Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-445-427-2016 9 სექტემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ს “ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ს-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – დავალიანების დაფარვა განხორციელეს ე. ს-ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონებით და გამოყენებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ს-სა” (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი, კრედიტორი, აპელანტი ან კასატორი) და ე. ს-ეს (შემდეგში: მოპასუხე, მსესხებელი ან მოვალე) შორის, 2013 წლის 15 ივლისს, გაფორმდა სალომბარდო ხელშეკრულება №603, რომლის უზრუნველსაყოფად მსესხებელმა გამსესხებლის სასარგებლოდ დააგირავა ოქროს სამკაულები და სანაცვლოდ სესხად მიიღო 500 (ხუთასი) აშშ დოლარი, თვეში 1.67 %- ის დარიცხვით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ-ის 623-ე, 254-ე, 260-ე მუხლები; იხ. 1, ს.ფ. 17).

2. სალომბარდო ხელშეკრულებაში არაერთი ცვლილება შევიდა. საბოლოოდ, 2015 წლის 19 აპრილის ხელშეკრულებით, 2013 წლის 15 ივლისიდან 2015 წლის 2 ივლისამდე პერიოდში, მსესხებელზე გაიცა 87 719 (ოთხმოცდაშვიდი ათას შვიდას ცხრამეტი) აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფად ამ უკანასკნელმა დააგირავა სხვადასხვა ძვირფასი სამკაული. მოპასუხე სესხის მოცულობას ეტაპობრივად ზრდიდა ან ამცირებდა. მან 2015 წლის 19 აპრილს სესხი შეამცირა 10 588 (ათი ათას ხუთას ოთხმოცდარვა) აშშ დოლარამდე, ასევე, გაიტანა გირავნობის საგნის ნაწილი.

3. გამსესხებელმა შეამოწმა მსესხებლის ვალდებულება და დაადგინა, რომ მას გადასახდელი ჰქონდა 10 588 აშშ დოლარი, დაგირავებული ნივთების ღირებულება კი გაცილებით ნაკლები იყო. გამსესხებელმა, დავალიანების ეფექტური დაფარვის მიზნით, მსესხებელს შეუჩერა პროცენტის გადახდა მანამ, სანამ არ შეამცირებდა სესხის ძირითად თანხას გირავნობით უზრუნველყოფილ ოდენობამდე. 2015 წლის 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ, მხარეთა შორის შედგა გადახდის ორწლიანი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, მსესხებელს თანხის გადახდა უნდა დაეწყო 2015 წლის 30 მაისს, ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 440 აშშ დოლარი. შეთანხმების შემდეგ, მსესხებელმა სამჯერ გადაიხადა თანხა, ორჯერ - 440-440 აშშ დოლარი, ერთხელ კი - 70 აშშ დოლარი, რაც გამოაკლდა სესხის ძირითად თანხას. მსესხებელს ძირითადი ვალდებულება არ შეუსრულებია.

4. გამსესხებელმა 2015 წლის 31 აგვისტოს სარჩელი აღძრა მსესხებლის წინააღმდეგ და მოითხოვა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოვალისათვის 9 638 (ცხრა ათას ექვსას ოცდათვრამეტი) აშშ დოლარის დაკისრება და გირავნობით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაცია, ხოლო დარჩენილი დავალიანების დაფარვა - მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონებით (იხ. სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 1-14, ასევე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - ს.ფ. 218-219).

5. მსესხებელმა თანხის დაკისრებისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის ნაწილში ცნო სარჩელი, არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხის უძრავ-მოძრავი ქონებით დავალიანების დაფარვის ნაწილში (იხ. შესაგებელი, ტ.1, ს.ფ. 193-200; ასევე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - ს.ფ. 220).

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 9 638 (ცხრა ათას ექვსას ოცდათვრამეტი) აშშ დოლარის გადახდა. სასამართლომ დაადგინა მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ამოღება დაგირავებული ნივთების რეალიზაციით ან საკუთრებაში მიღებით. გამსესხებლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით, გადახდევინების მოსარჩელის ქონებაზე მიქცევის მოთხოვნის ნაწილში. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებითვე გაუქმდა ამავე სასამართლოს 2015 წლის 18 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მსესხებლის საკუთრებად რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. ბათუმში, გ- ა. ა-ის ქ. №5 ბ.67-ში /ს.კ 0../ (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 198.1.ა მუხლი).

7. დავის მოსაწესრიგებლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მხარეთა შეთანხმება, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გირავნობის საგნის გარდა, მოთხოვნის სხვა ქონებით უზრუნველყოფის თაობაზე, რის გამოც სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო. შესაბამისად, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

8.მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.

9. მოსარჩელემ შემდეგ სააპელაციო პრეტენზიებზე მიუთითა:

9.1.სასამართლომ არასწორად დაადგინა და შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რითაც დაარღვია როგორც სამოქალაქო კოდექსის, ისე საპროცესო კანონის მოთხოვნები, არასწორად განმარტა სსკ-ის 276.2.-ე მუხლი;

9.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დაგირავებული ნივთები ვერ უზრუნველყოფენ მთლიან ვალს და რომ მოვალემ 19.04.2015წ. შეთანხმებით (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) აღიარა მისი დავალიანება. ამ დოკუმენტით დგინდება, რომ დაგირავებული საგნები ვერ ფარავენ მთლიან სესხს და პროცენტს, ამიტომ შედგა ახალი გრაფიკი ვალის გადასახდელად. ეს არის ჩვეულებრივი დავალიანება, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში, აღსრულების მიქცევა შესაძლებელია როგორც გირაოზე, ისე სხვა ნებისმიერ ქონებაზე. აღნიშნულ გარემოებაზე მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა და ეს გარემოება სადავო კი არ გახადა მოვალემ, არამედ განმარტა, რომ დაგირავებულ ნივთებს უნდა ჩატარებოდა ექსპერტიზა და დადგენილიყო მათი რეალური ღირებულება, რადგან მიაჩნდა, რომ დაგირავებული ნივთები უფრო ძვირი იყო, ვიდრე ამას მოსარჩელე მიუთითებდა;

9.3. სასამართლომ არასწორად არ დააკისრა მოპასუხეს საპროცესო ხარჯები.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის განჩინებით გამსესხებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

11.სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები და შეფასებები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი), დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 254-ე, 256-ე, 276-ე მუხლები.

12. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს არსებული დავალიანება არ გაუხდია სადავოდ, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული. მხარეთა შორის სადავოა გირავნობის საგნის რეალიზაციით მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოპასუხის სხვა ქონების რეალიზაციით ვალდებულების შესრულება.

13. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება (15.07.2013 წ., 19.04.2015 წ.) არ შეიცავს შეთანხმებას იმაზე, რომ თუ დაგირავებული ნივთები არ იქნებოდა საკმარისი, ვალდებულების შესრულება მოხდებოდა მოპასუხის კუთვნილი სხვა ნივთებით.

14. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გირავნობის ფარგლები განსაზღვრულია კანონით. გირავნობის საგნით უნდა დაიფაროს გირავნობით უზრუნველყოფილი მთლიანი მოთხოვნა. თუ გირავნობის საგნის ღირებულება არ იქნება საკმარისი, ასეთ შემთხვევაშიც მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება. სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს გირავნობის საგნის ღირებულების არასაკმარისობისას, მოთხოვნა გავრცელდეს გირავნობის გარდა სხვა ქონებაზეც, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, მხარეები ამაზე წინასწარ შეთანხმდენ.

15. სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა საკუთარი პოზიცია, რომ არსებობდა მსესხებელთან შეთანხმება, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ვალდებულების ნაწილის მისი სხვა ქონებით შესრულების თაობაზე, რის გამოც სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა საჩივარი.

16.სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია საპროცესო ხარჯების არასწორი განაწილებისა და უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში და აღნიშნა, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული საპროცესო ხარჯები (ბაჟი და ადვოკატის ხარჯი), სსსკ-ის 53-ე მუხლისა და 47-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის და საქმის სირთულის პროპორციულია. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია გირავნობით, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს გირავნობის საგნით. სასამართლო გადაწყვეტილება ვერ გავრცელდება იმ ქონებაზე, რომელიც გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად, რადგან დანიშნულებას დაუკარგავს მოპასუხის უძრავ ქონებაზე ყადაღის არსებობას.

17.მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და მოითხოვა სარჩელის უარყოფილი ნაწილის დაკმაყოფილება.

18.საკასაციო საჩივარში მოსარჩელე უთითებს სააპელაციო საჩივრის იდენტურ არგუმენტებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 9.1-9.3 ქვეპუნქტები) და აღნიშნავს, რომ 19.04.2015 წ. ხელშეკრულება, თავისი შინაარსით, ვალის აღიარების ხელშეკრულებას წარმოადგენს. სასამართლოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაედგინა მხარის ნამდვილი ნება.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 16 ივნისის განჩინებით, წარმოებაში მიიღო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით დადგენილი არცერთი საფუძვლით.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: #ას-1119-1066-2013, 17.04.2015წ.; #ას-785-752-2014, 30.04.2015წ.; #ას-1005-966-2014, 08.06.2015წ.).

22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

23.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოსარჩელეს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

24.სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სალომბარდო ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი, რაც გულისხმობს სესხის ხელშეკრულებისა და ამ სესხის უზრუნველსაყოფად მფლობელობითი გირავნობის არსებობას. მოსარჩელის (დამგირავებლის) მიერ გირავნობით დატვირთული იყო სხვადასხვა სახის ოქროს ნივთები (სსკ-ის 260-ე მუხლი, იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი). მოპასუხემ სარჩელი ცნო 9 638 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ 9 638 (ცხრა ათას ექვსას ოცდათვრამეტი) აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ დაადგინა ვალდებულების შესრულება დაგირავებული ნივთების რეალიზაციით ან საკუთრებაში მიღებით. სარჩელი არ დაკმაყოფილდა ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით, გადახდევინების მოსარჩელის სხვა ქონებაზე მიქცევის მოთხოვნის ნაწილში.

25. მოსარჩელის (კასატორის) პრეტენზიით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მხარეთა შორის 19.04.2015 წ. დადებული ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება შეთანხმება მოპასუხის ქონებაზე გადახდევინების მიქცევის თაობაზე.

26. სსკ-ის 276-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მითითებული ნორმა დისპოზიციურია, რაც მხარეთა შორის შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ურთიერთობის მოწესრიგების შესაძლებლობას მხოლოდ კანონის დანაწესის მიხედვით იძლევა.

27. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას (წინამდებარე განჩინების 13-15 პუნქტები), რომ განსახილველ დავაში არ დასტურდება მხარეთა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მსესხებლის (მოპასუხის) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ დაგირავებული ნივთების რეალიზაციით მიღებული თანხა ან საკუთრებაში მიღებისას, დაგირავებული ნივთების ღირებულება ვერ უზრუნველყოფდა ვალდებულების შესრულებას, გადახდა მოპასუხის სხვა ქონებიდან მოხდებოდა.

28.მოცემულ შემთხვევაში, სადავო ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს აწევს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მის მიერ შეთანხმების დასადასტურებლად მითითებული 19.04.2015 წ. გარიგება კი მსგავს დათქმას არ შეიცავს. მოპასუხეს არ მიუთითებია სხვა სარწმუნო და დამაჯერებელ მტკიცებულებაზე, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მოპასუხის პოზიციის მართებულობაში.

29.საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოპასუხის პრეტენზიას, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების უკანონობაზე (იხ. მე-16 პუნქტი). სასამართლომ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმის გამო, სწორად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს (სსსკ-ის 199 1 მუხლი). საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად და კანონიერად მიაჩნია მოპასუხის უძრავ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების - ყადაღის გაუქმება, ვინაიდან მსესხებლისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიქცევა, დაგირავებული ნივთების გარდა, მის სხვა ქონებაზე უკანონოა და არ გამომდინარეობს უზრუნვლყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებიდან (სსსკ-ის 191-ე მუხლი).

30.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კანონიერად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის განჩინებას, ხოლო საკასაციო საჩივარს დაუსაბუთებლად, რის გამოც არ არსებობს, არსებითად განსახილველად, მისი დასაშვებად ცნობის სსსკ-ის 391-ე მუხლით დადგენილი არცერთი წინაპირობა.

31. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს დაუბრუნდება გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 % (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ს-ს" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "ს-ს" (ს/კ 2..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2016 წლის 1 ივნისი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე