Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-3770-შ-104-2016 14 დეკემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე)

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ვ. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ც-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ჰიტცინგის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილება №2FAM 32/15z-8

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ჰიტცინგის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 იანვრის №2FAM 32/15z-8 გადაწყვეტილებით შეწყდა ბათუმის ქორწინების სასახლეში 2012 წლის 19 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება ვ. ც-ესა (შემდეგში: განმცხადებელი ან შუამდგომლობის ავტორი) და ა. ც-ეს (შემდეგში: მოწინააღმდეგე მხარე) შორის.

2. განმცხადებლის წარმომადგენელმა კოკა გაბუნიამ, 2016 წლის 21 ოქტომბერს, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. აღნიშნული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული 2016 წლის 19 იანვრიდან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ უნდა დაკმაყოფილდეს ჰიტცინგის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილების №2FAM 32/15z-8 ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით წარმოდგენილი შუამდგომლობა შემდეგი არგუმენტაციით:

4. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით უდავოდაა დადგენილი წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გარემოება.

5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე მეუღლეებმა ერთობლივად მიმართეს ჰიტცინგის რაიონულ სასამართლოს და აღიარეს ოჯახური ურთიერთობის დაშლის ფაქტი, შესაბამისად, როგორც შუამდგომლობის ავტორის, აგრეთვე მისი მოწინააღმდეგის იურიდიული ინტერესი შუამდგომლობაში ასახული მოთხოვნის თაობაზე უდავოდაა დადგენილი.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. მე-6 პუნქტში დასახელებული კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე (ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებში იგულისხმება, ასევე, განქორწინება, ქორწინების შეწყვეტა ან ბათილად ცნობა, ქორწინების ან მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის დადგენა) საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ: „ა) ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო“; საქმის მასალებში განთავსებული ქორწინების მოწმობით დგინდება, რომ განმცხადებელი საქართველოს მოქალაქეა და სასამართლოს აქვს ზემოხსენებული ნორმით დადგენილი საერთაშორისო კომპეტენცია,

8. ამ განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს საქმის მასალების მიხედვით, შესაბამისად, შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დასაბუთებულია.

9. იმავე კანონის 69-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა, ხოლო 70-ე მუხლის შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ის ექვემდებარება აღსრულებას. განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი ითხოვს, ასევე, გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელებული იყო საქართველოში, ქ. ბათუმში (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი). „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განქორწინების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს უფლებამოსილი პირის განცხადება. დასახელებული ნორმატიული აქტის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ერთ-ერთი მეუღლე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით: „განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება მიმართოს განქორწინების მსურველი მეუღლის (მეუღლეების) წარმომადგენელმა. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

10. ზემოხსენებული ნორმების გაანალიზების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლო, განმცხადებლის შუამდგომლობით მოთხოვნილი ჰიტცინგის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 იანვრის №2FAM 32/15z-8 გადაწყვეტილების ცნობის შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე მისი აღსრულების მიზნით, გასცემს სააღსრულებო ფურცელს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით, 69-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 70-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილით, 71-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ც-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს ჰიტცინგის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 იანვრის №2FAM 32/15z-8 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ქორწინება ვ. ც-ესა და ა. ც-ეს შორის;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე