Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-506-484-2016 28 სექტემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს კორპორაცია „ფ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ ფ-ის პროფესიული

კავშირი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – დასაქმებულთა გაფიცვის უკანონოდ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს კორპორაცია ,,ფ- სა” (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი დამსაქმებელი, საწარმო, ნავსადგური, აპელანტი ან კასატორი) და ა(ა)იპ ,,ფ-ის პროფესიულ კავშირს’’ (შემდეგში: მოპასუხე, პროფესიული კავშირი, დასაქმებულები) შორის, 2015 წლის მარტიდან წარმოიშვა კოლექტიური დავა, რომლის ძირითადი მიზეზი გახდა, ლარის ინფლაციასთან დაკავშირებით შრომის ანაზღაურების გაზრდა (საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში: სშკ, 47.1.-ე, 47.2.-ე მუხლი) .

2. მოპასუხემ, მედიაციის მიზნით, კოლექტიურ დავაში ჩართვა წერილობით სთხოვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდეგში სამინისტრო).

3. მინისტრის ბრძანების შესაბამისად, კოლექტიურ დავაში მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად და მედიატორად დაინიშნენ ლევან ბოჭორიშვილი და მარიამ სიგუა (სშკ-ის 48(1).4.-ე მუხლი).

4. სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორის მონაწილებით, 2015 წლის 17 და 20 აპრილს, მხარეთა შორის გაიმართა შეხვედრა დავის მოლაპარაკებით გადაწყვეტის მიზნით.

5. პროფესიულმა კავშირმა პირველ დამსაქმებელს და სამინისტროს, 20.04.2015 წ. წერილით, ერთდროულად შეატყობინა: გაფიცვის დრო-24.04.2015წ, 8 საათი; ადგილი - ქ. ფოთი, ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია, ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან და ხასიათი - დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების პირდაპირპროპორციული ზრდა ლარის ინფლაციისა და საბაზრო ფასების ზრდის გათვალისწინებით (სშკ-ის 49.5-ე მუხლი; იხ. ტ.1, ს.ფ.47).

6. დავის მხარეებმა, მორიგი შეხვედრა, მედიატორის დასწრებით, გამართეს 2015 წლის 23 აპრილს. აღნიშნულ შეხვედრაზე, მედიატორის წინადადების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 24 აპრილიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გაგრძელდებოდა მოლაპარაკება და გაფიცვა 2015 წლის 24 აპრილს არ დაიწყებოდა.

7. ამის შემდეგ, მხარეთა შორის გაიმართა ოთხი შეხვედრა 2015 წლის 27 და 28 აპრილს, 1 და 4 მაისს, თუმცა, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

8. 2015 წლის 5 მაისს, ერთდროულად გაიფიცა პროფკავშირის 493 წევრი, რომელთაგანაც 428 იყო მოსარჩელის თანამშრომელი, ხოლო 65 - შპს ,,ი-ის’’ (შემდეგში: მეორე დამსაქმებელი). გაფიცვა მიმდინარეობდა 10 დღის განმავლობაში და გასტანა 2015 წლის 14 მაისამდე.

9. მოდავე მხარეებმა, 2015 წლის 14 მაისს, მედიატორის დასწრებით, გამართეს შეხვედრა. მოლაპარაკების შედეგად, მხარეებმა იმავე დღეს მიაღწიეს შეთანხმებას, კერძოდ: კოლექტიური დავის დასრულებისა და სადავო საკითხების დარეგულირებაზე, რაც გავრცელდებოდა პირველი და მეორე დამსაქმებლის (იხ. ამ განჩინების პირველი და მერევ პუნქტები) თანამშრომლებზე შემდეგნაირად:

„9.1.განხორციელდეს მოსარჩელის თანამშრომელთა ძირითადი ხელფასის 5%-იანი ზრდა ინდივიდუალურ დონეზე 2015 წლის აპრილის თვიდან (2015 წლის აპრილში განხორციელებული ხელფასების 5.3%-იან მატებაზე დამატებით), 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით არსებული ხელფასების ბაზაზე;

9.2. შრომის შინაგანაწესში შევიდეს ცვლილება, მე-13 ხელფასის ყოველწლიურად, კომპანიის საკონტეინერო მოცულობის წინა წლის მონაცემებთან შედარებით ზრდის გათვალისწინებით გაცემის შესახებ;

9.3. უახლოესი 3(სამი) თვის განმავლობაში განხილული და შეტანილი იქნეს ცვლილებები 2013 წლის 15 ოქტომბრის კოლექტიურ ხელშეკრულებაში;

9.4. მოხდეს ოპერაციების დეპარტამენტის წამახალისებელი სისტემის მიზნების გადახედვა;

9.5.მოპასუხე, როგორც მისი წევრების სრულუფლებიანი წარმომადგენელი იღებს ვალდებულებას, რომ წინამდებარე ოქმის ხელმოწერისთანავე დასრულდება გაფიცვა და მასში მონაწილე უკლებლივ ყველა თანამშრომელი დაუბრუნდება სამუშაო ადგილს აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერიდან 2 (ორი) საათის განმავლობაში და შეუდგება შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრ მოვალეობათა შესრულებას;

9.6. 5 მაისს დაწყებულ გაფიცვაში მონაწილეობის გამო თანამშრომელთა მიმართ ადმინისტრაციის მხრიდან არ გატარდება დისციპლინური ზომები და არ მოხდება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა;

9.7. თუ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში არ გადააჭარბებს 2.90 ნიშნულს, დღეის მდგომარეობით, პროფკავშირის წევრი თანამშრომლები, დამოუკიდებლად ან პროფესიული კავშირის მეშვეობით/ორგანიზებით, მოსარჩელეს აღარ მიმართავენ პრეტენზიით თანამშრომლების შრომით ანაზღაურებასა და სხვა ზემოთ შეთანხმებულ საკითხებზე და აღნიშნული საკითხები აღარ გახდება ინდივიდუალური თუ კოლექტიური დავის დაწყების ან/და გაფიცვის მოწყობის საფუძველი;

9.8. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, სათანადო გულისხმიერებით განახორციელონ ოქმში მითითებულ ვალდებულებათა შესრულება, მოლაპარაკებათა წარმოება და ასახვა შესაბამის დოკუმენტებში;

9.9. ზემოაღნიშნულ საკითხებზე მიღწეულ შეთანხმებას მხარეები შეთანხმების ფორმატით მოგვიანებით გააფორმებენ.’’

10. პირველმა დამსაქმებელმა 2015 წლის 19 მაისს სარჩელი აღძრა პროფკავშირის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელის მიერ ორგანიზებული, 2015 წლის 5 მაისს დაწყებული გაფიცვის უკანონოდ ცნობა, რომელშიც მონაწილეობდნენ ნავსადგურში დასაქმებულები (იხ. ტ.1, ს.ფ. 2-140).

11. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა სშკ-ისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) ნორმები.

13. სასამართლომ მიუთითა, რომ სშკ-ის 2.1, 6.3, 6.9-ე მუხლების თანახმად, შრომის ურთიერთობის არსებობის ძირითადი ელემენტია გაწეული სამუშაოს სათანადო ანაზღაურება, ამიტომაც კანონმდებელმა შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი მიაკუთვნა შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებს და ამ პირობასთან დაკავშირებული უთანხმოების არსებობის დროს განსაზღვრა მხარეთა შორის დავის გადაწყვეტა შემათანხმებელი პროცედურებს დაცვით.

14. სასამართლომ არ გაიზიარა, მოსარჩელის მითითება, რომ მოპასუხეს დავის აღძვრის საფუძველი არ ჰქონდა, რადგან, ამ შემთხვევაში, დავა ეხებოდა შრომის ხელშეკრულების არსებით პირობას, რაც სშკ-ის 47-ე მუხლის თანახმად, შეიძლება იყოს, შრომითი ურთიერთობის დროს დავის წარმოშობის საფუძველი.

15. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ სშკ-ის 48.1-48.4.-ე, 48,6.-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით გადაწყვეტის თაობაზე შეასრულა. მოპასუხე, როგორც პირდაპირი, ასევე მედიაციის გზით, აწარმოებდა მოლაპარაკებებს დამსაქმებელთან, მედიატორის - სამინისტროს წარმომადგენლის მონაწილეობით (იხ. ამ განჩინების 2-4, მე-6 პუნქტები).

16. სასამართლომ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც შემათანხმებელი პროცედურებით ვერ გადაწყდა დავა, მოპასუხემ სშკ-ის 49.1.-ე, 49.3.-ე, 49.5.-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, 2015 წლის 20 აპრილს აცნობა, როგორც დამსაქმებელს-მოსარჩელეს, ასევე სამინისტროს გაფიცვის დრო, ადგილი და მოთხოვნები (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი), აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეს წარმოეშვა გაფიცვის უფლება.

17. სასამართლომ, სშკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, მიიჩნია, რომ, ვინაიდან 2015 წლის 23 აპრილის შეხვედრაზე მხარეები, მედიატორის ინიციატივით, შეთანხმდნენ, რომ გაფიცვა 2015 წლის 24 აპრილს არ დაიწყებოდა და მოლაპარაკებები გაგრძელდებოდა 2015 წლის 24 აპრილიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში და დათქმული პერიოდის მანძილზე მხარეებმა, მიუხედავად არაერთი შეხვედრისა, ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობა, თავისი შინაარსით, ითვალისწინებდა 10 კალენდარული დღის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, ამ ვადის დადგენამდე წარმოშობილი გაფიცვის უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას, დამატებითი შეტყობინების გარეშე.

18. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ 2015 წლის 5 მაისს, გაფიცვის დაწყებით, მოპასუხემ დაარღვია სშკ-ის 49-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა, გაფიცვის თაობაზე დამსაქმებლისა და მინისტრის ინფორმირების შესახებ.

19. სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 51-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებზე, რომელთა შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისა და მხარეთათვის დაუყოვნებელივ ცნობის მექანიზმის გათვალისიწინებით, გაფიცვის უკანონოდ ცნობის ინტერესი არსებობს მაშინ, როცა მიმდინარეობს გაფიცვა და მხარე თავს არიდებს შემათანხმებელ პროცედურებს.

20. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე მონაწილეობდა შემათანხმებელ პროცედურებში, როგორც გაფიცვის დაწყებამდე, ასევე, გაფიცვის დაწყების შემდეგ, ხოლო გაფიცვის მე-10 დღეს, 2015 წლის 14 მაისს, შედგა შეთანხმება მხარეთა შორის, რაც 14 მაისს გაფიცვის შეწყვეტის საფუძველი გახდა.

21.სასამართლომ მიუთითა, რომ სშკ-ის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, /“გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც შრომის დისციპლინის დარღვევა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, გარდა უკანონო გაფიცვის შემთხვევისა“/. გაფიცვის უკანონოდ ცნობას შეიძლება მოჰყვეს დასაქმებულისათვის ისეთი მძიმე შედეგი, როგორიცაა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, ამიტომაც, ისეთი წესების დარღვევა, როგორიცაა, მაგალითად, დამსაქმებლის ან სამინისტროს, კანონით დადგენილი წესებით შეუტყობინებლობა, როგორც შემათანხმებელი პროცედურების, ასევე, გაფიცვის დაწყების დროის, არ შეიძლება გახდეს გაფიცვის უკანონოდ ცნობის საფუძველი, იმ პირობებში, როცა დასაქმებულები თავს არ არიდებენ შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობას და ამ შემათანხმებელი მოლაპარაკებებით მიღწეულია შეთანხმება, რომლის შედეგადაც გაფიცვა შეწყვეტილია.

22. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

22.1. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხე, კოლექტიური დავის დაწყებიდან, გაფიცვის დაწყებამდე და გაფიცვის მსვლელობის პერიოდში, მუდმივად ცვლიდა მოთხოვნებს, თან იმდაგვარად, რომ არ ელოდებოდა წინა მოთხოვნაზე მოსარჩელის პასუხებს;

22.2. 4 მაისს, ჯერ კიდევ თანამშრომლებთან შეხვედრამდე, პროფკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ყველა თანამშრომელმა უარი თქვა ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ მოდელზე და არ იყო გამორიცხული გაფიცვის მოწყობა. ადმინისტრაციამ კვლავ შესთავაზა მათ, რომ გაფიცვის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით, წარმოედგინათ გაფიცულ თანამშრომელთა სია, რაზეც მოპასუხემ განაცხადა, რომ გაფიცვის მოწყობის შემთხვევაში, გაფიცულად უნდა ჩაითვალოს კავშირის ყველა წევრი. მოსარჩელემ შეთავაზა მოპასუხეს:1. ხელფასების ყოველკვარტალური კორექტირება ინფლაციის შესაბამისად; 2. მეცამეტე ხელფასის ყოველწლიურად გაცემა; 3. ოპერაციების წამახალისებელი გეგმის გადახედვა; 4. კოლექტიური ხელშეკრულების ცვლილებაზე შეთანხმება, გაფიცვის მოწყობის შემთხვევაში კი, გაფიცულთა სრული სიის წარმოდგენა დადგენილი წესით;

22.3. თანამშრომლებთან შეხვედრის შედეგებისა და ნავსადგურის ადმინისტრაციის საბოლოო შეთავაზებაზე თანამშრომელთა პოზიციის შესახებ მოპასუხეს ნავსადგურის ადმინისტრაციისთვის არ უცნობებია. 5 მაისს მოსარჩელემ მოვლენათა განვითარების შესახებ №2 საინფორმაციო ბარათი წარუდგინა თანამშრომლებს. დასაქმებულთა აქცია დაიწყო მოულოდნელად, გაუფრთხილებლად, 5 მაისს, დღის მეორე ნახევარში, ისე, რომ მოსარჩელესა და სამინისტროს ნავსადგურის თანამშრომლების ან/და პროფესიული კავშირისგან არ მიუღიათ წერილობითი (და არც ზეპირი) შეტყობინება 5 მაისს, 15:00 საათზე გაფიცვის დაწყების, მისი ადგილის, ხასიათის, თანამშრომელთა საგაფიცვო მოთხოვნებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ;

22.4. არც 5 მაისამდე და არც შემდეგ, მოსარჩელეს მოპასუხისაგან არ მიუღია ინფორმაცია გაფიცულთა შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ მოლაპარაკებათა პროცესში არაერთხელ სთხოვა მოპასუხეს, გაფიცვის შემთხვევაში, წარედგინათ მასში მონაწილე პირთა სია. არც თანამშრომლებს მიუმართავთ მოსარჩელისათვის გაფიცვის პერიოდში შრომითი ურთიერთობის შეჩერების მოთხოვნით;

22.5. საგაფიცვო მოთხოვნის შესახებ მოსარჩელისათვის მოპასუხისგან ცნობილი გახდა გაფიცვის დაწყებიდან მე-2 დღეს ანუ 6 მაისს.

22.6 აპელანტის პრეტენზიით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, კერძოდ: სასამართლომ სწორად გამოიყენა სშკ-ის 47-ე მუხლი, მაგრამ საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არასწორად განმარტა იგი. არც სარჩელში და არ სასამართლო განხილვის არცერთ ეტაპზე, მოსარჩელეს არ მიუთითებია, რომ მოპასუხეს დავის აღძვრის საფუძველი არ ჰქონდა, მოსარჩელე უთითებდა, რომ ვინაიდან მოპასუხის და მოსარჩელის შრომითი კოლექტივის მიერ არ ყოფილა წარმოებული კანონით დადგენილი პროცედურები, მოპასუხეს არ ჰქონდა გაფიცვის ორგანიზების უფლება;

22.7. სასამართლომ არასწორად განმარტა სშკ-ის 48(პრიმა) მუხლის მე-2 ნაწილი /“მხარე მეორე მხარეს უგზავნის შემათანხმებელი პროცედურების დაწყების შესახებ წერილობით შეტყობინებას, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული დავის წარმოშობის საფუძველი და მხარის მოთხოვნები“/. ასეთი წერილობითი შეტყობინება მოსარჩელეს არასოდეს მიუღია მეორე მხარისაგან. მოპასუხემ არ დაიცვა ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნა, ხოლო რაც შეეხება შემათანხმებელ პროცედურებში, კერძოდ, მედიაციაში სავალდებულო მონაწილეობას, მისი დაწყებიდან მე-3 დღესვე, პროფკავშირებმა მოითხოვეს მედიაციის გაუქმება იმ მიზეზით, რომ მედიაციამ შედეგს ვერ მიაღწია; დავის მიმდინარეობის პროცესში, მოპასუხე არაერთხელ ცვლიდა მოთხოვნებს ზეპირი განცხადებებით, მანამ, სანამ მოსარჩელისაგან მიიღებდა პასუხს, უკვე დაყენებულ მოთხოვნებზე, რამაც ფაქტიურად შეუძლებელი გახადა შეთანხმების დროული მიღწევა და ფიქციად აქცია, როგორც პირდაპირი მოლაპარაკებები, ისე მედიაცია. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის მოქმედი 2013 წლის 15 ოქტომბრის კოლექტიური ხელშეკრულების 1.7 ქვეპუნქტის თანახმად, "მხარეები იღებენ ვალდებულებას, შეასრულონ სოციალური პარტნიორის როლი, თანამშრომელთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, მოლაპარაკებების და შეთანხმებების საფუძველზე, რომლის მთავარი მიზანია შრომითი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების და უფლებების დაცვა"; გარდა ამისა, მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ "კომპანიის წარმატების, პროდუქტიულობის ამაღლებისა და შეუფერხებელი ოპერირების უზრუნველყოფის საკითხებში, თანამშრომელთა მიმართ სამართლიანი და თანაბარუფლებიანი დამოკიდებულებით"; ამავე ხელშეკრულების 2.5 ქვეპუნქტის თანახმად, "პროფესიული კავშირი აქტიურად მონაწილეობს პროფკავშირის წევრ თანამშრომლებსა და კომპანიას შორის არსებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში, მათ შორის ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთობების გამყარების მიზნით". მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მოპასუხემ უხეშად დაარღვია კოლექტიური ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები, მიზანმიმართულად გააჭიანურა დავის გადაწყვეტა და ხელი შეუწყო უთანხმოებას მოსარჩელესა და დასაქმებულებს შორის. მოპასუხემ ჯერ კიდევ პირველი მედიაციის დასრულებამდე (მეორე შეხვედრაზევე) განაცხადა მის უშედეგობაზე და მოითხოვა მისი შეწყვეტა;

22.8. სასამართლომ სწორად გამოიყენა სშკ-ის 52-ე მუხლი, თუმცა, მის საფუძველზე არასწორად განმარტა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობა, კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირობა (რომლის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ 24 აპრილიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გაგრძელდეს მხარეთა შორის მოლაპარაკება), თავისი შინაარსით, ითვალისწინებდა 10 კალენდარული დღის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, ამ ვადის დადგენამდე წარმოშობილი გაფიცვის უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას, დამატებითი შეტყობინების გარეშე. მხარეთა შეთანხმებიდან ასეთი ნება არც სიტყვასიტყვითი აზრიდან და არც გონივრული განსჯის შედეგად არ გამომდინარეობს, კერძოდ: მხარეები, სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად, 23.04.2015წ. შეთანხმდნენ, რომ 24 აპრილიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გაგრძელდებოდა მხარეთა შორის მოლაპარაკებები და რომ პროფესიული კავშირი არ გამართავდა დაგეგმილ გაფიცვას 24 აპრილს. აღნიშნულიდან არ გამომდინარეობს მხარეთა ნება, რომ თუ 24 აპრილიდან მხარეთა მოლაპარაკება არ დასრულდებოდა შეთანხმებით, მე-10 ან მე-11 დღეს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, დაიწყებოდა გაფიცვა. მხარეები ამ შეთანხმების მიღწევიდან (23 აპრილიდან) მე-11 დღეს (4 მაისს) ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ მოლაპარაკების პროცესში და მოპასუხის წარმომადგენელს არსად დაუფიქსირებია, რომ ან იმ დღეს ან მომდევნო დღეს დაიწყებოდა გაფიცვა. თუ მოსარჩელეს მოლოდინი უნდა ჰქონოდა, რომ 10 დღის გასვლის შემდეგ ავტომატურად დაიწყებოდა გაფიცვა, მაშინ გაფიცვა უნდა დაწყებულიყო 4 მაისს და არა 5 მაისს, ხოლო თუ გაფიცვა არ დაიწყო 4 მაისს, მაშინ აუცილებელი იყო შესაბამისი შეტყობინება. პრინციპული მნიშვნელობა აქვს მოსარჩელისათვის იმის ცოდნას, დაიწყებოდა თუ არა გაფიცვა და როდის, უკანონო გაფიცვის დროს – 5 მაისიდან 14 მაისამდე, სრულიად პარალიზებული იყო საწარმოს ფუნქციონირება, გემებისა და ტვირთების მიღება და მომსახურება; ამ ხნის მანძილზე ნავსადგურში არ ხორციელდებოდა არცერთი სახის მანევრირება: ა) გემების შემოყვანა და გაყვანა; ბ) გემების დაცლა და დატვირთვა; გ)კონტეინერების დაცლა-დატვირთვა ნავსადგურში; დ) სასაწყობე ოპერაციები. ადმინიტრაცია ყოველდღიურად აგზავნიდა შეტყობინებას ოპერაციათა წარმოების შეუძლებლობის შესახებ 70 გადამზიდავ სააგენტოსთან, საექსპედიტორო და მოიჯარე კომპანიებთან;

22.9.სასამართლოს უნდა გაეზიარებინა ნავსადგურის პოზიცია, რომ პროფკავშირმა არ დაიცვა სშკ-ის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, საწარმოს და სამინისტროს სავალდებულოდ უნდა ეცნობოს, გაფიცვის დაწყების დრო, ადგილი და ხასიათი, აქციის დაწყებამდე არანაკლებ 3 დღით ადრე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელემ გაფიცვის დაწყებისა და საგაფიცვო მოთხოვნის შესახებ მოპასუხისაგან შეიტყო გაფიცვის დაწყებიდან მეორე დღეს, 6 მაისს. მოპასუხეს წერილობით არ შეუტყობინებია 5 მაისს ნავსადგურის დასაქმებულთა გაფიცვის დაწყების შესახებ, კონკრეტულ დროსა და ადგილას, კონკრეტული მოთხოვნით. გაფიცვა დაიწყო მოულოდნელად და იმ ვითარებაში, როდესაც საწარმოს ეგონა, რომ იგი მოპასუხესთან მოლაპარაკებისა და დავის გადაწყვეტის პროცესში იმყოფებოდა. შესაბამისად, გაუფრთხილებელმა და მოულოდნელმა გაფიცვამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო მოსარჩელე და მისი კონტრაჰენტები;

22.10. სასამართლომ, ასევე, არასწორად განმარტა სშკ-ის 51-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილები, სასამართლო ამ ნორმას იმგვარად განმარტავს, რომ თითქოსდა გაფიცვის უკანონოდ ცნობის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ გაფიცვის მსვლელობის დროს, ისევე, როგორც გაფიცვის უკანონოდ ცნობა სასამართლოს მიერ შესაძლებელია მხოლოდ გაფიცვის მსვლელობის დროს. აღნიშნული მუხლის ამგვარი განმარტება პრინციპულად ეწინააღმდეგება თავად მის შინაარსს. ნავსადგურმა სასამართლოში სარჩელი წარადგინა გაფიცვის მსვლელობის დროს, თუმცა, ასეც რომ არ იყოს, მხარეს გაფიცვის დასრულების შემდეგაც აქვს უფლება, მოითხოვოს გაფიცვის უკანონოდ ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე უკანონო გაფიცვის შეწყვეტისას არ დადგება არანაირი სამართლებრივი შედეგი.

22.11. სასამართლოს დასკვნა, რომ დამსაქმებლის ან სამინისტროს, კანონით დადგენილი წესებით შეუტყობინებლობა, როგორც შემათანხმებელი პროცედურების, ასევე, გაფიცვის დაწყების დროს, არ შეიძლება გახდეს გაფიცვის უკანონოდ ცნობის საფუძველი, ეწინააღმდეგება სშკ-ის 51-ე, ასევე 49-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 , ასევე, 48 1 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებს.

23. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 05 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებათა სამართლებრივი შეფასება (იხ. წინამდებარე განჩინების 12-22 პუნქტები).

24. სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გაფიცვის უფლება აღიარებულია. ამ უფლების განხორციელების წესი განისაზღვრება კანონით. კანონი ადგენს აგრეთვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების საქმიანობის გარანტიებს. ამდენად, კონსტიტუციის თანახმად, გაფიცვის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით.

25. სასამართლომ აღნიშნა, რომ გაფიცვის უფლებასა და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს ძირითადად აწესრიგებს შრომის კოდექსი, რომლის 48-52-ე მუხლებით დადგენილია გაფიცვის მოწყობის წესები, უფლების შეზღუდვის პირობები, უკანონო გაფიცვის შედეგები და დასაქმებულთა გარანტიები და "პროფესიული კავშირების შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს პროფესიული კავშირის უფლებას, კავშირის წევრ დასაქმებულთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, მოამზადოს და ჩაატაროს გაფიცვა. იმისათვის, რომ გაფიცვის უფლება კანონით იქნეს დაცული, გაფიცვა უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ წინაპირობებს. ეს წინაპირობებია: გაფიცვის საფუძველი, უფლება, ფორმა და აუცილებლობა;

ა.გაფიცვის საფუძველია მხარეთა შორის დავის არსებობა, ანუ როდესაც არსებობს ინდივიდუალური ან/და კოლექტიური ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით უთანხმოება;

ბ.გაფიცვის უფლება წარმოიშობა შრომის კოდექსის 48 1 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან, ან მინისტრის მიერ საკუთარი ინიციატივით დავის მედიატორის დანიშვნიდან 21 კალენდარული დღის გასვლისთანავე.

გ.გაფიცვის ფორმა შეიძლება პროტესტის გამოხატვის სხვადასხვა ხერხით იქნეს გამოხატული.

დ.აუცილებლობა არსებობს მაშინ, როცა იგი დასაქმებულთა უფლებების დასაცავად დამსაქმებელთან არსებული კონფლიქტის დასარეგულირებლად უკანასკნელი გამოსავალია.

26. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საფუძველი არსებობს, რადგან 2015 წლის მარტიდან მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოიშვა კოლექტიური დავა, რომლის ძირითადი მიზეზი გახდა, ლარის ინფლაციასთან დაკავშირებით შრომის ანაზღაურების გაზრდა.

27. სასამართლომ სშკ-ის 51-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე /თუ ერთ-ერთმა მხარემ თავი აარიდა შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობას და მოაწყო გაფიცვა ან ლოკაუტი, ასეთი გაფიცვა ან ლოკაუტი უკანონოდ ჩაითვლება. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ეცნობება მხარეებს. სასამართლო გადაწყვეტილება გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ სრულდება დაუყოვნებლივ/ მიიჩნია, რომ მხოლოდ გაფიცვის უკანონოდ ცნობის მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის არსი მდგომარეობს, უშუალოდ გაფიცვის მიმდინარეობის შეწყვეტის ან შეჩერების მიზნით, სასამართლოს მიერ შემაკავებელი გადაწყვეტილების მიღებაში. ასეთ დროს სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ეცნობება მხარეებს, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ სრულდება დაუყოვნებლივ. ისეთ ვითარებაში, როდესაც გაფიცვა დასრულებულია, მისი უკანონოდ აღიარების იურიდიული ინტერესი უნდა იყოს გამოკვეთილი და დასაბუთებული. ასეთი შესაძლოა იყოს გაფიცვის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც სსკ-ის 992-ე მუხლის შესაბამისად, შეიძლება წარედგინოს უკანონო გაფიცვის ორგანიზატორ პროფკავშირს ან თავად უკანონოდ გაფიცულ თანამშრომლებს. გაფიცვის დასრულების შემდეგ, მხოლოდ მისი უკანონოდ ცნობა არ არის საკმარისი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის. აუცილებელია სახეზე იყოს პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები (მათ შორის ზიანი).

28. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს გაფიცვის შედეგად წარმოშობილ ზიანზე არ მიუთითებია და არც რაიმე მტკიცებულებით დასტურდება აღნიშული, ამდენად, აზრით, ეს გარემოებაც გამორიცხავდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

29. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება სააპელაციო საჩივრის იდენტურ საკასაციო პრეტენზიებზე დაყრდნობით (იხ. წინამდებარე განჩინების 22-ე პუნქტი).

30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე მიიღო წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

31. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ #ას-480-461-2016, 01.07.2016 წ.).

34.საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოსარჩელეს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ამ განჩინების 1-7 პუნქტებშია მითითებული.

37. მოსარჩელის ძირითადი პრეტენზიით 2015 წლის 5 მაისს გაფიცვის დაწყებით მოპასუხემ დაარღვია სშკ-ის 49-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა, გაფიცვის თაობაზე დამსაქმებლისა და სამინისტროს ინფორმირების შესახებ.

38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სშკ-ის 49-ე მუხლის მე- 5 ნაწილის თანახმად, კოლექტიური დავის დროს მხარეებმა გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყებამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე ერთმანეთს და მინისტრს წერილობით უნდა შეატყობინონ გაფიცვის ან ლოკაუტის დრო, ადგილი და ხასიათი. მას შემდეგ, რაც შემათანხმებელი პროცედურებით ვერ გადაწყდა დავა, მოპასუხემ ზემოაღნიშნული წესის დაცვით, 2015 წლის 20 აპრილს აცნობა, როგორც დამსაქმებელს-მოსარჩელეს, ასევე, სამინისტროს გაფიცვის დრო, ადგილი და მოთხოვნები, აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხეს წარმოეშვა გაფიცვის უფლება.

39. სშკ-ის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ერთ-ერთმა მხარემ თავი აარიდა შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობას და მოაწყო გაფიცვა ან ლოკაუტი, ასეთი გაფიცვა ან ლოკაუტი უკანონოდ ჩაითვლება. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ეცნობება მხარეებს. სასამართლო გადაწყვეტილება გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ სრულდება დაუყოვნებლივ. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, გაფიცვის უკანონოდ ცნობის საფუძველია შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობაზე უარის თქმა.

40. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას (იხ. წინამდებარე განჩინების 27-ე პუნქტი), რომ სშკ-ის 51-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების შესაბამისად, როცა მოსარჩელის მოთხოვნაა მხოლოდ გაფიცვის უკანონოდ ცნობა, სასამართლოსადმი მიმართვის არსი მდგომარეობს უშუალოდ გაფიცვის მიმდინარეობის შეწყვეტის ან შეჩერების მიზნით, სასამართლოს მიერ შემაკავებელი გადაწყვეტილების მიღებაში. ასეთ დროს სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ეცნობება მხარეებს, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ სრულდება დაუყოვნებლივ. ისეთ ვითარებაში, როდესაც გაფიცვა დასრულებულია, გამოკვეთილი და დასაბუთებული უნდა იყოს მისი უკანონოდ აღიარების იურიდიული ინტერესი.

41. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ უდავოა, მოპასუხე მონაწილეობდა შემათანხმებელ პროცედურებში, როგორც გაფიცვის დაწყებამდე, ასევე, გაფიცვის დაწყების შემდეგ, რის შედეგადაც, გაფიცვის მე-10 დღეს, 2015 წლის 14 მაისს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რაც 2014 წლის 14 მაისს გაფიცვის შეწყვეტის საფუძველი გახდა.

42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შემათანხმებელ პროცედურებში მხარეთა მონაწილეობის მიზანი გაფიცვის პრევენციაა, რაც მნიშვნელოვანი პრაქტიკული და სამართლებრივი საშუალებაა მხარეთა შორის კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და დავის „მშვიდობიანი“ გზით მოსაწესრიგებლად. დავის ინიციატორის მიერ შემათანხმებელი პროცედურების დაწყებამდე, მეორე მხარისა და მედიატორის (სამინისტროს) ინფორმირების მიზანი არა მარტო დავის ალტერნატიული საშუალების-მედიაციის გამოყენებით დავის მოგვარების მცდელობაა, არამედ შეტყობინება იმის თაობაზე, რომ მედიაციის პროცესის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, დავის ინიციატორი პრობლემის გადასაწყვეტად უკიდურეს ზომას -გაფიცვას მიმართავს. სწორედ, ამ მოტივით უნდა აიხსნას 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი, რომ გაფიცვის უკანონოდ ცნობის საფუძველია შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობაზე უარის თქმაა.

43. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ კანონით გათვალისწინებული წესით შეატყობინა მხარეს გაფიცვის თაობაზე (სშკ-ის სშკ-ის 49.5.-ე მუხლი), რითაც მოიპოვა გაფიცვის უფლება, მონაწილეობა მიიღო მედიაციაში, ხოლო პროცესის წარუმატებლად დასრულების შემდეგ დაიწყო გაფიცვა.

44. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია გაფიცვის მოულოდნელობასა და მოპასუხის მიერ გაფიცვის წინა პროცედურების დაუცველობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 22.7-22.9 ქვეპუნქტები). მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულების გამო, მოსარჩელეს სრული საფუძველი ჰქონდა, ევარაუდა გაფიცვის დაწყება.

45.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სშკ-ის 48-ე, 49-ე, 481, 50-ე, 51-ე მუხლები. ასევე, დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, რომ მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლით აღიარებული დასაქმებულთა ერთ-ერთი ძირითადი უფლება (გაფიცვა).

46. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის 33-ე მუხლით გარანტირებული უფლება, თავისი არსით, სოციალური შინაარსისაა და ის განხილული უნდა იქნეს ქვეყნის უზენაესი კანონის 30-ე მუხლით დაცულ შრომის უფლებასთან კავშირში. შესაბამისად, აღნიშნული უფლების მართლზომიერად გამოყენება, შეუძლებელია გახდეს დასაქმებულთა ინტერესების საწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისა და სხვა აქტების გამოყენების საფუძველი. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) კონტექსტში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არსებობს მყარი კავშირი გაფიცვის უფლებასა და კოლექტიურ მოლაპარაკებებს შორის, ამასთან, გაფიცვის უფლება უზრუნველყოფს კოლექტიური მოლაპარაკებების უფლების ეფექტიანობას (იხ. Demir and Baykara v Turkey, 34503/97 – 12.11.2008 /GC/).

47. საკასაციო სასამართლო ანალოგიურ დავაზე უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ გაფიცვის უკანონოდ აღიარების მოთხოვნა, „პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, აღიარებითი სარჩელის კატეგორიას განეკუთვნება, რომლის დაკმაყოფილების საკითხზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი (სსსკ-ის 180-ე მუხლი). მხარეს სარჩელის მიმართ მისი რეალური ინტერესის არსებობა არ დაუდასტურებია, ხოლო საკასაციო საჩივარში დაფიქსირებული პოზიცია, რომ გაფიცვის უკანონოდ აღიარების შემთხვევაში დამსაქმებელს უფლება ექნება, აღძრას დამოუკიდებელი სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე ეწინააღმდეგება, როგორც პროცესის ეკონომიურობის, ისე, აღიარებითი სარჩელის ინსტიტუტს“ (იხ. სუსგ # №ას-480-461-2016, 01.07. 2016 წ.).

48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და დასაბუთებული, ხოლო საკასაციო საჩივარი უსაფუძვლო, რაც არ ქმნის სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, მისი დასაშვებად ცნობის სამართლებრივ შესაძლებლობას, რაც საკასაციო პრეტენზიის განუხილველად დატოვების საფუძველია.

49. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს კორპორაცია "ფ-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს კორპორაცია "ფ-ს" (ს/კ 2…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ-ას (პ/ნ 4…) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (გადახდის თარიღი 2016 წლის 24 მაისი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე