საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№ა-3523-შ-95-2016 16 დეკემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – დახურული სააქციო საზოგადოება "ბ-ე"
მოწინააღმდეგე მხარე – ტ. ხ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და იძულებით აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელორუსიის რესპუბლიკის, პინსკის რაიონისა და ბრესტსის ოლქის ქ. პინსკის 2008 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბელორუსიის რესპუბლიკის, პინსკის რაიონისა და ბრესტის ოლქის ქ. პინსკის 2008 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ვ. ხ-ას (შემდეგში: მოწინააღმდეგე, მოპასუხე ან მოვალე) დახურული სააქციო საზოგადოება "ტ-ის" (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი, მოსარჩელე ან საწარმო) სასარგებლოდ, სამომხმარებლო მიზნით გაცემული კრედიტის, ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით, გადაუხდელობის გამო დაეკისრა 5 914 660 (ხუთი მილიონ ცხრაას თოთხმეტი ათას ექვსას სამოცი) რუბლის გადახდა.
2. იმავე სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის განჩინებით ცვლილება შევიდა ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებულ გადაწყვეტილებაში და, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა 6 172 880 (ექვსი მილიონ ასსამოცდათორმეთი ათას რვაას ოთხმოცი) რუბლის გადახდა.
3. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2008 წლის 26 დეკემბრიდან, ხოლო მე-2 პუნქტში მითითებული განჩინება - 2009 წლის 27 თებერვლიდან, რაც დასტურდება საქმეში განთავსებული ცნობებით.
4. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებულმა საწარმომ შეიცვალა სახელწოდება და გახდა დახურული სააქციო საზოგადოება "ბ-ე". ასევე, დადგენილია, რომ სახელი შეიცვალა მოსარჩელე ვ. ხ-ამაც და გახდა ტ. ხ-ა.
5. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეს ჯეროვანი ფორმით ეცნობა ბელორუსიის სასამართლოში საქმის განხილვის თარიღი და ადგილი, თუმცა, იგი არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე
6. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებულმა საწარმომ (დსს), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, 2016 წლის 4 ოქტომბერს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლს და მოითხოვა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და იძულებით აღსრულდეს ბელორუსიის რესპუბლიკის, პინსკის რაიონისა და ბრესტის ოლქის ქ. პინსკის, 2008 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება ტ. ხ-ასათვის, საწარმოს სასარგებლოდ დაკისრებული 591.47 (ხუთას ოთხმოცდათერთმეტი რუბლი და ორმოცდაშვიდი კაპიკი) რუბლის დაკისრების ნაწილში.
7. წარმოდგენილი შუამდგომლობა ეფუძნება „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის 1993 წლის კონვენციასა (შემდეგში: „მინსკის კონვენცია“) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე და 70-ე მუხლებს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ აპალატამ, 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, განსახილველად მიიღო წარმოდგენილი შუამდგომლობა, რომელიც თანდართულ მასალებთან ერთად, იმავე განჩინების საფუძველზე, გაეგზავნა მოპასუხეს საკუთარი მოსაზრების წარმოსადგენად.
9. საკასაციო სასამართლოს მე-7 პუნქტში მითითებული განჩინება, თანდართული დოკუმენტაციით, 2016 წლის 4 ნოემბერს ჩაბარდა მოპასუხეს (კერძოდ, მის მეუღლეს - ლ. ლ-ეს, შესაბამისი აქტი იხ. საქმის მასალებში).
10. მოპასუხეს რაიმე განცხადება ან შუამდგომლობა არ წარმოუდგენია საკასაციო სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართულ მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა აკმაყოფილებს „მინსკის კონვენციისა“ და წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული სპეციალური კანონის მოთხოვნებს და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
11. „მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის მე-3 ნაწილით, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას, წინამდებარე კონვენცია გამოიყენება იმ იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც შეიქმნა ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
12. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილია უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა და იძულებითი აღსრულება, რომლითაც ტ. ხ-ას, შუამდგომლობის ავტორი საწარმოს სასარგებლოდ დაეკისრა 591.47 რუბლის გადახდა.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს. მოპასუხეს ამგვარი შუამდგომლობით არ მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის (იხ. ამ განჩინების 8-10 პუნქტები), შესაბამისად, დასახელებული კანონის 68-ე და 70-ე მუხლების წინაპირობები დაცულია და დასაბუთებულია შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის 1993 წლის კონვენციის 51-55 მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს დახურული სააქციო საზოგადოების "ბ-ე" შუამდგომლობა ბელორუსიის რესპუბლიკის, პინსკის რაიონისა და ბრესტის ოლქის ქ. პინსკის 2008 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ;
2. ტ. ხ-ას დახურული სააქციო საზოგადოების "ბ-ე" სასარგებლოდ დაეკისროს 591.47 (ხუთას ოთხმოცდათერთმეტი რუბლი და ორმოცდაშვიდი კაპიკი) რუბლი;
3. განჩინება მიექცეს იძულებით აღსასრულებლად;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე