საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-591-566-2016 5 ოქტომბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ყ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ყ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი, რომელიც ითხოვდა,23.10.2014წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს შემცირებას, დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს, სს „ლ-ის“ (შემდეგში: მოპასუხე) სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს - 8 850 (რვა ათას რვაას ორმოცდაათი) ლარის ნაცვლად, დაეკისრა 885 (რვაას ოთხმოცდახუთი) ლარის გადახდა (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ-ის 417-ე მუხლი, 420-ე მუხლები)
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მისი ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 11 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა დაუშვებლობის გამო (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 374-ე მუხლი.)
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი ირგასამტეხლოს ნაწილში არსებული დავალიანების შემცირებას ეხებოდა. მოპასუხემ ცნო სარჩელი და, სსსკ-ის 208–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა;
5. სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი ასაჩივრებდა მის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას. სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის, კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის სუბიექტებად მიიჩნევს სამართალწარმოების მხოლოდ იმ მხარეებს, რომელთა სამოქალაქო უფლებებსაც შეეხო გასაჩივრებული გადაწყვეტილება; შესაბამისად, პირს შეუძლია, გაასაჩივროს გადაწყვეტილება (განჩინება) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მის წინააღმდეგაა გამოტანილი და სასამართლო აქტი უშუალოდ ახდენს ზეგავლენას მის უფლებებსა და მოვალეობებზე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია; როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა; შესაბამისად, წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
7. მოსარჩელემ კერძო საჩივარი წარადგინა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე და მისი გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია; მომჩივანი ითხოვს, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოპასუხემ ახალი გრაფიკით გადაახდევინოს თანხა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 9 აგვისტოს განჩინებით, მოსარჩელის კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია.
11.საქმის მასალებით უდავოა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე დაკმაყოფილდა (სსსკ-ის 420-ე მუხლი), სხვა მოთხოვნა მოსარჩელეს არ ჰქონია, ამდენად, მის მოთხოვნაზე (სურვილზე) დაკისრებული თანხის გადახდის გრაფიკის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლო ვერ იმსჯელებდა.
12.საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი) მოსარჩელის მიერ, მის სასარგებლოდ გამოტანილი განჩინების გასაჩივრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სსსკ-ის 364-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, მხარეს ასეთი შესაძლებლობა არ გააჩნია.
13. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სსსკ-ის მე-2 მუხლის შესაბამისად კი, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. მითითებული ნორმის დანაწესის მიხედვით, რაც პროცესის დისპოზიციურობის პრინციპის გამოხატულებაა, პირი სასამართლოს მეშვეობით იცავს დარღვეულ უფლებას ან იკმაყოფილებს კანონიერ ინტერსს. იმ პირობებში, როცა პირის სამართლებრივი ინტერესი, მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებით კმაყოფილდება, ბუნებრივია, მას აღარ რჩება დავის კანონიერი საფუძველი.
14. აღნიშნულ მოსაზრებას განამტკიცებს სსსკ-ის 248-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
15. იმის გათვალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის უფლება-მოვალეობებზე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს, არ არსებობს გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივი ინტერესი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ ცნო დასაშვებად მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, რაც კანონიერია.
16.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ყ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე