საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-439-421-2016 22 სექტემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შ. რ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ფ. ა. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შ. რ-მა (შემდეგში: მსესხებელი, მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), 2011 წლის 9 დეკემბერს, ფ. ა-ისაგან (შემდეგში: გამსესხებელი ან მოსარჩელე) ისესხა 9 000 (ცხრა ათასი) ევრო. წერილობითი ხელშეკრულებით, სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2012 წლის 9 მაისი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 623-624 მუხლები; იხ. ხელშეკრულება- ტ.1. ს.ფ. 25-27).
2. პირველ პუნქტში დასახელებული პირები, 2013 წლის 15 აპრილს, წერილობით შეთანხმდნენ, რომ პოლონეთში დააფუძნებდნენ კომპანიას, რომელშიც თითოეული მათგანის წილი განისაზღვრებოდა 50%–ით. მათ იკისრეს ვალდებულება, იმავე თარიღით განეხორციელებინათ შენატანი - თითოეულს 2 000 (ორი ათასი) ევრო, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო იმავე წლის 15 ივნისამდე (იხ. ტ.1, ს.ფ. 79-81).
3. გამსესხებელმა, 2013 წლის 29 აპრილს, მსესხებელს ბანკის მეშვეობით პოლონეთში გადაურიცხა 2 000 (ორი ათასი) ევრო (იხ. ტ.1. ს.ფ. 22-24).
4. მსესხებელმა არ დააბრუნა სესხი ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი).
5. გამსესხებელმა 2013 წლის 21 ნოემბერს სარჩელი აღძრა და მოითხვა მსესხებლისათვის 11 000 (თერთმეტი ათასი) ევროსა და ამავე თანხის წლიური 10 %-ის დაკისრება სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
6. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მხარეთა შორის არ ყოფილა რაიმე სახის ვალდებულებითი ურთიერთიბა. 9000 ევროზე სესხის ხელშკრულება არის მოჩვენებითი გარიგება, რეალურად კი მოპასუხეს ზედამხედველობა უნდა გაეწია მოსარჩელის მფლობელობაში არსებული, ჰოლანდიაში მდებარე მაღაზიისათვის და, აქედან გამომდინარე, გარანტიის სახით, ხელი მოაწერა ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ ხელშეკრულებას. გამსესხებლისაგან გადარიცხული 2000 ევროს თაობაზე, მსესხებელმა, ამ განჩინების მე-2 პუნქტში დასახელებულ გარემოებაზე მითითებით, განმარტა, რომ მიღებული თანხით, მოპასუხემ პოლონეთში განახორციელა კომპანიის დაფუძნებისათვის საჭირო ქმედებები - იჯარით აიღო ფართი, იყიდა მეორადი ტანსაცმელი, მოამზადა სადამფუძნებლო დოკუმენტები, შეუკვეთა ბიზნეს-ბარათები, თუმცა, მოგვიანებით, მოსარჩელემ თავი შეიკავა კომპანიის დარეგისტრირებისაგან. მხარისათვის გადაცემული თანხის დარჩენილი ნაწილით უნდა მომხდარიყო მსესხებლის საქართველოში ვიზიტის დაფინანსება, რაც პირნათლად შესრულდა, მსესხებელმა ამ თანხით აანაზღაურა გამსესხებლის საქართველოში ცხოვრების, მგზავრობისა და კვების ხარჯები.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა 11 000 აშშ ევროს, ასევე ამ თანხის წლიური 10%-ის გადახდა, 2013 წლის 21 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
8.მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელზე უარყოფა შემდეგი საფუძვლებით:
8.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 56-ე მუხლი. მხარეთა შორის არ დადებულა სესხის ხელშეკრულება. 2011 წლის 9 დეკემბრის შეთანხმება თვალთმაქცური გარიგებაა, მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხის მაღაზიაში და იმის გათვალისწინებით, რომ წარმოადგენდა მატერიალურად პასუხისმგებელ პირს, მოსარჩელემ შესთავაზა, რომ მათ შორის, გარანტიის სახით, შემდგარიყო წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც მიეთითებოდა თანხის სესხად აღება, სინამდვილეში კი, მას 9000 ევრო არ მიუღია;
8.2. სასამართლომ არ შეაფასა მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდნენ იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ სრულად დახარჯა 15.04.2013 წლის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული 2000 ევრო, ამ თანხიდან მოპასუხემ გადაიხადა 2013 წლის 18 აპრილს პოლონეთის ქალაქ გდანსკში იჯარის ხელშეკრულების საფასური, იმავე წლის 2 მაისს, 11 630 პოლონურ ზლოტად შეიძინა მეორადი ტანსაცმელი, ხოლო 20 მაისს, პოლონეთში 799,50 ზლოტად შეიძინა 1000 ცალი ორმხრივი ბიზნეს ბარათი. მოსარჩელისთვის მოპასუხემ საკუთარი ხარჯით - 175.98 ევროდ შეიძინა თვითმფრინავის ბილეთი, რომლითაც მოსარჩელემ 2013 წლის 13-16 აპრილს იმგზავრა ეინდჰოვენიდან გდანსკში. პირველი ჩამოსვლის გარდა, მოსარჩელე ცხოვრობდა შპს „G“-ის სასტუმროში, მოპასუხე უზრუნველყოფდა მის გადაადგილებას. საქართველოში ყოფნის განმავლობაში ყველა ხარჯს მოსარჩელის ნაცვლად ანაზღაურებდა;
8.3. არასწორია 11 000 ევროს წლიური 10%-ის დაკისრება, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე აპირებდა თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებას და ამ გზით შემოსავლის მიღებას, რადგან საქმის გარემოებებიდან არ ჩანს, რომ მოსარჩელე სარგებლის მიღების მიზნით დაკავებული იყო თანხის სესხად გაცემით.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2016 წლის 23 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
10.სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული გარემოებები და გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობა საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
11. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, 09.11.2011 წლის შეთანხმების შინაარსი, როგორც მისი სიტყვასიტყვითი განმარტების, ისე, გონივრული განსჯის შედეგად, სესხის ხელშეკრულების დადებაზე მიუთითებს. ამასთან, ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მსესხებელმა თანხა აიღო; შესაბამისად, საპირისპიროს დადასტურებამდე, ივარაუდება, რომ სესხის გადაცემა, როგორც რეალური ქმედება, განხორციელებულია. სამოქალაქო საპროცესო სამართალში მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის თანახმად, სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. წერილობითი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, მტკიცებულების სახით წარდგენილი უნდა იქნეს სესხის ხელშეკრულება, რომელშიც ასახული იქნება თანხის რეალურად გადაცემის ფაქტი. რაც შეეხება ზეპირი ფორმით დადებულ სესხის ხელშეკრულებას, აღნიშნული, ამ ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე, კონკლუდენტურ მოქმედებაში, სესხის თანხის გადაცემაში გამოიხატება (თანხის გადახდის ქვითარი, ხელწერილი თანხის გადაცემასთან დაკავშირებით და ა.შ.). კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეძლო მტკიცებულების სახით წერილობითი შეთანხმების წარდგენა, სადაც მითითებულია, რომ მოპასუხემ აიღო 9 000 ევრო მოსარჩელისგან, 2012 წლის 9 მაისამდე. ამდენად, საპირისპიროს დადასტურებამდე, არსებობს სესხის ხელშეკრულების დადების (თანხის გადაცემის) პრეზუმფცია.
12. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომელიც ამ განჩინების მე-6 პუნქტშია მითითებული, შესაბამისი მტკიცებულების წარუდგენობის გამო.
13. სასამართლომ სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნა, რომ მოპასუხემ სსკ-ის 56–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობის - შეთანხმების თვალთმაქცური ხასიათის დასადასტურებლად, მისივე ახსნა–განმარტების გარდა, რაიმე მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარუდგინა, რის გამოც, მისი მტკიცება მართებულად არ იქნა გაზიარებული.
14. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ 2000 ევრო მხარეთა შორის კომპანიის დაფუძნების თაობაზე არსებული შეთანხმების ფარგლებში მიიღო, მაგრამ კომპანიის დაფუძნება არ მომხდარა.
15. სასამართლომ უირადღება გაამახვილა, რომ 2000 ევროს დაკისრებაზე სასარჩელო მოთხოვნის წინააღმდეგ მოპასუხემ გარკვეულ გარემოებებზე მიუთითა (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი), თუმცა, მისი არგუმენტები ბუნდოვანი იყო. გაუგებარია, კონკრეტულად რა მოქმედებები უნდა განხორციელებულიყო საწარმოს დასაფუძნებლად, მათგან რა განახორციელა მოპასუხემ და რა თანხები გადაიხადა. ამასთან, არ დგინდება მოსარჩელის მიერ კომპანიის დასაფუძნებლად მოპასუხისათვის გადარიცხული თანხის გარდა, მოპასუხემ თვითონაც მოახდინა თუ არა იმავე ოდენობის თანხის გამოყოფა, როგორც ეს მხარეთა შორის იყო შეთანხმებულლი (იხ. ამ განჩინების 2-3 პუქნტები). კომპანიის დასაფუძნებლად, რა კონკრეტული მოქმედებები განახორციელა მოპასუხემ პოლონეთში და ამ მიზნით, რა თანხა გადაიხადა თითოეულ მოქმედებაში, რა თანხა დარჩა ამის შემდეგ, რა ოდენობის თანხით დახვდა იგი მოსარჩელეს თბილისში ამ უკანასკნელის პირველი ვიზიტისას.
16. სასამართლომ იმ გარემოებაზეც მიუთითა, რომ მოსარჩელის საქართველოში ცხოვრების პერიოდში, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მოპასუხის მიერ ხარჯის გაწევის თაობაზე შპს „თ-ას“ მიერ გაცემული დოკუმენტის გარდა, რაიმე სხვა მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა; აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელემ წარადგინა ინვოისები და გადახდის დამადასტურებელი ჩეკები იმავე პერიოდში სასტუმრო შპს „თ-აში“ ცხოვრების ხარჯების მის მიერ ანაზღაურების თაობაზე. დამატებით რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ მოსარჩელის ცხოვრების, კვების თუ ტრანსპორტირებისთვის ხარჯის გაწევას, როგორც პირველი, ისე შემდგომი ჩამოსვლისა, თუკი ასეთი იყო, წარდგენილი არ ყოფილა.
17. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, რაც ადასტურებს მოპასუხის მიერ მეორადი ტანსაცმლის, ორმხრივი ბიზნეს ბარათების შეძენას, ფართის იჯარით აღებას, საკონსულტაციო და სადამფუძნებლო მომსახურების გაწევას, ჯამში 5 234.50 ევროს ოდენობით, გაფორმებულია მისი და მოსარჩელის საერთო ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე (იხ. ტ. 1, ს.ფ.197).
18. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, 2013 წლის 15 აპრილის შეთანხმებით, მეორადი ტანსაცმლის შეძენა, როგორც საწარმოს დასაფუძნებლად აუცილებელი მოქმედება, მხარეებს არ გაუთვალისწინებიათ. ამასთან, მოპასუხის მიერ საქმეზე დამატებით წარდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით დაფიქსირებული მოსაზრება წინააღმდეგობაში მოდის შესაგებლის არგუმენტთან იმის შესახებ, რომ პოლონეთში ხარჯების გაწევის შემდეგ, მან მოსარჩელისგან გადარიცხული 2000 ევროდან დარჩენილი თანხით ამ უკანასკნელის ვიზიტები დააფინანსა საქართველოში.
19. სასამართლოს შეფასებით, გაუგებარია, თუ მოპასუხემ საერთო ინტერესებისთვის 5 234,50 ევრო მხოლოდ პოლონეთში გახარჯა, რა სახსრებით დააფინანსა მოსარჩელის პირველი ვიზიტი თბილისში, უფრო მეტიც, როგორ დაპირდა მას მომდევნო ვიზიტის დაფინანსებასაც.
20. მოპასუხის მიერ წარდგენილი არ არის 2013 წლის 15 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული კონკრეტული მოქმედებების (სახლის ღირებულების შეფასება, კომპანიის დაფუძნება, ოფისის გახსნა, ვებ–გვერდი, სავიზიტო ბარათები) განხორციელების სრულყოფილი მტკიცებულებები და ამ აქტივობებში თანხების გადახდის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები (საბანკო გადარიცხვები, სალაროს ჩეკები და ა.შ.).
21. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოპასუხემ მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს ვერ გაართვა თავი და სათანადო მტკიცებულებების წარდგენით ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიერ მისთვის გადაცემული თანხის, 15.04.2013 წლის შეთანხმების ფარგლებში, გახარჯვის ფაქტი.
22. სასამართლოს შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე (აპელანტი) მიიჩნევდა, რომ ერთობლივი საწარმოს დაფუძნება მოსარჩელის ბრალეული ქმედებით არ მოხდა, მას შეეძლო შეგებებული სარჩელით იმ ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა, რომელიც მან გასწია საწარმოს დასაფუძნებლად (სსკ-ის 317–ე მუხლის მე–3 ნაწილი), თუმცა, ასეთი პროცესუალური შესაძლებლობით არ უსარგებლია.
23. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 14-21 პუნქტებში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით სსკ-ის 976.1.-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიიჩნია, რომ სახეზეა გადაცემული თანხის მოსარჩელისთვის დაბრუნების ფაქტობრივ–სამართლებრივი საფუძველი.
24. სასამართლომ სსკ-ის 411-ე, 412-ე მუხლების საფუძველზე განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შესავალს, მის დასადგენად აუცილებელია, გათვალისწინებული იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, მისი ფლობა უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლომ გონივრულ, სამართლიან ანაზღაურებად და მოვალისათვის სავარაუდო ზიანად მართებულად ჩათვალა გადაუხდელი თანხის წლიური 10% და მოპასუხეს სწორად დააკისრა, სარგებლის სახით, მისი ანაზღაურება 2013 წლის 21 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
25. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელზე უარყოფა შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
25.1.სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. გადაწყვეტილება არა მხოლოდ იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, არამედ მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება;
25.2.სასამართლომ არ შეისწავლა ფაქტები და გარემოებები, არ მიუთითა სამართლებრივი ნორმები, რომლითაც იხელმძღვანელა გადაწყვეტილრბის მიღებისას;
25.3. სასამართლოს სსკ-ის 623-ე მუხლი არ უნდა გამოეყენებინა, რადგან მხარეებს შორის რეალურად სესხის ხელშეკრულება არ დადებულა. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი და დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები;
25.4. მხარეები არ უარყოფენ, რომ მათ შორის 2013 წლის 15 აპრილს შედგა შეთანხმება კომპანიის დაარსების შესახებ და მოპასუხემ მიიღო 2 000 ევრო საბანკო გადარიცხვით. სამართლებრივად დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ გადახდილი თანხა მხარეთა შეთანხმების შესაბამისად არ დახარჯულა. ამ თანხის განხილვა სესხად დაუშვებელია;
25.5. მცდარია სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხეს შეეძლო შეგებებული სარჩელის აღძვრა და არ უსარგებლია ამ პროცესუალური შესაძლებლობით. აღნიშნული მოპასუხის პრეროგატივაა და მისი გამოუყენებლობა არ ნიშნავს, რომ კომპანიის დაარსება არ მომხდარა მოსარჩელის ბრალეული;
25.6. ბუნდოვანია სასამართლოს მსჯელობა სსკ-ის 976-ე მუხლთან მიმართებაში, ვერ დგინდება მითითებული მუხლის კავშირი განსახილველ საქმესთან;
25.7.მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ვითომდა, მიუღებელი შემოსავლის სახით, მიიღო მოსარჩელემ, რადგან ამ უკანასკნელის მტკიცებულებებით არ დგინდება ფაქტი, რომ იგი აპირებდა 11 000 ევროს ანაბარზე შეტანას.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 24 ივნისის განჩინებით წარმოებაში მიიღო მოპასუხის საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
27. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება თვალთმაქცური გარიგების (იხ. სუსგ # ას-60-58-2016, 12 .07. 2016 წ.), უსაფუძვლო გამდიდრებისა (იხ. სუსგ # ას-344-329-2016, 22.04. 2016 წ.; # ას-74-71-2016, 25.05. 2016 წ.) და მიუღებელი შემოსავლის (იხ. სუსგ # ას-511-484-2015, 30.09. 2015 წ.; # ას-873-835-2014, 09.10. 2015 წ.) თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
30. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოპასუხეს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
32. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ამ განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მოპასუხისათვის სესხად გადაცემული 9 000 ევროსა და კომპანიის დასაფუძნებულად გადარიცხული 2 000 ევროს სახით მოსარჩელის სასარგებლოდ ან მხარეთა საერთო მიზნებისათვის გახარჯვის, ან/და მოსარჩელისთვის დაბრუნების ფაქტი არ არის დადგენილი.
33 .მოპასუხის (კასატორის) პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ მოსარჩელეს 2011 წლის დეკემბერში მისთვის 9000 ევრო არ უსესხებია (არ გადაუცია), წერილობითი ხელშეკრულება თვალთმაქცურია და იგი მიზნად ისახავდა, მისი, როგორც მოსარჩელის მაღაზიის მატერიალურად პასუხისმგებელი მუშაკის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას (იხ. ამ განჩინების მე-6 და 25-ე პუქნტები).
34. სსკ-ის 56.2.-ე მუხლის მიხედვით, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას (იხ. ამ განჩინების 10-21 პუნქტები) და მიაჩნია, რომ სასამართლომ ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილებით დაასკვნა, რომ 2011 წლის 9 დეკემბრის შეთანხმება (ხელშეკრულება) არ არის თვალთმაქცური გარიგება. მოსარჩელემ საქმეზე წარდგენილი ხელშეკრულებით დაადასტურა სესხის ხელშეკრულების დადების (სესხის გადაცემის) ფაქტი, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია (სსსკ-ის 102.1.-ე მუხლი) და ვერ გააქარწყლა სესხის არსებობის პრეზუმფცია საწინააღმდეგო სარწმუნო და დამაჯერებელი ფაქტებითა და მტკიცებულებით.
35. კასატორი სამართლებრივად დაუსაბუთებელად მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობას (წინამდებარე განჩინების 23-ე პუნქტი) მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადახდილი 2000 ევროს სსკ-ის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკისრების მიზანშეწონილობაზე, თუმცა, ვერ ადასტურებს თანხის მხარეთა შეთანხმების შესაბამისად დახარჯვის ფაქტს, რითაც არც ამ ნაწილშია კვალიფიციური მოპასუხის საკასაციო შედავება (იხ.ამ განჩინების 25.4.-25.6. ქვეპუნქტები).
36.საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის პრეტენზიას მიუღებელი შემოსავლის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების უკანონობაზე, იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელე ვერ ადატურებს, რომ იგი აპირებდა 11 000 ევროს ანაბარზე შეტანას (იხ. ამ განჩინების 25.7 ქვეპუნქტი). გასაჩივრებული განჩინება, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, შეესატყვისება სასამართლო პრაქტიკას და კანონიერია. სააპელაციო სასამართლომ ფულად ურთიერთობაში თავად ფულის განსაკუთრებული უნარის გათვალისწინებით, სავსებით მართებულად განსაზღვრა სარგებლის დაკისრების საკითხი (იხ.ამ განჩინების 24-ე პუნქტი; სსკ-ის 981.2.-ე მუხლი)
37. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მართებულია და გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი ზოგადი და ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელი, რაც მისი განსახილველად დაშვების უარყოფის საფუძველია.
38. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. რ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შ. რ-ს (პ/ნ 0..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 724.85 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2016 წლის 10 მაისი და საგადახდო დავალება N4, გადახდის თარიღი 2016 წლის 13 ივნისი), 70% – 1 207.4 (ათას ორასშვიდი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე