Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-614-587-2016 5 ოქტომბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – შ. ა-ი (პ/ნ 1…), ი. ი-ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ა-ი (პ/ნ 2…) (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით შ. ა-ის (პ/ნ 2…) სარჩელი, ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შ. ა-ისა (პ/ნ 1…) და ი. ი-ის (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა.

2. მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 მაისის განჩინებით მოპასუხეებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 368.5.–ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 440 (ოთხას ორმოცი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღეში.

4. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2016 წლის 16 მაისს, აპელანტებმა წარადგინეს განცხადება და მოითხოვეს ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის 7 დღით გაგრძელება (სსსკ-ის 368.7.-ე მუხლი.)

5. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის განჩინებით, აპელანტების შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და, ხარვეზის შევსების მიზნით, განსაზღვრული ვადა მოპასუხეებს გაუგრძელდათ 7 (შვიდი) დღით.

6.სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2016 წლის 30 მაისს, მოპასუხეთა წარმომადგენელმა წარადგინა სააპელაციო საჩივარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, აპელანტების მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მითითებით, მოითხოვა მისი გადავადება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

7. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინებით მოპასუხეთა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 48–ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ან/და შეუმციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. პალატის განმარტებით, კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლებების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე, გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლებამოსილება, რომ ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსსკ–ის 47–ე მუხლი), აგრეთვე, შუამდგომლობისა და უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მათი გადახდა (სსსკ–ის 48–ე მუხლი). ამასთან, ამ შესაძლებლობის რეალიზება შუამდგომლობის ავტორზეა დამოკიდებული. კერძოდ, სწორედ მას ევალება სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობის დასაბუთება და სასამართლოსთვის უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა.

9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების სსსკ-ის 48–ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლები, რადგან საჩივრის ავტორს არ წარუდგენია აპელანტების ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც დაასაბუთებდა სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი შემოიფარგლა მხოლოდ აპელანტების მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მითითებით, თუმცა, არ წარადგინა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

10. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 102–ე მუხლის პირველ ნაწილზე /თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს/ და მიიჩია, რომ მოპასუხებმა ვერ შეძლეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის სრულად შევსება, რაც მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

11. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 368–ე მუხლის მე–7 ნაწილის იმპერატიული დანაწესით, რომლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის ასეთი თხოვნით არ მიუმართავს, რის გამოც, სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, თავისი ინიციატივით გაეგრძელებინა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა. შესაბამისად, სსსკ-ის 368.5.-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

12. მოპასუხეებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება მოითხოვეს და მიუთითეს, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აპელანტები არ მუშაობენ, არ აქვთ არანაირი შემოსავალი და ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები. ისინი ითხოვდნენ ბაჟის გადახდის გადავადებას და არა გათავისუფლებას. მათი ფინანსური მდგომარეობა ექვემდებარება გამოსწორებას და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას დაეკისრებოდათ ბაჟის გადახდა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინებით, მოპასუხეთა კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენიათ.

16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეებს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლომ გაუგრძელა საპროცესო ვადა. მითითებულ ვადაში მოპასუხეებმა ხარვეზი მხოლოდ ნაწილობრივ (სააპელაციო საჩივრის წარდგენის ნაწილში) შეავსეს და ითხოვეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ფინანსური მდგომარეობის გამო (იხ. ამ განჩინების 3-5 პუნქტები).

17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას (იხ. წინამდებარე განჩინების 8-11 პუნქტები), განსახილველ შემთხვევაში, ბაჟის გადავადების საფუძვლების არ არსებობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე _ იედემსკიდა იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ) დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (სუსგ #ას-254-239-2011). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობა შეიძლება შეზღუდვას დაექვემდებაროს. მისაღწევი მიზნის გათვალისწინებით კი, შეზღუდვა პროპორციულობის პრინციპთან თავსებადი უნდა იყოს .სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ლეგიტიმური მიზნისა და დასაბალანსებელი ინტერესების მრავალ მითითებას შეიცავს. გოლდერის საქმის შემდეგ,ევროპულმა სასამართლომ თანმიმდევრული სასამართლო პრაქტიკით დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით, სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას საჭიროებს, რომელიც, საზოგადოებისა და ინდივიდების საჭიროებიდანგამომდინარე, შეიძლება დროისა და ადგილის მიხედვით, განსხვავებული იყოს (გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, საქმე #4451/70)“ - იხ. სუსგ #ას-414-397-2016,12.07.2016წ. ერთ-ერთი შეზღუდვა სარჩელის წარდგენისას სახელმწიფო ბაჟის გადახდას უკავშირდება. კანონით დადგენილია გამონაკლისები, როცა სახელმწიფო ბაჟის გადახდაზე ვალდებული პირი თავისუფლდება გადახდისაგან (სსსკ-ის 46-ე მუხლი) ან მასზე ვრცელდება შეღავათები ბაჟის გადახდაში, სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებისა და გადავადების სახით (სსსკ-ის 48-ე მუხლი.)

18. სსსკ-ის 48-ე მუხლის თანახმად: „სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს“. მოხმობილი ნორმის დანაწესი უპირობოდ გულისხმობს სახელწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, როცა მხარის შუამდგომლობა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ უტყუარი მტკიცებულებებითაა დასაბუთებული. კერძო საჩივრის ავტორები არ უარყოფენ, რომ მათ შუამდგომლობაში მითითებულ გარემოებებზე - ფინანსური პრობლემებისა და ბაჟის გადახდის შეუძლებლობაზე -არათუ უტყუარი, საერთოდ არ წარუდგენიათ რაიმე სახის მტკიცებულება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა სამართლებრივი შესაძლებლობა, მხოლოდ ფაქტებზე მითითებით, გადაევადებინა აპელანტებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

19. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, ხოლო კერძო საჩივარს, როგორც იურიდიულად დაუსაბუთებელს, უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. ა-ისა (პ/ნ 1…) და ი. ი-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე