Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-600-575-2016 5 სექტემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ა-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ც. ს-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად

დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ც. ს-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ნ. ა-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე, დაკმაყოფილდა. სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, მოსარჩელე, მოპასუხის სასარგებლოდ, ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე, საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულების 13 309 აშშ დოლარის შესაბამის კურსით ლარში 25%-ის (3327.25 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში) გადაიხდიდა, რის შემდეგაც, შეწყდებოდა მოპასუხის საკუთრების უფლება, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქ. თბილისში ხახანაშვილის ქ. #36-ში მდებარე შენობა-ნაგებობის 1/6 ნაწილიდან 29.06 კვ.მ ფართზე და აღნიშნული ფართის მესაკუთრედ ცნობილი ყოფილიყო მოსარჩელე.

2. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 3 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა დაუშვებლობის გამო (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 374-ე მუხლი).

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 24 მარტის სასამართლო სხდომაზე მხარეებს ეცნობათ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი - 2016 წლის 28 მარტი თუმცა, საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას, არ გამოცხადებულან მოპასუხე და მისი წარმომადგენელი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 159, 161).

5. მოპასუხე და მისი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, არ გამოცხადებულან სასამართლოში (სსსკ-ის 259 1 მუხლი) და არ ჩაუბარებიათ გადაწყვეტილების ასლი. გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით, მოპასუხის წარმომადგენელმა 2016 წლის 10 მაისს მიმართა სასამართლოს, რაც იმ დღესვე დაკმაყოფილდა და მას ჩაბარდა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი (იხ. ტ.1, ს.ფ.177).

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 28 აპრილს, რაც ამოიწურა ამავე წლის 11 მაისს, მოპასუხემ კი სააპელაციო საჩივარი 16 მაისს წარადგინა.

7. სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილისა და 369-ე მუხლის საფუძველზე, მიიჩნია, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. მოპასუხემ კერძო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე.

9. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (საქმე # ას-1161-1106-2014, 30.12.2014წ.; საქმე # ას-705-675-2014, 12.10.2014წ.) და აღნიშნა, რომ გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მან კანონით განსზღვრულ ვადაში არაერთხელ მიმართა სასამართლოს ტელეფონის საშუალებით, ვერ მოახერხა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება იმის გამო, რომ გადაწყვეტილება არ იყო მომზადებული. 2016 წლის 5 მაისს მოპასუხის წარმომადგენელს გადაეცა ამავე წლის 28 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ასლი, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება კი მხოლოდ 2016 წლის 10 მაისს გახდა შესაძლებელი.

10. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადა მას არ დაურღვევია, ვინაიდან გასაჩივრების ვადის ათვლა სსსკ-ის დანაწესით დაიწყო დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდგომი დღიდან - 2016 წლის 11 მაისიდან, მან კი სააპელაციო საჩივარი ამავე წლის 16 მაისს წარადგინა.

11.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 07 ივლისის განჩინებით, მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

14. სსსკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

15. ამავე კოდექსის კოდექსის 2591-ე მუხლის თანახმად: „თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია“.

16. მე-14 და მე-15 პუნქტებში მითითებული ნორმები ადგენენ მხარის ვალდებულებას, კანონით განსაზღვრულ ვადაში ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან იწყება.

17. განსახილველ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხე და მისი წარმომადგენელი ინფორმირებული იყვნენ საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის შესახებ, ხოლო მისი გამოცხადებიდან 30 დღემდე სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებით თხოვნით არცერთ მათგანს მიუმართავს (იხ. წინამდებარე განჩინების 4-5 პუნქტები).

18. საკასაციო სასამართლოს ვერ გაიზიარებს მოპასუხის ზეპირ განცხადებას, რომ მას კანონით დადგენილ ვადაში სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა სასამართლოსთან და გადაწყვეტილება არ იყო მზად, ვინაიდან ასეთი გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. საკასაციო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას ამყარებს ის გარემოებაც, რომ საქმის მასალებში განთავსებულია მოსარჩელის წარმომადგენლის 2016 წლის 28 აპრილით დათარიღებული განცხადება, საქალაქო სასამართლოს ამავე წლის 28 მარტის გადაწყვეტილების მოთხოვნის შესახებ, რაც იმავე დღეს ჩაბარდა განცხადების ავტორს (იხ. ტ.1, ს.ფ. 176). შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან საქმის მასალებით მტკიცდება, რომ საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და არა მისი სარეზოლუციო ნაწილი, ჩაიბარა მოსარჩელის წარმომადგენელმა, რაც უტყარად ადასტურებს იმას, რომ 2016 წლის 28 აპრილისათვის მზად იყო საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც საპროცეო კანონით დადგენილ ვადაში არ მოუთხოვია მოპასუხეს. გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო კოდექსით დადგენილი 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 28 აპრილიდან და დასრულდა ამავე წლის 11 მაისს (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი).

19. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას გასაჩივრებული განჩინების საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან შეუსაბამობის თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი.), რადგან მოცემული შემთხვევა, საკასაციო სასამართლოს მითითებულ გადაწყვეტილებებში განხილული საქმეების იდენტური არ არის, ამასთან, დადგენილია კერძო საჩივრის მოთხოვნის დასაბუთებულობის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტი (იხ. მე-18 პუნქტი), რომლის გაქარწყლება პრეტენზიის ავტორმა ვერ შეძლო.

20. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანმა სააპელაციო საჩივარი საპროცესო ვადის დარღვევით, 2016 წლის 16 მაისს წარადგინა, საკასაციო სასამართლოს, მართებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრების ვადის გასვლის გამო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

21.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ა-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე