საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-3227-შ-84-2016 29 ნოემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ტ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აშშ-ის, ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება №303279-13
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აშშ-ის, ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის №303279-13 გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება ლ. ბ-ესა (შემდეგში: მოპასუხე, განმცხადებელი ან შუამდგომლობის ავტორი) და თ. ტ-ს (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის.
2. განმცხადებელმა, 2016 წლის 12 სექტემბერს, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აშშ-ის, ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის №303279-13 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2013 წლის 1 მაისს და აღსრულებულია აშშ-ში კანონის შესაბამისად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებით წარმოდგენილი შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა აშშ-ის, ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის №303279-13 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:
4. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით უდავოდაა დადგენილი წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გარემოება.
5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართა ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებულმა მოსარჩელემ, ხოლო მოპასუხე გამოცხადდა საქმის განხილვაზე და უარი განაცხადა რაიმე სახის ახსნა-განმარტებაზე. ამასთან, მხარეებს არ გამოუთქვამთ პრეტენზია არც ქონებრივ საკითხებთან და არც გვარის გამოყენებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მხარეთა იურიდიული ინტერესი წარმოდგენილი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უდავოა.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. ამ განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს საქმის მასალების მიხედვით, შესაბამისად, შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად კანონით გათვალისწინებული საფუძვლები დასაბუთებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს აშშ-ის, ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის №303279-13 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ლ. ბ-ესა და თ. ტ-ს შორის ქორწინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე