საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-795-762-2016 21 ნოემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ლ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ს-ას“ სარჩელი მოპასუხის შპს „ლ-ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფმა არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფმა არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ“, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ლ-მა“, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით კასატორს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 7 303,29 (შვიდი ათას სამას სამი ლარისა და ოცდაცხრა თეთრის) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული განჩინება ადრესატს ჩაჰბარდა 2016 წლის 28 სექტემბერს.
იმავე წლის 10 ოქტომბერს კასატორის წარმომადგენელმა ფოსტის მეშვეობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნით დამატებით 10 დღიანი ვადის მიცემა, ვინაიდან დროულად ვერ მოხერხდა მარწმუნებელთან დაკავშირება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კასატორს ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 7 303,29 (შვიდი ათას სამას სამი ლარისა და ოცდაცხრა თეთრის) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საქმის მასალებში არსებული სატელეფონო შეტყობინების აქტით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული განჩინების თაობაზე 2016 წლის 25 ოქტომბერს პირადად ეცნობა შპს „ლ-ის“ წარმომადგენელ მ. ა-ს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ლ-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კასატორს ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 7 303,29 (შვიდი ათას სამას სამი ლარისა და ოცდაცხრა თეთრის) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით ირკვევა, რომ ზემოხსენებული განჩინება 2016 წლის 25 ოქტომბერს, სსსკ-ის 70-ე მუხლის შესაბამისად, პირადად ეცნობა შპს „ლ-ის“ წარმომადგენელ მ. ა-ს.
დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 26 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 1 ნოემბერს (სამშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2016 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ლ-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ლ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი