში ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტოგაყვანილობის გაუმართაობაა; შსს საექპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმარველოს დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის გამოკვლევისას და ჩატარებული კვლევების შედეგების ანალიზის საფძველზე დადგინდა, რომ მომხდარი ხანძრის გამომწვევი მიზეზი გარდამავალი წინაღობაა. იმის გამო, რომ გარდამავალი წინაღობის არსებობის აღმოჩენა ძნელია და სწორად დაყენებული ელ.დამცველებიც არ რეაგირებენ, ასეთ შემთხვევაში იზოლაციისა და პლასტმასის მასალის აალება კანონზომიერია. გარდამავალი წინაღობა აგრეთვე იწვევს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა ელ.სადენების გადახურება, იზოლაციის აალება, გადატვირთვა და მოკლე ჩართვა. ჩატარებული კვლევების შედეგების გათვალისწინებით, ხანძრის გაჩენა დაკავშირებულია ელექტროტექნიკურ მიზეზებთან; ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 10 მარტის დასკვნის კვლევითი ნაწილის შესაბამისად, გარდამავალი წინაღობის ხანძარსაშიშროება განისაზღვრება იმით, რომ თვით სწორად შესრულებულ ელექტროდაცვით სისტემასაც კი არ შეუძლია ავტომობილის ელექტროქსელის გათიშვა, რადგან ქსელში დენი არ იმატებს, არამედ მთავრდება სითბოს გამოყოფით. გარდამავალ კონტაქტებზე გამოყოფილი სითბოს შედეგად ხდება კონტაქტთან მდებარე ლოკალური ზონის თანდათანობითი გადახურება. ტემპერატურის ზრდასთან ერთად ძლიერდება ჟანგვითი პროცესები და შეერთების ადგილზე წარმოიქმნება ზეჟანგეულები (მოლურჯო ფერის ლაქები), რომლებიც კიდევ უფრო ზრდის წინაღობას. გარდამავალი წინაღობის წარმოქმნა შეიძლება გამოწვეული იყოს საკონტაქტო ზედაპირზე მტვრის დაგროვებით, ტენიანობის მომატებით და სხვა. ელექტროსისტემის ექპლუატაციის გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, აგრეთვე ავტომობილის მუშაობის დროს წარმოქმნილი ვიბრაციისა და ტემპერატურის ცვალდებადობის შედეგად სრულად შესაძლებელია შეერთების ადგილას სუსტი/არამჭიდრო კონტაქტის წარმოქმნა, რაც იწვევს საკონტაქტო ზედაპირის ჟანგვას, გადახურებასა და შემდგომ ხანძარს. ავტომობილის ელექტროსისტემაში დიდი გარდამავალი წინაღობის წარმოქმნის საწყისი პროცესის დაფიქსირება შესაძლებელია დამცავი იზოლაციის თერმული დაშლის შედეგად გამოყოფილი სპეციფიკური სუნით. ტექნიკური თვალსაზრისით იგი განისაზღვრება ელექტროსისტემის დიაგნოსტიკური შემოწმებით. ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა არ ადასტურებს ავტომანქანის გაუმართაობას, თუმცა ასეთი ზოგადი განმარტება არც საპირისპიროს ადასტურებდა. სადავო გარემოების დასამტკიცებლად საქმის მასალებში წარმოდგენილი იყო შსს საექპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმარველოს დასკვნაც, რომელიც ხანძრის გამომწვევ მიზეზად გარდამავალ წინაღობას მიიჩნევდა. სააპელაციო პალატის დასკვნით, მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება არ ადასტურებდა ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ კონკრეტული ავტომანქანა გამართული იყო, ამასთან გასათვალისწინებელია, ასევე რომ, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს ელექტრომოწყობილობების გაფუჭებით, მწყობრიდან გამოსვლით, გატეხვით განოწვეული ზიანის ანაზღაურება.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. სასამართლოს დასკვნები ემყარება მოსამართლის სუბიექტურ მსჯელობას, რადაგანაც თავად სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, მართალია, არ დგინდებოდა ავტომობილის გაუმართაობის ფაქტი, თუმცა, არც მისი გამართულად მიჩნევის წინაპირობა არსებობდა. სასამართლოს ამ პოზიციის სწორი ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ სახეზე არ იყო დამზღვევის არც განზრახვა და არც უხეში გაუფრთხილებლობა, რაც სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის შესაბამისად, გამორიცხავდა მზღვეველის პასუხისმგებლობას;
1.4.2. სააპელაციო პალატა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას არასწორად დაეყრდნო შსს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-5 განყოფილების წერილს. ხსენებულმა უწყებამ ჩაატარა გამოძიება, რომლის დროსაც წარდგენილი იყო ექსპერტიზის დასკვნა. გამოძიება შეწყდა 2013 წლის 13 დეკემბრის დადგენილებით, ამდენად, გამოძიების მიერ მიღებული პროცესუალური დოკუმენტით გამოირიცხა პირის ბრალეულობა, ხოლო სასამართლოს მიერ მოხმობილი დოკუმენტი წარმოადგენს კერძო პირის სუბიექტურ შეხედულებას. წერილზე ხელმომწერი პირის სტატუსი ასევე გაურკვეველია;
1.4.3. სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი, რომლის ფარგლებშიც სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებისთვის სავალდებულოა, გამოირიცხოს დამზღვევის ბრალეულობა. ეს ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, რომლის უარყოფა ვერც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გახდა შესაძლებელი;
1.4.4. პალატამ არასწორად დაადგინა, რომ სახეზე იყო საგამონაკლისო შემთხვევა. ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევით, რადგანაც სადავო გარემოება დადასტურებულად მიიჩნია მტკიცებულებით, რომელიც არ არის განკუთვნადი.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ არგუმენტებს იმ დასაბუთებით, რომ სასამართლოს მხრიდან არც მატერიალური სამართლის და არც საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტი არ დასტურდება. პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ქვემდგომმა სასამართლომ საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მართებული განმარტების გზით სწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და სწორად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობდა სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობები. საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ მსგავსად სახელშეკრულებო სამართლით გათვალისწინებული ნებისმიერი ხელშეკრულებისა, დაზღვევის ხელშეკრულების დადებულად მიჩნევისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნების დაცვა, კერძოდ, შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე საამისოდ გათვალისწინებული ფორმის დაცვით, ამ საკანონმდებლო დანაწესის კერძო და სპეციალურ შემთხვევას, განსახილველ საქმესთან მიმართებით, წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი, რომელიც ადგენს მზღვეველის ვალდებულებას, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ანუ მზღვეველის ვალდებულების წარმოშობისათვის საჭიროა არა მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომა, არამედ ამ შემთხვევის განმაპირობებელი გარემოებების (რისკის) დაზღვევაზე მხარეთა წინასწარი შეთანხმების არსებობა. ამ მსჯელობის გასაბათილებლად ვერ გამოდგება კასატორის მითითება სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე, რომელიც მზღვეველის უფლებადამცავი ნორმაა და მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხავ იმპერატიულ წინაპირობას ადგენს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის დასკვნა სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ „გამონაკლის შემთხვევად“ მიჩნევის თაობაზე დასაბუთებულია და სასამართლოს შეფასებები ემყარება საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასებას (და არა მხოლოდ შსს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-5 განყოფილების წერილს, როგორც ამას კასატორი მიიჩნევს), რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა კვლევის სტანდარტიდან გამომდინარეობს.
1.6. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით სააპელაციო პალატამ მართებულად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი, სწორად განსაზღვრა მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების მოსარჩელის მხრიდან სათანადოდ დაუდასტურებლობის გამო, სწორად არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა.
1.7. ამდენად სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგავროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ე. ე.ის მიერ, კასტორის სახელით 02.09.2016წ. #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ს-ის“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ე. ე.ის მიერ კასატორის სახელით 02.09.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური