საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-685-656-2016 19 სექტემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – მ. ზ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. მ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ზ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან საჩივრის ავტორი) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო ვ. მ-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან განმცხადებელი) უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ქობულეთში პ-ის ქ. #18-ში, დაუზუსტებელი ფართობი - 6260.00 კვ.მ. შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი #1-1000 კვმ (უძრავი ქონების ს/კ: 2..), ასევე, ყადაღა დაედო მოპასუხის 30%-იან წილს შპს „E“-ში (შემდეგში: პირველი საწარმო) და 50%-იან წილს შპს „G“-ში (შემდეგში: მეორე საწარმო) - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 198.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტი; იხ. განჩინება - ტ.1, ს.ფ.127-130. დასახელებული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 709-ე, 710-ე მუხლების საფუძველზე, დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის, გასამრჯელოს სახით, თანხის დაკისრებაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მოპასუხეს დაეკისრა 355 372.8 (სამას ორმოცდათხუთმეტი ათას სამას სამოცდათორმეტი ლარისა და ოთხმოცი თეთრის) გადახდა (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ. 61-75).
3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელემ, ისე, მოპასუხემ. მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის უარყოფილ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ანუ მოპასუხისათვის დამატებით 239 596 (ორას ოცდაცხრამეტი ათას ხუთას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარის დაკისრება. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს უარი ეთქვა სააპელაციო პრეტენზიაზე, შედეგად, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფილ ნაწილში და, ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მოპასუხეს დამატებით 239 596 ლარის გადახდა დაეკისრა; ასევე - სააპელაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება.
5.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინებით (იხ. ტ.2, ს.ფ. 487-506), მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (სსსკ-ის 412-ე მუხლი)
6. მოპასუხემ, 2015 წლის 1 დეკემბერს, განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოძრავ და უძრავ ნივთებზე სარჩელის უზრუნველყოფის (ყადაღის) გაუქმება და უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა მოითხოვა (სსსკ-ის 196-ე მუხლი, იხ. ტ.3, ს.ფ. 14-18).
7. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის განცხადება არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ქონება შემოთავაზებული იყო, თუმცა, არ იყო დასაბუთებული, თუ რა განსაკუთრებული ზიანი ადგებოდა განმცხადებელს უკვე არსებული უზრუნველყოფის ღონისძიებით, ან რა უარყოფითი შედეგები იყო მოსალოდნელი მომავალში ამ ღონისძიების არსებობით (იხ. ტ.3, ს.ფ.112-117) .
8. მოპასუხის წარმომადგენელმა, 2016 წლის 27 აპრილს, განმეორებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების (ყადაღის) გაუქმება და უძრავ ნივთზე უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა (იხ. ტ. 3, ს.ფ.197-201).
8.1.განმცხადებელმა აღნიშნა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა გამართლებულია და გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებას და შეუძლებლობას არ გამოიწვევს;
8.2.განმცხადებელმა (მოპასუხემ) მისი კანონიერი ინტერესების შელახვისა და უსაფუძვლოდ, განუზომლად დიდი მატერიალური ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, მოითხოვა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების იმგვარად შეცვლა, რომ უძრავ და მოძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა შეცვლილიყო უძრავი ქონების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვით. კერძოდ, მოთხოვნა შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: გათავისუფლდეს ყადაღისაგან მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მოპასუხის 30%-იანი და 50%-იანი წილები, შესაბამისად, პირველ და მეორე საწარმოებში (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი). აღნიშნული ღონისძიების ნაცვლად, განმცხადებელმა მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, გამოყენებულიყო გასხვისების და სანივთო უფლებით დატვირთვის აკრძალვა მოპასუხის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე. განცხადებლის განმარტებით, უზრუნველყოფის საგნად შეთავაზებული უძრავი ქონების ღირებულება ბევრად აღემატება დავის საგნის ღირებულებას. კერძოდ, მოპასუხის უძრავი ქონების ღირებულება შეადგენს 663 250 (ექვსას სამოცდასამი ათას ორას ორმოცდაათი) ლარს, ხოლო დავის საგნის ღირებულება კი - 594 968 (ხუთას ოთხმოცდათოთხმეტი ათას ცხრაას სამოცდარვა) ლარს, ანუ უზრუნველყოფის საგნის ღირებულება 68 282 (სამოცდარვა ათას ორას ოთხმოცდაორი) ლარით აღემატება დავის საგნის ღირებულებას;
8.3. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, მოპასუხემ განცხადებას დაურთო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ფ/პ გიორგი ჯიბლაძის 19.04.2016 წ. აუდიტორული დასკვნა უძრავი ქონების შეფასების შესახებ, რომლის თანახმად: უძრავი ქონების 100%-იანი წილიდან 10%-ის ღირებულება შეადგენს 663 250 (ექვსას სამოცდასამი ათას ორას ორმოცდაათი) ლარს (იხ.ტ.3, ს.ფ. 197-240).
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინებით მოპასუხის განცხადება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.3, ს.ფ.247-253). გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა უძრავ ქონებას, ასევე, ყადაღა მოეხსნა მოპასუხის 30%-იან წილს პირველ საწარმოში და 50%-იან წილს მეორე საწარმოში. მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და ყოველგვარი სანივთო უფლებით დატვირთვა.
10. სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია უზრუნველყოფის სახით, გასხვისებისა და სანივთო უფლებით დატვირთვის აკრძალვის გამოყენება მოპასუხის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე, რომლის ღირებულებაც შეადგენს 663 250 ლარს, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში დავის საგნის ღირებულება შეადგენს 594 968 ლარს, ხოლო უზრუნველყოფის საგნის ღირებულება კი, 68 282 ლარით აღემატება დავის საგნის ღირებულებას.
11. სააპელაციო სასამართლოს აზრით, მოპასუხის წარმომადგენლის განცხადება კანონშესაბამისია, უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლით საფრთხე არ დაემუქრება მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებას. ამგვარი ცვლილებით მხარეთა თანასწორობის პრინციპი იქნება დაცული. სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლის 01.12.2015წ. შუამდგომლობაში (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი) მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები არ შეიცავდნენ საკმარის დასაბუთებას წარდგენილი განცხადების დასაკმაყოფილებლად.
12. მოსარჩელემ საჩივარი წარადგინა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის განჩინებაზე (იხ. მე-9 პუნქტი) შემდეგი დასაბუთებით:
12.1.გასაჩივრებული განჩინება მოპასუხის ორ ქონებასთან დაკავშირებით, შინაარსობრივად წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას და არა მის შეცვლას, რითაც მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნა გადაწყვეტილების აღსრულებას. სსსკ-ის 196-ე მუხლი მაშინ უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც მხარე სასამართლოს სთავაზობს მეორე მხარის დაცვისათვის იმის ტოლფასოვან გარანტიებს, რაც სასამართლომ გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიღებისას;
12.2. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელმა (მოპასუხემ) სამ სხვადასხვა ქონებაზე - უძრავ ნივთზე და ორ არამატერიალურ ქონებაზე, ყადაღისაგან გათავისუფლების სანაცვლოდ, მოწინააღმდეგე მხარეს შესთავაზა, მხოლოდ უძრავი ნივთის გასხვისების და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის გამოყენება, ე.ი. სამი ქონებიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა ორ ქონებაზე, ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა მხოლოდ ერთი ქონების ნაწილში, შესაბამისად, მოპასუხემ მოსარჩელეს, სარჩელის უზრუნველსაყოფად, არათუ ტოლფასოვანი ქონება შესთავაზა, არამედ შეფარვით მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუქმება;
12.3. სსსკ-ის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე საჩივრის წარდგენა დასაშვებია, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განჩინების მხარის მიერ ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში. მოპასუხემ ამ შესაძლებლობით ისარგებლა, მან ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში მიმართა (იხ. მე-6 პუნქტი) და ამ საჩივართან დაკავშირებით იმსჯელეს ზემდგომმა სასამართლოებმა. შესაბამისად, მხარემ ამოწურა მის ქონებასთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა;
12.4. ორ ქონებაზე გამოყენებული ყადაღის გაუქმების სანაცვლოდ, მოპასუხეს სასამართლოსათვის არაფერი შეუთავაზებია, შესაბამისად, ამ ნაწილში უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა დაუშვებელია. სასამართლომ კი არ შეცვალა უზრუნველყოფის ღონისძიება, არამედ გააუქმა ის, რისი განხორციელების სამართლებრივი შესაძლებლობა არ ჰქონდა;
12.5. მოპასუხის იგივე შინაარსის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილეს. 2015 წლის 1 დეკემბერს, მოპასუხემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის მოთხოვნით (იხ. მე-6 პუნქტი); ერთადერთი, რაც მოპასუხის 01.12. 2015 წ. და 27.04.2016წ. განცხადებებს (იხ. ამ განჩინების მე-6 და მე-8 პუნქტები) ერთმანეთისაგან განასხვავებს, მოპასუხის მოთხოვნაა. 01.12.2015წ. განცხადებით მოპასუხე ითხოვდა სამი ქონებიდან ყადაღის გაუქმებას ორ ქონებაზე და ერთი ქონებიდან 20%-ზე, ხოლო სანაცვლოდ, გასხვისების აკრძალვის გამოყენებას პირველ საწარმოში მოპასუხის 30%-იანი წილიდან 10%-იან წილზე, ხოლო 27.04.2016წ. განცხადებით, მოპასუხემ მოითხოვა სამი ქონებიდან ყადაღის გაუქმება ორ ქონებაზე, ხოლო სანაცვლოდ - უძრავ ნივთზე გასხვისების აკრძალვა. დანარჩენ ნაწილში ორივე განცხადება ერთნაირადაა დასაბუთებული. ამ ანალოგიური შინაარსის განცხადებებთან დაკავშირებით ორი განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ - 01.12.2105წ. განცხადება უარყოფილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, ხოლო მეორე განცხადება - 27.04.2016წ. დააკმაყოფილა იმავე სააპელაციო სასამართლომ.
12.6. სააპელაციო სასამართლო უთითებს: „იმხანად განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები არ შეიცავდნენ საკმარის დასაბუთებას წარმოდგენილი განცხადების დასაკმაყოფილებლად“. მოსარჩელის მტკიცებით, როგორც იმხანად (ე.ი. 01.12.2015წ.), ასევე 27.04.2016წ. წარდგენილ განცხადებაში მითითებული გარემოებები იდენტური იყო. რაც შეეხება მტკიცებულებებს, 1 დეკემბრის განცხადებას ერთვოდა აუდიტორის დასკვნა წილის შეფასებაზე, ხოლო 27 აპრილის განცხადებას - აუდიტორის დასკვნა უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების შეფასების თაობაზე. მოპასუხეს (განმცხადებელს) არ მიუთითებია რაიმე ახალ ფაქტზე და არც განსხვავებული მტკიცებულება წარუდგენია, რაც სასამართლოს განსხვავებული დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას მისცემდა. შესაბამისად, უსაფუძველოა სასამართლოს მიერ ერთი და იგივე საკითხზე ორი განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
12.7. სააპელაციო სასამართლომ, 2016 წლის 30 მაისის განჩინების დასაბუთებისას, აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა შეადგენდა 594 968 ლარს, ხოლო უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება 663 250 ლარია, რაც 68 282 ლარით აღემატება დავის საგნის ღირებულებას. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ ამ უძრავი ნივთით სარჩელის უზრუნველყოფა, მოპასუხის და მოსარჩელის ინტერესების თანაფარდობის გათვალისწინებით, ადექვატური იქნებოდა;
12.8. აუდიტორის დასკვნის დადგენილებით ნაწილში მითითებულია, რომ ობიექტის ღირებულება სულ შეადგენს 663 250 ლარს, ზღვრული ცდომილება არ აღემატება აღნიშნული თანხის 8-10%-ს, თავად აუდიტორის დასკვნის მიხედვითაც კი, უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება შეიძლება იყოს 8-10 %-ით მეტი ან ნაკლები მის მიერვე მითითებულ ღირებულებაზე - 663 250 ლარზე. შესაბამისად, სავსებით საფუძვლიანია იმის ვარაუდი, რომ ამ ქონების ღირებულება იყოს 10%-ით ნაკლები აუდიტორის მიერ მითითებულ ღირებულებაზე. რაც 66 325 ლარს შეადგენს, შესაბამისად, არც ის ღირებულებითი ზედმეტობა არსებობს, რაც სასამართლომ საფუძვლად დაუდო მსჯელობას განჩინების მიღების დროს;
12.9. ფულადი მოთხოვნის არსებობის პირობებში, სარეალიზაციო ქონების ღირებულება ფულად მოთხოვნას უნდა აღემატებოდეს, რადგან აუქციონის სპეციფიკის გათვალისწინებით, ქონების გასხვისება აუქციონზე დაბალ ფასში ხდება, თავდაპირველად, უძრავი ქონების 75%-ში, შემდეგ - 50-%-ში, ხოლო ბოლოს ნულოვანი შეთავაზების პირობებში.
12.10. აუდიტორის მიერ გაკეთებული დაშვების გათვალისწინებით, უზრუნველყოფის საგნის ღირებულება და სასარჩელო მოთხოვნა ტოლფარდოვანია, შესაბამისად, საბოლოოდ, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქონება პირველ აუქციონზე შეიძლება 447 693 ლარად გასხვისდეს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გადაწყვეტილების აღსრულების მოლოდინს (იხ. ტ.3. ს.ფ. 259-261).
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
14. სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. საამისოდ, მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა, კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
15. სსსკ-ის 196.1-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა გამოიყენება ისეთ დროს, როდესაც მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს, რომ ამგვარი ცვლილების განხორციელებით საშიშროება არ დაემუქრება არც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და არც მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს.
16.განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 102-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებების წარდგენით შეძლო, დაედასტურებინა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლით, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, სარჩელი უზრუნველყოფის გარეშე არ დარჩებოდა. მოსარჩელეს კი, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად და იმის დასადასტურებლად, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გამოიწვევს გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას, არ წარუდგენია მტკიცებულებები, გარდა ზეპირი განმარტებისა. ეს განმარტება კი ძირითადად ემყარება ვარაუდებს, რომ შემცირდება ქონების ღირებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მოსარჩელის საჩივრისა და მოპასუხის განცხადების, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, მოპასუხის განცხადებას უარი უნდა ეთქვას შემდეგი არგუმენტაციით:
17. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით, 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
18.საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის განჩინებით, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, ყადაღა დაედო მოპასუხის უძრავ ქონებას და მის სახელზე რიცხულ 30%-იან წილს პირველ საწარმოში და 50%-იან წილს მეორე საწარმოში (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი).
19. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის განჩინებით მოპასუხის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისა და უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა მოპასუხის საკუთრებად რიცხულ უძრავ ქონებას, ასევე - მოპასუხის 30%-იან წილს პირველ საწარმოში და 50%-იან წილს მეორე საწარმოში. მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და ყოველგვარი სანივთო უფლებით დატვირთვა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი).
20. საჩივრის ფარგლებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმებისა და უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის კანონიერება.
21.სსსკ-ის 196-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, რაც საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე დაიშვება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუმცა, ეს არ არის მხარის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების არსებობისას. მითითებული ნორმის მესამე ნაწილით განსაზღვრულია, რომ „ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე“.
22.სამართალწარმოების მიზანი პირის დარღვეული უფლების დაცვა და აღდგენაა, რაც მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს. გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებითაც კი ვერ დაკმაყოფილდება მისი სამართლებრივი ინტერესი. გადაწყვეტილების აღსრულების გზაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულებას პერსპექტიულს ხდის, სამართალწარმოების პროცესში მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებათა გამოყენებაა, რომელთა მეშვეობით გარანტირებული და უზრუნველყოფილია დაკმაყოფილებული მოთხოვნის აღსრულება ან თავიდანაა აცილებული აღსრულების გაძნელება (სსსკ-ის 191-ე მუხლი).
23. ამავე დროს, მოდავე მხარეთა ლეგიტიმურ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის მიზნით, კანონმდებელი უშვებს სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, ბუნებრივია, იმ პირობით, რომ მოსარჩელეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის აღსრულების პრობლემა არ შეექმნება. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხემ მოითხოვა რა ყადაღის გაუქმება უძრავ და მოძრავ ქონებაზე და უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა, კერძოდ, ყადაღის ნაცვლად გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის გამოყენება მხოლოდ უძრავ ქონებაზე (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი), შეამცირა სასამართლოს მიერ ყადაღის დადებით უზრუნველყოფილი ქონების ოდენობა.
24. სააპელაციო სასამართლომ, მოპასუხის განცხადების დაკმაყოფილებით შეცვალა უზრუნველყოფის სახე და ახალი უზრუნველყოფა დაადგინა მხოლოდ უძრავი ქონების მიმართ, ხოლო არამატერიალურ ქონებაზე უზრუნველყოფა ადრინდელი სახით კი არ დატოვა, არამედ გააუქმა, რითაც რეალურად შეამცირა საგარანტიო ქონების მოცულობა და ღირებულება.
25. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინების 10-11 პუნქტებში და იზიარებს საჩივრის ავტორის არგუმენტებს, რომ თვით მოპასუხის მიერვე წარდგენილი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, ქონების შეფასებისას 10%-იანი ცდომილების დაშვების შემთხვევაში, უძრავი ნივთისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის ღირებულება თითქმის იდენტურია, ხოლო აუქციონზე მისი შესაძლო რეალიზაციის შემთხვევაში, აუქციონის სპეციფიკის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება (იხ. წინამდებარე განჩინების 12.6-12.10 ქვეპუნქტები).
26. სსსკ-ის 196-ე მუხლის მიზანი, მოპასუხის ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით, მოსარჩელის სასარგებლოდ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნება და მისი უსაფრთხოების დაცვაა. ამიტომაა, რომ უზრუნველყოფის საშუალების შეცვლა მხარეთა პროცესუალური შესაძლებლობაა, რაც სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს.
27. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ არ იყო დასაბუთებული, თუ რა განსაკუთრებული ზიანი ადგებოდა განმცხადებელს უკვე არსებული უზრუნველყოფის ღონისძიებით, ან რა უარყოფითი შედეგებია მოსალოდნელი მომავალში ამ ღონისძიების არსებობით (იხ. ტ. 3, ს.ფ.112-117).
28. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის საჩივრის მოტივაციას, რომ მოპასუხის 2015 წლის 1 დეკემბრისა და 2016 წლის 27 აპრილის განცხადებებს შორის სხვაობა მხოლოდ მოთხოვნის შინაარსშია, რაც იმაში გამოიხატება, რომ პირველ შემთხვევაში, მოპასუხე ყადაღის ნაცვლად უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა პირველი საწარმოს 30%-იანი წილის 10%-ზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, უძრავ ნივთზე, დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობათა დასაბუთება იდენტურია (იხ. ტ.3, ს.ფ.14-18, ს.ფ.197-201 ).
29.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლოს მსჯელობა, რომ 2015 წლის დეკემბერში წარდგენილ შუამდგომლობაში მოპასუხეს შესაბამისი დასაბუთება არ ჰქონდა წარდგენილი, რაც მისი უარყოფის საფუძველი გახდა, ხოლო იმავე დასაბუთების არარსებობის პირობებში, 2016 წლის აპრილში წარდგენილი, პრაქტიკულად იგივე შინაარსის შუამდგომლობა დააკმაყოფილა სასამართლომ.
30.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უკანონოა იმ თვალსაზრისითაც, რომ სასამართლომ მხოლოდ უძრავ ქონებაზე უზრუნველყოფის შეცვლით დანარჩენ ქონებაზე (საწარმოს წილებზე) გააუქმა კანონიერ ძალაში შესული განჩინებით არსებული ყადაღა, რისი პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი, სსსკ-ის 196-ე მუხლის ფარგლებში არ გააჩნდა.
31. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 196-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა არის სასამართლოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება, რომელიც განპირობებული უნდა იყოს მნიშვნელოვნად შეცვლილი გარემოებებით და მიზანშეწონილობით, „მითითებული ნორმით გათვალისწინებული შესაძლებლობა გამოიყენება ისეთ დროს, როდესაც მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს, რომ ამგვარი ცვლილების განხორციელებით საშიშროება არ დაემუქრება არც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და არც მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს“ (იხ. სუსგ # ას-1165-1095-2015, 25.11.2015 წ.; #ას-454-438-2016, 19.07.2016 წ.).
32. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მნიშვნელოვნად შეცვლილ გარემოებას და დაარწმუნებდა საკასაციო სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის მიზანშეწონილობაში.
33. აღსანიშნავია, რომ შეცვლილ გარემოებებზე არ მიუთითებია და უზრუნველყოფის შეცვლის მიზანშეწონილობაზე არ უმსჯელია არც სააპელაციო სასამართლოს. მითითება იმ გარემოებაზე, რომ უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული უძრავი ნივთის ღირებულება გარკვეულად აღემატება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობას, არაა საკმარისი უზრუნველყოფის შეცვლისა და მოსარჩელის ინტერესის გარანტირებულად უზრუნველყოფის დასაბუთების თვალსაზრისით, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როცა სააპელაციო სასამართლომ ერთხელ უკვე არ დააკმაყოფილა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისა და შეცვლის თაობაზე მოპასუხის პრაქტიკულად ანალოგიური შუამდგომლობა.
34. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მოპასუხეს აქვს სსსკ-ის 196.3.-ე მუხლით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებით უზრუნველყოს თავისი ინტერესი.
35.ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისა და ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ, ასევე ამ განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის განჩინება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რაც მოსარჩელის საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ზ-ის საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 მაისის განჩინება და არ დაკმაყოფილდეს ვ. მ-ის განცხადება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შესახებ;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე