საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-945-910-2016 17 ოქტომბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ჯ. მ-ე, გ. მ-ე, გ. მ-ე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ე, ი. მ-ე, გ. მ-ე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით ჯ., გ. და გ. მ-ეების სარჩელი მ., ი. და გ. მ-ეების წინააღმდეგ, საცხოვრებელ ფართზე მესაკუთრედ ცნობისა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ჯ., გ. და გ. მ-ეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმაც და მოპასუხეებმაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინება/დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჯ., გ. და გ. მ-ეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აღნიშნული განჩინება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჯ., გ. და გ. მ-ეებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა ჯ., გ. და გ. მ-ეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე, პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
ამასთან, განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინება/დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 და მე-9 პუნქტებში მითითებულია მისი გასაჩივრების წესები, კერძოდ, განჩინება გასაჩივრდება საკასაციო წესით დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღეში, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრდება მისი ჩაბარებიდან 10 დღეში. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება/დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის მხარეს უნდა გამოეყენებინა ორი, ერთმანეთისაგან განსხვავებული საჩივრის ფორმა, ერთმანეთისაგან განსხვავებულ გასაჩივრების ვადებში.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორები ასაჩივრებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინებას. შესაბამისად, ისინი ვალდებულნი იყვნენ, ეხელმძღვანელათ სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით და დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღეში უნდა წარედგინათ საკასაციო საჩივარი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაეგზავნა ჯ., გ. და გ. მ-ეების წარმომადგენელ ჯ. ქ–ს, როგორც სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირების წარმომადგენელს, და ჩაბარდა პირადად 2016 წლის 24 აგვისტოს (ტ. 2, ს/ფ 41).
სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან ანუ 2016 წლის 25 აგვისტოდან და ამოიწურა 2016 წლის 14 სექტემბერს (ოთხშაბათი), შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილი უნდა ყოფილიყო 2016 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი კასატორებმა წარმოადგინეს 2016 წლის 28 სექტემბერს (ტ.2, ს/ფ 73) ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
საკასაციო პალატა, ყურადღებას გაამახვილებს კასატორების წარმომადგენლის ჯ. ქ-ის განცხადებაზე, რომელიც მან 2016 წლის 8 სექტემბერს წარადგინა სააპელაციო სასამართლოში და იმავე დღესვე ჩაიბარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აგვისტოს დასაბუთებული განჩინება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო მოიხმობს სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველ ნაწილს და განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი კასატორების, როგორც სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირების, წარმომადგენელს პირადად ჩაბარდა სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება მას შემდეგ, რაც გასაჩივრების უფლების მქონე პირი ჩაიბარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუ მხარე განმეორებით მოითხოვს გადაწყვეტილების ჩაბარებას, ეს მისი უფლებაა, მაგრამ გასაჩივრების ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება.
ამასთან, განსახილველი შემთხვევა არ ეხება იმ ფაქტს, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით და ვერ იბარებს მას. სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისთანავე გაუგზავნა იგი კასატორებს, რითაც სასამართლომ შეასრულა სსსკ-ის 2591-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკისრებული ვალდებულება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 2591-ე , 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. მ-ის, გ. მ-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი