Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-637-608-2016 23 სექტემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – რ. კ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სტალინის რაიონის სახალხო სასამართლოს 1957 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რკინიგზის საელმავალო დეპოს სარჩელი და რ. კ-ს (შემდეგში: მოსარჩელე, საწარმოს ყოფილი თანამშრომელი, აპელანტი ან კასატორი) შეუმცირდა პენსია ა/კ რკინიგზის საელმავალო დეპოდან 348 მანეთიდან 260 მანეთამდე (ტ. I, ს. ფ. 62).

2. თბილისის სალოკომოტივო დეპოს დირექტორის 2004 წლის 30 ივნისის №55 ბრძანებით, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის №48 ბრძანებულებით დამტკიცებული ზიანის ანაზღაურების წესის მე-11 მუხლის, დიდუბის რაიონის სსე ბიუროს 2004 წლის 4 ივნისის აქტისა და პირადი განცხადების საფუძველზე, მოსარჩელეს იმავე წლის 4 ივნისიდან, მდგომარეობის შეცვლამდე, ყოველთვიური სარჩო აუნაზღაურდა შრომის უნარის 100%-ით დაკარგვის გათვალისწინებით, 121.20 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან 12 ლარი შეადგენს მომვლელის თანხას (ტ. I, ს.ფ. 24).

3. სს ''ს-აში'' (შემდეგში: მოპასუხე ან საწარმო) ზეინკლის ხელფასი 2010 წელს შეადგენდა 341 ლარს, 2011 წლის 1 მარტიდან - 650 ლარს, 212 წლის 16 ივლისიდან -700 ლარს, ხოლო 2012 წლის 1 დეკემბრიდან -750 ლარს (ტ. I, ს.ფ. 12).

4. უბედური შემთხვევის აქტის თანახმად, მოსარჩელემ (დაბადების თარიღი 20.01.1930წ. ტ. I, ს.ფ. 64) ტრავმა მიიღო 1949 წლის 12 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად (ტ. I, ს.ფ. 80-83; იხ. მოპასუხის შესაგებელი, ტ. I, 98-108).

5. საწარმო ყოფილ თანამშრომელს, საწარმოო ტრავმის გამო, დღემდე ყოველთვიურად უხდის სარჩოს - 119 ლარს (იხ. ტ.I, ს.ფ. 70; შესაგებელი, ტ.I, ს.ფ. 103).

6. ყოფილმა თანამშორმელმა 2014 წლის 9 სექტემბერს სარჩელი აღძრა საწარმოს წინააღმდეგ და მოითხოვა სარჩოს გადაანგარიშება, საწარმოში ზეინკლის თანამდებობაზე დასაქმებული პირის ხელფასის შესაბამისად. კერძოდ, მოპასუხისათვის, როგორც 2011-2014 წლებში გადასაანგარიშებელი სარჩოს სხვაობის, ასევე, სარჩელის აღძვრის დროიდან ყოველთვიურად მოქმედი ზეინკლის ხელფასის მიხედვით გადაანგარიშებული სარჩოს დაკისრება.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

9. სააპელაციო საჩივარში მოსარჩელემ შემდეგ პრეტენზიებზე მიუთითა:

9.1. მცდარია სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაზე. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა არა მითითებული დადგენილება, არამედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 408-ე მუხლი;

9.2.მცდარია სასამართლოს დასკვნა, თითქოს მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელე მოპასუხე საწარმოს თანამშრომელია. ზემოაღნიშნულ გარემოებას ადასტურებს საქმეში წარდგენილი სასამართლო გადაწყვეტილება და ის ფაქტი, რომ მოპასუხე დღემდე უხდის მოსარჩელეს სარჩოს დასახიჩრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით. სასამართლომ ვერ გამოარკვია, თუ რატომ ითხოვდა მოსარჩელე სარჩოს დანიშვნას ზეინკლის ხელფასის ოდენობის მიხედვით;

9.3. სასამართლო გადაწყვეტილებით, ასევე სხდომის მიმდინარეობისას ცალსახად დადასტურდა, რომ მოსარჩელე იმ დროისათვის ასრულებდა ზეინკლის დამხმარის მოვალეობას და ერიცხებოდა ზეინკლის ხელფასი და აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა სასარჩელო მოთხოვნაც. რაც შეეხება იმას, თუ რა იყო საფუძველი და რომელი რანგის თანამშრომლის ხელფასის მიხედვით დაენიშნა მოსარჩელეს სარჩო, აღნიშნულ კითხვაზე მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ საქმის სიძველის გამო ვერ დგინდება, თუ რა იყო სარჩოს დანიშვნის დროს გათვალისწინებული. შესაბამისად, ვერც მოსარჩელე მიაწოდებდა ასეთ ინფორმაციას სასამართლოს.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

11. სააპელაციო სასამართლომ განჩინება დააფუძნა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 992-ე, 408-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ მოსარჩელე იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმხანად მოქმედი შრომის კოდექსის (1973 წლის 28 ივნისის რედაქციით) მიხედვით, მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა. მოპასუხეს აღიარებული აქვს ვალდებულება ტრავმის გამო, მოსარჩელისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდაზე, რასაც ასრულებს კიდეც, აღნიშნულ ფაქტზე მხარეები არ დავობენ. სასამართლოს შეფასებით, დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა, სარჩენის სასარგებლოდ, სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე, მოქმედი ზეინკლის ხელფასის ცვლილების საფუძველზე, რადგან მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, ხოლო 81-86 წლის ასაკში, რა პერიოდიდანაც ითხოვს მოსარჩელე გადაანგარიშებას, იგი ზეინკლად ვერ იმუშავებდა.

12.სასამართლომ მიუთითა, რომ ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება, მოცემულ შემთხვევაში კვლავაც ეკისრება საწარმოს, თუმცა, 2011-2014 წლებში გაზრდილ ხელფასებზე მისადაგებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

13. მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 მაისის განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

14. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად და არასრულყოფილად შეაფასა საქმის გარემოებები, გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო განაცხადის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

18.საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან, პირიქით შეესატყვისება მას (იხ. სუსგ #ას-789-746-2015, 22.02.106წ.; #ას-1220-1145-2015, 03.06.2016წ.).

19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოსარჩელეს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

21. მოსარჩელემ მოითხოვა სარჩოს გადაანგარიშება მოპასუხე საწარმოში ზეინკლის თანამდებობაზე დასაქმებული პირის ხელფასის შესაბამისად. კერძოდ, მოპასუხისათვის, როგორც 2011-2014 წლებში გადასაანგარიშებელი სარჩოს სხვაობის, ასევე, სარჩელის აღძვრის დროიდან, ყოველთვიურად მოქმედი ზეინკლის ხელფასის მიხედვით გადაანგარიშებული სარჩოს დაკისრება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი)

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ უდავოდაა დადგენილი საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. ამ განჩინების 4-5 პუნქტები). სსკ-ის 408-ე მუხლის შესაბამისად, „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“. ზიანის (განცდილი ქონებრივი დანაკლისი) ანაზღაურების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა, ისე, როგორც ეს იყო ზიანის მიყენებამდე, მისი რესტიტუცია ანუ იმ პირობებში ჩაყენება, თითქოსდა არ არსებულა ზიანის მავალდებულებელი გარემოება.

23. განსახილველ შემთხვევაში, სარჩოს გადაანგარიშების მიზანია დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, სარჩოს მიღების საფუძვლის-დაზიანების (უბედური შემთხვევის) ფაქტის არარსებობისას, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით პირი იმუშავებდა თავისი პროფესიით და მიიღებდა იმ შეღავათებს და უპირატესობას, რასაც ანალოგიურ, თანაბარ პირობებში მყოფი მუშაკი. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ამჟამად, 86 წლისაა, პრეზუმირებულია, რომ იგი იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმხანად მოქმედი შრომის კოდექსის (1973 წლის 28 ივნისის რედაქციით) მიხედვით, მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა, შესაბამისად, 2011-14 წლებში მოსარჩელე ვერ შეასრულებდა საწარმოში შრომით მოვალეობას და მასზე ამ პერიოდში განხორციელებული სახელფასო ცვლილებები ვერ გავრცელდებოდა.

24.საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 408-ე და 992-ე მუხლებზე მითითებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით (იხ. მე-18 პუნქტი) მართებულად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი.

25.აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია, არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთ წინაპირობას, რის გამოც უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე