Facebook Twitter

საქმე №ას-719-687-2016 4 ნოემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „თ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების, ასევე, მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „თ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) მიმართ მოპასუხისათვის 5 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელეს 5 000 აშშ დოლარად მიჰყიდა ავტომანქანის სათადარიგო ნაწილი. მხარეთა შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდებოდა მუშა მდგომარეობაში მყოფი სათადარიგო ნაწილის გადაცემა, გადახდილი 5 000 აშშ დოლარი დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნებულიყო. საგადახდო დავალებების თანახმად, გამყიდველს აუნაზღაურდა ნივთის ღირებულება, თუმცა, გადაცემული ნაწილი აღმოჩნა დაზიანებული და მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მხარე უარს აცხადებს მიღებული თანხის დაბრუნებაზე.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მან ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, უნაკლო სათადარიგო ნაწილი გადასცა შემძენს, რაც დაადასტურეს კიდეც ხელშეკრულების დადებამდე მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილმა სპეციალისტებმა. საგულისხმოა, რომ მოხსნილ სათადარიგო ნაწილს (ნასყიდობის საგანს) არ ჩატარებია არანაირი ექსპერტიზა, შემოწმება და მხოლოდ მხარის ზეპირი მითითება, რომ ნასყიდობის საგანი ნაკლის მქონეა ვერ იქნება ხელშეკრულების მოშლისა და შესაბამისად, მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძველი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება, ასევე, მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (იხ. დაზუსტებული საკასაციო საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2014 წლის ნოემბერში მხარეთა შორის დაიდო ავტოსათადარიგო ნაწილის ნასყიდობის ხელშეკრულება და ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა 5 000 აშშ დოლარით;

1.2.2. მყიდველმა ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის ფასი სრულად გადაუხადა გამყიდველს, თავის მხრივ, გამყიდველის მიერ სათადარიგო ნაწილის გადაცემის მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალება (რომელშიც იყო ნასყიდობის ობიექტი) გადაყვანილ იქნა მხარეთა მიერ შეთანხმებულ ტერიტორიაზე (მუხათგვერდის მიმართულებით, მინდორში) მისი დაშლისა და ნასყიდობის საგნის ამოღებისათვის;

1.2.3. ნასყიდობის საგნის მიღებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალება დაშალეს და შესაბამისი ნაწილი გამოაცალკევეს მოსარჩელის მიერ შერჩეულმა პირებმა;

1.2.4. ნასყიდობის საგნის ნაკლი საქმის მასალებით არ დადასტურდა. ამ მხრივ მოსარჩელე/აპელანტი ნაკლის მტკიცებას მხარეთა ახსნა-განმარტებასა და მოწმეთა ჩვენებაზე ამყარებდა (პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული მ. გ-იას (შემდგომში _ მოწმე) ჩვენება), რასაც არ ეთანხმებოდა მოწინააღმდეგე მხარე. თავის მხრივ, მოსარჩელე ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოწმე, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, სადავო ხელშეკრულების დასადებად მყიდველის სახელით მოლაპარაკებებს აწარმოებდა გამყიდველთან (07.07.2016 წლის სხდომის ოქმი 16:58:04-16:58:25);

1.2.5. მოსარჩელეს, როგორც მეწარმეს, სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის შესაბამისად, პრეტენზიის (რეკლამაციის) განუცხადებლობის გამო, წართმეული აქვს ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება. აპელანტის განმარტებით, ნასყიდობის საგნის ნაკლი შემძენმა აღმოაჩინა ავტომანქანის დაშლისას, ხოლო გამყიდველს აღნიშნულთან დაკავშირებით აცნობა დაახლოებით 10 დღის შემდეგ (იხ. სააპელაციო სასამართლოს 07.07.2016 წლის სხდომის ოქმი).

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. ნივთის ნაკლოვანება მოპასუხის ქმედებით დასტურდება, რადგანაც მოსარჩელის მიერ ნაკლის თაობაზე მოპასუხის დაუყოვნებელი ინფორმირების შემდეგ გამყიდველმა დაიბრუნა იგი და გაასხვისა სხვა პირზე, ხოლო კასატორისათვის გადახდილი თანხა არ აუნაზღაურებია;

1.4.2. სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მხარის შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის თაობაზე, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარემ, კასატორისაგან ნივთის დაბრუნების შემდგომ მიჰყიდა ნასყიდობის საგანი. ამ მოწმის ჩვენება რადიკალურად შეცვლიდა საქმის გარემოებებს. სააპელაციო პალატას განემარტა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის დაკითხვის შუამდგომლობის დაუყენებლობის ობიექტური საფუძველიც _ საქმის განხილვის იმ ეტაპზე მხარისათვის უცნობი იყო ამ პირის შესახებ. აღნიშნულით დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის, 140-ე მუხლის პირველი ნაწილის, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 380-ე და 382-ე მუხლების მოთხოვნები;

1.4.3. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელემ საგნის ნივთობრივი ნაკლის არსებობა სარწმუნო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა შემძენის მიერ ამგვარი მტკიცებულების წარდგენის საჭიროება, რადგანაც საგნის ნაკლი, როგორც ზემოთ აღნიშნა, დასტურდება თვით გამყიდველის ქმედებით;

1.4.4. არასწორია სააპელაციო პალატის დასკვნა იმის თაობაზე, რომ ნასყიდობის საგნის ნაკლი საქმის მასალებით არ დასტურდება, ასევე, მოსარჩელეს წართმეული აქვს ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება იმ ვითარებაში, როდესაც გამყიდველმა ნასყიდობის საგანი დაიბრუნა და მეორედ გაასხვისა, რითაც ნაკლი აღიარებულია. ეს გარემოებები შემძენს წარმოუშობს მეორად მოთხოვნებს, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებით განსაზღვრულ, ხელშეკრულებიდან გასვლისა და ორმხრივი რესტიტუციის უფლებას, შესაბამისად, დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების პრინციპი;

1.4.5. სააპელაციო პალატამ, მსგავსად საქალაქო სასამართლოსი, ყურადღების გარეშე დატოვა მოწმე მ.გ-იას ჩვენება, რომელიც ადასტურებს ნაკლიანი ნივთის მიყიდვის ფაქტს.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ არგუმენტებს იმ დასაბუთებით, რომ სასამართლოს მხრიდან არც მატერიალური სამართლის და არც საპროცესო ნორმების დარღვევის ფაქტი არ დასტურდება. პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება. საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამართალწარმოების ეს უზოგადესი და ამავდროულად ფუნდამენტური პრინციპი სხვადასხვა საპროცესო ნორმაში სხვადასხვა სახით ვლინდება, მათ შორისაა კოდექსის 178-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში მოსარჩელეს არ მიუთითებია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ გამყიდველმა ნაკლის მქონე საგანი დაიბრუნა, გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა საპატიო მიზეზით არ იყო ეს ფაქტი გაცხადებული სარჩელში. ამ მსჯელობის საპირისპიროდ, კასატორი ადასტურებს, რომ მისთვის ნივთის დაბრუნების ფაქტი ცნობილი იყო, თუმცა ნაკლის მქონე საგნის ახალი შემძენის ვინაობა იყო უცნობი. სწორედ ამ მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნაკლიანი ნივთის გამყიდველის მხრიდან დაბრუნების ფაქტი არ წარმოადგენს მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას, ხოლო ამ გარემოების მტკიცების მიზნით მოწმის დაკითხვა მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლიანობას შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე. ამდენად, კასატორის იმ პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც, რომ მან მხოლოდ სააპელაციო განხილვის ეტაპზე შეიტყო ნივთის ახალი შემძენის ვინაობა, მაინც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საპროცესო კოდექსის 380-ე და 382-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი, რაც გამორიცხავს მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო პალატის საოქმო განჩინების გაუქმებას (საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლების დარღვევაზე). გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მართებული განმარტების გზით გაანაწილეს მტკიცების ტვირთი და მოპასუხის მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლის ფარგლებში სავსებით კანონიერად არ გაიზიარეს, როგორც ნივთის ნაკლის, ისე _ მოსარჩელის მიერ ამ ნაკლის თაობაზე მოპასუხის დაუყოვნებელი შეტყობინების ფაქტი. რაც შეეხება კასატორის პოზიციას პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის ჩვენების არასწორად შეფასების თაობაზე, პალატა აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება, მსგავსად საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სხვა მტკიცებულებებისა, არ არის უტყუარი და მისი ნამდვილობა დგინდება ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შემოწმებით (სსსკ-ის 105-ე მუხლი), მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული საპროცესო სტანდარტი დაცულია, რამეთუ მხარის შედავების პირობებში სასამართლომ ამ მოწმის ჩვენების გაზიარებაზე უარი სწორად განაცხადა იმ საფუძვლით, რომ თავად მოწმე წარმოადგენდა დავალების ხელშეკრულებაში მყოფ პირს, რომლის უშუალო მონაწილეობითაც დაიდო სადავო ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულება.

1.6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მოიძია დამხმარე ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლი, სწორად განსაზღვრა მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების მოსარჩელის მხრიდან სათანადოდ დაუდასტურებლობის გამო სწორად არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა.

1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. კასატორის შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის თაობაზე:

2.1. პალატა არ იზიარებს კასატორის შუამდგომლობას საკასაციო სასამართლოს მიერ მოწმის დაკითხვის თაობაზე და გარდა ზემოხსენებული მოტივებისა (იხ. სამოტივაციო ნაწილის 1.5. პუნქტი) დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, რამდენადაც საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამდენად, ამ ინსტანციის სასამართლოში ახალი მტკიცებულებების მიღება-შემოწმება მოკლებულია პროცესუალურ საფუძვლიანობასაც.

3. სასამართლო ხარჯები:

3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 23.08.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 569,70 ლარის 70% _ 398,79 ლარი.

3.2. რაც შეეხება იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას, პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 404-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „თ-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 23.08.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 569,70 ლარის 70% _ 398,79 ლარი.

3. კასატორის შუამდგომლობა მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ მოწმის დაკითხვის, ასევე, სასამართლო ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური