Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე№ა-3101-შ-79-2016 1 ნოემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ. დ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჰ. რ-ი (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, ფიურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება N 4F 296/15

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის, ფიურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის N 4F 296/15 გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება ნ. დ-სა (შემდეგში: განმცხადებელი, მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) და ჰ. რ-ს (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის.

2. განმცხადებელმა 2016 წლის 22 აგვისტოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა პირველ პუნქტში მითითებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილების ტექსტში მითითებულია, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული 2016 წლის 2 ივლისიდან. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება აღსრულებულია გერმანიაში კანონის შესაბამისად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა, გერმანიის, ფიურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის N 4F 296/15 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:

4. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით უდავოდაა დადგენილი წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გარემოება.

5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართა თავად შუამდგომლობის ავტორმა, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოპასუხემ სარწმუნოდ დაადასტურა მისი სურვილი შეწყდეს მოსარჩელესთან ქორწინება, რაც უდავოდ წარმოადგენს მხარეთა იურიდიულ ინტერესს შუამდგომლობით მოთხოვნილი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. ამ განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს საქმის მასალების მიხედვით, შესაბამისად, შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად კანონით გათვალისწინებული საფუძვლები დასაბუთებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. დ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, ფიურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის N 4F 296/15 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ნ. დ-სა და ჰ. რ-ს შორის ქორწინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე