Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე№ა-2435-შ-61-2016 1 ნოემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შ. ფ-კ

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ი-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ავსტრიის რესპუბლიკის, ურფარის სამხარეო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის N21PS 286/13f-4 გადაწყვეტილება

დავის საგანი – არასრულწლოვან შვილზე მეურვეობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ავსტრიის რესპუბლიკის, ურფარის სამხარეო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის N21PS 286/13f-4 გადაწყვეტილებით, ს. ი-ს (შემდეგში ბავშვის ან არასრულწლოვანის მამა) ჩამოერთვა შვილზე - მ-ზე (დაბადებული 2... წ.) მეურვეობა და არასრულწლოვანზე ერთპიროვნული მეურვეობა გადაეცა, დედას, შ. ფ-ს (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი ან არასრულწლოვანის დედა).

2. არასრულწლოვანის დედამ, წარმომადგენლის - გ. ა-ის მეშვეობით, 2016 წლის 1 ივლისს, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში ავსტრიის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული 2013 წლის 19 ივლისიდან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განჩინებით არასრულწლოვანის დედის შუამდგომლობა, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ არასრულწლოვანის დედის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

4. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ავსტრიის სასამართლოს გადაწყვეტილებით უდავოდაა დადგენილი, რომ არასრულწლოვანზე ერთპიროვნული მეურვეობა გადაეცა ბავშვის დედას.

5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მამამ თანხმობა გამოთქვა არასრულწლოვანზე ერთპიროვნული მეურვეობის უფლების დედისათვის გადაცემის შესახებ. ამასთან, ბავშვის მამას 2016 წლის 28 ივლისს გაეგზავნა საკასაციო სასამართლოს განჩინება (იხ. მე-3 პუნქტი), წარმოდგენილ შუამდგომლობასთან და თანდართულ მასალებთან ერთად, რომელიც ადრესატს ჩაბარდა ამავე წლის 1 აგვისტოს. ამ უკანასკნელს რაიმე მოსაზრება ან შუამდგომლობა არ წარმოუდგენია საკასაციო სასამართლოსთვის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

6. გადაწყვეტილების გამოტანისას ავსტრიის სამხარეო სასამართლო დაეყრდნო ეროვნული კანონის §17 და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1197-ე, 1198-ე, 1202-ე და 1206-ე მუხლებს (მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით - სსკ-ის 1198-ე მუხლი).

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში როგორც, მეურვე, ასევე პირი, რომელსაც მეურვეობა ესაჭიროება საქართველოს მოქალაქეები არიან. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, „მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს“. ამდენად, სპეციალური კანონის წინაპირობების არსებობა დადასტურებულია.

9. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად, მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები არ არის საქმეში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. ფ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ავსტრიის რესპუბლიკის, ურფარის სამხარეო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის N21PS 286/13f-4 გადაწყვეტილება, რომლითაც არასრულწლოვან მ-ზე (პ/ნ ...) ერთპიროვნული მეურვეობა აიღო დედამ, შ. ფ-მა (პ/ნ ...);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე